პარლამენტში უზენაესი სასამრათლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ. 25 სექტემბერს იურიდიულ კომიტეტში დეპუტატების კითხვებს სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე, შოთა გეწაძე პასუხობდა, რომლის ერთ-ერთი გახმაურებული საქმეც არის დაღესტნელი აქტივისტის, მიკაილ კადიევის საქმე. ამ საქმეს სააპელაციო სასამართლო 2017 წელს განიხილავდა. შოთა გეწაძემ 2 სხვა მოსამართლესთან ერთად 2017 წლის ოქტომბერში მიკაილ კადიევს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა, რაც, როგორც მაშინ მისი ადვოკატი ამბობდა, რუსეთის ხელისუფლებისთვის გადაცემას და შესაბამისად, მის გაწირვას ნიშნავდა.
“ევროპული საქართველოს” წევრმა სერგო რატიანმა მოსამართლე შოთა გეწაძეს ჰკითხა, იცნობს თუ არა რუსეთში, კერძოდ, ჩეჩნეთში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებს, მათ შორის ციხეებში არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით.
“ეს შეფასებები მე წავიკითხე, რამდენიმე წლის წინანდელია. დღესაც გარკვეული პათოსი ნარჩუნდება, თუმცა ისიც არის მითითებული, რომ ციხეებში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა გაუმჯობესების გზაზეა. საერთაშორისო ორგანიზაციები ასე წერენ”, – განაცხადა გეწაძემ.
კადიევის საქმეზე გეწაძეს კითხვები გიორგი კანდელაკმაც დაუსვა. მოსამართლის თქმით, კადიევი ამბობდა, რომ ის პოლიტიკური აქტივისტი იყო და ამიტომ იდევნებოდა, თუმცა, საქმის მასალებით ეს არ დადასტურდა.
„ რუსეთის ფედერაციაში მძიმე მდგომარეობაა ადამიანის უფლებების მხრივ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა სისხლისსამართლებრივმა დამნაშავემ რუსეთიდან საქართველოს მომართოს და თავშესაფარი მიიღოს.
ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ კადიევი ვერ ადასტურებდა კონვენციურ დევნას და მას თავშესაფარი საქართველოში არ ეკუთვნოდა, შესაბამისად, უნდა დაბრუნებულიყო წარმოშობის ქვეყანაში. რაც შეეხება საპატიმრო დაწესებულებას, ამ ინდივიდუალური ნიშნით არსებულმა გარემოებებმა უნდა მიაღწიოს ისეთ ზღვარს, რომ ამაში დარწმუნდეს მოსამართლე. ჩვენ ამ ზღვრამდე ვერ მივედით. ჩემი აზრით, იგი იბრალებდა პოლიტიკურ საქმიანობას თავშესაფრის მიღების მიზნით, მაგრამ ჩვენ ეს არ გამოგვეპარა”, – აღნიშნა გეწაძემ.
სტრასბურგის სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ იმ ქვეყანაში, სადაც კონკრეტულ ადამიანებს წამება ემუქრებათ, მათი ექსტრადირება დაუშვებელია.
მიკაილ კადიევი რუსეთში იყო ძებნილი და მის გადაცემასაც ეს სახელმწიფო ითხოვდა.
25 სექტემბერს, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტში დეპუტატები შეკითხვებს უსვამენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, შოთა გეწაძეს. ის უკვე მესამე კანდიდატია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტში გადაგზავნილი სიიდან.
შოთა გეწაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა მცხეთის რაიონულ სასამართლოში, იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე. 2011-2017 წლებში ის იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.
მოსამართლეობის კანდიდატთა პირველი 10-კაციანი სიის განხილვას პარლამენტში პრობლემები შეექმნა 2018 წლის დეკემბერში. 2019 წლის 4 სექტემბერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, კენჭისყრის შედეგად შედგა ახალი 20-კაციანი სია.