"პოლიტიკური სისტემა ან საზოგადოება რამდენად თავისუფალია, რომ მას ჰყავდეს თავისუფალი მედია?", - ასე სვამს კითხვას შორენა ლორთქიფანიძე, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი, რომელიც 2 ნოემბერს კონფლიქტოლოგ თინათინ ასათიანთან ერთად სტუმრობდა "დილის საუბრებს". ისინი ლაპარაკობენ მედიის როლზე კონფლიქტების გაშუქებაში. შორენა ლორთქიფანიძის თქმით, საზოგადება იმ იდეის ტყვეობაშია, რომ ოკუპაციის საკითხი და კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივა არა მასზე, არამედ გარე ფაქტორებზეა მხოლოდ დამოკიდებული. თინათინ ასათიანი და შორენა ლორთქიფანიძე წლებია მუშაობენ სამშვიდობო ჟურნალისტიკის საკითხებზე და დღესაც ახორციელებენ პროექტს "ქალები მშვიდობის ჟურნალისტიკაში". ჟურნალისტებთან ურთიერთობის პრაქტიკამ აჩვენა, რომ საკითხების აქტუალიზაციასა და დღის წესრიგი შექმნაში მედიას დიდი როლი აქვს. თინათინ ასათიანი ასე სვამს საკითხს: "კონფლიქტი რატომ არის მაინცდამაინც ცუდი? კონფლიქტის გამწვავებაც შეიძლება იყოს მართვადი, რეზულტატზე ორიენტირებული". "დილის საუბრების" სტუმრები, როცა განიხილავენ მედიის როლს, ლაპარაკობენ არა მხოლოდ ოკუპაციის კონტექსტზე, არამედ წინასაარჩევნოდ გამწვავებული პოლიტიკური დაპირისპირების კონტექსტზეც.
Your browser doesn’t support HTML5