ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Omnia vincit amor („ყველაფერს ამარცხებს სიყვარული“) გთავაზობთ საუბარს იტალიური ლიტერატურის ფუძემდებლის, დასავლურ-ევროპული ქრისტიანული ლიტერატურის პირველი დიდი შედევრის, „ღვთაებრივი კომედიის“ ავტორის, გენიალური დანტე ალიგიერის ერთადერთ სიყვარულზე. მეცნიერება დიდხანს დავობდა იმაზე, რამდენად რეალური პიროვნება იყო დანტეს „ახალ ცხოვრებასა“ და „ღვთაებრივ კომედიაში“ გამოყვანილი ბეატრიჩე. დღეს აღარ დავობენ, რომ დანტეს მუზა, ბეატრიჩე პორტინარი, ნამდვილად არსებობდა და დანტემ იგი პირველად რვა ან ცხრა წლისა ნახა. ცხრა წლის დანტე მამამ მაისობის საგაზაფხულო დღესასწაულზე წაიყვანა, სადაც ბავშვს დაუნახავს ტაძრიდან გამოსული, წითელ კაბაში გამოწყობილი თანატოლი გოგონა (იგი რამდენიმე თვით უმცროსი იყო მომავალ პოეტზე) და შეყვარებია. ეს სიყვარული არასოდეს გამქრალა, მაგრამ იგი განსაკუთრებული ძალით აფეთქებულა რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც ფლორენციაში, მდინარე არნოს მარჯვენა სანაპიროზე, ორ უფროს ქალთან ერთად მომავალი, თეთრებში გამოწყობილი ბეატრიჩე დანტეს მისალმებია. ეს ამბავი ლუნგარნოს ქუჩაზე, წმინდა სამების ხიდთან მომხდარა. რა განსხვავებაა „ახალი ცხოვრების“ კურტუაზიულ ბეატრიჩესა და „ღვთაებრივი კომედიის“ ღვთისდარ ბეატრიჩეს შორის; რატომ მოიყვანა დანტემ ცოლად ჯემა დონატი, თუკი სხვა ქალი უყვარდა; რატომ უერთგულა დანტემ 1390 წელს გარდაცვლილ ბეატრიჩე პორტინარის ოცდათერთმეტი წელი და რატომ აიყვანა იგი ზეცაში; როგორ აღმოჩნდა მდიდარი ბანკირის, ფოლკო პორტინარის, ქალიშვილი ღვთისმშობლის გვერდით; რა საყვედური უთხრა „ნეტარების მომნიჭებელმა“ ქალმა პოეტს, — ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.