საოკუპაციო ხაზის დარღვევა სიყვარულის გამო
Your browser doesn’t support HTML5
დღეს ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს 28 წლის პაატა არაქელოვი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისში ცხოვრობს. იგი მესამედ გადავიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფელ არცევის მიმართულებით. დღეს ცხინვალში გაიმართა სასამართლო პროცესი და არაქელოვს 5 000-რუბლიანი ჯარიმა გადაახდევინეს ე.წ. საზღვრის დარღვევის გამო. პროცესის შემდეგ არაქელოვი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქართველ პოლიციელებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს; იქიდან კი შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე გადაიყვანეს. არაქელოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ოსურ სოფელ გოიაანში შეყვარებული ჰყავს და მის სანახავად გადადის ხოლმე. ბოლო შემთხვევისას მისი ნახვა ვერ შეძლო. მანამდე კი გამყოფ ხაზთან არაერთხელ შეხვედრია. ამბობს, რომ იმ გოგოს ცოლად აუცილებლად მოიყვანს, თუმცა როდის ჯერ არ იცის, რადგან მავთულხლართები ბარიერს უქმნის. ვერც გოგო გადმოდის ქართულ სოფელში, რადგან არის საფრთხე, რომ რუსეთის მესაზღვრეებმა "საზღვრის" დარღვევის ბრალდებით ისიც დააპატიმრონ.