“გვასულელებენ, თამაშობენ ჩვენს ნერვებზე”, - ამბობს ცაბაძის ქუჩაზე, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურის წინ მდგომი შუახნის კაცი და წერეთლის ქუჩას გაჰყურებს: გზის ერთ პატარა მონაკვეთზე რამდენიმე ჯგუფი და ათამდე მანქანა მუშაობს - ზოგი ასფალტს თხრის, ზოგი აგებს, ზოგს აყრილი ასფალტის ნარჩენები გააქვს, სხვა ხრეშს ეზიდება.
“ფრთხილად, ფრთხილად”, - ახალგაზრდა მუშები ქვეითებს აფრთხილებენ, რომლებიც გადათხრილი ტროტუარებიდან გზის სავალ ნაწილზე გადასასვლელად ორმოებს ახტებიან.
“გადათხარეს ყველაფერი, გეგონება რამეს აკეთებდნენ”, - ჩივის მოხუცი ქალი და ცდილობს გადავიდეს ქუჩაზე, სადაც ტექნიკა მუშაობს. მუშა ურჩევს, რომ სჯობს ასფალტის საბრტყელებელ მანქანას წინიდან კი არა, უკნიდან მოუაროს. იქვე, დინამოს სტადიონთან, გზის შუაგულში სახელდახელოდ გაბმულ ლენტთან სპონტანური გაჩერებაა მოწყობილი - 20-მდე მგზავრი ავტობუსს ელოდება.
თბილისის მერმა პირობა დადო, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იანვრის ბოლომდე დასრულდება, თუმცა მანამდე უხარისხო მუშაობისთვის კონტრაქტორი კომპანიები დაითხოვა.
17 იანვარს კახა კალაძემ თქვა, რომ მას და მის მოადგილეებსაც რომ მოუწიოთ გზის დაგება, წერეთლის გამზირი დათქმულ ვადაში დასრულდება. მერს ზუსტად ერთი კვირა დარჩა და ამ დროში გზა რომც დააგონ, გასაკეთებელია ტროტუარები, დასადგმელია ნაგვის ურნები, მოსაწყობია გაჩერებები და განათება.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დედაქალაქის მერია სარეაბილიტაციო სამუშაოებს აჭიანურებს, რეაბილიტაციას ხარვეზები აქვს და მიუხედავად ამისა, პროექტებში მილიონობით ლარი იხარჯება. მერია თავის მხრივ ამბობს, რომ დიდი ინფრასტრუქტურული პროექტებისას ბევრი უსიამოვნო მოულოდნელობა იჩენს ხოლმე თავს. თბილისის მერიის პროექტების უმეტესობა იმაზე ძვირი ჯდება და იმაზე დიდხანს გრძელდება, ვიდრე დათქმული ვადაა.
ამ სტატიაში ვიხსენებთ ბოლო წლებში თბილისის მერიის დაგვიანებით და ხარვეზებით შესრულებულ, ან სულაც შეუსრულებელ პროექტებს.
ფიროსმანის ქუჩა
“ყველა მთავრობა აპირებდა ამის გაკეთებას, მაგრამ ვინ გააკეთებს?! იმდენი დაუჯდებათ ამ სახლების განახლება, ვის უღირს ეგ, ზოგი სახლი დანგრეულია უკვე, ზოგი დაშალეს, სარდაფებში ცხოვრობს ხალხი”, - გვეუბნება მოხუცი კაცი, ფიროსმანის ქუჩაზე, როცა ვეკითხებით, რა ისმის ამ ქუჩის განახლების შესახებ. იმ პატარა მაღაზიის გვერდით, რომლის წინაც კაცი ზის, ფასადჩამონგრეული სახლია მეტალის ღობით. ფიროსმანის ქუჩის 8 ნომერს ბინადრები წლების განმავლობაში თანდათან ტოვებდნენ.
ფიროსმანის ქუჩის განახლებაზე ლაპარაკი ჯერ კიდევ 7 წლის წინ, თბილისის წინა მერმა, დავით ნარმანიამ დაიწყო. 2019 წელს უკვე მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ თქვა, რომ იწყებოდა ამ ქუჩის განახლება, რასაც 2 წელიწადი დასჭირდებოდა.
რკინიგზის ცენტრალურ სადგურთან მდებარე ეს პატარა ქუჩა, სადაც ნიკო ფიროსმანის მუზეუმი და ათზე მეტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაა, 2024 წლის დასაწყისში უსიცოცხლოა.
მიტოვებულს ჰგავს ის ტერიტორიაც, სადაც კერძო კომპანიას, KTW Developemnt-ს 15 მილიონი ლარი უნდა ჩაედო ახალ მშენებლობაში. 2024 წლის 22 იანვარს კომპანიაში გვითხრეს, რომ პროექტს მერიასთან ათანხმებენ და მშენებლობა ამის გამო ჭიანურდება.
2019 წელს დაანონსებული პროექტებიდან, ქუჩების განახლების გარდა, ამ დრომდე შეუსრულებელი ან დაუმთავრებელია:
- გორგასლის ქუჩის სანაპიროს განვითარება. დაგეგმილი იყო 10 ჰექტარი ტერიტორიის გამწვანება და საფეხმავლო ხიდის აშენება, რომელიც მეტროსადგურ “ავლაბართან” უნდა გადასულიყო;
- უნივერსიტეტის ქუჩის და წყნეთის გზატკეცილის (ბაგების) დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა;
- დიღმის ჭალებში ხელოვნური ტბისა და ახალი პარკის გაშენება.
იგივე ეხება მომდევნო წლებში გაცემულ სხვა დაპირებებსაც:
- 2020 წელს უნდა დაწყებულიყო მარშალ გელოვანის გამზირისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი გზის მშენებლობა და წელიწად-ნახევარში დასრულებულიყო;
- ჯერაც არ დაწყებულა ვაჟა-ფშაველას გამზირის რეაბილიტაცია, რომლის ვადადაც მერმა 2020-2021 წლები დაასახელა;
- სრულიად დავიწყებულია მერიის დაპირება თბილისში მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგების მოწყობის შესახებ;
- მერია აღარ ახსენებს სამგორი-ლილოს მიწისზედა მეტროს პროექტს, რომელიც 2019 წელს უნდა დაწყებულიყო და 2-3 წელში დასრულებულიყო. პროექტი 8 ახალი სადგურის აშენებას გულისხმობდა, რომელიც ჯამში 200 000 ადამიანს მოემსახურებოდა ყოველდღიურად;
- თბილისის მერის ერთ-ერთი დაპირება ქალაქში 315 კილომეტრამდე სიგრძის ველობილიკის მოწყობა იყო - 2024 წლის დასაწყისში თბილისში მხოლოდ რამდენიმე ქუჩაზეა ველობილიკი, რომლებიც ერთმანეთს არ უკავშირდება.
თბილისის მერიის ანგარიშზეა არაერთი გაჯანჯლებული პროექტიც - ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების განახლება გლდანში, მეტროსადგურ გოცირიძის შეკეთება, რომელიც თითქმის სამი წლის განმავლობაში იყო დაკეტილი.
2022 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო აბრეშუმის მუზეუმის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებიც. ეს პროექტი, რომელზეც 3 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება და რომელიც საერთაშორისო თანადაფინანსებით კეთდება, ჯერაც “მიმდინარეს” სტატუსს ატარებს. 2024 წლის იანვარში რადიო თავისუფლებას მუზეუმის ეზოში შეკრებილმა ხელოსნებმა უთხრეს, რომ მშენებლობა მარტში უნდა დაასრულონ.
ვაკის პარკი
კიდევ ერთი პროექტი, რომელიც 2022 წელს უნდა დასრულებულიყო და განუსაზღვრელი ვადით არის შეჩერებული, ვაკის პარკის რეაბილიტაციაა, რომელიც 2020 წლის აგვისტოს დაიწყო. ამ დროს კახა კალაძემ თქვა, რომ თბილისის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარკი 2 წელიწადში განახლდებოდა.
2021 წლის 27 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე სამი დღით ადრე, მან სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ნაწილი დასრულებულად გამოაცხადა. არჩევნებიდან რამდენიმე თვეში პარკი ისევ დაიკეტა.
2022 წლის 12 ოქტომბერს მერმა სამუშაოების მეორე ნაწილიც დასრულებულად გამოაცხადა და პარკი გახსნა. მეორე დღეს შადრევანში ჩასულ 13 წლის ბავშვს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა. მიზეზი შადრევნის განათების უხარისხოდ გაყვანილი ელექტოროობა გახდა.
2022 წლის ოქტომბერში კახა კალაძემ კიდევ ერთი პირობა დადო და თქვა, რომ ვაკის პარკის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი, ანუ შადრევნის კასკადების მოწყობა,ჰ 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდებოდა. 2024 წლის იანვარში ვაკის პარკის ნაწილი კვლავ სამშენებლო ღობეების მიღმაა მოქცეული - შადრევნების კასკადის განახლება არც კი დაწყებულა.
მთაწმინდის საბაგირო
წლებია გრძელდება მთაწმინდის საბაგიროს პროექტიც, რომლის დასრულებაც კალაძის 2017 წლის საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი დაპირება იყო. 2021 წელს კი, როცა ის მეორე ვადით იყრიდა კენჭს მერის პოზიციაზე,
არჩევნებამდე 4 დღით ადრე კიდევ ერთხელ გაიხსენა ეს დაპირება და საბაგიროს რეაბილიტაციის დაწყების აღსანიშნავად სიმბოლურად კაფსულაც ჩაფლა.
4 წლის შემდეგ, როცა მერმა საბაგიროს სამუშაოები დაათვალიერა, თქვა, რომ საბაგიროს მშენებლობა 2022 წლის ბოლოსთვის დასრულდება. 2023 წლის 22 მარტს კი კალაძემ ახალი თარიღი დაასახელა ამ პროექტის დასასრულისთვის და თქვა, რომ რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა, 2023 წლის ბოლოს დასრულდება. 2024 წლის იანვარში ეს პროექტი ისევ დაუმთავრებელია.
კახა კალაძე კიდევ სამი საბაგირო გზის: სამგორი-ვაზისუბნის, ახმეტელი-თემქის და სამება-მახათას მთის მშენებლობაზე ლაპარაკობდა, მაგრამ ეს პროექტები არც დაწყებულა.
მეტროსადგურების რეაბილიტაცია
2020 წლის ზაფხულში თბილისის მერმა თქვა, რომ გარემონტდებოდა თბილისის მეტროს ათი სადგური და ამ პროექტში დედაქალაქის მთავრობა თანხებს EBRD-სგან (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი) მოიზიდავდა.
დაიწყებოდა კაპიტალური სარემონტო სამუშაოები კიდევ სამ სხვა მეტროსადგურზე. მაშინდელი გეგმით, კაპიტალურად უნდა განახლებულიყო ვარკეთილის, ავლაბრისა და გოცირიძის მეტროსადგურები და შეკეთებულიყო გურამიშვილი, სადგურის მოედანი, სარაჯიშვილი, მარჯანიშვილი, თავისუფლების მოედანი, 300 არაგველი, რუსთაველი, ისანი, წერეთლის გამზირი და ნაძალადევი.
ამ დაპირებიდან სამი წლის შემდეგ, ჯერაც დაუსრულებელია ვარკეთილისა და 300 არაგველის მეტროსადგურების რეაბილიტაცია - დანარჩენ ათ სადგურში მუშაობა არც დაწყებულა.
არსებობს თბილისის მერის კახა კალაძის კიდევ ერთი არა იმდენად დაპირება, რამდენადაც მინიშნება. 2017 წელს დედაქალაქის მერის კანდიდატობის სარეკლამო კლიპში "ლაგუნა ვერე" ლივლივა ლურჯი წყლითაა სავსე.
2024 წლის 23 იანვარს თბილისის საკრებულომ "ლაგუნა ვერეს" მიმდებარედ, ყოფილი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიას სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოუხსნა, რითაც ამ ადგილზე ორი, 52- და 40- სართულიანი ცათამბჯენების აშენებას გაუხსნა გზა. "ლაგუნა ვერეს" აღდგენის პირობას ახლა უკვე ამ ცათამბჯენის პროექტის ავტორები დებენ.
წინასაარჩევნო დაპირებების კალათიდანაა იპოდრომის ტერიტორიაზე “ცენტრალ პარკის” მოწყობის პირობაც - ეს ადგილი თბილისს “ქართუ ფონდმა” პარკის მოსაწყობად 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ აჩუქა, თუმცა ამ დრომდე არც პროექტია გამჭვირვალე და არც ის, ვინ და როდის გააშენებს აქ დედაქალაქის მთავარ პარკს.
ასევე ნახეთ მინდორი გააჩუქეს, ტყე გაყიდეს - აშენდება კორპუსები იპოდრომზეც?