შვედი მომლაპარაკებლის მოლოდინი ევროპარლამენტარების გზავნილების ფონზე

კრისტიან დანიელსონი

შვედი დიპლომატი, კრისტიან დანიელსონი, რომელმაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის პოლიტიკური მედიაციის პროცესში, მედიატორის როლი უნდა შეასრულოს, საქართველოში უახლოეს პერიოდში, შეიძლება ითქვას, უახლოეს საათებში ჩამოვა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მოვლენილმა დიპლომატმა, იმ პოლიტიკური კრიზისის კვანძის გახსნა უნდა სცადოს, რომელიც ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაჩნდა და მიუხედავად, ჯერ კიდევ ნოემბერში დაწყებული მოლაპარაკებებისა, რომლებშიც უცხოელი დიპლომატები, ე.წ. ფასილიტატორებიც იყვნენ ჩართულნი, შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ვერ შედგა და მეტიც, პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო ღრმად წავიდა.

კრისტიან დანიელსონის ჩამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველომ უკვე მიიღო მკაფიო, შეიძლება ითქვას, ხისტი გზავნილებიც კი ევროპარლამენტარებისგან. 9 მარტს, ევროპარლამენტის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებული დებატებისას, ევროპელი დეპუტატების განცხადებები იყო ღია და პირდაპირი. ისინი როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციურ სპექტრს მოუწოდებენ, რომ ორივე მხარემ საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს კომპრომისზე შეთანხმებაში და „თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისა და რიტორიკისგან“, - ეს უკანასკნელი ფრაზა ეკუთვნის ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ, ჯოზეპ ბორელს. ის კიდევ უფრო შორს მიდის და ამბობს, რომ „ვითარება შეიცავს საფრთხეს, რომ ძირი გამოუთხაროს საქართველოს დემოკრატიას“.

თუკი ევროპარლამენტში, ორი ათეული დეპუტატის გამოსვლების მთავარ გზავნილებს შევკრებთ, ისინი ასეთია: ამბიციური საარჩევნო რეფორმის აუცილებლობა; პოლიტიზებული სასამართლოს პრობლემის გადაჭრა; პარლამენტში ძალაუფლების განაწილება; ორივე მხარის ჩართულობა, კომპრომისი, ურთიერთპატივისცემა, მიღწეული შეთანხმებების სრული ერთგულება, პოლიტიკურ ნიადაგზე დაპატიმრებების შეწყვეტა და ა.შ.

დეპუტატები არ მორიდებიან პოლიტიკური ლიდერების დადანაშაულებასაც. მათ შორის, მაგალითად, გერმანელი დეპუტატი, ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი: „ეს ქაოსი ორივე ბანაკის პოლიტიკოსების ბრალია. ისინი საკუთარ „ეგოს“ ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებენ და პოლარიზაციას ანიჭებენ უპირატესობას თანამშრომლობასთან შედარებით“.

მას არც ლიეტუველი დეპუტატი, ანდრიუს კუბილიუსი ჩამორჩა: „სამწუხაროდ, ერთი წლის შემდეგ საქართველო კიდევ უფრო უარეს მდგომარებაშია, ვიდრე [2020 წლის 8 მარტამდე]... არ ვაპირებ მონაწილეობას პოპულარულ ქართულ პოლიტიკურ თამაშში - ერთმანეთისთვის გადაბრალებაში. უბრალოდ, მოვუწოდებ ორივე მხარეს, დაიწყონ ნამდვილი ევროპელებივით მოქცევა, ვინც ესწრაფვის დემოკრატიული ქვეყნების ევროპულ და ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში გაწევრიანებას“.

ასევე ნახეთ დებატები ევროპარლამენტში: წერილები თბილისიდან, კომპრომისისა და ოპონენტთა დევნის შეწყვეტისკენ მოწოდება ბრიუსელიდან

სწორედ ამ გზავნილებისა და განწყობების ფონზე უწევს ჩასვლა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბრიუსელში, 16 მარტს, ასოცირების საბჭოს მორიგ შეხვედრაზე, სადაც მან ასოცირების ფარგლებში საქართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ უნდა ილაპარაკოს და როგორც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ჯოზეპ ბორელი მოელის, მათ დიალოგში მიღწეული პროგრესიც უნდა განიხილონ.

რას ჩაიტანს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში, როგორ „შეეყრება მას ბრიუსელი“, ეს დიდწილად სწორედ იმაზეც იქნება დამოკიდებული, როგორ წარიმართება და რა შედეგით დასრულდება ან ვერ დასრულდება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაგეგმილი მოლაპარაკებები ევროპელი მედიატორის დახმარებით.

სწორედ ამ მოლაპარაკებებზე უნდა განიხილონ მხარეებმა ის ე.წ. ექვსპუნქტიანი გეგმა, უფრო ზუსტად კი საკითხები, რომლის შესახებაც 2 მარტს იმსჯელეს ოპოზიციამ და პრემიერ-მინისტრმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თანდასწრებით, ათონელის რეზიდენციაში.

ექვსპუნქტიანი საკითხების ჩამონათვალი კი შეგახსენებთ, ასეთია: ამბიციური საარჩევნო რეფორმა; კანონის უზენაესობა და სასამართლო რეფორმა, კერძოდ, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არჩევნების საკითხები და კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება; პოლიტიკური მართლმსაჯულება, კერძოდ, პატიმრების საკითხის გადაჭრა; პარლამენტში ძალთა გადანაწილება, რაც მოიცავს საგამოძიებო კომისიასა და პასუხისმგებლობებისა და როლების სამართლიან გადანაწილებას პარლამენტში; პოტენციური ადრეული არჩევნები და მზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის; ფასილიტაცია-მედიაციის გაგრძელება და მიღწეული პროგრესის გადამოწმება, ევროკავშირი-საქართველოს ასოციაციის საბჭოს შეხვედრაზე.

უფრო მოკლედ თუ ვიტყვით, ოპოზიციის ორ მთავარ მოთხოვნად კვლავ რჩება პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.

თუმცა, სანამ მხარეები დანიელსონთან ერთად დამსხდარან მოლაპარაკებებზე, მათ ჯერ ევროპელი დეპუტატების მკაფიო გზავნილები აქვთ გასაანალიზებელი და გასააზრებელი.

ეს გზავნილები და მოსალოდნელი მოლაპარაკებები იქცა 10 მარტს როსტომ მეფის სასახლეში, „ქართული ოცნების“ სხდომის განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემად. უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი აცხადებდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ 9 მარტს ევროპარლამენტარების ზოგიერთი განცხადება განმსჭვალული იყო რიგ შემთხვევებში, პოლიტიკური სუბიექტურობით, საერთო ჯამში, ამ გზავნილებში მან ამოიკითხა ის, რომ მხარეებს შორის დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, თუმცა, კიდევ უფრო მთავარი პათოსი, რაც მან ევროპარლამენტარების გზავნილებში დაინახა არის ის, რომ „ევროპის სახელით საქართველოში რევანში ვერ შედგება“:

„ბატონმა ბორელმა პირდაპირ თქვა, რომ ასოცირებულ სახელმწიფოებში საქართველო არის საკვანძო ქვეყანა და საქართველოს აქვს უზარმაზარი პროგრესი და შედეგი, რეფორმების თვალსაზრისით. დიახ, მან ისიც აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს გარკვეული პოლარიზაცია, ეს ფაქტია და ჩვენ ამას ვხედავთ. ასევე დავინახეთ ის, რომ იყო პირდაპირი მოწოდებები, რომ თუ რაიმე უთანხმოება და განსხვავებული მოსაზრება არსებობს, ამისთვის სასაუბრო ადგილს წარმოადგენს პარლამენტი. პოლიტიკური დიალოგის ადგილი არის პარლამენტი. ასევე დავინახე ის, რომ თითოეული გამომსვლელი და მათ შორის, კომისიის წარმომადგენლები საუბრობდნენ იმაზე, რომ ის ფაქტი, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ბატონმა შარლ მიშელმა საქართველოში გამოგზავნა პირადი წარმომადგენელი, ხაზს უსვამს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის ამ მოლაპარაკებების შედეგიანად დასრულება. ჩვენი მხრიდან, გამოვხატავთ მზაობას, რომ ეს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს და მივიღოთ ისეთი შედეგი, რომელიც წაადგება ჩვენს სახელმწიფოს“.

როგორ ხედავს „ქართული ოცნება“ მოლაპარაკებების შედეგს მაშინ, როდესაც ერთი მხრივ, ოპოზიცია არ თანხმდება ხელისუფლების შეთავაზებას, მონაწილეობა მიიღოს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, რომელიც საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეს გამოიძიებს და მეორე მხრივ, მმართველი გუნდი არ თანხმდება ოპოზიციის მოთხოვნებს გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები? დეპუტატი სოზარ სუბარი, ამ კითხვაზე ჟურნალისტებს პასუხობს, რომ „ქართული ოცნების“ პოზიცია ურყევია, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, თუმცა, ამ სიტუაციაში როგორ მოხერხდება კონსენსუსის მიღწევა, ამ კითხვაზე პასუხი ღიად რჩება:

„დასავლეთი ამდენი თვის განმავლობაში მოუწოდებს ოპოზიციას, რომ შევიდეს პარლამენტში, რომ პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც პოლიტიკური დებატები უნდა მიმდინარეობდეს. პასუხი ნული, ჩვენი მეგობრების მოწოდებების სრული იგნორირება. ოპოზიციას ვაძლევთ ყველა ბერკეტს, გამოიძიოს არჩევნები, დაკითხოს მისი 11 ათასი წარმომადგენელი, რომელთა ხელმოწერებიც არსებობს ოქმებზე, გახსნას ყველა ვიდეო-კამერა, რომელიც იყო ყველა საარჩევნო უბანზე და ნახოს, მართლა რამდენი ადამიანი შევიდა და ერთი ხმა ხომ არ არის სადმე მიმატებული ან გამოკლებული, ამაზე დიდი ბერკეტი ოპოზიციის ხელში არ არსებობს. მაქსიმალური დათმობაა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ ჩვენ მივდივართ ახალ არჩევნებზე, თუკი შეიქმნება საპარლამენტო საგამოძიებო კომისია და ამ კომისიის ფარგლებში დადგინდება, რომ გაყალბება ერთ პროცენტზე მეტს აღწევს. მაგრამ ოპოზიცია ამაზე არ მოდის, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ მათ ძალიან კარგად იციან, რომ გაყალბება არ მომხდარა. რაც შეეხება, ლეგიტიმაციას, 48% ლეგიტიმაცია ხელისუფლების ჩაბარებისთვის, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში არის საკმარისი კი არა, საკმარისზე მეტი“.

რაც შეეხება პოლიტპატიმრების გათავისუფლების პერსპექტივას, ამ საკითხზე სოზარ სუბარისა და მასთან ერთად „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება ასეთია:

„ადამიანები, რომლებიც სასჯელს იხდიან, ეს სასჯელი მისჯილი აქვთ აბსოლუტურად სამართლიანად. თუკი ვინმეს რაიმე ეჭვი ეპარება, მათ შეეძლოთ წასულიყვნენ სტრასბურგის სასამართლოში. რაც შეეხება ნიკა მელიას, ის არის წინასწარ პატიმრობაში, ძალიან მარტივად დგას საქმე, 40 000 ლარის გადახდის შემთხვევაში, ის იქნება თავისუფალი. მისი პარტია და პარტიის დე-ფაქტო მმართველი ტოვებს მას პატიმრობაში, ბოდიში მომითხოვია და ამაზე, ვერაფერს ვიზამთ“.

იმისათვის, რომ მოლაპარაკებების პროცესი გაყინული ადგილიდან დაიძრას, აუცილებელია, რომ შემხვედრი ნაბიჯი ხელისუფლებამ გადადგას, ასე ეუბნება რადიო თავისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი, რომელიც იმასაც ამბობს, რომ ამ ეტაპზე, ევროპარლამენტარებმა უფრო მწვავე განცხადებებისგან თავი შეიკავეს, რადგან შანსი მისცეს მოლაპარაკებებს, მაგრამ მისი თქმით, თუკი ისე განვითარდა მოვლენები, რომ მხარეებმა მოლაპარაკებების პროცესში პროგრესი ვერ ნახეს, მათი გზავნილები ხელისუფლების მიმართ კიდევ უფრო გამკაცრდება.

სალომე სამადაშვილის თქმით, ერთადერთი და უალტერნატივო გზა, რომ მოლაპარაკებების პროცესი ჩიხში არ დარჩეს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა:

„ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ძალიან კარგად არიან ინფორმირებულნი იმ პრობლემებზე, რომლებიც ქვეყანაშია. ვნახეთ, რომ საუბარია იყო იმაზე, რომ პოლიტიზირებული მართლმსაჯულება პრობლემაა, საუბარია იყო პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზეც და მათ სახელებით მოიხსენიეს. ჩემი პოზიციაა, რომ ყველას ინტერესებშია, მედიაციის პროცესი დასრულდეს შეთანხმებით. ეს არის ხელისუფლების ინტერესიც და ოპოზიციისაც, რადგან არანაირი სხვა გზა არ ჩანს და ვხედავთ, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები გვაფრთხილებენ, რომ ქვეყანას ემუქრება დიდი პრობლემები, თუკი ჩვენ ეს კრიზისი არ დავძლიეთ. ამიტომ იმისათვის, რომ კონსენსუსი შედგეს, ნაბიჯები უნდა გადადგას მან, ვისაც ამის ბერკეტები გააჩნია და ეს არის ხელისუფლება, რადგან ოპოზიციას არ შეუძლია გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები. პოლიტპატიმრების გათავისუფლება იქნება ნდობის აღდგენის მექანიზმი, რომელიც შემდეგ უკვე გააჩენს სივრცეს, რომ ჩვენ სხვა საკითხებზეც ვილაპარაკოთ და შევთანხმდეთ, რადგან ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხი არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, მაგრამ არაერთხელ ვთქვით, რომ გზა, როგორ მივალთ ამ ვადამდელ არჩევნებამდე, ეს შეიძლება იყოს შეთანხმების საკითხი. „ქართული ოცნებაც“ ხვდება, რომ არსებულ ვითარებასა და არსებული მანდატით, ის 4 წელი ხელისუფლებაში ვერ დარჩება ერთპარტიული პარლამენტის, ჩამოშლილი ეკონომიკისა და სოციალური მდგომარეობის ფონზე“.

მომდევნო დღეებში განვითარებულ მოვლენებს, ოპოზიციურ პარტიებსა და ხელისუფლების მოლაპარაკებებს, ამ პროცესში ევროპელი დიპლომატის ჩართვას, ისტორიულ მოვლენებს უწოდებს „ლელო საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია. როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, სწორედ ეს დღეები განსაზღვრავს საქართველოს როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან, ევროინტეგრაციის პერსპექტივას:

„ის, რაც ამ დღეებში ხდება და რასაც საქართველოს პოლიტიკური კლასი აჩვენებს ევროკავშირს, ამ ყველაფერს ექნება პირდაპირი გავლენა საქართველოს სამომავლო პერსპექტივაზე და ამას მოწმობს ისიც, თუ ვინ გამოიგზავნა საქართველოში, როგორც მედიატორი. ბატონი დანიელსონის პირდაპირი სამსახურებრივი ვალდებულება სწორედ გაფართოების პოლიტიკის კურირებაა. ასეთ პოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც სახელმწიფოს გაცხადებული აქვს, რომ 2024 წელს ის აპირებს გახდეს ევროკავშირის კანდიდატი, ამ ტიპის ფიგურის გამოგზავნა მედიატორად, არის პოლიტიკური გზავნილი. ის თუ როგორ მოიქცევა დღეს ქართული პოლიტიკური კლასი, ამას ბუნებრივია, გავლენა ექნება იმ ძალიან მნიშვნელოვან პროცესზე, რაც გულისხმობს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ დღეებს აქვს ისტორიული მნიშვნელობა, არამარტო მოკლე ვადით, იმ ჭრილში, თუ როგორ გადაიჭრება ეს პოლიტიკური კრიზისი, არამედ გრძელვადიანი პერსპექტივითაც, როგორი იქნება საქართველოს გეოპოლიტიკური მომავალი და რამდენად სწრაფად შეძლებს საქართველო ამ ისტორიული ნატვრის ახდებას. ჩვენი იმედი გვაქვს, რომ მედიაციის ფორმატი იმუშავებს და საქართველო აჩვენებს ძალიან მაღალ პოლიტიკურ შეგნებას. ჩვენს რეგიონში ამ ტიპის მედიაციის ქონა, დიდი კომფორტია, რადგან რეგიონში, როგორც წესი, მედიატორად გვევლინება ხოლმე რუსეთის ფედერაცია თავისი იმპერიალისტური, ანტიადამიანური და ანტისახელმწიფოებრივი ზრახვებით. ამიტომ ჩვენ ძალიან დიდი ფუფუნება გვხვდა წილად, რომ გვყავს ისეთი მედიატორები, რომლებიც ჩვენივე საუკეთესო ინტერესების განხორციელებაში გვეხმარებიან“.

ასევე ნახეთ "სტრატეგია აღმაშენებელი" აპირებს "ტოტალური წინააღმდეგობის მოძრაობის" ავანგარდში ჩადგომას

მიუხედავად ევროსტრუქტურებიდან წამოსული ინტერესისა და ღია გზავნილებისა, რომელიც კრიზისის დაძლევისკენაა მიმართული, ოპოზიციურ სპექტრს, გარკვეულ კითხვის ნიშნებს და ეჭვებს უჩენს პრემიერ-მინისტრის მერყევი რიტორიკაც მიმდინარე პროცესებსა და დაგეგმილ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილის რიტორიკა ერთი იყო პირველ მარტს, საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტისას და მეორე - მისი წასვლის შემდეგ. მაგალითად, პირველ მარტს ის აცხადებდა, რომ ხელისუფლებას არასდროს უთქვამს უარი დიალოგზე. მეორე დღეს კი განაცხადა, რომ "პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით არის უცვლელი. ეს არის „წითელი ხაზი“. ეს არის საკითხი, რომელიც არ განიხილება".

გრიგოლ გეგელია რადიო თავისუფლებასთაბ საუბრისას ამბობს, რომ როდესაც "უმაღლესი კალიბრის" საერთაშორისო პარტნიორის თანდასწრებით მოხდება შეთანხმება გარკვეულ საკითხებზე, ის საკითხი უკვე ავტომატურად დგება განხილვის დღის წესრიგში:

"ქართულ ოცნებას" მოუწევს, გაიაზროს ეს პროცესი. "ქართულ ოცნებას" უნდა ესმოდეს, რომ ექვსივე პუნქტი, რომელიც პრეზიდენტ მიშელის თანდასწრებით იქნა შეთანხმებული, როგორც მოლაპარაკების საგანი, მათ ამ ექვსივე პუნტზე მოუწევთ თავისი პოზიციის დაფიქსირება, ისევე როგორც ჩვენ. მედიაციის ფორმატიც ზუსტად ამას ნიშნავს, რომ ორივე მხარემ, ამ ექვსივე პუნქტზე დავაფიქსიროთ ნათელი პოზიცია და საბოლოოდ, შევეცადოთ, რომ გარკვეული კომპრომისი გამოვნახოთ".

ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭოს მეექვსე შეხვედრამდე ექვსი დღით ადრე, ევროკავშირი აქვეყნებს შეხვედრის წინ შემუშავებული ოფიციალური პოზიციის პროექტს, სადაც ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს იმ უნდობლობის გამო, რამაც გავლენა მოახდინა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პროცესზე და გაზარდა პოლიტიკური პოლარიზაცია საქართველოში:

„[ევროკავშირი] ხაზს უსვამს სრულად ფუნქციური წარმომადგენლობითი პარლამენტის აუცილებლობას, როგორც პოლიტიკური დებატების ცენტრალურ ფორუმს, რომელშიც ყველა არჩეული პარტია მუშაობს რეფორმების განვითარებაზე; აღნიშნავს, რომ ეს პოლარიზაცია არ შემოიფარგლება მხოლოდ პოლიტიკური სფეროთი და საგანგაშო ტენდენციებს ამჟღავნებს მთელ ქართულ საზოგადოებაში. არსებულ პოლიტიკური ვითარებაში დაძაბულობის განმუხტვისა და საქართველოს დემოკრატიის შემდგომი განმტკიცებისათვის, მოუწოდებს ფართო პოლიტიკური ერთიანობისა და დიალოგის, ასევე პოლარიზაციის გამომწვევი რიტორიკისგან თავის შეკავებისკენ. მოუწოდებს საქართველოს, უზრუნველყოს საინფორმაციო საშუალებების თავისუფლება, პლურალიზმი და აზრის თავისუფალი გამოხატვა, შეამციროს არსებული პოლარიზაცია და განაგრძოს საქართველოს დემოკრატიის გაძლიერება“, - აღნიშნულია ევროკავშირის პოზიციაში“.

შვედი დიპლომატის, კრისტიან დანიელსონის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს, "ტვიტერის" საშუალებით ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და წერს, რომ ის მიესალმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში კრისტიან დანიელსონის მედიატორად დანიშვნას:

"ეს ძლიერი ნიშანია იმისა, რომ ევროპა საქართველოს სტაბილურობისა და დემოკრატიული განვითარებისთვის მუშაობს განაგრძობს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ორივე მხარეს, ქვეყანა პირველ ადგილზე დააყენონ და იმუშაონ დეპოლარიზაციის მისაღწევად".


კრისტიან დანიელსონის საქართველოში ჩამოსვლის ზუსტი დრო, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ ის საქართველოს უახლოეს საათებში ეწვიოს.

შეგახსენებთ, კრისტიან დანიელსონი 2011 წელს დაინიშნა ევროპული კომისიის გენერალური მდივნის მოადგილედ. 2013 წელს დანიელსონი გახდა გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორი, 2015 წლიდან კი სამეზობლო საკითხების და გაფართოების თაობაზე მოლაპარაკების საქმეთა გენერალური დირექტორი. ამჟამად დანიელსონი ხელმძღვანელობს ევროკომისიის წარმომადგენლობას შვედეთში.