შსს-მ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ინფორმაცია უწყების პრესსამსახურმა რადიო თავისუფლებას მიაწოდა.

დაკავებულია ის პირი, რომელმაც ხანძრის გაჩენის დროს ფეისბუკზე ლაივი ჩართო. ვიდეოში ის ამბობდა, რომ ნახა, საიდან "ვრცელდება კორონავირუსი" და "ბუდეს დემონტაჟს" უტარებდა. შემდეგ მობილური ჯიბეში ჩაიდო, გაისმა მსხვრევის ხმა და რამდენიმე წამში გამოჩნდა ცეცხლწაკიდებული შენობა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით დაიწყო. ამ მუხლით, ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

ხანძარი საქართველოს მესამე პრეზიდენტის სახელობის ბიბლიოთეკაში დღეს, 19 აპრილს, დღის პირველ ნახევარში გაჩნდა. შენობაში გაჩენილი ხანძარი სააკაშვილმა ბიბლიოთეკის ამდროინდელ საქმიანობას დაუკავშირა.