ჰელენა გეორგე: „სანამ ოცნებობ, შეგიძლია მიზნებს მიაღწიო“

ჰელენა გეორგე (ელენე ხურციძე-ვენკი) ქართველი მსახიობია მიუნხენში, თეატრის მსახიობი. 

თავის ქმართან, მიხაელ ვენკთან ერთად უძღვება ბავარიის დედაქალაქში „იოჰანეს გალის თეატრს“, რომელიც საწვრთნელი ცენტრიც არის დიდისა და პატარისათვის.

ჰელენა გეორგე ქოუჩიც არის, რეჟისორიც, ბავშვების აღმზრდელიც და მხატვარიც.

Your browser doesn’t support HTML5

შინ - უცხოეთში: ჰელენა გეორგე

„მიუნხენის გალის თეატრის“ დასის ლოზუნგია: „ადამიანი ნამდვილი მხოლოდ თამაშის დროსაა“.

ჰელენა გეორგე ექვსი წლის წინ გავიცანით, როცა ამ პოდკასტის ავტორი, ოქროპირ რუხაძე და ოპერატორი, ილია სამურგანიდი, მიუნხენში ჩავედით და პროგრამისთვის „შინ-უცხოეთში“ იქ მცხოვრებ ქართველ ხელოვანებსა და ექიმებზე მოკლე ფილმები გადავიღეთ.

მაშინ მსახიობი სცენაზე ვიხილეთ „ბელადონაში“. ჰელენამ ახლა მითხრა, ბელადონამ, - ეს იყო მისი როლი ამ წარმოდგენაში, - ბევრი რამ მასწავლაო. ბელადონა წარსული როლია. ახლა ჰელენა გეორგე „სტარლედიში“ ასახიერებს მთავარ როლს და მიყვება, როგორ შეიცვალა ქალი, ვისაც თამაშობს: თითქოს ეს პერსონაჟი არის თვითონ ჰელენაც...
ჰელენა გეორგემ თბილისის თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრა და შემდეგ, ფრაიბურგში, გალის აკადემიაში სხეულისა და ენის კომუნიკაციის ხელოვნებას დაეუფლა.
მოგვისმინეთ, მსახიობობაზეც გეტყვით, ქოუჩობაზეც და პანდემიის დროს გაჩენილ იდეებზეც.

Your browser doesn’t support HTML5

შინ - უცხოეთში. ჰელენა გეორგე: სცენა ჩემი სახლია

გასულ წლებში, პანდემიის პერიოდში ონლაინწარმოდგენების გამო „გალის თეატრის“ და ჰელენა გეორგეს მაყურებელთა და მიმდევართა რიცხვი გაზიარდა. კულტურის და ხელოვნებისთვის მძიმე პერიოდი დიდი გამოწვევა იყო ჰელენასა და მისი მეგობარ-კოლეგებისთვის. ამავე დროს განაახლა მან ხატვა და ის აქცია სასაუბრო ენად, თავისი სათქმელის გამოსახატავად. და რადგან თეატრშია, აირჩია ზღაპრების გმირები: „ფიფქია“, „კონკია“, „მძინარე მზეთუნახავი“ - და შეიქმნა სერია, რომლის ლოზუნგია: „დროა გამოვიღვიძოთ!“

ჰელენა გვიამბობს გოეთეს ინსტიტუტთან ერთად მოწყობილ წარმოდგენებზე, გერმანული ენის სწავლების მეთოდზე „გერმანულის სწავლისთვის სცენაზე!“, ასევე საქართველოში, ნიკარაგუასა და ჩეხეთში იმპროვიზებული თეატრალური წარმოდგენების დროს მომხდარ შესანიშნავ ამბებზე.
ჰელენა გეორგეს სიტყვები, ექვსი წლის წინ წარმოთქმული, იყო: „სცენა ჩემი სახლია“. ახლა ვთხოვე, ამ წარმოდგენის მთავარი ფრაზა გვითხარი-მეთქი.

„სანამ ოცნებობ, შეგიძლია მიზნებს მიაღწიო“, - ეს ასწავლა წარსულმა მსახიობს და ქოუჩს.