ინტერნეტში ყოველდღე ასობით განცხადება ქვეყნდება, რომელთა დახმარებითაც მფლობელები ბინის გაყიდვას ცდილობენ. აღმოჩნდა, რომ სახლების მეპატრონეების დიდი ნაწილი კლიენტისთვის პროდუქციის შეთავაზებისას რამდენიმე სერიოზულ შეცდომას უშვებს.
ბინის, ისევე როგორც ნებისმიერი ქონების, მომგებიანად გასაყიდად საჭიროა რასაც ყიდი, პოტენციურ მყიდველთან კარგად წარმოაჩინო. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც Covid-19-ის გამო ეკონომიკური აქტივობა, ფაქტობრივად, შეჩერებულია.
განცხადებები ფოტოს გარეშე
დრო, როცა ბინები გაზეთში დაბეჭდილი პატარა ტექსტით იყიდებოდა, წარსულს ჩაბარდა. ონლაინ მედიის განვითარების შესაბამისად, აუცილებელ მოთხოვნად იქცა მომხმარებელს აჩვენო პროდუქტი, რომლის შეძენასაც სთავაზობ. მიუხედავად ამისა, დღესაც კი ყიდვა-გაყიდვის საიტებზე განცხადებები ხშირად ფოტოს გარეშე დევს.
აყირავებული ფოტოები
როგორც ჩანს, ხარისხიანი ფოტოს გადასაღებად ფოტოგრაფის დაქირავებაზე ბევრს არ უფიქრია ან არ მიაჩნია საჭიროდ და ფიქრობს, რომ ამ ამოცანას თავადაც კარგად გაართმევს თავს. საბოლოოდ კი კონტრაჟურში გადაღებული აყირავებული ფოტოები გამოდის, რომლებზეც გასაყიდი სახლი „დაბრეცილი კედლებითაა წარმოდგენილი“, ღამით ან სუსტი განათებისას გადაღებული ფოტოები კი ისეთი ბნელია, რომ შეუძლებელია გაარკვიო, რის ყიდვას გთავაზობენ.
ტელევიზორში გაჩხერილი კაცი
იმისთვის, რომ ბინის შეძენის მსურველი კარგად მიხვდეს, ფულის გადახდა რაში მოუწევს, საჭიროა ფოკუსში სწორედ გასაყიდი ნივთი იყოს და სხვა არაფერი. შესაძლოა ფოტოს გადასაღებად ბინა ვერ დაცალო, მაგრამ მაქსიმალურად მისცე ის სახე, რომლითაც მყიდველი ჩაიბარებს. სინამდვილეში კი განცხდებებს თან ერთვის ათასი ზედმეტი ნივთით გადატენილი ოთახების ფოტოები, ერთმანეთზე დალაგებული თოჯინებით, სველი პირსახოცებით და ვიღაც კაცით, რომელიც ტელევიზორში ლაპარაკობს.
იყიდება სახლი ოჯახის წევრებითურთ
არცთუ იშვიათად ფოტოებზე ჩანან ის ადამიანებიც, რომლებიც ამჟამად იქ ცხოვრობენ. მათაც თან ატანთ?! და თუ არა, გასაყიდ ქონებაში რა უნდათ?
ვყიდი დასალაგებელ სახლს
რაც უფრო კარგად გამოიყურება სახლი, მით უფრო ადვილია მისი სარფიანად გაყიდვა. ამ მიზნით ბევრი ბინას ჯერ არემონტებს, გასაყიდად კი მერე გააქვს. თუ გარემონტება ვერ ხერხდება, ფოტოს გადაღებამდე სახლი, უკიდურეს შემთხვევაში, უნდა დაალაგო მაინც. ყოველთვის შეიძლება გაწმინდო გაზქურა, გაასწორო კედელზე ნახატი, კადრში არ მოახვედრო იატაკის ვარდისფერი ტილო ან, ბოლოს და ბოლოს, სარეცხი მაინც ჩამოხსნა.
საერთოდ არ ჩანს, რა იყიდება
თუ განცხადებაში ამბობთ, რომ ბინა არის ნათელი, ნუ დადებთ მაიცდამაინც იმ ოთახის ფოტოს, რომელსაც ფანჯრები არა აქვს. თუ ამბობთ, რომ ბინა თბილისსა და მტკვარს გადაჰყურებს, აქაც აუცილებელია ერთი ისეთი ფოტოც იყოს, სადაც ეს ხედი გამოჩნდება.
მაშინაც კი, როცა ოთახებს იღებენ, ხშირად ფოტოზე ფოკუსში არის არა ოთახი, არამედ რომელიმე ნივთი, მაგალითაც, კარადა ან საწოლი.
არცთუ იშვიათად პროფესიონალი ფოტოგრაფის დაქირავებაზე ისიც არ ზრუნავს, ვისაც გასაყიდად ნახევარმილიონიანი სახლი აქვს გამოტანილი. არის შემთხვევები, როცა ასეთ სახლებს ფოტო საერთოდ არ ერთვის, ან მხოლოდ ერთი ფოტო აქვს, მაშინ როცა სახლში ოთახების რაოდენობა 5, 6 და მეტიც შეიძლება იყოს. ხანდახან სახლის ნაცვლად ფოტოზე ეზოში ჩამოკიდებული ჰამაკია აღბეჭდილი, ან ერთდროულად სამი სახლი, რომელთაგან ვერაფრით მიხვდები, რომელი იყიდება.
შესაძლოა მეპატრონე ფიქრობდეს, რომ სახლის უნახავად ყიდვას მაინც არავინ გადაწყვეტს, მაგრამ ვიზუალური ინფორმაცია კლიენტს სწორედ იმაში ეხმარება, რომ პირველ ჯერზე ის სახლები შეარჩიოს, რომლებსაც მერე ადგილზე ნახავს. ასევე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბევრი უძრავ ქონებას საზღვარგარეთიდან ყიდულობს და მათთვის ხარისხიანი ინფორმაცია გადამწყვეტ როლს თამაშობს.