ლელა შოვნაძე და კაკო ქინქლაძე: მთელ თაობას ვკარგავთ

ლელა შოვნაძე და კაკო ქინქლაძე. ოქროპირ რუხაძის პოდკასტი - ფოტოილუსტრაცია

კაკო ქინქლაძემ, ბარიში მცხოვრებმა ქართველმა მითხრა, ყოველდღე იმას ვფიქრობ, როდის წავალ საქართველოშიო.

კაკო ქინქლაძე და ლელა შოვნაძე ერთად უძღვებიან იტალიის ამ კოხტა მხარის, აპულიის დედაქალაქში კულტურის და ხელოვნების ცენტრს - ასოციაცია „გურულებს“ - სტუდია „ფესვებს“, სადაც ემიგრანტი ქართველების შვილები ცეკვას, სიმღერასა და ქართულსაც სწავლობენ. „გურულები“ რატომ დაარქვეს ასოციაციას, კაკო გიამბობთ პოდკასტში.

Your browser doesn’t support HTML5

შინ - უცხოეთში: ლელა შოვნაძე და კაკო ქინქლაძე

კაკოს და ლელას ბავშვობაში უყვარდათ ერთმანეთი, მერე კაკო თბილისში რომ წავიდა სასწავლად, დაშორდნენ, მაგრამ 35 წლის შემდეგ განგებამ კვლავ შეახვედრა ერთმანეთს.

ჩვენ სტუდია „ფესვებზე“, ლელასა და კაკოზე, 2019 წელს გადავიღეთ მოკლე ფილმი. მას მერე ბევრი რამ შეიცვალა. კოვიდმა სტუდიის მუშაობა შეაჩერა, მაგრამ ვერ შეწყვიტა. ლელა და კაკო მასწავლებლებს მოუწიათ, ყოველდღიურად ეკეთებინათ საქმე, რაშიც შემოქმედება და სამშობლოს სამსახური ნაკლებადაა.

ლელა შოვნაძე თავის შეუპოვრობაზე მიყვება, როგორ არ დათმო ბავშვები და სამი წლის - პანდემიის - მერე, უკვე გამართული საბუთებით აღჭურვილმა, როგორ დააფუძნა „გურულები“, ცეკვის წრე აამოქმედა უკვე სხვა დარბაზში, სადაც დადიან - მაშინ პატარები - ახლა დიდი გოგო-ბიჭები, თითქმის ყველა იტალიაში დაბადებული.

საქართველოდან წამოსული ემიგრანტების შვილები აქ ბევრს რამეს სწავლობენ, ლელა ამბობს, თავიდან ამ ქართული საცეკვაო მუსიკის შეგრძნებაც არ აქვთ, მაგრამ ნელ-ნელა ეჩვევიანო.

სტუდია რის სტუდია იქნებოდა, მით უმეტეს „გურულების“ საფარქვეშ, თუ ქართული ხალხური სიმღერის და მუსიკის წრესაც არ შესთავაზებდა ბავშვებს. მუსიკის მასწავლებელიც მოიძებნა - ასმათ ბასილია, ისევე, როგორც ქორეოგრაფი - სალომე დარჩია, საქმისთვის თავდადებული ადამიანები.

სტუდიაში ყოველთვის ბევრი საქმეა ხელმარჯვე ადამიანებისთვის. კაკოს, პროფესიით მშენებელს, რომელმაც საკუთარი ხელით გაარემონტა სტუდიის შენობა, მხარში უდგას დათო სუთიძე, რომელსაც ბავშვების წაყვანა-წამოყვანაც აკისრია.

Your browser doesn’t support HTML5

აპულიაში, "შინ - უცხოეთში" - დამპიტაური, დიმპიტაური

პოდკასტის „შინ-უცხოეთში“ ბევრ მონაწილეს აწუხებს თემა, რომელსაც უცხოეთში ქართველების, განსაკუთრებით და პირველ რიგში, ქალების მძიმე პირობებში მუშაობა ჰქვია. ლელას და კაკოს მოწაფეები ამ ემიგრანტების შვილები არიან. ლელა შოვნაძემ იცის მათი მდგომარეობა და ითხოვს, ხმამაღლა ითხოვს, ნეტა ვინმემ ამ პრობლემაზე იფიქროსო. ამასთან არის დაკავშირებული ის წუხილი, რომელსაც ლელა და კაკო გამოთქვამენ ქართველი ბავშვების გამო. ამ თაობას ვკარგავთ და ათწლეულების მერე შევიგრძნოთ, მივხვდებით რაც დაგვაკლდაო .

წარმოიდგინეთ, რამდენი ბავშვია, ქართველი ემიგრანტების რამდენი შვილია შორეთში - იტალიაში, საბერძნეთში, ესპანეთში და ვინ იცის, კიდევ სად.