სანამ მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში რჩება, მისი მხარდამჭერები, ოპოზიცია, სახალხო დამცველი და ექიმების ჯგუფი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს.
ამ მოთხოვნით პროტესტის უკიდურეს ზომას - შიმშილს, პირველად პოლიტიკოსმა ელენე ხოშტარიამ მიმართა. თანდათან მას სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი - პარლამენტარები, ექიმები, საკრებულოს წევრები და მომღერალი პაატა ბურჭულაძე - შეუერთდა.
ელენე ხოშტარია: "შიმშილობა არ არის კარგი, მაგრამ უბრალოდ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ მივმართოთ ამ უკიდურეს ზომას".
პაატა ბურჭულაძე: "ერთი კვირის წასული ვიყავი საზღვარგარეთ, როცა ვნახე კადრები, თუ როგორ ვათრიეთ ჩვენი პრეზიდენტი და ამითი „საამაყოდ“ გავაცანით თავი მსოფლიოს... ვეღარ შევძელი და ჩამოვედი. სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ მულტიფუნქციურ მაღალტექნოლოგიურ საავადმყოფოში და სანამ არ გვეცოდინება, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, მე მანამდე ვიქნები ამ შიმშილობაში. მე მივიქციე საზღვარგარეთის ყურადღება, ინგლისის ჟურნალებს მივეცი ინტერვიუ, ხვალაც ჩამოდიან, რომ გაეცნონ აქაურ სიტუაციას. მე მრცხვენია, რომ საქართველომ ჩაიდინა ეს დიდი დანაშაული და ასე მოვექეცით საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს".
დავით კირკიტაძე: "მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით დავიწყეთ შიმშილობა, მაგრამ, ამასთან ერთად, 9 ადამიანმა გადავწყვიტეთ, ამ უკიდურესი ზომისთვის მიგვემართა, იმისთვის, რომ მოძალადე სისტემა დაინგრეს და ყველა ხელისუფლება, რა ფორმაციისაც არ უნდა იყოს ის, იყოს ჰუმანური და ვეღარ შეძლოს ადამიანზე ძალადობა".
სულხან სიბაშვილი: "არასდროს მიშიმშილია აქამდე, მაგრამ იძულებულები ვიყავით, მიგვემართა პროტესტის ამ ფორმისთვის".
გიორგი გოდაბრელიძე: "ადრეც მინდოდა დამეწყო შიმშილობა, მაგრამ თავიდან ქუჩის აქციები ვარჩიეთ, სხვა კოლეგებიც აპირებდნენ შემოერთებას, მაგრამ მათ ჩვენ ვთხოვეთ, რომ აქციები გაეგრძელებინათ. ესენი [„ქართული ოცნება“] ყოველთვის თავებს ითვლიან, ელენე ხოშტარია და 9 დეპუტატი როცა პარლამენტში შიმშილობს, მათთვის დისკომფორტია".
ნიკა მაჭუტაძე: "ზნეობრივი ვალდებულებაა პროტესტი და ასე წარმოვიდგინე ჩემი თავი ამ ვალდებულებაში. ეს არ არის ცალსახად პოლიტიკური მოთხოვნა, ეს არის ჰუმანიტარული მოთხოვნა და გულისხმობს ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადარჩენას".
აკაკი მინაშვილი: "ჩვენს შიმშილობაზე ლაპარაკი ცოტა მეუხერხულება, როცა მიხეილ სააკაშვილი 47-ე დღეა შიმშილობს და ელენე ხოშტარია - მე-15 დღე. ზოგადი სისუსტე ამ დღეების ფონზე გვაქვს, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ სხვა გზაც არ დაგვრჩა.
ახლა თუ ქვეყანა არ აირჩევს თავის საბოლოო გეზს, მაშინ სერიოზული პრობლემები გვექნება და, საბოლოოდ, რუსეთის გავლენების ქვეშ მყოფი ტერიტორია ვიქნებით".
ლევან ბეჟაშვილი: "არ შეიძლება, თანამედროვე საზოგადოება ასე ჩუმად უყურებდეს პროცესებს, რომელიც ქვეყანაში მიდის და მკვლელობის ჩუმი მოწმეები ვიყოთ. ამიტომ, პირადი მაგალითი, სოლიდარობის აქტის გამოხატვა, ხელს უწყობს, რომ ხალხმა მყარად და დარწმუნებით მოითხოვოს სამართლიანობა, ჰუმანურობა და, მით უმეტეს, რომ არ იყენებდეს ამას ხელისუფლება პოლიტიკური შურისძიების მიზნით".
აბდულა ისმაილოვი: "ეს არის უკიდურესი ზომა, რომელიც იმედია, გამოიღებს შედეგს".
ვილი პაჭკორია: "დღეს მესტუმრა გიული ალასანია და ვისაუბრეთ, რომ ჩვენმა პროტესტმა უკვე გამოიღო შედეგი. ჩემი ამ გადადგმული ნაბიჯით უკვე ექიმები ქუჩაში არიან გამოსული. არა მხოლოდ თბილისში, რეგიონებშიც - ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი. ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, ექიმები, რომ ამათ გავაგებინოთ, რომ ექიმის საქმეში ჩარევა პოლიტიკური ნიშნით არის დანაშაულის ტოლფასი, რადგან საფრთხე ემუქრება პაციენტის სიცოცხლეს და ჩვენი გაჩუმება ნიშნავს, რომ მკვლელობის თანამონაწილეობა იქნება".
გიორგი ბარამიძე: "მეოთხე დღე ჩემთვის არაფერი არაა, ნამდვილად კარგად ვგრძნობ თავს, მაგრამ არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ამათი სიგიჟე. ჩვენგან არის მზადყოფნა, ჩვენი ჯანმრთელობა შევწიროთ ამ ამბავს და პოტენციურად, ჩვენი სიცოცხლეც. ამგვარი ნაბიჯით მინდოდა მეჩვენებინა, ჩვენ ვიბრძვით, მაგრამ მშვიდობიანი არაძალადობრივი მეთოდით. ჩვენი ბევრი მომხრე გვაკრიტიკებს, რომ ძალას არ ვიყენებთ. ეს ფაქტობრივად ნიშნავს თოფის სროლას, რაც უნდა ამ რეჟიმს. ჩვენ არ უნდა მივცეთ პუტინს საშუალება, რომ ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო ომი მოაწყოს, ამიტომ ჩვენ უნდა ვაჩვენოთ რადიკალური ფორმა პროტესტისა, მაგრამ არა თოფი და ძალადობა..."
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა 15 ნოემბერს დაიწყეს საკრებულოს წევრებმა. დღეს ერთ-ერთ მოშიმშილე მაია კალანდია ცუდად გახდა. მისი თქმით, აუჩქარდა გული და ჰქონდა წნევის ცვლილება. დასჭირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ამის მიუხედავად, ის პროტესტს განაგრძობს…
„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისში შიმშილობს პარტიის ყოფილი წევრი კახა მიქელაძე, აქტივისტი ალექსანდრე ბერიძე კი, ამ მოთხოვნებთან ერთად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნასაც აყენებს.
რუსთავის ახლად არჩეული საკრებულოს წევრები „ნაციონალური მოძრაობიდან“ შიმშილობას აგრძელებენ და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ. საკრებულოს წევრმა, ჯუბა მგელაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შიმშილობა არ შეწყდება მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე.