შეწყდა თუ არა ტყვიის შემცველი სუნელების გაყიდვა?

„ჯეო გრუპის“ (GEO-Group) მიერ წარმოებული სუნელები „აგროჰაბის“ დახლებიდან ამოღებულია, უთხრა რადიო თავისუფლებას „აგროჰაბის“ მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერმა, სალომე გველესიანმა, აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული მიმართვის საპასუხოდ. საქართველოში მცხოვრები ამერიკელებისთვის 25 ოქტომბერს გაგზავნილ ტექსტში საელჩო აღნიშნავს, რომადგილობრივი წარმოების სანელებლებში ტყვიის მაღალი შემცველობაა. დასახელებულია კონკრეტული კომპანიებიც.

„აშშ-ის საელჩოს მიერ ახლახან ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ადგილობრივი წარმოების სანელებლების ორ სინჯში (ხმელი სუნელი და ყვითელი ყვავილი) ტყვიის შემცველობა მნიშვნელოვნად აღემატება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაშვებულ მაჩვენებლებს. ორივე პროდუქტი წარმოებულია „GEO-Group“-ის მიერ და ნაყიდია „აგროჰაბში“, - წერია აშშ-ის საელჩოს მიმართვაში.

ასევე ნახეთ გარემოს ეროვნული სააგენტოს კვლევით თბილისში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმას არ აღემატება

„აგროჰაბის“ მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერმა, სალომე გველესიანმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ აშშ-ის საელჩოს წერილი რამდენიმე თვის წინ მათმა კომპანიამაც მიიღო და მას შემდეგ, სავაჭრო ობიექტმა უარი თქვა „ჯეო გრუპის“ მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზებაზე. „ინფორმაცია, რომ ჩვენ უკვე აღარ ვყიდით ამ მწარმოებლის სუნელებს, თავადაც გადაამოწმეს. „აგროჰაბში“ ასევე არ იყიდება სხვა ქართული კომპანიების მიერ წარმოებული დაფქული ხმელი სუნელი და ყვითელი ყვავილი“, - განაცხადა სალომე გველესიანმა.

„აგროჰაბთან“ საუბრის შემდეგ, რადიო თავისუფლება მალევე დაუკავშირდა კომპანია „ჯეო გრუპს“ (GEO-Group), რომელიც ნახსენებია აშშ-ის საელჩოს 25 ოქტომბრის მიმართვაში. კომპანიის ერთ-ერთმა დირექტორმა, მურმან კაპანაძემ გვითხრა, რომ სულ ცოტა ხნის წინ დაუკავშირდნენ მათ „აგროჰაბიდან“, სადაც „ჯეო გრუპის“ პროდუქცია დღემდე უპრობლემოდ იყიდებოდა. „მეორე დირექტორი წასულია ვითარებაში გასარკვევად. ვფიქრობთ, რომ ეს რაღაც გაუგებრობაა, რადგან ჩვენი პროდუქცია მუდმივად მოწმდება სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ და უკვე შემოწმებული პროდუქცია შედიოდა „აგროჰაბშიც“. შესაბამისად, გამორიცხულია, რომ ჩვენს პროდუქციაში ტყვიის მაღალი შემცველობა იყოს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას კაპანაძემ.

რადიო თავისუფლება პასუხებს ელოდება სურსათის ეროვნულ სააგენტოდან და ასევე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან, რომლებსაც ჩვენ შეკითხვებით მივმართეთ.