შავი ზღვის სანაპიროზე გრანდიოზული სასახლის მშენებლობის შესახებ სენსაციური ფილმის გამოსვლიდან ერთი წლის თავზე, ალექსეი ნავალნის გუნდმა გამოაქვეყნა „პუტინის სასახლის“ 479 ფოტო, რომლებიც ნათელს ჰფენენ როგორც გრანდიოზული მასშტაბის შენობის ინტერიერს, ასევე სასახლის მფლობელის გემოვნებას. ფილმის კომენტირებისას ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ „სასახლე“ მას არ ეკუთვნის, ხოლო პრეზიდენტის ახლო მეგობარმა, ბიზნესმენმა არკადი როტენბერგმა განაცხადა, რომ სასახლე მისი საკუთრებაა, თუმცა, ობიექტის დაფინანსების სქემა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გაძლიერებული მეთვალყურეობა, ადასტურებს ნავალნის გუნდის დასკვნების სისწორეს. როგორც ირკვევა, მარტო მთავარი შენობის მშენებლობა და რეკონსტრუქცია 100 მილიარდი რუბლი ($1,3 მლრდ) დაჯდა. ამასთან, დიზაინერის შეცდომის გამო სასახლეში გაჩნდა ობი და ობიექტი, რომლის დასრულება 2011 წელს პუტინის 59 წლის იუბილეზე იყო დაგეგმილი, მთლიანად გადაკეთდა.
ერთი წლის წინ ფედერალურმა პროპაგანდისტებმა ყველაფერი გააკეთეს მოქალაქეების იმაში დასარწმუნებლად, რომ სასახლე პუტინს არ ეკუთვნოდა, ახლა კი ახალი ტაქტიკა აქვთ არჩეული: მედიას, დაბლოკვის მუქარის ქვეშ, აიძულებენ, წაშალოს ნავალნის გუნდის ძველი პუბლიკაციები სასახლისა და სხვა გამოძიებების შესახებ.
სასახლის შესახებ ფილმში, რომელიც YouTube-ზე 100 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა, შენობის ინტერიერი 3D ვიზუალიზაციით იყო ნაჩვენები, რამაც ზოგიერთ კომენტატორს ეჭვი გაუჩინა: ნამდვილად ისეთი იყო თუ არა ინტერიერი, როგორიც გამომძიებელმა ჟურნალისტებმა აჩვენეს ფილმში? ფოტოების უმეტესობა, რომლებიც ახლა გამოჩნდა, მსგავსია ადრე გამოქვეყნებული ვიზუალიზაციისა. ისინი ერთმანეთისგან მხოლოდ დეტალებით განსხვავდება - სინამდვილეში, ოქროცვილი და სხვა მორთულობები (მათ შორის, სტილიზებული რუსული გერბები) კადრში მოხვედრილზე გაცილებით მეტია.
ხელოვნებათმცოდნე ნიკოლაი ივანოვმა გადაწყვიტა, შეესწავლა ეს ფოტოები და აღმოაჩინა ბევრი საინტერესო რამ, მათ შორის, მდიდრული აუზის დიზაინერის შენიღბული ხუმრობა. მან თავისი დაკვირვებები YouTube არხის მაყურებლებს გაუზიარა. ნიკოლაი ივანოვი არც რადიო თავისუფლების რუსულ რედაქციას დაზარდა და ვრცელ ინტერვიუში ილაპარაკა იმაზეც, თუ რატომ გადაწყვიტა ამ სურათების შესწავლა:
„გადავწყვიტე მათი გაანალიზება, რადგან მივხვდი, რომ ნავალნის გუნდს, მიუხედავად იმისა, რომ დიდ საქმეს აკეთებენ, ნამდვილად არ ესმის, რასთან აქვს საქმე, რა სტილებია გამოყენებული და რა ავეჯია დაკოპირებული. ამიტომ, გადავწყვიტე, ირიბად დავხმარებოდი მათ იმის გაგებაში, თუ რომელი სტილი თამაშობს მთავარ როლს ამ სასახლის გაფორმებაში. ესეც ერთგვარი დახმარებაა ახლა ციხეში მყოფი ადამიანისა და მისი გუნდისთვის“.
მიღებულია და თითქმის ყველა დასცინის გასული საუკუნეების ფუფუნების ამ იმიტაციას, ამასვე აკეთებს ნავალნის გუნდი. საინტერესოა, რას ფიქრობს პროფესიონალი ხელოვნებათმცოდნე, მისთვისაც სასაცილოა გელენჯიკში ვერსალის მოწყობის იდეა?
„ვცდილობდი საკითხს მივდგომოდი როგორც სპეციალისტი, რომელიც მაქსიმალურად აბსტრაგირებს ემოციური შეფასებებისგან. მე უბრალოდ მოვყევი, რა საიდან გაჩნდა, რომელი ფეხი რომელი სკამიდან იზრდება, რომელი სტილი შეესაბამება მმართველობის ამა თუ იმ პერიოდს და რა გავლენას ახდენს მმართველის მისწრაფებები. აი, ამაზე მინდოდა მეფიქრა. რატომ უნდა დავცინო ავეჯის იტალიელ მწარმოებელს, რომელმაც პატიოსნად და მაღალ პროფესიულ დონეზე შეასრულა თავისი საქმე? მართლაც შესანიშნავი ავეჯია. სხვა საქმეა, რომ ზოგიერთი ნიუანსი ჩნდება სტილების შეწყობისას, შეგვიძლია შევაფასოთ, თუ როგორ ჯდება ყოველივე ეს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების ტრადიციულ წარმოდგენაში იმის შესახებ, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ინტერიერი, როგორ უნდა ივსებოდეს ის და სამყაროს რანაირ აღქმაზე მეტყველებს ყოველივე ეს. რა თქმა უნდა, შემიძლია ვიცინო, მაგრამ ჩემთვის უფრო საინტერესოა, რომ შევეცადო მივწვდე თითოეულ ნივთსა და მის წარმომავლობას, რათა განვსაზღვრო დამკვეთის მხატვრული გემოვნება. სილამაზის ლოგიკის ევოლუცია - აი, რა მაინტერესებს“.
ნიკოლაი ივანოვმა იუტუბზე ჩაწერილ ვიდეოში ორ გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება: პირველი - სასახლის მორთულობაში ჭარბობს კლასიციზმი და მეორე - სასახლეში არაფერია რუსული.
„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც თვალშისაცემია, რა თქმა უნდა, კლასიცისტური ტენდენციებია, რომლებიც წარმოდგენილია როგორც არქიტექტურულ იერსახეში, ასევე გაფორმებაში, და რომელთა ფესვები ძველი რომიდან მოდის და რომლებიც მე -18 საუკუნის ბოლოსა და შემდგომ პერიოდში იქცა იმ სტილად, რასაც შეიძლება ეწოდოს ნეოკლასიცისტური. ეს სტილები ახალი არ არის; ეკატერინეს შემდეგ კლასიციზმი ემსახურებოდა სახელმწიფო შენობებსა და სახელმწიფო მოხელეებს. უნდა შევნიშნოთ, რომ კლასიციზმის უმაღლესი, ყველაზე მკაცრი ეტაპები, რომლებსაც შეესაბამება სიტყვა „ამპირი“, შერწყმულია იმ პერიოდებთან, როდესაც ქვეყანა ომობდა, როდესაც ასე ტრიუმფალურად აცხადებდა თავისი გამარჯვებების შესახებ. კლასიციზმისა და ამპირის ორნამენტიკაში იჭრებიან ატრიბუტები, რომლებიც დამახასიათებელია გამარჯვებული ქვეყნისთვის - ეს არის მე-19 საუკუნის პირველი ნახევარი და მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი. აქაც, რა თქმა უნდა, შესამჩნევია ეს ტენდენციები, რასაც კლასიციზმი ხაზს უსვამს და რომლებიც დაკავშირებულია ამ სტილისა და სახელმწიფოს მისწრაფებების სრულ შესაბამისობასთან. ესაა სტილი, რომელსაც შეესაბამება სახელმწიფო გადაწყვეტილებების მიღება, ჩინოვნიკებთან საუბარი. აქ მკაცრი ხელი ავლენს თავის ნებას. ეს არის სტილი, რომელიც ხაზს უსვამს გეომეტრიულობას, ვერტიკალებსა და ჰორიზონტალებს. ეს არის სტილი, რომელიც აქტიურად იყენებს მოოქროვილ ზესადებს. გასაკვირია, მაგრამ რუსული სტილის ვერანაირი კვალი ვერ აღმოვაჩინე ამ სასახლეში. არადა, ახლა რუსული სტილი ძალიან პოპულარულია დღევანდელ რუსეთში ფესვებთან დაბრუნების დეკლარირებული, თუმცა ხშირ შემთხვევაში მითოლოგიზებული ტენდენციების გამო. რუსული სტილი ახლა განიცდის თავის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ აღორძინებას. ფიქსირდება რუსული სტილის მეოთხე ტალღა არქიტექტურასა და გამოყენებით ხელოვნებაში, მაგრამ ამ სტილის ოდნავი კვალიც კი არსად ჩანს, რამაც ძალიან გამაკვირვა. არადა, თითქოს სასახლე იქმნება რუსეთის ტერიტორიაზე სახელმწიფოს პირველი პირისთვის, მაგრამ მოსაჭიდადაც კი არაფერია რუსული“.
თუმცა, ვინც ყურადღებით დააკვირდება ნავალნის ჯგუფის მიერ გადაღებული ფილმის კადრებს ან გამოქვეყნებულ ფოტოებს, ლამის ყველა ოთახში აღმოაჩენს არწივებს, არწივების მთელ გუნდს. რას უნდა ნიშნავდეს ეს?
„დიახ, არწივებია ჩაყრილი მრგვალ გვირგვინებში, ჰორიზონტალურ პანელებში, მათი რაოდენობა მართლაც დიდია. ასევე ვფიქრობ, რომ კლასიციზმის ეს სტილი დაკავშირებულია იმასთან, რომ ის მოგვაგონებს ევროპის არისტოკრატიულ სახლებს და შეიძლება მიუთითებდეს ამ სახლებისადმი რუსეთის მმართველების ლტოლვაზე. მათ ძალიან უნდათ, რომ ამ ინტერიერებში ჩაიწერონ; ძალიან უნდათ შეესაბამებოდნენ იმას, რასაც ძველ ელიტას, ევროპის მაღალ საზოგადოებას უწოდებენ; უნდათ რაღაცნაირად მოწონებული იყვნენ. ეს ინტერიერები დიდწილად შეესაბამება ამ დამოკიდებულებას. მათ სურთ დააკოპირონ ის, რაც მაღალ საზოგადოებაშია მიღებული, მიბაძონ პატივცემულ ადამიანებს, იმათ, ვინც, მათი აზრით, დასავლეთ ევროპას ხელმძღვანელობს“, - ამბობს ნიკოლაი ივანოვი, რომელიც ასევე გამოარჩევს სასახლის ყველაზე უცნაურ და სახალისო ადგილს:
„ყველაზე საინტერესოდ აუზი მომეჩვენა. ამ ვიდეოს გადაღება მაშინ გადავწყვიტე, როცა შევნიშნე ერთი ჰერმის (ჰერმა - ბერძნ. ოთხწახნაგოვანი სვეტის დამაგვირგვინებელი სკულპტურული ბიუსტი) თავსაბურავი, რომელიც მდებარეობს აუზის პილასტრებზე (პილასტრა - სწორკუთხა, ბრტყელი, ვერტიკალური შვერილი კედელზე ან ბოძზე). ეს ძალიან სპეციფიკური თავსაბურავია, ძალიან ჰგავს ბუმბულისგან დამზადებულ ინდიელთა თავსაბურავს მე-16, მე-17 და მე-18 საუკუნეებში, როცა სახვით ხელოვნებაში კონტინენტების ალეგორიულ გამოსახვაში, სწორედ ეს თავსაბურავი იყო „პასუხისმგებელი“ ამერიკაზე, პლუს ქალის შიშველი მკერდი. მომეჩვენა, რომ ეს იყო ნაწილობრივ იუმორისტული გადაწყვეტა, დიზაინერის ხუმრობა, რომ აუზში მოცურავეს გამუდმებით გამოაჯავრებს ეს ქალი, რომელიც ალეგორიულად ასოცირდება ამერიკასთან. გადავწყვიტე, რომ ამ ჩანაფიქრს აუცილებლად სჭირდებოდა გახმოვანება, სწორედ ამან მიბიძგა ვიდეოს ჩაწერისკენ. ამავე ინტერიერში ბევრი მანერული ტენდენციაა, რომელიც მე-16 საუკუნის მეორე ნახევარში გვაბრუნებს და ასე თუ ისე ხუმრობების დაშიფრვას უკავშირდება, რაც ასევე ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა. ზოგადად, აქ არის ნაზავი, როგორც ამ სასახლის ინტერიერების უმეტესობაში, მაგრამ არის ისეთი ნიშნები, რომლებიც მომეწონა, როგორც ორნამენტების მცოდნეს, რადგან დავინახე მოწიწება მე-17 საუკუნის ორნამენტული ნივთებისადმი, რომლებიც აქ უხვად იქნა რეპროდუცირებული“.
ხელოვნებათმცოდნე ნიკოლაი ივანოვი ასევე ცალკე აღნიშვნის ღირსად მიიჩნევს ცნობილ ოთახს ჩილიმითა და ძელით, რომელიც, მისი თქმით, ორი სტილის - კლასიციზმისა და XIX საუკუნის რუსულ არისტოკრატიაში პოპულარული ფსევდომავრიტანულის მიქსია.
„ადამიანი, რომელმაც ჩილიმი მოწია, მოშვებული და მოთენთილია, ის ნეტარებით უყურებს ორნამენტული ზოლების ბადეებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ფარავენ აღმოსავლურ სტილში გაკეთებულ კედლებსა და ჭერს, მაგრამ აქ შეხსენებას იმისას, რომ აღმოსავლეთია, ვხედავთ მხოლოდ კედლების გასწვრივ მდგარი სტრუქტურების პროფილებში, რომლებიც გვაგონებენ მიჰრაბს - გუმბათის განზოგადებულ გამოსახულებას. ეს ინტერიერი - კლასიციზმისა და აღმოსავლური სტილის ნაზავი, რომელიც იტალიელმა არქიტექტორებმა და დიზაინერებმა დასვენებასა და მოშვებისათვის საჭირო გარემოზე თავიანთი წარმოდგენის მიხედვით შექმნეს, გულისხმობს როგორც ჩილიმის მოწევას, ასევე სტრიპტიზს“.
აქვთ თუ არა „პუტინის სასახლის“ არქიტექტორებსა და დიზაინერებს დაშვებული თვალშისაცემი შეცდომები? შეიძლება ითქვას, რა ვერ გათვალეს სწორად?
ამ კითხვის პასუხად ნიკოლაი ივანოვი იშველიებს პეტერბურგელ ხელოვნებათმცოდნეს, სამხატვრო აკადემიის პროფესორს, კლასიციზმის სპეციალისტს მაქსიმ ატაიანცს, რომელმაც დეტალურად აღწერა არქიტექტურული გაფორმებისას დაშვებული შეცდომები: სად რა ელემენტი დააკლეს, სად მოუვიდათ ზედმეტი და ა.შ.
„არასწორი გათვლა - ეს ნიშნავს, რომ თავში უნდა მქონდეს რაღაც იდეალური შენობა, უნდა ვფიქრობდე, რომ ეს შენობა 100 პროცენტით სრულყოფილია, ხოლო ყველაფერი, რასაც ჩვენ ვხედავთ სხვა ნაგებობების სახით, არის რაღაც არამართებული და ამ იდეალურიდან გადახრა. ჩემი აზრით, თუკი შენობა დგას და მუშაობს, მაშინ ყველაფერი OK-ია და ამ ფორმით ფიქსირდება. ვცდილობ, გავაანალიზო, რა იყო არქიტექტორისა და დიზაინერის გონებაში, რამდენად ღრმად ჩააღწია მან ხელოვნების ისტორიაში, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ეს ტრადიციები, როგორ აკავშირებს მათ პოტენციური მომხმარებლის გემოვნებასთან, რა სახით აანალიზებს იმას, რასაც ნახავს ადამიანი, რომელმაც ამ ინტერიერის შექმნისთვის ფული გადაიხადა. ცხადია, ნანახმა არ უნდა გააღიზიანოს ამ შენობის სავარაუდო მცხოვრები. კიდევ ერთს ვიტყოდი. უნდა ვისაუბროთ არა იმდენად მხატვრულ გემოვნებასა და სილამაზეზე, რამდენადაც მხატვრულ გემოვნებასა და შიშზე. სადღაც წავაწყდი მოსაზრებას, რომ ავტორიტარულ სახელმწიფოებში მხატვრულ გემოვნებას, უპირველეს ყოვლისა, საფუძვლად უდევს არქიტექტორის შიში, რომ რაღაცას არასწორად გააკეთებს. აი, რისი ეშინიათ ყველაზე მეტად, როცა შენობებს ქმნიან, როცა ინტერიერის გაფორმებაზე ფიქრობენ: როგორ ასიამოვნონ, როგორ არ იყვნენ რეპრესირებულები და როგორ მიიღონ კვლავ მსგავსი დიდი შეკვეთები. ვფიქრობ, აქ საუბარია არა სილამაზით ტკბობაზე, არამედ შიშისგან თავის დახსნაზე“.
– ასეთ ინტერიერებზე შეიძლება ვთქვათ, გემოვნებიანია თუ - არა? გიორგის დარბაზი კრემლში - კარგი გემოვნებაა? რა კრიტერიუმები გვაქვს?
„არ მგონია, პირდაპირ შედევრალური იყოს, რადგან არ შემიმჩნევია არც რამე სახის სიახლეების ამოფრქვევები და არც - ორიგინალური გადაწყვეტები. სახეზეა სხვადასხვა სტილის ძალიან ფრთხილი, ეკლექტური ნაზავი, რომელიც დაფუძნებულია ცოტა კლასიციზმზე, ცოტა ბაროკოზე, ცოტა Belle Époque-ზე, ცოტა აღმოსავლურზე, ცოტა მანიერიზმზე, მაგრამ ძირითადი საფუძველი მაინც კლასიციზმია. ორიგინალური გადაწყვეტები არ არის. თუ გემოვნებაზე ვიმსჯელებთ სიახლის მიხედვით, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ აქ მსგავსი არაფერია. ყველაფერი ძირითადად ჩვეულებრივი და ორდინარულია. ამ კორპუსთან სადმე იტალიაში რომ გამევლო, ყურადღებასაც კი არ მივაქცევდი, რადგან ის ვერანაირი სიახლითა და ექსტრავაგანტულობით ვერ ახარებს თვალს. სახეზეა ძალიან ფრთხილი მცდელობა, მოერგოს იმ ადამიანის გემოვნებას, რომელსაც აქვს ძალაუფლება და იხდის ფულს“.
ალექსეი ნავალნის გუნდის მიერ ჩატარებული გამოძიების შემდეგ გავრცელდა ოფიციალური განცხადება, რომ ნაგებობა არის აპარტ-ჰოტელი და არა სასახლე, თუმცა, როგორც ხელოვნებათმცოდნე ნიკოლაი ივანოვი ამბობს, არანაირი ძვირადღირებული სასტუმროს ნიშნები მას არ შეუნიშნავს.
„ოთახებად დაყოფა, სასადილო ოთახი, სადაც შეიძლება არა ერთი პერსონის, არამედ რამდენიმეს ერთდროულად გამოკვება, მხოლოდ ორი საძინებელი გვიანი ბაროკოს სტილში - ეს არქიტექტურა არ შეესაბამება იმ პრინციპებს, რომლითაც აშენებენ სასტუმროებს. ზოგჯერ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ იპოვოთ მე-18-მე-19 საუკუნეების ფრანგული შატო ან მსგავსი ძველი შენობა, რომელიც ქირავდება სასტუმროდ, მაგრამ ეს ხომ არ არის სასტუმრო ჩვეული, თანამედროვე გაგებით - ეს არის სახლი, რომლის გაქირავებითაც ერთ-ერთმა მემკვიდრემ გადაწყვეტა დამატებითი შემოსავლის მიღება. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ სასახლის შენობის ინტერიერი მსგავსია თურქეთის, საბერძნეთის, იტალიის სასტუმროების ინტერიერებისა. ბევრ სასტუმროს აქვს სპეციალური იდეა, რომ ინტერიერი შეესაბამებოდეს საშუალო სიმდიდრის ადამიანის გემოვნებას. ხშირად ისინი მოწყობილია ზუსტად კლასიცისტურად, რასაც ახლა აქაც ვხედავთ: წყვილი სკამი, წყვილი სავარძელი და კომოდი კლასიციზმისა თუ მე-19 საუკუნის ერთგვარი ისტორიციზმის სტილში. ხშირ შემთხვევაში, სწორედ ასე ივსება ძვირადღირებული სასტუმროების ნომრები“.
ავეჯი „პუტინის სასახლის“ მნიშვნელოვანი ნაწილია. ამასთან, როგორც ნიკოლაი ივანოვი შენიშნავს, ორიგინალი ავეჯი უფრო იაფია, ვიდრე ახალი იმიტაცია, რომლითაც სავსეა პუტინის სასახლე. რატომ არ წყალობენ ძლიერნი ამა ქვეყნისა ძველ, მაგრამ ნაღდ ავეჯს?
„საოცარია, მაგრამ ამას მარტივი ახსნა აქვს. სიტყვა „მეორეული“ აფრთხობთ ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს. მოთხოვნილებად ექცათ ყოველდღე ძვირადღირებული კაბების ფრიალი და მხოლოდ ორჯერ მათი ჩაცმა, როგორც ეს დიდმა ეკატერინემ დაიბარა. მაგრამ სინამდვილეში, რა თქმა უნდა, პუტინის სასახლის ნივთების პროტოტიპები, რომლებიც კადრში ჩნდებიან, რეგულარულად მოძრაობენ აუქციონებიდან აუქციონებზე. ევროპაში თითქმის ყოველდღე იმართება ავეჯის აუქციონი, სადაც ბევრად უკეთესი და ძველი ნივთების ყიდვა შეგიძლიათ. მე რომ ვავსებდე ჩემს სასახლეს ავეჯით, შევიძენდი ნამდვილ ანტიკვარიატს, რომელსაც ცხოვრების კვალი ამჩნევია, მაგრამ აქ საქმე გვაქვს სრულიად განსხვავებულ მიდგომასთან. ხალხი თანახმაა გადაიხადოს ათჯერ მეტი მეორეულ ასლებში. ასეთ საქციელსაც მარტივი ახსნა აქვს: საძრახად ითვლება სახლში ისეთი ნივთების შეტანა, რომლებიც ვიღაც უცხო ადამიანს ან სულაც გარდაცვლილს ეკუთვნოდა, - ამბობს ნიკოლაი ივანოვი, - მესმის, რომ ამ სასახლის დამკვეთები ფინანსურად სრულიად თავისუფალნი იყვნენ, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა აერჩიათ მსოფლიოს ნებისმიერი არქიტექტორი, მოეწვიათ ნებისმიერი საპროექტო ბიურო, ჩაედგათ შიგნით ნებისმიერი ავეჯი. მსოფლიოს მასშტაბით ათასობით თანამედროვე დიზაინერი მუშაობს, მაგრამ არცერთის კვალი და თანამედროვე არქიტექტურაზე ოდნავი მინიშნებაც კი არ ჩანს პუტინის სასახლეში. აქ კვლავ უნდა გამოვიყენოთ სიტყვა „შიში“. აშკარაა, რომ დამკვეთებს შეეშინდათ თანამედროვე არქიტექტორის დაქირავების. ამიტომ უხმეს მათ, ვინც შეთამაშებულია წარსულთან და ვისაც კარგად გამოუვიდოდა რუსეთის სახელმწიფოს მიერ ასე დაფასებულ-მოწონებული კლასიციზმის რეპროდუცირება, ვინც კარგად გააკეთებდა Belle Époque-ის სტილის იმგვარი ვილების რეპლიკას, როგორებიც დგას სანაპიროზე ნიცაში და ვინც ამ სასახლის ინტერიერსაც მსგავსი ავეჯით გააწყობდა“.
ალბათ, ამ სასახლის მფლობელს თვითონ არ აურჩევია ყველა სავარძელი და არ შეუფასებია ყველა ორნამენტი, მაგრამ მისი გემოვნების ანაბეჭდი მაინც ყველაფერს ამჩნევია ამ შენობაში. უფრო სწორად, აჩნდა, რადგან, როგორც ჩანს, კოლოსალური რემონტის შემდეგ სულ სხვა გარემო შეიქმნება. რა შეიძლება ითქვას სასახლის დამკვეთის გემოვნებაზე, რომლის სახელიც ცნობილია? ამ კითხვის პასუხად ხელოვნებათმცოდნე ნიკოლაი ივანოვი ამბობს:
„მგონია, რომ მას დიდად არ აინტერესებს, თუ სად იმყოფება. ვფიქრობ, ერთხელაც კი არ მოუწყვია ისტერიკა იმის გამო, თუ რატომ დგას ნეობაროკო და არა ნეოკლასიციზმი ან სხვა რამე. ვფიქრობ, ის სრულიად უგრძნობია იმის მიმართ, რაც მის გარშემოა. ერთადერთი, რაზეც დაბეჯითებით შეიძლება საუბარი, ჩვევებია. ვფიქრობ, დიზაინერები, არქიტექტორები, უპირველეს ყოვლისა, ფიქრობდნენ მის ჩვევებზე და იმაზე, თუ რა ინტერიერშია მიჩვეული ყოფნას: სად ურჩევნია ჯდომა, სად - შესვლა და ა.შ. ალბათ განიხილეს და შეისწავლეს ყველა ის ინტერიერი, სადაც თავს კომფორტულად გრძნობდა და შეადგინეს რაღაც ნაზავი. როცა კადრში ვხედავთ სახელმწიფოს მეთაურს, თვალწინ გვიდგას როგორც სკამი, რომელშიც ზის, ასევე იმ ოთახის ფონი, სადაც იმყოფება. ვფიქრობ, ამოირჩიეს იქიდან, რაც მათ თვალსაწიერში ხვდებოდა ყოველდღე და გაიმეორეს არსებული ინტერიერები მცირედი ცვლილებებით. ვფიქრობ, რომ მისთვის არაფერი უკითხავთ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რომელიც პასუხისმგებელია იმაზე, თუ რა უნდა ჩაიცვას, რა უნდა ჭამოს და რომელ თეთრეულზე უნდა იძინოს პრეზიდენტმა, დიდოსტატს არ ეკითხება "როდის გრძნობთ თავს უკეთ?", მას მიახლოებით მაინც წარმოუდგენია, თუ რა უნდა შეუცუროს პრეზიდენტს, რომ მისი უკმაყოფილება არ გამოიწვიოს“.
ხელოვნებათმცოდნის თქმით, ერთადერთი, რაც სასახლეს აკლია, არის ოთახი ლენინგრადის კომუნალურ ბინაში, სადაც მან თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გაატარა.
„და კიდევ ნოსტალგიური "ზაპოროჟეცი". მართლა გამიკვირდა, რომ საბჭოთა ინტერიერები არ არის სასახლეში, თუმცა ამგვარი სევდა-ნაღველის არარსებობა კლასიციზმს მივაწერე, რადგან კრემლის ინტერიერები კლასიცისტურია და ვფიქრობ, რომ მფლობელის აზროვნებაშიც საბჭოთა ეპოქა ასოცირდება კრემლის კლასიციზმთან, რის გამოც ის ასე ბევრია სასახლეში“, - ამბობს ხელოვნებათმცოდნე ნიკოლაი ივანოვი, რომელმაც პროფესიონალის თვალით შეაფასა პუტინის სასახლის როგორც არქიტექტურა, ასევე ინტერიერი.