მედიის განვითარების ფონდი (MDF) და საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) საქართველოში ანტიდასავლური პროპაგანდის ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიში 2019 წლის მონიტორინგის შედეგებს მოიცავს და დასკვნაში აღნიშნულია, მაგალითად, 2016 წელთან შედარებით, საგრძნობლად არის გაზრდილი ანტიამერიკული და ნატოს საწინააღმდეგო გზავნილები საქართველოში.
ანგარიშის მიხედვით ანტიდასავლური გზავნილების მთავარ წყაროდ კვლავ 5 მედია საშუალება გამოიკვეთა, ესენია: ონლაინ გამოცემები „საქართველო და მსოფლიო“, „საქინფორმი“, ტვ „ობიექტივი“, გაზეთები „ასავალ-დასავალი“ და „ალია“.
2019 წელს მედია მონიტორინგის მიხედვით ანტიამერიკულ გზავნილებს რამდენიმე ახალი თემატიკა დაემატა:
- მკვიდრდებოდა მოსაზრება, რომ ანაკლიის პროექტი ეკონომიკური ხასიათის არ არის და მას ამერიკისთვის სამხედრო-მილიტარისტული დანიშნულება აქვს;
- ასევე, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებამ საქართველოში ამერიკის სამხედრო ბაზის განთავსების მიზანშეუწონლობაზე (პრეზიდენტმა ამაში რუსეთის პროვოცირების შესაძლებლობა დაინახა), ნოყიერი ნიადაგი შექმნა პრორუსულად განწყობილი აქტორებისთვის.
ბოლო ანგარიშის შედეგად წლების განმავლობაში გამოკვეთილი ტენდენციები გრაფიკულად ასე გამოიყურება:
ანტიდასავლური გზავნილების ანატომია
ანგარიშის ავტორებმა კვლევის პროცესში გამოკვეთეს სამსაფეხურიანი სტრუქტურა რომლის მიხედვითაც ანტიდასავლური გზავნილები ვრცელდებოდა. თემატური გზავნილები ასე გამოიყურება:
- შიშის დათესვა
- უიმედობის დანერგვა
- გამოსავლის შეთავაზება
ანგარიშში წერია, რომ 2019 წლის განმავლობაში ანტიდასავლური პროპაგანდა თესავდა შიშებს რუსეთთან ომის განახლების შესახებ, რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიასთან დაკავშირებით და ხშირად ახსენებდა საზოგადოებას თავს იდენტობის დაკარგვის საფრთხეებით.
ის ასევე ცდილობდა შეექმნა უიმედობის განცდა დასავლეთის მიმართ, ქმნიდა მოსაზრებას, რომ საქართველოს სუვერენიტეტი ფიქციაა და სინამდვილეში ყველაფერს დასავლეთი წყვეტს და რომ ლიბერალიზმმა მარცხი განიცადა.
გამოსავალი კი იყო რუსეთი, პირდაპირი დიალოგი მასთან, ნეიტრალიტეტის გამოცხადება და ერთმორწმუნე რუსეთთან სიახლოვე მორალური პრინციპის გადასარჩენად.
2019 წლის მედიის ანალიზი აჩვენებს, რომ ერთის მხრივ, ხდებოდა ხაზგასმა დასავლური ღირებულებების მართლმადიდებლობასთან შეუთავსებლობაზე, ასევე, იმაზე, რომ დასავლეთი საქართველოს მორალურ დეგრადაციას იწვევს, რაც “ფიზიკურ ოკუპაციაზე გაცილებით მძიმე შედეგის მომტანია”.
პოლიტიკური განცხადებები და კონტექსტი
მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თამარ კინწურაშვილი აღნიშნავს, რომ 2019 წლის განმავლობაში ხშირად ისმოდა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებისგან მოსაზრება, რომ სჯობს საქართველომ რუსეთი არ გააღიზიანოს.
მისი თქმით “ქართული ოცნების” წარმომადგენლების განცხადებები ღიად ანტიდასავლური არ ყოფილა, თუმცა ანგარიშში მოხვდა ზოგიერთი განცხადება, რომელიც საერთო კონტექსტთან კავშირში იყო.
“რუსეთის არგაღიზიანების შიში, რაც თავიდანვე იყო „ქართული ოცნების“ პოლიტიკისთვის დამახასიათებელი უფრო მკვეთრი გახდა და ეს განცხადება, რომ საქართველო არ უნდა იყოს რუსეთსა და დასავლეთს შორის განხეთქილების საკითხთა ნუსხაში რომელიც წერია „ქართული ოცნების“ 2012 წლის წინასაარჩევნო პროგრამაში, გააჟღერეს სხვადასხვა აქტორებმა, მაგალითად გულბაათ რცხილაძემ, პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლებმა”, - ამბობს თამარ კინწურაშვილი.
ანგარიშში მოხვდა არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ გასულ წელს მიმდინარე კამპანიაც.
“NDI-ს და IRI-ს წინააღმდეგ კამპანიას, რომელსაც მოჰყვა ამერიკის საელჩოსთან აქციები, წინ უსწრებდა ბიძინა ივანიშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ ეს ინსტიტუტები განიცდიან დევალვაციას და ამან შეიძლება შეარყიოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისადმი ნდობა. ესეც გარკვეულ ტენდენციაზე მიუთითებს, რაც გამოიკვეთა 2019 წელს.”- აცხადებს თამარ კინწურაშვილი
ვინ არიან ანტიდასავლური პროპაგანდის წყაროები?
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ონლაინ გამოცემაში „საქართველო და მსოფლიო“ (Geworld.ge) ყველაზე მეტი ნეგატიური საავტორო შეფასება გამოქვეყნდა. რესპონდენტთა ანტიდასავლური კომენტარების მხრივ ასევე ლიდერობს ტვ „ობიექტივი“, სადაც ჟურნალისტთა 217 მსგავსი შეფასება გაკეთდა.
ანტიდასავლური გზავნილების მხრივ 2019 წელს წინა წლის მსგავსად პატრიოტთა ალიანსი ლიდერობდა, ამასთანავე მონაცემები წინა წელთან შედარებით გაოთხმაგებულია. მედიის განვითარების ფონდმა პარტიის წევრების მიერ გაკეთებული 440-ზე მეტი ანტიდასავლური გზავნილი დაითვალა. მეორე ადგილზეა რუსეთის ხელისუფლება, მესამეზე - ნინო ბურჯანაძის “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა”.
ანტიდასავლური გზავნილების პროცენტული მაჩვენებლები წყაროების მიხედვით კი ასე გადანაწილდა.
მედიაკავშირ „ობიექტივში“ ამბობენ, რომ არ ენდობიან კვლევის ავტორებს. „კონტექსტიდან ამოგლეჯილი და მიზანმიმართული შეტევა“ - ასე აფასებს რადიო თავისუფლებასთან კომენტარში ანგარიშს “ობიექტივის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ანი კიკნაძე.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის ამ ორგანიზაციის კვლევა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ეთერი ღიაა როგორც პროდასავლელი, პროამერიკული ან პროევროპელი რესპონდენტებისთვის და მაყურებლებისთვის, ასევე ანტიდასავლელი ან ნებისმიერი ტიპის რესპონდენტებისა და მაყურებლებისთვის. ჩვენ შორს ვართ რაღაც იარლიყებისა და შაბლონებისგან, რომელსაც ეს ორგანიზაცია ხშირად იყენებს თავის ანგარიშებში. კვლევას ჯერ არ გავცნობივართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ არ იქნება განსხვავებული წინამორბედი კვლევებისგან", - ამბობს ანი კიკნაძე.
ანგარიში ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ “მედიის განვითარების ფონდის” რიგით მეხუთე ყოველწლიური მონიტორინგის შედეგია. ის მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
ნახეთ ასევე:
- კორონავირუსი და რუსული დეზინფორმაცია: ბრძოლა ორ ფრონტზე
- რა წერია პარლამენტის დაგვიანებულ ანგარიშში დეზინფორმაციის საფრთხეებზე
- ანტიდასავლური პროპაგანდის აქცენტები
- „მიზანი არის, თანდათან მეინსტრიმიზაცია მოახდინონ იმის, რომ რუსეთი არის ერთადერთი გადამრჩენი ყველა იმ საფრთხისგან, რომელსაც რუსეთი თვითონ ქმნის“
- მოდი, ვისაუბროთ ჭეშმარიტ “ფეიკებზე” - კრემლის მედიადესანტი თბილისში
- დეზინფორმაცია და პროპაგანდა - საფრთხე საქართველომაც აღიარა