შვედეთი ნატოში შევა, უკრაინამ კი ჯერ ომი უნდა მოიგოს

ნატოს სამიტი ვილნიუსში, 2023 წლის 11-12 ივლისი. ილუსტრაცია

ვილნიუსის სამიტზე ნატო უკრაინას დაჰპირდა, რომ გაწევრიანებას გაუმარტივებს, თურქეთი კი შვედეთის მიღებას დასთანხმდა. რუსეთს ეს ძალიან არ მოსწონს, აი, საქართველოსთვის კი ყველაფერი უცვლელადაა. რა მოხდა ნატოს სამიტის პირველ დღეს.

პროგნოზები გამართლდა. ნატოში გასაწევრიანებლად, უკრაინას აღარ დასჭირდება MAP-ი - სამოქმედო გეგმა, რომლის მიღებაც აუცილებელია წევრობის მსურველთათვის.

2008 წელს, საქართველომაც და უკრაინამაც მიიღეს დაპირება, რომ ნატოს წევრები გახდებიან, მაგრამ ვერ მიიღეს MAP-ი.

11 ივლისს სამხედრო ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება უკრაინას ნატოში გაწევრიანებას უმარტივებს. ამრიგად, კიევს „ორი ნაბიჯის ნაცვლად, ეყოფა ერთიც”.

გარდა ამისა, 12 ივლისიდან ამოქმედდება ნატო-უკრაინის საბჭო. იქ „შევხვდებით, როგორც თანასწორები”, - თქვა ალიანსის მეთაურმა. საბჭო ჩაანაცვლებს ამჟამად არსებულ ნატო-უკრაინის კომისიას. BBC-ის რუსული სამსახური განმარტავს, რომ, კომისიისგან განსხვავებით, კიევს საბჭოს მოწვევის და ხმის მიცემის უფლება ექნება.

და კიდევ - სტოლტენბერგი დაჰპირდა უკრაინას, რომ მომდევნო წლებში დაეხმარება გადავიდეს ნატოს სამხედრო სტანდარტებზე.

სიცხადის გარეშე

ნატოს სამიტი ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში, რუსეთის საზღვრიდან 150 კილომეტრში იმართება. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ეს წევრი ქვეყნების უკვე მეოთხე შეხვედრაა. იქამდე ხან ყოველ წელს იკრიბებოდნენ, ხან ორ წელიწადში ერთხელ.

მაგრამ ბოლო წელიწად-ნახევარში შეიცვალა მხოლოდ შეკრებების სიხშირე. მთავარი შედეგი, რომელსაც უკრაინა და საქართველო 15 წელია, ელოდებიან, კვლავ მიუღწეველია. ნატო ჯერაც ვერ (ბევრის აზრით კი - არ) აკონკრეტებს - როდის და როგორ მიიღებს მათ წევრებად.

წევრობა უსაფრთხოების გარანტიებს ნიშნავს. რადგან ნატოს წესდების მეხუთე მუხლის თანახმად, „ერთ წევრზე თავდასხმა, ნიშნავს ყველაზე თავდასხმას”.

სამიტამდე აშშ-ის და გერმანიის ლიდერებმა რამდენჯერმე გაიმეორეს, რომ უკრაინა ვერ გაწევრიანდება ნატოში, სანამ ომი არ დასრულდება. უკრაინა „მიიღებს მოწვევას ნატოში მაშინ, როდესაც წევრები შეთანხმდებიან და უკრაინა პირობებს შეასრულებს”, - თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

რა პირობებს გულისხმობს?
ერთი თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზება და მმართველობის განმტკიცებაა, კორუფციასთან ბრძოლის ჩათვლით.

როგორც ჩანს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ ვერდიქტის შესახებ წინასწარ იცოდა. სამიტის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მან ალიანსისგან მეტი სიცხადე მოითხოვა და უკრაინის ნატოში არმიწვევას „აბსურდი” უწოდა.

„ეს ნიშნავს, რომ დატოვებულია შესაძლებლობის ფანჯარა, რათა უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე რუსეთთან მოლაპარაკებებში ივაჭრონ. რუსეთისთვის კი ეს ნიშნავს მოტივაციას, გააგრძელოს ტერორი. გაურკვევლობა სისუსტეა. და ამას სამიტზე ღიად განვიხილავ”, - დატვიტა ზელენსკიმ.

ვილნიუსში ჩასვლისთანავე, უკრაინის პრეზიდენტი მივიდა მიტინგზე, რომელიც ქალაქის ცენტრში გაიმართა. „უკრაინას სჯერა ნატოსი, რომელიც არ ყოყმანობს”, - მიმართა მან მის მხარდასაჭერად შეკრებილ ათასობით ადამიანს.

და საქართველო?

მას გზა არ გაუმარტივდება. სამუშაო დოკუმენტის თანახმად, რომელსაც რადიო თავისუფლება გამოქვეყნებამდე გაეცნო, ნატოს კარი საქართველოსთვის ღია დარჩება, თუმცა „საქართველო ალიანსის წევრი გახდება გაწევრიანების სამოქმედო პროგრამით (MAP), რაც პროცესის თანმიმდევრული ნაწილია”. MAP-ის მისაღებად, საქართველოს კვლავ რეფორმებს სთხოვენ.

სამიასათასკაციანი ჯარი

სამაგიეროდ, ყველა წინაღობა გადალახა შვედეთმა, რომელიც, წესით, ნატოს 32-ე წევრი მალე გახდება. ორივე მოწინააღმდეგემ, უნგრეთმა და თურქეთმა, სამიტის დაწყებამდე სტოკჰოლმს მწვანე შუქი აუნთეს. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა, ყველასთვის მოულოდნელად გადაიფიქრა. ანკარის მზაობა ახლა ქვეყნის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

ეს „ისტორიული გადაწყვეტილება” აჩვენებს, რომ „ნატოს კარი ღიაა, და მოსკოვმა ვერ უნდა გადაუწყვიტოს სუვერენულ ქვეყნებს”, გაწევრიანდებიან თუ არა ნატოში, - თქვა ალიანსის მეთაურმა.

გაფართოების გარდა, ნატოს წევრები ერთიან სამოქმედო გეგმაზეც შეთანხმდნენ. ეს გეგმა რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში ამოქმედდება და მისი მსგავსი ნატოს ცივი ომის დასრულების შემდეგ აღარ ჰქონია.

წევრები სამხედრო ძალებსა და მათ ლოგისტიკას აძლიერებენ, რათა ნატომ ნებისმიერ თავდასხმაზე მყისიერი პასუხის გაცემა შეძლოს. საამისოდ, თითოეული წევრი ვალდებული იქნება, თავდაცვაზე ყოველწლიურად თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის 2% დახარჯოს. მუდმივ მზადყოფნაში უნდა იყოს სამიასათასკაციანი ჯარი.

ვილნიუსის სამიტს კრემლში უკვე გამოეხმაურნენ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ მოსკოვი გადადგამს „აუცილებელ ნაბიჯებს”, „ნატოს გაფართოების შემთხვევაში”.

მისი უწყების პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ კი თქვა, რომ დასავლეთმა „მიაგდო” უკრაინა და „უღალატა” მას.

ნატოს სამიტი 12 ივლისს დასრულდება.