შოვის ტრაგედია - რამე ვისწავლეთ?

შოვის ტრაგედიამ 33 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა - საილუსტრაციო ფოტო

რაჭაში, შოვში მომხდარი ტრაგედია ერთ-ერთია, თუ არა ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი 2023 წლიდან. ტრაგედია, რომელმაც 33 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, გაანადგურა ცნობილი ქართული კურორტი და კიდევ ერთხელ, ოღონდ ამჯერად უფრო მძაფრად დაგვანახა ბევრი პრობლემა.

რადიო თავისუფლება უბრუნდება გასული წლის ამ ყველაზე ტრაგიკულ ამბავს და აფასებს: რა მოხდა, რატომ, შეეძლო თუ არა სახელმწიფოს მეტის გაკეთება და რაც მთავარია - რა ვისწავლეთ ამ ამბის შემდეგ?

„მჯერა, რომ ჩვენი პატარა ბიჭიც გამოჩნდება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი დავკრძალოთ მამის და უფროსი ძმის გვერდით. როგორ უნდა ვთქვა ეს სიტყვა, მაგრამ ძალიან ბედნიერები ვიქნებით, მას რომ ვიპოვით“, - მეუბნება მაია მესხი, იმ ბიჭის მამიდა, რომელსაც თითქმის ხუთი თვეა, შოვში, სტიქიის ზონაში ეძებენ მაშველები. ის უკანასკნელი, 33-ე დაღუპულია.

ზაზა მესხის ოჯახი, 3 აგვისტოს, შოვში მოვარდნილ ღვარცოფს ემსხვერპლა. ხუთსულიანი ოჯახიდან ოთხი ცხედარი სტიქიის ზონაში სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. მათგან პირველი, ზაზა მესხის ცოლი, ალინა პოლიკოვსკა, 5 აგვისტოს, სტიქიიდან მესამე დღეს იპოვეს. ალინას არასრულწლოვანი შვილის, სევას ცხედარს მაშველებმა 10 სექტემბერს მიაგნეს. მანამდე, ერთი დღით ადრე, თბილისში დაკრძალეს ზაზა მესხი და მისი უფროსი ვაჟი, ისიც არასრულწლოვანი.

შოვში დაღუპული ზაზა მესხის ოჯახი

მაიას, ზაზას დას, სტიქიის დღე, 3 აგვისტო თითქმის დეტალურად ახსოვს. ძმა, რომელიც ოჯახთან ერთად ჰოლანდიაში ცხოვრობდა, სტიქიამდე ცოტა ხნით ადრე, საქართველოში ჩამოვიდა დასასვენებლად: „სად თუ არა რაჭაში, ორივეს ძალიან გვიყვარდა იქაურობა. ჩვენ წარმოშობით ამბროლაურის რაიონიდან ვართ, დედაც რაჭველია. ბოლოს 13 წლის წინ ვიყავით ერთად რაჭაში და ჩემმა ძმამ გადაწყვიტა, რომ ბავშვებისთვის, რომლებიც წამოიზარდნენ, რაჭა დაეთვალიერებინა“.

ოჯახი უწერაში დაბინავდა. მაიამ არ იცოდა, რომ ძმა 3 აგვისტოს შოვისკენ აპირებდა წასვლას:

„პირველის წუთებისკენ გასულან უწერიდან. საბედნიეროდ, ზაზას უფროსმა გოგომ მათთან ერთად წასვლა გადაიფიქრა და ბავშვი ასე გადარჩა. ზაზამ დაუბარა, რამდენიმე საათში დავბრუნდებითო. შოვის სტიქიის ამბები, „სანსეტ შოვის“ კადრები, ტელევიზიით ვნახე, მეგონა, რომ ამის მეტი არაფერი ხდებოდა. წარმოდგენა არ მქონდა, რომ ჩემი ძმა იმ ტერიტორიებზე შეიძლებოდა ყოფილიყო. საღამოსკენ ნელ-ნელა წამოვიდა ახალი და ახალი ინფორმაცია. ზაზასთან დავიწყე რეკვა, მაგრამ ტელეფონს აღარ პასუხობდა. ჩემმა ძმისშვილმა მითხრა, რომ წასვლიდან რამდენიმე ხანში, უმცროსი ძმის სატელეფონო ლოკაცია აჩვენებდა, რომ გლოლაში იყვნენ“.

მაიამ მაშინვე დაიწყო ძმის ძებნა: „მივხვდი, რომ ხიფათში იყვნენ, მაგრამ ბოლომდე მქონდა იმედი, იქნებ, ტყეს შეაფარეს თავი, იქნებ, ისეთ ადგილას აღმოჩდნენ, სადაც ტელეფონები არ იჭერს“.

სტიქიიდან ერთი კვირის თავზე, მაია მიხვდა, რომ ძმას და მის ოჯახს ვეღარასდროს ნახავდა:

„მამაომ გვითხრა, რაკი აქამდე ვერაფერი შევიტყვეთ მათ შესახებ, დროა, როგორც გარდაცვლილებზე, ისე ილოცოთო. მე და ჩემ ძმას განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა. განუყრელებიო, რომ იტყვიან ხოლმე, ისე ვიყავით. საზღვარგარეთ რომ წავიდა საცხოვრებლად, მაშინაც კი მუდმივი კავშირი გვქონდა. მეც ვერ ვხსნი, სად ვიპოვე ძალა და ამ ტრაგედიას როგორ გადავურჩი, ალბათ ლოცვამ მიშველა. სახლში ნათესავები რომ მოდიოდნენ სამძიმარზე, ჩემი დანახვის ეშინოდათ, მაგრამ აქეთ ვამხნევებდი, ვამშვიდებდი“.

ძმის შვილის ცხედრის პოვნას მაია ყოველ დღე ელის. ხშირად უკავშირდება რაჭაში იმ მაშველების ჯგუფს, რომლებიც პატარა ბიჭს მეხუთე თვეა ეძებენ:

„ხანდახან შემომიტევს ხოლმე შიში, რომ, აი, გაწვიმდა, აი, ამინდი გაფუჭდა, ხომ არ შეწყვიტეს ძებნა, ხომ არ გააჩერეს მუშაობა, დავრეკავთ ხოლმე და იქიდან, რომ გავიგებ ხმას, არა, ვმუშაობთ, ამინდს არ აქვს მნიშვნელობაო, ვმშვიდდები. ვიცი, რომ სხვადასხვა ჯგუფი მუშაობს. ძაღლებიც ჰყავთ, ტექნიკაც მუშაობს. არც ერთი წუთით არ დამიკარგავს იმედი, რომ იპოვიან ჩვენ ბიჭს “, - ამბობს მაია.

„ვიდრე იარსებებს მცირეოდენი შანსი“

„დიახ, სამძებრო სამუშაოები ისევ გრძელდება. სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალა, მძიმე ტექნიკა, მცურავი მოწყობილობები. ადგილზე მუშაობენ კინოლოგებიც“, - მეუბნებიან შინაგან საქმეთა სამინისტროში.

კიდევ რამდენ ხანს გასტანს სამძებრო სამუშაოები ამაზე უწყებაში ზუსტი პასუხი არ აქვთ. ამბობენ, რომ ამგვარი თარიღი დათქმული არ არის. არ არსებობს რაიმე კანონი, პროტოკოლი თუ ბრძანება, რომელიც ადგენს სტიქიის დროს დაკარგულთა ძებნისა და სამძებრო სამუშაოების დასრულების ვადებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, თემურ მღებრიშვილი, სტიქიიდან ერთი კვირის თავზე ამბობდა, რომ პრემიერ-მინისტრმა და შს მინისტრმა გადაწყვიტეს, სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება მანამდე, ვიდრე იარსებებს თუნდაც მცირეოდენი შანსი იმისა, რომ ან დაღუპულს იპოვნიან ან „თუნდაც რაიმე სახის ფრაგმენტს“.

„კი, ვხედავ ხოლმე ბიჭებს. მუშაობენ. შოვიდან რიონის ხეობამდეც. რამდენიმე დღის წინ რიონზეც იყვნენ, მაგრამ ძირითადად ჭანჭახის ხეობაში. პირადად მე წყლის ნაპირზე ვნახე, მაგრამ ალბათ ნავითაც გადაადგილდებიან“, - მეუბნება ილია ბიძიშვილი. ის გლოლიდანაა. შოვის სტიქიამ იმსხვერპლა მისი ოჯახის წევრიც.

„როგორია ახლა გლოლა და შოვი? დუმს გლოლაც და შოვიც. სიჩუმეა“, - ასე აღწერს ილია სტიქიის ზონას, სადაც 3 აგვისტოს მოვარდნილმა ღვარცოფმა 33 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

შოვში დაღუპულები

  • ზაზა მესხი;
  • მისი ორი არასრულწლოვანი ვაჟი;
  • ალინა პოლიკოვსკა, ზაზა მესხის ცოლი და მისი არასრულწლოვანი ვაჟი, სევა;
  • დავით ბერიაშვილი;
  • სამირა ისაევა;
  • გიორგი გოგინაშვილი;
  • ქსენია ტრიჩევა;
  • და-ძმა - მეგი და გიგი გუტაშვილები;
  • ნინო კენჭაძე;
  • და-ძმა მარიამ და კოტე მაისურაძეები და მათი დედა, შორენა ბიჭაშვილი
  • გენადი სულთანიშვილი;
  • და-ძმები - ლუკა, ანდრია, ანასტასია დუდაშვილები და მათი დედა, ნატო ჭელიძე;
  • და-ძმა სოფი და გიორგი ყარალაშვილები;
  • თემურ ჩარკვიანი;
  • ნიკა ჩალაძე;
  • სოფო ბაკურაძე;
  • გვანცა ბუბაშვილი;
  • სალომე ხეთაგური;
  • დიტო ფირცხალავა;
  • მარინა ხორბალაძე;
  • ქეთევან ლობჟანიძე;
  • მანანა ჯაჭვაძე;
  • ლევან რაზმაძე;

როდის მივხვდი, რომ გადავრჩი?

შოვის ტრაგედიას გადარჩენილებიც ჰყავს. მათ შორის ისეთები, რამდენიმე საათის განმავლობაში რომ ცდილობდნენ ტალახიდან თავის დაღწევას. მოულოდნელად მოვარდნილმა ღვარცოფმა ისინი მცირეწლოვან ბავშვებთან, შვილებთან ერთად წაიღო და ბოლო წამამდე არ სჯეროდათ, რომ გადარჩნენ - სამ საათზე მეტხანს ისხდნენ ტალახში და ელოდნენ ვერტმფრენის, მაშველების გამოჩენას. მაშველების მისვლამდე სამშვიდობოს ადგილობრივმა ახალგაზრდებმა გაიყვანეს.

„ფსიქოლოგს რომ შევხვდი, მკითხა, პირველად როდის მიხვდი, რომ გადარჩიო. ბალახზე რომ დამაყენეს რაჭველმა ბიჭებმა-მეთქი, ვუპასუხე“, - მიყვება გიო ადამია. ის ერთ-ერთია იმ 15-მდე ადამიანს შორის, რომელიც 3 აგვისტოს, 6 წლის შვილთან ერთად გადაურჩა სტიქიის ზონაში სიკვდილს.

გამოძიებამ არც გიოს და არც სხვა გადარჩენილებს, დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა. რამდენჯერმე მიმართა მან პროკურატურას. იქიდან კი მიიღო პასუხი, რომ მტკიცებულებები არ ქმნიდა საკმარის საფუძველს იმისთვის, რომ ის და მისი შვილი დაზარალებულად ეცნოთ.

ფსიქოლოგის კონსულტაციაც გიომ მხოლოდ მას შემდეგ გაიარა, რაც ოქტომბრის ბოლოს, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სახელმწიფოსგან არანაირი დახმარება თუ მხარდაჭერა არ მიუღია: „ამ პოსტის შემდეგ დამიკავშირდნენ ჯანდაცვის სამინისტროსგან“, - მეუბნება გიო ადამია.

საქმის გამომძიებლებს ჩვენება რამდენიმე თვის წინ მისცა. თუმცა, როგორ მიდის გამოძიება, ამის შესახებ არაფერი იცის:

გიო ადამია, შოვის სტიქიას გადარჩენილი

„რა თქმა უნდა, ბევრი კითხვა მაქვს. იქ იმდენი ადამიანი დაიღუპა. მე არ ვამბობ, რომ ყველას გადარჩენა შეიძლებოდა, მაგრამ როგორც ჩემთვისაა ცნობილი, რამდენიმე ცხედარი მდინარეში იპოვეს. ვინ იცის, იქნებ მდინარეში ჩავარდნის მომენტში ისინი ცოცხლები იყვნენ? მეწყერი რომ დაგვეჯახა და წაგვიღო, დაახლოებით 30 მეტრი გვაკლდა მდინარემდე, ცოტაც და წყალში გადაგვყრიდა, მაგრამ იმ მომენტში ჩვენ ხომ სავარაუდოდ, ცოცხლები ვიქნებოდით. ხომ შეიძლებოდა წყალშიც გვეცოცხლა გარკვეული პერიოდი? ხომ შეიძლებოდა ასე ყოფილიყო სხვაც? დრონსაც კი არ უფრენია ჩვენს მოსაძებნად. ტალახში რომ ვისხედით და დრონი დავინახეთ, ჩვენ მაშველები გვეგონნენ, მაგრამ მერე შევიტყვეთ, თურმე, ტურისტის დრონი ყოფილა. ეს ჩვენ არ ველოდით ასეთ სტიქიას და არ ვიცოდით, როგორ გვემოქმედა, თორემ საგანგებო სამსახური ხომ იმისთვისაა, რომ ასეთ სიტუაციებში დროული რეაგირება ჰქონდეთ, დრონიც დროულად ააფრინონ და სამაშველო ვერტმფრენიც, რომელსაც სამ საათზე მეტხანს ველოდეთ და ტალახიდან ბოლოს მაინც ადგილობრივმა ბიჭებმა გამოგვიყვანეს“.

შოვის ტრაგედიიდან თითქმის ხუთი თვე გავიდა. გიო ადამია ამბობს, რომ მთების დანახვისას უსიამოვნო შეგრძნება უჩნდება. უფრო ზუსტად, ის კადრები და წუთები ახსენდება, როცა შოვში სტიქიას შვილთან ერთად ებრძოდა:

„რაღაცნაირი ხიფათის განცდა დამიტოვა მაინც. იმ დღეს ვამბობდი მეგობრებთან, ბაკურიანში თუ წავალთ დასასვენებლად, თორე, სხვაგან ჩემი ფეხი აღარ იქნება-მეთქი, განსაკუთრებით მაღალმთიან, ტყიან ტერიტორიებზე, სადაც დასახლებიდანაც შორს ხარ. მზიურში დავდივართ ხოლმე ხშირად. შოვის მერე, რამდენჯერმე ფეხით რომ გადავდიოდით საბურთალოზე, მდინარე ვერეზე გადავიარეთ და წყალი რომ დავინახე, მაშინაც საფრთხის განცდა გამიჩნდა. თან ხომ გვახსოვს, რა მოხდა მზიურის ტერიტორიაზე 2015-ში. მანამდე არასდროს მქონია ეს განცდა, მაგრამ შოვის ამბების მერე, უსიამოვნო შეგრძნება გამიჩნდა“.

ასევე ნახეთ „ტალახი რომ დამეჯახა, ზურგზე დავწექი, თომა გულზე მივიხუტე და ასე გავყევი“ - გადარჩენილი მამა-შვილის ამბავი

„იქნებ ცოცხალი იყო რაღაც პერიოდი მაინც“

ია მერებაშვილს, შოვის სტიქიისას დაღუპული დავით ბერიაშვილის დედას, დღემდე არ სტოვებს განცდა, რომ დროული სამაშველო ოპერაციის შემთხვევაში, იქნებ მისი შვილი ცოცხალი ეპოვათ. ეს ფიქრი განსაკუთრებით მას შემდეგ გაუმძაფრდა, რას მოხალისე მაშველებმა, რომლებმაც დავითის ცხედარი იპოვეს, უთხრეს, რომ მისი შვილის ცხედარი მეწყრის ზედაპირთან ძალიან ახლოს ნახეს:

„ისე ახლოს ყოფილა, რომ ტექნიკის ჩარევა არც კი დასჭირვებიათ, ფაქტობრივად, ხელით ამოიყვანეს. ხელისუფლებამ რომ თქვა, ვინც გადარჩა, გადარჩა და სხვების შველა შეუძლებელი იყოო, ისეთი სისასტიკე იყო ამის მოსმენა. პირველმა სტრესმა ცოტა რომ გადაიარა, გავაცნობიერე, რამდენად ახლოს იყო ჩემი შვილის სხეული მიწის ზედაპირზე და იქ რომ სწრაფი და დროული რეაგირება ყოფილიყო, ალბათობა იმისა, რომ ის ცოცხალი ენახათ, იქნებ არსებობდა“, - მეუბნება ია მერებაშვილი.

კურორტი შოვი, 4 აგვისტო

მეწყერი რომ წამოვიდა, იმ მომენტში ია შვილს მესენჯერით ელაპარაკებოდა. დავითი და მისი მეგობრები, სოფი და გიორგი ყარალაშვილები, კოტეჯების ტერიტორიაზე იყვნენ:

„სტიქიის შემდეგ, ჩვენი მიმოწერის დრო რომ გადამოწმდა, ზუსტად მეწყრის წამოსვლის დროს ემთხვევა. რამდენიმე გზავნილი გავცვალეთ, ერთმანეთი მოვიკითხეთ და ჩემს ბოლო გზავნილზე, აღარ დამიბრუნა პასუხი. სჩვეოდა ხოლმე ასე, იცოდა პასუხის დაგვიანება, ამიტომ არაფერი მიეჭვია. ან ასეთ ამბავს როგორ წარმოვიდგენდი. ვიფიქრე, ალბათ პარალელურად, სხვასაც სწერს-მეთქი... მალე გავიგე, რომ შოვში მეწყერი ჩამოწვა. მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, რომ თითქოს ღრუბელმა შეუშალა ხელი შოვში ვერტმფრენის დროულ ჩაფრენას, ვიცი, რომ იმ დღეს შოვში არაჩვეულებრივი ამინდი იყო. სტიქიამდე ცოტა ხნით ადრე, დავითმა ფოტო გამომიგზავნა, უღრუბლო ამინდი იყო, ისეთი ნათელი და მკვეთრი“.

ასევე ნახეთ „ჩემი შვილი მეწყრის ზედაპირზე იპოვეს. სწრაფი რეაგირება რომ ყოფილიყო, იქნებ ცოცხალი ენახათ“ - ინტერვიუ შოვში დაღუპულის დედასთან

ია მერებაშვილი პირველია, რომელმაც როგორც დაზარალებულის უფლებამონაცვლემ, შოვის საქმის გამოძიების კვალიფიკაციის დაზუსტება სტიქიიდან რამდენიმე დღეშივე მოითხოვა. ის ითხოვს გაირკვეს, მიატოვა თუ არა მისი შვილი სახელმწიფომ განსაცდელში და შეეძლო თუ არა მისი დახმარება ტრაგედიისას?

„მაგალითად, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შოვში, კოტეჯების ტერიტორიის დასაცავად, ჯერ კიდევ სამი წლის წინ უნდა გამაგრებულიყო მდინარის კალაპოტი, გაკეთებულიყო ჯებირები, მაგრამ რეალურად, არაფერი გაკეთებულა. რატომ? ამაზე პასუხი არ არის.

ასევე, არ მაქვს პასუხი კითხვაზე, რატომ არ არსებობდა და არ არსებობს შოვში წინასწარი შეტყობინების სისტემა? რომელიც, როგორც აღმოჩნდა, უნდა ყოფილიყო და ამისათვის თანხებიც იყო გამოყოფილი.

გარდა ამისა, სტიქიის ღამეს, შოვში რომ ჩავედი, ადგილობრივები ლაპარაკობდნენ, რომ მიუხედავად წვიმებისა, ორი დღით ადრე მდინარე დაშრა, ფაქტობრივად, გაქრა, ფაქტი იყო, რომ მდინარე რაღაცამ შეაჩერა. ადგილობრივ მუნიციპალიტეტში ნუთუ არავინ უნდა დაინტერესებულიყო ამ ფაქტით?

სტიქიის ღამეს, შოვში რომ მივდიოდით, მთელი გზა კომუნიკაცია მქონდა სამაშველო სამსახურთან, პასუხისმგებელ პირებთან. მათგან ვერანაირ პასუხს ვერ ვიღებდი, რას აკეთებდნენ, ვის ეძებდნენ და სად. იმიტომ, რომ იმ ღამით აღარავის ეძებდნენ, იმიტომ, რომ შემდეგ ითქვა, რომ იქ ვინც გადარჩა, გადარჩა. სხვების ძებნას აზრი აღარ ჰქონდა“.

დავით ბერიაშვილის ოჯახმა უარი თქვა იმ 20 000-ლარიანი კომპენსაციის მიღებაზე, რომელიც სახელმწიფომ შოვში დაღუპულების ოჯახებისთვის დააწესა: „ძალიან მიუღებელი იყო ის ფორმა, რა ფორმითაც ეს განცხადება გაკეთდა. ისეთი შეურაცხმყოფელი იყო. ხვდებით ალბათ, რომ აქ თანხაზე არ არის ლაპარაკი“.

ასევე ნახეთ იფრინეს თუ არა შოვში შსს-ს თერმულმა დრონებმა პირველ კრიტიკულ საათებში?

რას ამბობს გამოძიება?

ფაქტობრივად, არაფერს. მიუხედავად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ამ ხუთი თვის განმავლობაში არც ბრიფინგი ჩატარებულა და არც რაიმე კონკრეტული განცხადება გაკეთებულა. თუ არ ჩავთვლით, 24 ოქტომბერს, გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის ზოგად განცხადებას, რომლითაც ის ჟურნალისტების კითხვას გამოეხმაურა:

ირაკლი შოთაძე

„გამოძიება მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროში, შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი. ასეულობით მოქალაქეა უკვე გამოკითხული. დანიშნულია მთელი რიგი ექსპერტიზები და გამოძიების დასრულების შემდეგ საზოგადოებას აუცილებლად მივაწვდით დეტალურ და ამომწურავ ინფორმაციას გამოძიების შედეგების შესახებ“.

ამ ეტაპზე, გამოძიება არკვევს, მოჰყვა თუ არა სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობასა და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას. ამ დანაშაულებს სისხლის სამართლის კოდექსის ორი, 116-ე და 240-ე მუხლები ითვალისწინებს. თუმცა, იურისტები თვლიან, რომ გამოძიება სხვა ორი მუხლითაც უნდა წარიმართოს - 128-ე მუხლით - განსაცდელში მიტოვება და 342-ე მუხლით - სამსახურებრივი გულგრილობა.

ასევე ნახეთ მიატოვა თუ არა განსაცდელში სახელმწიფომ მოქალაქეები შოვში? - რა მუხლებით უნდა მიმდინარეობდეს გამოძიება

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, შოვის სტიქიის გამოძიების საქმე ამ დროისათვის 63 ტომს შეადგენს.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ და „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, ეს ის ორი არასამთავრობო ორგანიზაციია, რომლებიც ამ საქმეში დაზარალებულების უფლებამონაცვლეებს, ორ პირს იცავენ.

მათგან ერთი ია მერებაშვილია, რომლის ინტერესებსაც „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იცავს. რაც შეეხება „ადამიანის უფლებათა ცენტრს“, ისინი დავით მაისურაძეს წარმოადგენენ. შოვის სტიქიისას მან შვილები და ცოლი დაკარგა.

დაზარალებულის უფლებამონაცვლეების ადვოკატებს გამოძიებამ უარი უთხრა საქმის მასალების ასლების გადაცემაზე. ამიტომ ისინი ტომების გასაცნობად ქუთაისში დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში ჩადიან. სწორედ ეს უწყება კურირებს შოვის სტიქიის საქმის გამოძიებას.

ამ დროისათვის ადვოკატები საქმის მასალების დაახლოებით 70%-ს იცნობენ. ანა თავხელიძე, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტი ამბობს, რომ დღეის მდგომარეობით, გამოძიება რიცხვებით მანიპულირებს, როდესაც ამბობს, რომ რამდენიმე ასეული მოწმე ჰყავთ გამოკითხული და ჩატარებული აქვთ 1600-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება.

ანა თავხელიძე

„აქ რაოდენობა არის მეასეხარისხოვანი. ამ საქმეში საგამოძიებო მოქმედებების დიდი რაოდენობა რომ იქნება, ეს ისედაც გასაგებია, რადგან მინიმუმ 400 მარტო მაშველი ჰყავდათ გამოსაკითხი, ეს არ არის გამოძიების ეფექტიანობა და ტაქტიკა. გამოძიების ეფექტიანობა იზომება იმით, თუ რამდენად კრიტიკულად აწარმოე გამოძიება, ყველა შესაძლო ვერსია განიხილე და დასვი კრიტიკული კითხვები თუ არა. თვითმხილველ მოწმეს რომ არ უსვამ კითხვას, როგორი იყო სტიქიის წინა საღამოს მდინარე ბუბისწყლის დონე, ან გამოკითხვის ოქმში რომ გიყვება მოწმე, როგორ გადმოხტა მეორე სართულიდან, რომ თავი გადაერჩინა და გამოკითხვის ბოლოს ხელს აწერინებ, რომ არანაირი ზიანი არ მიადგა, ეს ნიშნავს იმას, რომ გამოძიების ხარისხი არის ძალიან დაბალი და ვერ ჩაითვლება ის ეფექტიან გამოძიებად“.

ანა თავხელიძე თვლის, რომ ტრაგედიისა და საქმის მასშტაბიდან გამომდინარე, გამოძიება ვალდებულია არათუ თვეობით დუმდეს, არამედ ის ინტენსიურად უნდა მართავდეს ბრიფინგებს საქმის მიმდინარეობის შესახებ:

„ყოველ კვირაში უნდა გამოსულიყო როგორც გამოძიების მწარმოებელი ორგანო, ისე საპროკურორო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო და რაც შეიძლება ხშირად უნდა მიეწოდებინათ საზოგადოებისთვის ინფორმაცია, რა ხდება სისხლის სამართლის საქმეზე, რა ეტაპზეა გამოძიება. ამ საქმეს ალბათ ისე დახურავენ, რომ არც კი გვაქვს მოლოდინი, რომ რაიმე განცხადებას გააკეთებენ, თუ რა გააკეთეს და როგორ სიმართლის დასადგენად“.

როდის გამოქვეყნდება შოვის სტიქიის შესახებ საბოლოო დასკვნა?

გარემოს ეროვნულ სააგენტოში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ შოვის სტიქიის შესახებ საბოლოო დასკვნაზე ქართველ სპეციალისტებთან ერთად შვეიცარიული კომპანიის ჩართულობით კვლავ მიმდინარეობს მუშაობა. თუმცა, დასკვნის გამოქვეყნების თარიღი უცნობია: „დოკუმენტის მომზადებისთანავე გავავრცელებთ ინფორმაციას“, - გვითხრეს სააგენტოში.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში სექტემბრის ბოლოს აცხადებდნენ, რომ მართალია, საბოლოო დასკვნის გამოქვეყნების ვადა განსაზღვრული არ იყო, თუმცა უწყება მიიჩნევდა, რომ „კრიტიკულად მნიშვნელოვანია კვლევები განხორციელდეს სექტემბერ-ოქტომბრის თვეებში, რადგან კვლევების ჩატარება ძლიერ გართულდება და პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება წლის ცივ პერიოდში მაღალმთიან ზონაში რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო".

სტიქიის ზონა, შოვო, 5 აგვისტო

სააგენტოს პოზიციით, უცხოელი სპეციალისტების ჩართვა დასკვნის მომზადების პროცესში მნიშვნელოვანი იყო. უნდა გაეზომათ ღვარცოფული ნაკადის გადაადგილების სიჩქარე და დაეზუსტებინათ სტიქიის დაწყებიდან დასახლებულ ადგილამდე მისი მიღწევის დრო, ამას კი სჭირდებოდა დამატებითი კვლევები „მაღალი გარჩევადობის სატელიტური სურათებითა და თანამედროვე სამოდელო პროგრამებით".

გარემოს ეროვნულმა სააგენტოს შოვის შესახებ პირველადი დასკვნა 7 აგვისტოს გამოაქვეყნა. ამ დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება 2023 წლის 3 აგვისტოს მდინარე ბუბისწყლის ხეობაში სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესების თანხვედრამ გამოიწვია.

დასკვნის მიხედვით, რაჭაში სრაფად დადნა მყინვარი, ამას დაემატა, წვიმა, სათავეებში ჩამოიშალა კლდეზვავი და მეწყრულ-ეროზიულ პროცესები ღვარცოფში გადავიდა.

გარემოს ეროვნული სააგენტო პირველად შეფასებაში წერდა, რომ სტიქიის ჩასახვა-გააქტიურების ზონიდან შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე ღვარცოფულ ნაკადს, წინასწარი გათვლებით, უნდა მიეღწია, სავარაუდოდ, 8-10 წუთში.

სტიქიას გადარჩენილები რადიო თავისუფლებას ეუბნებოდნენ, რომ ეს დრო, ადრეული გაფრთხილების სისტემის არსებობის შემთხვევაში, საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ საფრთხის ზონაში მყოფ ადამიანებს უსაფრთხო ადგილებში შეეფარებინათ თავი.

ვინ მიიღო სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სამედიცინო დახმარება?

შოვის სტიქიისას დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და სტიქიას გადარჩენილებს სახელმწიფომ სამედიცინო/ფსიქოლოგიური დახმარება შესთავაზა.

თუმცა, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, სურვილის მიუხედავად, მათი ნაწილი ამ მომსახურების მიღმა აღმოჩნდა. გიო ადამიას მხოლოდ მას შემდეგ შეხვდა სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ფსიქოლოგი, როდესაც მან უყურადღებობის შესახებ სოციალურ ქსელში დაიჩივლა.

ია მერებაშვილი კი მეუბნება, რომ მოთხოვნის მიუხედავად, მას ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის დახმარება ამ დრომდე არ მიუღია:

„მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვის წინ დაგვიკავშირდნენ და ჩემმა მეუღლემ ჩააწერინა ჩემი მონაცემები, რომ მე ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის დახმარება მჭირდებოდა, არავინ დამკავშირებია. მათი დახმარება დღემდე მჭირდება. ამას ვგრძნობ. თუნდაც იმიტომ, რომ ვერ ვაღიარებ ჩემი შვილის სიკვდილს. ველოდები, რომ კიდევ გავიგებ მის ხმას, ან დამირეკავს, ან მესიჯს მომწერს. არ დასრულდა ეს მოლოდინი. ვერ შევაგუე თავი, რომ ეს ეტაპი უნდა დასრულდეს. კი ვიცი, რაც მოხდა, ამას ვიაზრებ, როგორც ფაქტს, მაგრამ ემოციურად ვერ ვუმკლავდები. ჩემმა მეგობრებმა, თავიანთი ინიციატივითა და ძალებით დამაკავშირეს ფსიქიატრთან, რომელმაც მედიკამენტები დამინიშნა“.

დეკემბრის მიწურულს რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის სამინისტროდან მისწერეს, რომ დაზარალებულთა სამედიცინო-ფსიქოლოგიური დახმარება გრძელდება. 20-მა ადამიანმა კი ისარგებლა ამ შეთავაზებით.

მოკლე ტექსტური შეტყობინებები

შოვის სტიქიის შემდეგ დაახლოებით ერთ თვეში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა (112) მოსახლეობისთვის მოკლე ტექსტური შეტყობინებების დაგზავნა დაიწყო.

პირველი ასეთი გზავნილი, ამინდის მოსალოდნელი გაუარესებისა და ძლიერი ნალექის შესახებ მოქალაქეებმა 8 სექტემბერს, საღამოს შვიდი საათისთვის მიიღეს, რომელიც იტყობინებოდა, რომ „9 სექტემბრიდან 10 სექტემბრის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონში ძლიერი ნალექია მოსალოდნელი“.

ეს მოკლე ტექსტური შეტყობინება (და შემდგომ თვეებში მიღებული სხვა შეტყობინებებიც) ზოგადია და არ აზუსტებს ყველაზე სახიფათო გეორგრაფიულ წერტილებს.

8 სექტემბერს დაგვზანილ შეტყობინებამდე რამდენიმე საათით ადრე, სტიქია დაატყდა გურიის მუნიციპალიტეტს. ადიდებულმა წყალმა და მეწყერმა სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ია მერებაშვილი, შოვში დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა, 8 სექტემბერს მიღებულ 112-ის შეტყობინებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა:

„112- იდან ამ წუთს ეს შეტყობინება მივიღე. დაცინვაა 3 აგვისტოს შოვის და დღევანდელი ტრაგიკული მოვლენების შემდეგ ასეთი შეტყობინებებით მოსახლეობის გაფრთხილება. თუ იმის სათქმელად ემზადებით, რო რამე, ჩვენ გაფრთხილებული გვყავდა მოსახლეობა და გადაერჩინათ თავი, ნუ დაიძინებდნენ და არაფერი მოუვიდოდათო?“

ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ ერთ-ერთი ბოლო შეტყობინება მოქალქეებმა 22 დეკემბერს მიიღეს: „23-26 დეკემბერს, საქართველოს უმეტეს რეგიონებში ამინდის მკვეთრი გაუარესება და ძლიერი ნალექია“ მოსალოდნელიო. 112 მოქალქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებდა.

112-ის მოკლე ტექსტური შეტყობინება მოსახლეობას

23 დეკემბერს, თბილისში, ნალექთან ერთად, ძლიერი ქარიც ქროდა. წააქცია ხეები. ამავე დღეს, ძლიერმა ქარმა კახეთში, ყვარელსა და ქალაქთან ახლოს მდებარე სოფლებში სახლებს სახურავები გადახადა. ახმეტასა და ლაგოდეხის რამდენიმე სოფელში კი მრავალწლიანი ხეებიც მოგლიჯა და ცენტრალური მაგისტრალები ჩახერგა.

როდის გამოჩნდება სამაშველო ვერტმფრენი?

შოვის ტრაგედიიდან მეორე დღეს, როცა დაისვა კითხვები იმის შესახებ,

  • თუ რატომ ელოდნენ გადარჩენილები სტიქიის ზონაში ვერტმფრენის გამოჩენას სამ საათზე მეტხანს
  • რატომ არ იმუშავეს 3-4 აგვისტოს ღამეს დამეწყრილ ტერიტორიაზე ვერტმფრენებმა
  • რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე სამაშველო ვერტმფრენების შეძენა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ამ კითხვების დღის წესრიგში დაყენება „ხელმოცარულ პოლიტიკოსებისა“ და ჟურნალისტების „ამორალურ ქმედებებს“ მიაწერა.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, შოვი, 5 აგვისტო

შოვის ტრაგედიამდე იყო თბილისი და 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედია, როდესაც ვერეს ხეობაში მოვარდნილ სტიქიას 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

მაშინ სახელმწიფომ სამაშველო ვერტმფრენი ვერ გამოიყენა, რადგან აღმოჩნდა, რომ ქვეყანას ღამის ხედვითა და სხვა საჭირო ტექნიკით აღჭურვილი ვერტმფრენი არ ჰყავდა.

2022 წლის ზაფხულში, გუდაურის ტრაგედიის შემდეგ, როდესაც იქ მიმდინარე სამაშველო ოპერაციის დროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოვარდა და მასში მჯდომი ყველა, რვა ადამიანი, მფრინავები, მაშველები და ექიმები დაიღუპნენ, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა სააკაშვილის ხელისუფლების დროს შეძენილი ვერტმფრენი “სუპერ პუმა” გაეყიდა და მის ნაცვლად სამი ახალი შვეულმფრენი შეეძინა.

2022 წლის მიწურულს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მართლაც გააფორმა კონტრაქტი ფრანგულ კომპანია "Airbus Helicopters"-თან სამი ახალი "H145"-ის ტიპის შვეულმფრენის ყიდვაზე. თუმცა, შესყიდვა ავიაპარკის მყისიერ განახლებას არ ნიშნავს.

26 500 000 ევროს ღირებულების სამი შვეულმფრენი საქართველოში ეტაპობრივად უნდა შემოვიდეს - პირველი - ხელშეკრულების გაფორმებიდან 17 თვეში, მეორე 19 თვეში, მესამე კი 20 თვეში. ხელშეკრულება ამ პირობით კი ნიშნავს, რომ საქართველო "H145" შვეულმფრენებს, 2024 წლის მაისის შემდეგ მიიღებს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურს საკუთარი ვერტმფრენები არ ჰყავს. შოვში, სტიქიის ზონაში ხალხის ევაკუაცია სასაზღვრო პოლიციის საბჭოთა წარმოების ორი MИ-8-ით მიმდინარეობდა. ესაა ვერტმფრენები, რომლებითაც დაფრინავენ საქართველოს მთავრობის წევრები ქვეყნის შიგნით, რომლებსაც იყენებს სასაზღვრო ავიაცია საზღვრის კონტროლის, მესაზღვრეების ტრანსპორტირებისა და მომარაგებისას.

ამავე ვერტმფრენებს იყენებენ ხანძრების ჩაქრობისას, წყალდიდობებისას ან სხვა სტიქიური უბედურებების ზონებიდან მოსახლეობის გამოსაყვანად.

ღვარცოფი რაჭაში, შოვში, 2023 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათისთვის მოვარდა. სახელმწიფო უწყებებს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებიათ გარდაცვლილთა, დაკარგულთა და გადარჩენილთა შესახებ სრულყოფილი ოფიციალური ინფორმაცია.

სამძებრო სამუშაოების მიმდინარეობისას გარდაიცვალა ორი ადამიანი: შსს-ს გამომძიებელი მირიან ჭელიძე და თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორი თემურ ხარჩილავა. მათი სიკვდილის მიზეზად ჯანმრთელობის მოულოდნელი გაუარესება დასახელდა.