სომინი, ბასილა და ჩიტის პურები - საახალწლო სამზადისი მესხეთში

საახალწლო სამზადისი მესხეთში ქვის ფურნის ანთებით იწყება. 

მესხური ქადა-ხაჭაპურების, სომინისა და შოთის პურის ცომი ერთ გობში იზილება. 

ცომს "ფეშხუმზე“, დაბალფეხიან მაგიდაზე ამზადებენ. "თავაღებულ“ ცომს ცხიმს ასხამენ, ქადის სპეციალური ფორმით ახვევენ და კვერცხმოსმულს აცხობენ. 

ბედის პურის ცომს მრგვალ ფორმას აძლევენ და შიგ ხურდას მალავენ. განსხვავებული რომ იყოს და სხვა პურში არ აირიოს, გუნდას ზემოდან ნახშირს ადებენ და ისე აცხობენ. ნაზი კოპაძე, ვალე.

ბასილაც ბედის პურთან ერთად ცხვება. ცომის გუნდას ადამიანის ფორმას აძლევენ და ისე აცხობენ. ბედის პური ბედნიერების, ბასილა კი ხვავისა და ბარაქის მომტანად მიიჩნევა.

ძველად ყველა ოჯახს თავისი ფურნე ჰქონდა. ახლა უბანში ერთი ინთება და რამდენიმე ოჯახი სარგებლობს. ცაცა ბებნაძე, ვალე.

გამომცხვარ პურებს ტირიფის წნელით მოწნულ "სალათზე“ შლიან. ცაცა ბებნაძე, ვალე.

გამომცხვარ პურს სუფრაზე, ხილთან ერთად დებენ და წყალკურთხევამდე, 19 იანვრამდე ინახავენ. ნათლისღებას კი, დილით ოჯახის წევრი ბასილას სანთელს დაუნთებს, სახლს გარედან ლოცვით შემოატარებს, უფალს ბარაქასა და ბედნიერებას შესთხოვს, შემდეგ წყალს აპკურებს, დაჭრის და ყველას დაურიგებს.

ბებნაძეების ოჯახში, მესხური ტრადიციით, საახალწლო ფურნე აინთო და მესხური შოთი, სომინი, ბასილა და ჩიტის პურები გამოცხვა. ცაცა ბებნაძე, ბექა ბებნაძე. ვალე.

გამომცხვარი პური ორი-სამი კვირა ინახება. 

ცომეულს, რომელიც ოჯახს ერთი კვირა ჰყოფნის, ბატის ფრთით ასუფთავებენ.

ცხობის შემდეგ რიტუალად ქცეული სუფრა იშლება. ორ იანვარს ვალეში ბედობის სომინი იჭრება და სჯერათ, რომ ვისაც ფულიანი ნაჭერი შეხვდება, მას ბედნიერი წელი ექნება. ნაზი კოპაძე და ცაცა ბებნაძე, ვალე.