შეშის რიგში

აკობიების ოჯახის შეშის მარაგი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 200-მდე ოჯახი, ყველა სოციალურად დაუცველი, ზამთარში მუნიციპალიტეტის შეშის იმედადაა. ნაწილმა აიღო და არ ჰყოფნის, ნაწილი კი ისევ რიგში დგას.

ზუგდიდში, უბილავების 5-სულიან ოჯახში ცივა. სახლში ბუნებრივი აირი აქვთ, გამათბობელიც, თუმცა გამორთულია იმის გამო, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახი კომუნალურ გადასახადს ვერ იხდის, გამათბობელს უკიდურეს შემთხვევაში რთავენ - საღამოს, ისიც მხოლოდ რამდენიმე საათით, როცა გარეთ ყინავს.

უბილავების ოჯახი

19 წლის კესო, მისი და-ძმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მამა და 77 წლის ბებია ერთ ოთახში არიან შეყუჟული. უბილავების ოჯახს თავი სოციალური დახმარებით, 190 ლარით, და ბებიის 200-ლარიანი პენსიით გააქვს. ყოველდღე სარგებლობენ მერიის უფასო სასადილოს მომსახურებით, თუმცა საკვები არ ჰყოფნით და ბიუჯეტის დიდი ნაწილი მაინც სურსათზე იხარჯება.

შეშა ფიზიკურად არ არის და ჯერჯერობით არ ვატარებთ შეშაზე განცხადებებს. დაკმაყოფილდა შარშან შეტანილი განცხადებების ნახევარი...

კესო ამბობს, რომ გასულ წლებში ზუგდიდის მერიიდან მიღებული შეშით „გადააგორეს“ ზამთარი. წელს ბებიას თვალზე სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა და განცხადების შეტანა დააგვიანეს. ახლა, როცა განცხადება უკვე წარდგენილია, ოჯახმა არ იცის, რამდენი ხანი მოუწევს შეშის რიგში დგომა, მერიას მარაგი ამოწურული აქვს.

ცხელ ხაზზე მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ შეწყვეტილია განცხადებების გატარებაც.

„შეშა ფიზიკურად არ არის და ჯერჯერობით არ ვატარებთ შეშაზე განცხადებებს. დაკმაყოფილდა შარშან შეტანილი განცხადებების ნახევარი და ნახევარი თავის რიგს ელოდება“, - განმარტეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელ ხაზზე.

ის, რომ განცხადებების მიღება შეწყვეტილია, რადიო თავისუფლებას არ დაუდასტურეს მერიის პრესსამსახურში. აქ ამბობენ, რომ ამ მიმართულებით განცხადებების მიღება გრძელდება.

3 კუბური მეტრი იქნება. ზამთრის გადასატანად საკმარისი არ არის, მაგრამ ერთი თვე მაინც გავძლებთ.
მზიანა მაღლაკელიძე


შეშის მარაგი ყოველ წელს განსხვავებულია - ის დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოცულობის ხეს მოჭრის მუნიციპალიტეტი. მიუხედავად ამისა, მერიაში აცხადებენ, რომ ყველა, ვინც განცხადებას დაწერს და ვინც აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, შეშას მიიღებს.

„2019 წელს 170 ოჯახს მივეცით საშეშე მერქანი. 2020 წელსაც გაგრძელდება ეს პროექტი“, - გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.

იმ „იღბლიანებს“ შორის, ვინც შეშა უკვე მიიღო, სოფელ რუხში მცხოვრები მზიანა მაღლაკელიძის სოციალურად დაუცველი ოჯახია. მან განცხადებით მერიას 1 თვის წინ მიმართა და შეშა ერთი კვირის წინ მიიღო:

„3 კუბური მეტრი იქნება. ზამთრის გადასატანად საკმარისი არ არის, მაგრამ ერთი თვე მაინც გავძლებთ“, - ამბობს მზიანა მაღლაკელიძე.

შეშის მიღებაზე განცხადების შეტანა შეუძლია შეჭირვებულ ოჯახს, რომლის სოციალური მდგომარეობა სააგენტოს მიერ 30 ათასზე მეტი ქულით არის შეფასებული. ნაკლები ქულის მქონეებს 100 ლარით ეხმარებიან.

ტასო აკობია

ამ თანხის მოლოდინშია მრავალშვილიანი ტასო აკობია. 44 წლის მარტოხელა დედამ 250 ლარის ღირებულების შეშა ნისიად აიღო. მერიიდან 100 ლარს თვის ბოლომდე ელოდება, ამას დაამატებს 150 ლარს სოციალური დახმარების თანხიდან და ვალს ასე გაისტუმრებს. შეშას მარტშიც იკმარებენ, შემდეგ კი ცოტას ისევ ნისიად იყიდის.

8-შვილიანი ოჯახის სოციალური ქულა 20 ათასამდეა. ყოველთვიური დახმარების თანხა 540 ლარს შეადგენს, 50 ლარი ემატება მერიიდან მარტოხელა დედების დახმარების პროგრამიდან. თანხას მცირეწლოვანი ბავშვების კვებაში, ტანსაცმელსა და საჭირო მედიკამენტებში ხარჯავს.

სოციალურად დაუცველთა საკვები

სარგებლობს უფასო სასადილოს მომსახურებითაც, საიდანაც ყოველდღიურ ულუფას მთელი ოჯახი იღებს.

„ბავშვებს სასადილოს საჭმელი ძალიან მოსწონთ. საკმარისი, რა თქმა უნდა, არ არის, მაგრამ მაღაზიიდან ნისიად ვიღებ და თვის ბოლოს ვისტუმრებ“, - ამბობს სასადილოდან სახლში მობრუნებული ტასო ბუკია, რომელმაც შვილებს მთელი დღის ულუფა - ორი პური, ცოტა ყველი, მანანის ფაფა, ლობიო და წვნიანი მოუტანა.