შეხვედრა კრემლში და ახალი ერთობლივი განცხადება მთიან ყარაბაღზე

ოთხსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ ხელი მოეწერა ახალ განცხადებას.

11 იანვარს მოსკოვში აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის ლიდერების პირველი პირისპირ შეხვედრა გაიმართა მას შემდეგ, რაც სამეულმა 9 ნოემბერს სასწრაფო წესით მოაწერა ხელი სამმხრივ განცხადებას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მიმდინარე ინტენსიურ საბრძოლო მოქმედებათა შეწყვეტის პირობებისა და სამშვიდობო მისიით რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალის განლაგების შესახებ.

ამჯერად, ოთხსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ ხელი მოეწერა ახალ განცხადებას, რომელშიც ძირითადი აქცენტი კეთდება საომარი კონფლიქტის შედეგად ბლოკირებული სატრანსპორტო დერეფნების ამოქმედებაზე.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, პუტინის სიტყვები მოიყვანა და ყარაბაღის პრობლემას ისტორიის კუთვნილება უწოდა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა კი, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ყარაბაღის სტატუსის გარკვევამდე ნაადრევია კონფლიქტის მოგვარებაზე ლაპარაკი.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ სტატუსის თაობაზე მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, რომლის თანათავმჯდომარეები არიან აშშ, რუსეთი და საფრანგეთი.

9 ნოემბრიდან 11 იანვრამდე

ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი უცხო ქვეყნების პირველი ლიდერები არიან, რომლებიც 2021 წელს ვლადიმირ პუტინმა მოსკოვში მიიღო.

პუტინი ამ შეხვედრისათვის საგანგებოდ მოემზადა. წინა დღით რუსეთის ლიდერმა ონლაინთათბირი გამართა რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებთან, მათ შორის, უშიშროების ფედერალური სამსახურისა და საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსებთან, ალექსანდრ ბორტნიკოვსა და სერგეი ნარიშკინთან, რაც ხაზს უსვამს რუსეთის სერიოზულ დაინტერესებას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოწესრიგებითა და სამშვიდობო შეთანხმების რეალიზებით.

  • რუსეთის ოფიციალური ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით, მთიანი ყარაბაღის გამყოფ ხაზსა და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ ზავის პირობების შესრულებას მთლიანად აკონტროლებს რუსული სამხედრო კონტინგენტი, სამშვიდობო მანდატით აღჭურვილი აზერბაიჯანისა და სომხეთის თანხმობით.
  • რუსი სამხედროების პასუხისმგებლობის ზონაში მოქმედებს 23 სადამკვირვებლო პოსტი, კიდევ დამატებით 4 საგუშაგო პასუხს აგებს გადაადგილებაზე ლაჩინის დერეფანში.
  • მთიან ყარაბაღში ფუნქციონირებს ასევე ჰუმანიტარული რეაგირების ე.წ. საერთაშორისო ცენტრი, რომელიც კონფლიქტურ რეგიონში დანგრეული ინფრასტრუქტურის, რელიგიური და კულტურული ძეგლების, ასევე ენერგომომარაგების აღდგენის სამუშაოებით არის დაკავებული.
  • მოსკოვი აცხადებს, რომ რუსი სამხედროების დახმარებით ყარაბაღში 14 ნოემბრის შემდეგ დაბრუნდა 48 000-ზე მეტი იძულებით ადგილნაცვალი პირი; რუსეთის შუამავლობით გაიცვალა ტყვეები და დაღუპულთა ცხედრები.
ასევე ნახეთ რუსეთის „რბილი ძალა“ და „მინსკის ჯგუფის“ კონსენსუსი

„ვფიქრობ, დღეს მნიშვნელოვანია, დავსახოთ მოწესრიგებისკენ მიმართული შემდგომი ნაბიჯები. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს რეგიონის ეკონომიკური, სავაჭრო და სატრანსპორტო კავშირების გახსნა, საზღვრების გაღება“, - განაცხადა ალიევსა და ფაშინიანთან შეხვედრაზე ვლადიმირ პუტინმა, რომელმაც დასძინა, რომ, სავარაუდოდ, ამ საკითხებზე იმუშავებს სპეციალური სამმხრივი სამუშაო ჯგუფი, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ვიცე-პრემიერ-მინისტრთა ერთობლივი ხელმძღვანელობით.

რა სურთ ბაქოს და ერევანს

ბლოკირებული სატრანსპორტო გზების გათავისუფლების შემდეგ სომხეთი ვარაუდობს, რომ შეძლებს განახორციელოს სატრანსპორტო გადაზიდვები აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით. თავის მხრივ, აზერბაიჯანს სურს, რომ ნახიჭევანთან დასაკავშირებლად სომხეთზე გზა გაჭრას. ეს არის 9 ნოემბრის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პუნქტი, რომელიც რეგიონის ეკონომიკური აღორძინების საწინდარი უნდა გახდეს და უნდა დააინტერესოს როგორც რუსეთი, ასევე სომხეთი.

„ვფიქრობ, ეს არის სერიოზული წინადადება, რომელზეც მოსკოვში აუცილებლად იმსჯელებენ“, - ამბობს პოლიტოლოგი არკადი დუბნოვი. მისი განმარტებით, თურქეთი აზერბაიჯანთან ერთად მზად არის, მოსკოვს შესთავაზოს კონტროლი ამ დერეფნის სომხეთზე გამავალ რამდენიმეათეულობით კილომეტრის მონაკვეთზე, რომელიც ნახიჭევანს მატერიკულ აზერბაიჯანთან დააკავშირებს. „ეს, შესაძლებელია, იქცეს ახალი მილსადენების არტერიის ნაწილად, რომელიც მოსკოვს, სავარაუდოდ, ექსპორტის მიმართულების დივერსიფიცირების შესაძლებლობას მისცემს, მათ შორის, საქართველოს გვერდის ავლით თავისი ნახშირწყალბადის რესურსების ექსპორტისას დასავლეთში, ევროპაში. ცნობილია, რომ საერთოდ საქართველო აქამდე წინააღმდეგი იყო რუსეთის მონაწილეობისა ამ კომუნიკაციებში. ცხადია, ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში სომხეთს შეეძლო გარკვეული მოგება ენახა ასეთი სახის გეგმებისგან“, - ამბობს დუბნოვი.

მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ განზრახვაა, იდეა, რომლის განხორციელებას ბევრი რამ ეღობება წინ. მათ შორის არის რეგიონში რუსი სამხედროების სამშვიდობო სტატუსის ბოლომდე გარკვევა.

ბაქოს, რომელსაც წინ აქვს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, 2008 წლის აგვისტომდე მყოფი რუსეთის სამშვიდობო ძალების მოქმედების სავალალო მაგალითი, ჯერჯერობით არ მოუწერია ხელი მოსკოვთან შესაბამისი მემორანდუმისათვის.

ამასთან, ბაქოს სურს დაამყაროს კონტროლი მთიანი ყარაბაღის ყველა შესასვლელ პუნქტზე, მათ შორის, სომხეთის მხრიდანაც. ბაქო პრინციპულად ესწრაფვის ასევე ყარაბაღში არსებული ყველა სომხური სამხედრო დანაყოფის განიარაღებას და, უფრო მეტიც, სეპარატისტული ანკლავის იმ ტერიტორიის მართვაშიც სურს მონაწილეობის მიღება, რომელსაც სომხური ძალები აკონტროლებენ მთიან ყარაბაღში. ამას კი ეწინააღმდეგება ერევანიც და მოსკოვიც, რადგან ბაქოს განზრახვის რეალიზება დომინანტურ მდგომარეობას დააკარგვინებს დღესდღეობით სტეფანაკერტში ბაზირებულ 2 000-კაციან რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფს და შესაძლებლობას მისცემს ბაქოს, გააძლიეროს გავლენა მისი კონტროლიდან გასული ყარაბაღის დარჩენილ ნაწილზეც.

ასევე ნახეთ წაგებული, გამარჯვებული, გახარებული

კიდევ ერთი მოუგვარებელი საკითხია თურქეთის მონაწილეობა მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო მოწესრიგების პროცესში.

„აღდამში არსებითად მუშაობა უნდა დაიწყოს რუსეთ-თურქეთის მონიტორინგის ერთობლივმა ცენტრმა, რომელიც სტეფანაკერტიდან სულ რაღაც 20 კილომეტრში მდებარეობს. ამიტომ ეს საკითხები შესაძლოა განიხილონ - უფრო ზუსტად, ამ საკითხებს აუცილებლად განიხილავენ - მოსკოვში“, - აცხადებს დუბნოვი.

პოლიტიკური კრიზისი სომხეთში

ორშაბათს, კრემლში გამართული შეხვედრის დაწყებამდე, სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი, და აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი, ხელის ჩამოურთმევლად მიესალმნენ ერთმანეთს და შემოუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას ვლადიმირ პუტინის პირისპირ, რომელმაც დადებითად შეაფასა რუსეთის სამშვიდობო ძალისხმევა სამმხრივი შეთანხმების თანმიმდევრული შესრულების საქმეში.

„ჩვენი რწმენით, ეს აუცილებელ წინაპირობას ქმნის ფესვებგამდგარი კონფლიქტის გრძელვადიანი და სრულფორმატიანი მოგვარებისათვის, როგორც სომეხი, ისე აზერბაიჯანელი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით და სამართლიან საფუძველზე“, - განაცხადა პუტინმა კრემლში ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის წინ თავის მისასალმებელ სიტყვაში.

მაგრამ რუსეთის პრეზიდენტის რწმენა წინააღმდეგობაში მოდის სომხეთის ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის იმედგაცრუებასთან.

9 ნოემბრიდან მოყოლებული, ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი პრემიერ-მინისტრს ადანაშაულებს აზერბაიჯანთან „კაპიტულანტურ შეთანხმებაზე“ ხელმოწერაში და მის გადადგომას ითხოვს.

ასევე ნახეთ მთიანი ყარაბაღის ომში რუსეთმა გაიმარჯვა

ნიკოლ ფაშინიანის მოსკოვში გამგზავრების წინ ერევანში კვლავ გაიმართა ოპოზიციის აქცია. გავრცელებული ცნობით, ყარაბაღის გარშემო მიღწეული შეთანხმებით უკმაყოფილო აქტივისტები შეეცადნენ აეროპორტისკენ მიმავალი გზა გადაეკეტათ ნიკოლ ფაშინიანის კორტეჟისთვის.

რუსეთის შუამავლობით ხელმოწერილი ერთობლივი განცხადების თანახმად, აზერბაიჯანმა დაიბრუნა მთიანი ყარაბაღის გარშემო ეთნიკური სომხების მიერ 1990-იანი წლების დასაწყისში ოკუპირებული შვიდი რაიონი და შეინარჩუნა კონტროლი 44-დღიანი ომის შედეგად დაკავებულ ტერიტორიებზე.

მოსკოვში სამმხრივი შეხვედრის დაწყებამდე სომხურ მედიასა და სოციალურ სივრცეში ბევრი ვარაუდი გამოითქვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა სიგნალს მიიღებდა ნიკოლ ფაშინიანი პუტინისგან, რომლის შუამავლობით მიღწეულმა 9 ნოემბრის სამმხრივმა შეთანხმებამ შეარყია ფაშინიანის პოზიცია და მოსკოვის პარტნიორი სომხეთი ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პოლიტიკური კრიზისის წინაშე დააყენა.

ასევე ნახეთ სომხეთის ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ფაშინიანის გადადგომის გარეშე ვადამდელი არჩევნების აზრს ვერ ხედავს

სომხეთის ოპოზიცია პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს აკისრებს პასუხისმგებლობას მთიანი ყარაბაღის გარშემო მიმდინარე კონფლიქტის შედეგად ტერიტორიების დაკარგვისა და ათასობით ადამიანის დაღუპვის გამო.

ფაშინიანის მიმართ კრიტიკულად განწყობილმა ოპოზიციურმა ძალებმა შექმნეს გაერთიანება „მოძრაობა მამულის გადასარჩენად“, რომელსაც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე „გარდამავალი ანტიკრიზისული მთავრობის“ ხელმძღვანელად შერჩეული ჰყავს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვაზგენ მანუკიანი.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ნიკოლ ფაშინიანიც უჭერს მხარს და აცხადებს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს პრემიერ-მინისტრის პოსტს, თუ მისი პოლიტიკური ძალა არჩევნებში დამარცხდება.

სომხეთის ოპოზიცია კი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარების წინაპირობად სწორედ ფაშინიანის თანამდებობიდან გადადგომას მიიჩნევს.

ვაზგენ მანუკიანი

„არავითარი „თუ“. ვიდრე ის არ გადადგება, სომხეთში არ იქნება არავითარი არჩევნები, ან, ღმერთმა უწყის, თუ არჩევნები როგორ შიდა დაპირისპირებაში გადაიზრდება. იქნება ბრძოლა ბოლომდე, ყოველ ურნასთან იქნება ჩხუბი, დაიღვრება სისხლი. მას ეს უნდა?“ - განაცხადა გასული წლის ბოლოს სომხეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვაზგენ მანუკიანმა.

მაშინ როცა სომხეთში კვლავ გრძელდება სპონტანური ანტისამთავრობო აქციები, როგორც სომხეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ უკვე ბევრი ფიქრობს, რომ ნიკოლ ფაშინიანმა შეძლო შეენარჩუნებინა ძალაუფლება დიდწილად სწორედ 9 ნოემბრის შეთანხმების წყალობით, რომელიც, ავია თუ კარგი, ჯერჯერობით უზრუნველყოფს მშვიდობას მთიან ყარაბაღში, რაც ყველა საერთაშორისო აქტორის ინტერესებში შედის.

„აი, დააკვრიდით. მოსკოვს და ანკარას, თვით ბაქოს დიპლომატიური და საშინაო ძალისხმევა არ დაუშურებიათ იმისთვის, რომ შეენარჩუნებინათ ფაშინიანი ხელისუფლებაში, არა იმდენად შეენარჩუნებინათ, რამდენადაც არ დაემძიმებინათ მისი მდგომარეობა, რომელიც ისედაც საკმაოდ რთული იყო ოპოზიციის თავდასხმების გამო. ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციამ ჯერჯერობით ვერ შეძლო ფაშინიანის გადაყენება. ხოლო ფაშინიანის შენარჩუნება, ასე ვთქვათ, მოლაპარაკების საკმარისი უნარის მქონე სომხეთის ლიდერის როლში ხელს აძლევს ყველა მხარეს.

არკადი დუბნოვი

მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება პიროვნულად სომხეთის შესაძლო ახალი ლიდერი, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ის, რა თქმა უნდა, შეეცდება 10 ნოემბრის შეთანხმების ხელახალ ფორმულირებას თავისი შეხედულების კვალობაზე, მაგრამ ამ მატარებელს უკან უკვე ვეღარაფერი დააბრუნებს. ამასთან, საჭირო გახდებოდა ერევანთან მოლაპარაკებებში ბევრი რამის თავიდან დაწყება. ამის გაკეთება კი ახლა არ ღირს და, ამ თვალსაზრისით, ფაშინიანის შენარჩუნება ძალაუფლებაში დღესდღეობით, ალბათ, ხელს უნდა აძლევდეს ვაშინგტონსაც, როდესაც იქ ახალი პოლიტიკის ფორმულირება მოხდება. ეს, გარკვეულწილად, კომპრომისის ერთგვარ საწინდარს წარმოადგენს“, - განაცხადა პოლიტოლოგმა არკადი დუბნოვმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

თუმცა სომხეთის პოლიტიკურ საგაში წერტილის დასმა ნაადრევია.

მოსკოვის 11 იანვრის სამმხრივი შეხვედრის წინ სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა, განაცხადა, რომ პოლიტიკური კრიზისიდან „ლოგიკურ გამოსავლად“ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მიიჩნევს.

ხოლო ოპოზიციური გაერთიანების პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ვაზგენ მანუკიანი, რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, შაბათს შეხვდა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, არა აივაზიანს, მთიან ყარაბაღსა და მის მოსაზღვრე რაიონებში შექმნილ ვითარებაზე სასაუბროდ.

მანამდე მანუკიანმა სახალხოდ მოუწოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს, შეიარაღებული ძალების გენშტაბსა და ქვეყნის ეროვნული უშიშროების სამსახურს არ დაეშვათ, რომ ფაშინიანს მთიანი ყარაბაღის ირგვლივ „ანტისახელმწიფოებრივი“ გადაწყვეტილება მიეღო.