შოვის ტრაგედია – რა ჩანს სატელიტიდან?
კურორტ შოვის ფოტო სატელიტიდან 3 აგვისტოს, თბილისის დროით 10:41-ზე, ტრაგედიამდე დაახლოებით 4.5 საათით ადრეა გადაღებული.
ეს კი შოვია 6 აგვისტოს – კურორტი ფაქტობრივად განადგურებულია.
მყინვარ ბუბასთან, სადაც გარემოს დაცვის სააგენტოს წინასწარი მონაცემებით კლდეზვავური მასა ჩამოიშალა, 29 ივლისის და 3 აგვისტოს დილის ფოტოებს შორის რაიმე ხილული ცვლილება არ ჩანს (3 აგვისტოს ფოტოს ნაწილობრივ ღრუბელი ფარავს).
29 ივლისსა და 6 აგვისტოს გადაღებულ ფოტოებს შორის კი ცვლილება აშკარაა. კლდე, რომელიც თოვლითა და ყინულით იყო დაფარული, მოშიშვლებულია.
გაფართოებულია მდინარე ბუბისწყლის კალაპოტი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი დასკვნით, სტიქიის ჩასახვისა და გააქტიურების ზონიდან, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე ღვარცოფულ ნაკადმა, სავარაუდოდ, 8-10 წუთში მიაღწია. ამ ინფორმაციის გადამოწმება დამოუკიდებელი წყაროებიდან ამ ეტაპზე შეუძლებელია.