შეწყალება შეჩერებულია: რატომ გაჰყავს დრო პრეზიდენტს?

პატიმართა განცხადებების რაოდენობა, შეწყალების მოთხოვნით, ყოველდღიურად იზრდება. პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებებს ჩვეულებრივ იბარებს, თუმცა მათი განხილვა ახალი კომისიის შექმნამდე შეჩერებულია. შეწყალების ბოლო აქტი პრეზიდენტმა 2018 წლის ოქტომბერში გამოსცა.

როდის შეიქმნება ახალი კომისია?

შეწყალების ახალი კომისიის შექმნის ვადები არ არსებობს. კომისიის ახალი კონცეფციის შექმნაზე პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუსტიციის სამინისტროსთან ერთად მუშაობს. იუსტიციის სამინისტროში განგვიმარტეს, რომ მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. მათ შორის, უცხოური გამოცდილების გაცნობაც. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ლაკონურად აცხადებენ, რომ “ახალი კონცეფციის შექმნა” მიზანშეწონილად ჩათვალეს.

რა საჭიროა ახალი კონცეფცია?

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან კონსულტაციები შეწყალების კომისიის ახალი კონცეფციის შესაქმნელად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით დაიწყო. ამის თაობაზე ამ ცოტა ხნის წინ განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა. მან აღნიშნა, რომ მაღალქმედუნარიანი, ახალი მოდელის კომისია ახალ კონცეფციაზე დაყრდნობით შეიქმნება. რა საჭიროა კონცეფცია და რა მიმართულებებზე იმუშავებს იგი აინტერესებს პრეზიდენტის შეწყალების კომისიის ერთ-ერთ ყოფილ თავმჯდომარეს ალეკო ელისაშვილსაც. იგი ამბობს, რომ კარგი იქნებოდა კონსულტაციების პროცესში ჩაერთოთ შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარეებიც და მათი გამოცდილებაც გაეზიარებინათ.

ალეკო ელისაშვილი

მე მიმაჩნია, რომ ველოსიპედს ვერ მოიგონებენ. შეწყალება შეწყალებაა და პრეზიდენტს აქვს შეწყალების უფლება და კომისია არის სარეკომენდაციო ორგანო. იქ უფრო გაადამიანურება უნდა მომხდარიყო სერვისების. შეიძლებოდა სასჯელის კალკულატორის დამატება, რომ არ ევლო ადამიანს ხულოდან, მესტიიდან და ლენტეხიდან, რომ გაეგო, როდის შეეხებოდა, მაგალითად, მათი ოჯახის წევრს შეწყალება და ა.შ“- გვითხრა ალეკო ელისაშვილმა.

პროცედურების გამარტივების მიმართულებით შეწყალების კომისიის დებულებაში ცვლილებები 2013 წელს შევიდა. ამ დროს კომისიის წევრი იყო იურისტი ლია მუხაშავრია. მისი მოსაზრებით, ახალ კონცეფციაზე მუშაობა საბაბია მხოლოდ იმის გასამართლებლად, რომ პრეზიდენტი აქამდე არ ასრულებს თავის უმთავრეს კონსტიტუციურ ფუნქციას:

ლია მუხაშავრია

„ახალი კონცეფცია შეწყალებისა რა შეიძლება იყოს, გარდა იმისა, რომ განიხილო განცხადება და მოგეხმაროს ადამიანების დიდი ჯგუფი, რომ ეს განცხადებები ყველა იყოს შესწავლილი. მე ადამიანურად მგონია, რომ ერთი ზეცაში ღმერთს და დედამიწაზე პრეზიდენტს აქვს შეწყალების უფლება,“ - აღნიშნავს ლია მუხაშავრია. მისთვის გაუგებარია, რატომ გააჭიანურა პრეზიდენტმა შეწყალების კომისიის შექმნა.

ალეკო ელისაშვილის შეფასებით კი პრეზიდენტს არსობრივად არ ესმის, რას ნიშნავს და რას გულისხმობს შეწყალების დისკრეცია. ამას იგი სალომე ზურაბიშვილის 19 თებერვალს გაკეთებული განცხადების შემდეგ ასკვნის.

პრეზიდენტის განცხადება

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თავს სასამართლოზე მაღლა ვერ დააყენებს: „მე არ მგონია, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ის ადამიანი, რომელიც თავს აყენებს სასამართლო სისტემის ზემოთ და შეუძლია, რომ გაასწოროს ის, რაც არის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილი,“- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. მან განმარტა, რომ მისი წარმოდგენით, „პრეზიდენტის შეწყალება არს დისკრეციული უფლება, რომელიც უნდა იყოს ძალიან განსაკუთრებული და ძალიან გარკვეულ პირობებში“.

შეწყალების აქტის თაობაზე სალომე ზურაბიშვილის მიერ 19 თებერვალს გამოთქმულ მოსაზრებებს სამოქალაქო სექტორში ცალსახად ნეგატიური რეაქციები მოჰყვა. მათ პრეზიდენტის განცხადება შეწყალების იდეიდან “კონცეპტუალურ აცდენად” შეაფასეს. „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი თამთა მიქელაძე ამბობს:

თამთა მიქელაძე

  • შეწყალება პრეზიდენტის ზესამართლებრივი ექსკლუზიური უფლებაა
  • გადაწყვეტილებას იგი იღებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში სპეციფიკური ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით
  • პრეზიდენტმა განცხადება დეკანოზ მამალაძის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა მანამ, სანამ კომისია საქმის სამართლებრივ და ჰუმანურ გარემოებებს შეისწავლიდა
  • დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია, იგი იმყოფება მორალურ და სტრესულ კრიზისში
  • პრეზიდენტმა ამ განცხადებით ფაქტობრივად უარი თქვა საკუთარ დაპირებაზე, ყოფილიყო გამაერთიანებელი საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის

ეშინია თუ არა პრეზიდენტს შესაძლო კრიტიკის?

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ პროგრამების მენეჯერი გია გვილავა წინა პრეზიდენტების საქმიანობიდან გამომდინარე ვარაუდობს, სალომე ზურაბიშვილს,შესაძლოა, თავისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქციის განხორციელების დაწყებაში ხელს შეწყალების მექანიზმის მიმართ არსებული შიშებიც უშლიდეს. კერძოდ:

  • შეწყალება პოლიტიკური მანიპულირების საგანი იყო
  • შეწყალების მექანიზმის ხარვეზებზე საუბრის საბაბს მმართველი გუნდი არასდროს უშვებდა ხელიდან - აღნიშნავს გია გვილავა.

პოლიტიკოსების გარდა, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხვდებოდა პრეზიდენტის ნათესავების შეწყალების შესახებ ინფორმაციები და შეწყალებული პირების მიერ განმეორებითი დანაშაულის ჩადენის ფაქტები.

ამ ფაქტებიდან განსაკუთრებული ვნებათაღელვა გამოიწვია 25 წლის გერის მკვლელობაში მსჯავრდებულისა და გორში 8 წლის გოგონას მკვლელობაში მსჯავრდებულის საქმეებმა. მკვლელები პრეზიდენტის შეწყალების აქტით იყვნენ გათავისუფლებულები.

გია გვილავა

გია გვილავა არ გამორიცხავს, რომ მანიპულირების შიშის გარდა, შესაძლოა, საქმე გვქონდეს ასევე გრძელვადიან გათვლასთანაც. იგი არ გამორიცხავს, რომ მზადდებოდეს ცვლილებები ზოგადად შეწყალების მექანიზმის მიმართულებით და სალომე ზურაბიშვილიც ამ ცვლილებებს ელოდებოდეს. თუმცა, გია გვილავა აქვე შენიშნავს, რომ კონკრეტულ ოფიციალურ განმარტებებამდე ეს მხოლოდ ვერსიები და სპეკულაციებია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი განგვიმარტეს, რომ ამ დროისათვის ჯერ თავადაც არ ჩამოყალიბებულან როგორ იმუშავებს შეწყალების კომისია. კომისიის შექმნამდე სალომე ზურაბიშვილმა მხოლოდ ერთხელ ისარგებლა შეწყალების უფლებით. მან საახალწლოდ სამი ქალი პატიმარი შეიწყალა. მათგან ერთი ორსული იყო, მეორე - მცირეწლოვანი ბავშვის, მესამე კი სამი შვილის დედა.