ჯაბა გეგეშიძე პრაღის სახალხო თეატრის მომღერალია, ტენორი. ექვსი წლის წინ, როცა მასზე პრაღაში მოკლე ფილმი გადავიღეთ, კმაყოფილებით გვიამბობდა, როგორ მოხიბლა თეატრის მიმღები კომისია და როგორ შესთავაზეს პირველსავე სეზონში ჩეხურ ენაზე ემღერა, - „ყველაფერი გააკეთეს, რომ სცენაზე დავმდგარიყავი... მადლობა ამ ერს, რომ მომცეს შანსი“. ახლა ჯაბა ახლის მოლოდინშია, ბოლო შანსის მოლოდინში.
Your browser doesn’t support HTML5
ეს იყო ექვსი წლის წინ. მაშინ, როცა ილია სამურგანიდისთან ერთად ფილმს ვიღებდით, თეატრის გამგეობამ შიგნით არ გადაგვაღებინა და ჩვენ ხრიკს მივმართეთ: მდინარეზე ნავით გავედით და იქ გადავიღეთ ისე, რომ ლამის ყველა კადრში თეატრის შენობა მოჩანდა.
ჯაბა გეგეშიძემ ამასობაში ბევრი ისწავლა, გამოცადა, მოუწია მუშაობა მათ გვერდში, ვისაც „შუბლით გატანის“ უნარი აქვს ნაკლები ნიჭის მიუხედავად, სხვებს უკვირდათ საქართველოდან ჩასული ტენორის მუყაითობა.
ახლა პრაღის სახალხო თეატრი ვაგნერის მოლოდინშია და ჯაბაც ელოდება ამ შესაძლებლობას, თუმცა ამბობს, ჩემზე აღარაა დამოკიდებულიო. ახლა ჩემს თავს ვაძლევ ბოლო შანსს და მერე ვნახოთო... იყო ბევრი დაპირება, რომელიც არ შესრულდა, მოულოდნელად მისი მხარდამჭერი კოლეგა გარდაიცვალა.
Your browser doesn’t support HTML5
ჯაბა გეგეშიძე მიყვება ერთ-ერთ წარმოდგენაზე, რომლის დასასრულს ჰქონდა განცდა, რომ რაც შეასრულეს, იმით იცხოვრეს, რომ მუსიკოსმა სცენაზე უნდა შექმნას ისტორია და, როგორ გაახსენდა თავისი მასწავლებლის, მუსიკოს ვაჟა ჩაჩავას ნათქვამი, რომ საოპერო მომღერლის ცხოვრება იწყება და მთავრდება იქ, როცა ვასრულებთ ნაწარმოებს, მაგრამ ვასრულებთ, კი არ ვმღერით, ვასრულებთ. ამიტომ ეს შესრულება სინთეზში, მუსიკა პლუს სამსახიობო ნიჭის განხორციელება - თამაში, როცა ადიხარ სცენაზე და ასრულებ ნაწარმოებს, შენ თუ იმით არ ცხოვრობ, ფუჭია ყველაფერი.
ხანდახან გაუელვებს ხოლმე აზრი, სხვა რამეს ხომ არ მოჰკიდოს ხელი, მერე ფიქრობს, რომ ეს ღალატი შეიძლება იყოს საქმისა და მოელის, რომ გაუმართლებს.