გიორგი 16 წლისა იყო, როცა იძულებული გახდა ჩოგბურთის თამაშისთვის თავი დაენებებინა ტრავმის გამო. მას მერე დაკავებულია ჩოგბურთის საშუალებით ახალგაზრდების სულიერად თავისუფალ და ფიზიკურად ძლიერ ადამიანებად ჩამოყალიბებით.
Your browser doesn’t support HTML5
პოდკასტის მთავარ საკითხებზე მოკლედ: ჩოგბურთზე ჩვენი საუბრისას ჩოგბურთის თეორეტიკოსსა და მწვრთნელთან, რომელიც ახალგაზრდების შინაგან და ფიზიკურ ჩამოყალიბებაზე მუშაობს, საქართველოს ახალგაზრდებზე მითხრა, რომ ისინი ძალიან რთულ სიტუაციაში არიან „პიროვნული, ემოციური და ფსიქოლოგიური“ თვალსაზრისით. ამისგან თავის დახსნის გზა, მისი აზრით, საქართველოს კულტურიდან და ტრადიციიდან, არა დოგმატური და ფანატიკური კულტურის, საქართველოს ფესვებიდან მომავალი ძალაა. ეს თუ იქნება ახალგაზრდობის საშველი, ამბობს ადამიანი, რომელიც ლამის მეოთხედი საუკუნეა ესპანეთშია და ამ საქმითაა დაკავებული. პიროვნული განვითარების საქმეში, გიორგი მარგიშვილის თქმით, არსებული დინების, საზოგადოებრივი დინების წინააღმდეგ მივდივართ, რაც ჩვეულებრივი ამბავია, რადგან თუ გსურს განსაკუთრებული რამ, როგორც ეს ჩოგბურთის მოთამაშეს სჭირდება, არ უნდა გააკეთო ის, რასაც ყველა აკეთებს - თუ გსურს განსხვავებული, არ უნდა გაიმეორო. ამ მხრივ, ფიზიკურ განვითარებასთან ერთად ბევრი საშუალება გვაქვს და მუდამ ვაფართოებთ გზებსა და საშუალებებს აკადემიაში, მიამბობს გიორგი, Global agency tennis academy-ს თავკაცი.
საქართველოს ახალგაზრდების არჩევანის გარშემოც ვისაუბრეთ და ჩოგბურთის მწვრთნელი და ფილოსოფოსი თვლის, რომ არჩევანი ერთია - მხოლოდ შინაგანი, ის შენ, როგორც პიროვნებამ, მხოლოდ შინაგანად უნდა გააკეთო.
სპორტი გლადიატორების სფეროა, რომელიც საზოგადოებას და ყველა სახელმწიფოს ძალიან სჭირდება, მაგრამ გლადიატორებს, ანუ სპორტსმენებს, აქვთ საშუალება, მიაღწიონ თავისუფლებას არენაზე გასვლით და ეს თავისუფლება არ არის მხოლოდ ეკონომიკური თავისუფლება, ეს პიროვნული თავისუფლებაც არის, - ესაა გზა, მოიპოვონ პიროვნული თავისუფლება.
სპორტი საზოგადოების თავისუფალი ნაწილია, სადაც შეგიძლია შექმნა რაც გსურს. განათლების სისტემაში პიროვნებისთვის არ ხდება განათლება, ის საზოგადოებრივი მიზნებისთვის მუშაობს, გაგვიზიარა გიორგი მარგიშვილმა თავისი მოსაზრება, - თუ სპორტსმენი განვითარდა ისე, რომ არენაზე გავიდა, მაყურებელს აგრძნობინა ის რეალობა, რაც მას არ აქვს თავის ცხოვრებაში, გაუზიარა შინაგანი განცდები, მას მაყურებელი მიჰყავს იქ, სადაც ის თვითონ ვერ შედის; ეს დიდი საჩუქარია მაყურებლისთვის, როცა სპორტსმენი მას უზიარებს განცდებს, რომელსაც მაყურებელი თვითონ ვერ განიცდის.
მართალია, სპორტში ახალგაზრდა მიზნის მისაღწევად, გამარჯვების და კარგი ცხოვრების მიზნით მიდის, მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად, ფიქრობს გიორგი მარგიშვილი, გვჭირდება პიროვნების განვითარება.
ეს ასეც ხდება. ბევრი ჰყავს გიორგის და აკადემიას ისეთები, ვინც წარმატებას მიაღწია, ჩოგბურთით განვითარდა და ძალიან დიდი წინსვლა აქვს ცხოვრებაში. ჩოგბურთის მწვრთნელ გიორგი მარგიშვილისთვის ყველაზე დიდი სიხარული არის ახალგაზრდებისთვის ცოდნის და გამოცდილების გაზიარება, სიხარულია, როცა აკადემიაში მოსულებს ხედავს, რომ შემოქმედები არიან ყველა საქმეში, რასაც უნდა აკეთებდნენ და მადლიერია, რადგან ბევრი რამ ისწავლა მათთან მუშაობისას. "მიხარია იმის გამო, რასაც მიაღწიეს ცხოვრებაში" და მადლიერი ვარ აქ, რომ ეს გზა მათთან ერთად გავიარე.
2018 წელს, მადრიდში ჩოგბურთის აკადემიას როცა ვეწვიეთ ოპერატორი ილია სამურგანიდი და მე, გიორგი მარგიშვილმა წაგვიკითხა თავისი ესპანურ ენაზე დაწერილი ლექსიც, „წარსული“. ახლა მითხრა: არა მხოლოდ უდროობის გამო, ლექსებს არ ვწერ, მაგრამ სათქმელი ბევრი მაქვს, გამოცდილება და ცოდნა მინდა ჩამოვაყალიბო ერთ სისტემად, რაც ონლაინპლატფორმის გზით გავრცელდებაო.