შეცვლილი განაჩენი 12 წლის მოთხილამურის საქმეზე

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ შეცვალა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება 12 წლის მოთხილამურის, სალომე ტატიშვილის, დაღუპვის საქმეზე, გიორგი ლიპარტელიანი დამნაშავედ ცნო სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით და 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

სალომე ტატიშვილი 2016 წლის 10 იანვარს გუდაურში სრიალისას დაიღუპა. მას 20 წლის გიორგი ლიპარტელიანი ზურგიდან შეეჯახა. 2017 წლის 29 დეკემბერს საქალაქო სასამართლომ გიორგი ლიპარტელიანს გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა. პროკურატურა და სალომე ტატიშვილის ოჯახი განაჩენის შეცვლას და გიორგი ლიპარტელიანის სისხლის სამართლის კოდექსის 116 -ე მუხლის პირველი ნაწილით დასჯას ითხოვდნენ,რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით. 25 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომას გიორგი ლიპარტელიანი არ დასწრებია. ის ამჟამად პრაღაში სასწავლებლად იმყოფება.

გარდა იმისა, რომ სამართალი დადგინდა, ეს არის გარდამტეხი გადაწყვეტილება სამთო-სათხილამურო კურორტებზე ადამიანების სიცოცხლის, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით...
ნინო ჟვანია

გიორგი ლიპარტელიანის ადვოკატი, თენგიზ ხარებავა, ამბობს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება უზენაეს სასამართლოში. გიორგი ლიპარტელიანის დაცვის მხარე აცხადებს, რომ 2016 წლის 10 იანვარს მოხდა უბედური შემთხვევა და, შესაბამისად, ლიპარტელიანის ყველანაირი ბრალეულობა გამორიცხულია:

„გავეცნობით მოსამართლის განაჩენს. ძალიან გვაინტერესებს სამოტივაციო ნაწილი, თუ რითი დაასაბუთებს მოსამართლე გიორგი ლიპარტელიანის ბრალეულობას. აუცილებად გავასაჩივრებთ განაჩენს და ვიბრძოლებთ. აქამდე ვიყავით ჩუმად, არ გვინდოდა გაგვეღიზიანებინა ტატიშვილების ოჯახი, მაგრამ დღეიდან ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ სააპელაციო სასამართლოს უკანონო, დაუსაბუთებელი და მიკერძოებული გადაწყვეტილება შეიცვალოს. ჩვენ შევძლებთ უზენაეს სასამართლოში ჩვენი სიმართლის მიღწევას“.

ნინო ჟვანია, სალომე ტატიშვილის დედა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პრეცედენტულს უწოდებს და ამბობს, რომ ის 25 აპრილის სხდომას იმედით ელოდა:

ამ ქმედებისთვის სასჯელი განისაზღვრება თავისუფლების აღკვეთით 2-დან 4 წლამდე ვადით. ამიტომ ვფიქრობთ, რომ სასამართლომ სავსებით ადეკვატური განაჩენი გამოიტანა ...
გოჩა ქორაია

„გარდა იმისა, რომ სამართალი დადგინდა, ეს არის გარდამტეხი გადაწყვეტილება სამთო-სათხილამურო კურორტებზე ადამიანების სიცოცხლის, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს სათხილამურო ტრასებზე ნასვამი ადამიანების უპასუხისმგებლო საქციელი, რომელსაც ეწირებიან უდანაშაულო ადამიანები. გარდა იმისა, რომ საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გამამართლებელი განაჩენი საშიშ პრეცედენტს უყრიდა საფუძველს, მთლიანად გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლს აყენებდა კითხვის ნიშნის ქვეშ. გიორგი ლიპარტელიანმა აუცილებლად უნდა მოიხადოს სასჯელი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოჯახის წევრები მას დათვურ სამსახურს არ გაუწევენ და კიდევ უფრო მეტად არ დაუმძიმებენ იმ ბრალს, რომელიც მას აქვს“.

პროკურორ გოჩა ქორაიას განცხადებით, ბრალდების მხარემ სასამართლოში წარადგინა უტყუარ დამაჯერებლობათა ერთობლიობა, რომლითაც აშკარად დასტურდებოდა გიორგი ლიპარტელიანის მხრიდან დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა:

„ამ ქმედებისთვის სასჯელი განისაზღვრება თავისუფლების აღკვეთით 2-დან 4 წლამდე ვადით. ამიტომ ვფიქრობთ, რომ სასამართლომ სავსებით ადეკვატური განაჩენი გამოიტანა. ეს განაჩენი აღსასრულებლად გადაეცემა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებიც მას მოიყვანენ სისრულეში“.