თბილისის ცენტრალური გამზირი რუსთაველის სახელს ატარებს. რუსთაველის სახელობისაა სახელმწიფო თეატრი და ლიტერატურის ინსტიტუტი. დედაქალაქის ცენტრში დგას რუსთაველის ძეგლი, იქვეა მეტროს სადგური „რუსთაველი“...- ერთი შეხედვით, „ვეფხისტყაოსნის“ ავტორს საქართველოში დაფასება არ აკლია, თუმცა, ამის მიუხედავად, აკადემიკოსი აკაკი შანიძე მიიჩნევდა, რომგენიოს პოეტს, რომელმაც კაცობრიობის საგანძურში ლიტერატურის შედევრი შეიტანა, „იმდენი პატივი ვერ ვეცით, რომ მის ვინაობის სახელს კი არ ვცვლიდეთ, არამედ იმ ფორმით ვხმარობდეთ, როგორც თვითონ წერდა და მის დროს ითქმოდა“-ო.
აკაკი შანიძე დარწმუნებული იყო, რომ ვეფხისტყაოსნის ავტორი რუსთველი იყო და, შესაბამისად, უნდა გვქონდეს რუსთველის გამზირი, მეტროს სადგური „რუსთველი“, „რუსთველის თეატრი“ და ა.შ.
„ბევრჯერ მითქვამს და მიწერია, რომ ჩვენი სათაყვანებელი პოეტი შოთა, რომელმაც შექმნა უკვდავი „ვეფხისტყაოსანი“, რუსთველი იყო და არა რუსთაველი, როგორც ახლა გავრცელებულია საყოველთაოდ. თვით შოთა თავის თავს რუსთველს უწოდებს. პოემის შესავალში იკითხება:
დავჯე, რუსთველმან გავლექსე,
მისთვის გულს ლახვარ-სობილი,
აქამდის ამბად ნათქვამი,
აწ მარგალიტი წყობილი“, - წერდა აკაკი შანიძე ჟურნალ „დროშის“ 1980 წლის იანვრის ნომერში გამოქვეყნებულ წერილში და ერთგვარი გაღიზიანებითაც კი შენიშნავდა, რომ ვეფხისტყაოსნის ავტორი იყო რუსთველი და მისი გვარი ასე იბრუნვოდაო: რუსთველი, რუსთველმა, რუსთველს, რუსთველისა ან რუსთვლის, რუსთველო.
აკადემიკოსს არგუმენტად მოჰქონდა ციტატები საკუთრივ ვეფხისტყაოსნიდან: „მე, რუსთველი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამათ დარი“. პოეტი რომ რუსთაველი ყოფილიყო, იგი ასე დაწერდა: „რუსთაველი ხელობითა“.
პოემის ბოლოს ნათქვამია:
„ამირან დარეჯანის ძე მოსეს უქია ხონელსა,
აბდულ მესია − შავთელსა, ლექსი მას უქეს რომელსა;
დილარგეთ − სარგის თმოგველსა, მას ენა-დაუშრომელსა,
ტარიელ − მისსა რუსთველსა, მისთვის ცრემლ-შეუშრობელსა“.
აკაკი შანიძის თქმით, „ვეფხისტყაოსნის“ შემქმნელს ასევე „რუსთველს“ უწოდებენმომდევნო საუკუნეების სხვა ქართველი ავტორებიც, მაგალითად ნოდარ ციციშვილი XVII საუკუნის I ნახევარში თავის ნათარგმნი „ბარამგურიანის“ შესავალში ამბობს:
„რუსთველს არ დარჩა უთქმელი, რაც ოდენ მისწვდა გონება.
მისის ლექსების მკითხველსა სხვა რადმცა მოეწონება!“
არჩილ მეფე თავის „თეიმურაზ მეფისა და რუსთველის გაბაასებაში“
ხშირად ახსენებს შოთას და ყოველთვის რუსთველს უწოდებს:
ნახეთ, რუსთველი მეფესა რა ტკბილად გასიტყვებოდეს!
რუსთველო, ყური მამიპყარ, გვადრიან მე და შენაო.
ჰე, რუსთველო, მოიცადე, დადეგ, სიტყვა შეინახე... და ა.შ.
გავიხსენოთ ვეფხისტყაოსნის პირველი ბეჭდური (1712 წ) გამოცემაც, რომელსაც ვახტანგ VI-მ ბოლოში დაურთო თავისი ახსნა-განმარტება და სადაც მესტამბე მეფე ხშირად ახსენებს პოემის ავტორს, რუსთველს : „რაც რუსთველისაა, იმას გარდა არა მითქვამს რა“; „თავათ რუსთველის დროს ქალი ბატონობდა“, „სჭირს რუსთველის ლექსსა“; „რუსთველი შემძლე და კაი კაცი ყოფილა“ და ა.შ.
როგორც აკაკი შანიძე ამბობს, ფორმა „რუსთაველი“ პირველად უხმარია ანტონ კათალიკოსს (1720-1788), რომელსაც, როგორც ცნობილია, „თავისებური დამოკიდებულება“ ჰქონდა „ვეფხისტყაოსნის“ ავტორთან. გავიხსენოთ, რას წერდა პალატონ იოსელიანი ანტონის ამ დამოკიდებულების შესახებ:
„ვერ ჰსცნო ღირსება შოთასი, რადგან დღესა ერთსა 80 დაბეჭდილი წიგნი, ვახტანგ მეფისვე დროსა, შთააყრევინა მტკვარსა, ვითარცა წიგნი მავნებელი მკითხველთათვის, მომწამვლელი ქრისტიანეთა გონებისა და გრძნობისა“ („ცხოვრება გიორგი მეცამეტისა“. პ. იოსელიანი).
ბევრ მეცნიერს, მათ შორის აკაკი შანიძესაც, ეჭვი ეპარებოდა პლატონ იოსელიანის მიერ მოხმობილი „ფაქტის“ შეუვალობაში, თუმცა ანტონი თავის „წყობილსიტყვაობაში“ ცხადად ამბობს იმას, რასაც ფიქრობდა შოთაზე:
“შოთა ბრძენ იყო, სიბრძნის მოყვარე ფრიად,
ფილოსოფოსი, მეტყუელი სპარსთა ენის,
თუ სამ ჰსწადოდა, ღუთის-მეტყუელიცა მაღალ,
უცხო საკჳრუჱლ, პიიტიკოსი მესტიხე,
მაგრა ამაოდ დაჰშურა, საწუხ არს ესე.“
აკაკი შანიძის თქმით, სწორედ ანტონ კათალიკოსმა დაამკვიდრა ვეფხისტყაოსნის ავტორის გვარის არასწორი ფორმა - რუსთაველი.
„კათალიკოსი არ კუმშავდა ზოგიერთ სახელს, მაგალითად ხმოვან სიტყვისაგან ხმოვანისა, ხმოვანითა და უხმოვანო ფორმებს ხმარობდა; წილკანი სოფელია მცხეთის ახლოს, ეს სახელი ძველადაც იკუმშებოდა და ახლაც იკუმშება: წილკნისა, წილკნელი, მაგრამ კათალიკოსს უწერია: „მამისა ჩუენისა ისე წილკანის ეპისკოპოსისა“; შოთასადმი მიძღვნილ იამბიკოში ის წერს: „თვის შოთა რუსთაველისა“, აი სად არის სათავე ჩვენი უდიდესი პოეტის ვინაობის სახელის შერყვნისა! ეს ანტონის მიერ შექმნილი ფორმა შემდეგში ზოგმა გაიზიარა და ქართულ მწერლობაში რუსთველის გვერდით რუსთაველი-ც გაჩნდა, გავრცელდა და შემდეგ დამკვიდრდა“, -წერდა აკაკი შანიძე და გულისტკივილით შენიშნავდა, რომ იყო ცდა სწორი ფორმის აღდგენისა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ცდას სათანადო შედეგი არ მოჰყვაო.
საკითხავია, რატომ?
არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ავთანდილ არაბული ამ კითხვას ასე უპასუხებს:
„ლექსის საჭიროებისთვის ჩანს შეკუმშული, თორემ ამ ფორმის ტოპონიმებს არ ახასიათებთ შეკუმშვა. რუსთაველობა იყო წოდება, რომელიც ან საეკლესიო იერარქს ეკუთვნოდა ან - ფეოდალს... სადაც კი ნახსენებია, ყველგან გამოყენებულია „რუსთაველი“ იმიტომ, რომ ეს „ავ“არ იკუმშება ისევე, როგორც გვაქვს ბოდავი და ბოდაველი და არა ბოდველი, ცურტავი და ცურტაველი, იაკობ ცურტაველი და არა ცურტველი. ასე რომ, ბატონი აკაკის პოზიცია ვერ იქნებოდა გაზიარებული“.
ავთანდილ არაბულის თქმით, საქმე გვაქვს ერთგვარ პოეტურ ლიცენციასთან, როცა პოეტური გამომსახველობის მიზნით ირღვევა გრამატიკული ნორმა, ამ შემთხვევაში უადგილოდ იკუმშება სიტყვა „რუსთაველი“ და ჩნდება „რუსთველი“.
„ასე რომ გასასწორებელი არც არაფერია. ოფიციალურ გამოყენებაში სწორად არის გამოყენებული „რუსთაველი“, ტექსტში კი, ცხადია, ვერ გავასწორებთ, თუმცა როგორც წოდება, როგორც ფსევდონიმი, რა თქმა უნდა, „რუსთაველია“, - უთხრა ავთანდილ არაბულმა რადიო თავისუფლებას.
აკაკი შანიძე „რუსთაველს“ რუსთველის „შერყვნილ ფორმად“ მიიჩნევს, თუმცა, როგორც ვხედავთ, სხვაგვარად ფიქრობენ სხვა მეცნიერები. არადა, ჯერ კიდევ არჩილ მეფე სწუხდა თავის „გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა“-ში ვეფხისტყაოსნის ტექსტში უხეში ჩარევებისა და ჩამატებების ანუ შერყვნის გამო:
„ნანუჩას რუსთვლის ნათქვამში ბევრი რამ ჩაურევია,
საბრალოს ვერ შეუწყვია, წმინდა რამ აუმღვრევია.
მასთან რას სწერდა მის ლექსსა, სირეგვნე მით მორევია!
რუსთველი სიბრძნის ტბა არის, არცა თუ იგ მორევია“.
თუ როგორ აიმღვრა ვეფხისტყაოსანი საუკუნეების განმავლობაში, თვალსაჩინოდ გამოჩნდა XIX საუკუნის მიწურულს, როცა 1880 წელს პოემის გამოსაცემად დაარსდა ბეჭდვის კომიტეტი, რომელმაც ”ვეფხისტყაოსნის” ტექსტის დადგენა-დაზუსტებაც ითავა. ტექსტის დამდგენ კომისიაში შედიოდნენ: ილია ჭავჭავაძე, რაფიელ ერისთავი, იაკობ გოგებაშვილი, იონა მეუნარგია, გაბრიელ ეპისკოპოსი, ივანე მაჩაბელი, გრიგოლ ორბელიანი, აკაკი წერეთელი, გიორგი წერეთელი, დიმიტრი ყიფიანი, დავით ერისთავი, დიმიტრი ბაქრაძე, სერგი მესხი, ვახტანგ ორბელიანი, პეტრე უმიკაშვილი და ნიკო დადიანი.
კომისია გაჯერებული იყო საქმის მცოდნე მოუღალავი ადამიანებით, მაგრამ, როგორც ვანო მაჩაბლის მიერ იონა მეუნარგიასთვის მიწერილი წერილიდან ჩანს, ასევე შთამბეჭდავი იყო მათ მიერ დასახული ამოცანაც:
"ბევრი თავში ცემა უნდა. ხელახალი რედაქცია სჭირდება ნიშნებისა და ორთოგრაფიის მხრივ: შეგებრალები, რომ ნახო ჩემი სიტყვების სია, სად, რა, როგორ უნდა იწერებოდეს: შექმნა თუ შეჰქმნა, სდის თუ დის, სულთქმა თუ სულ-თქმა და სხვა ამისთანა დავიდარაბა. მგონი რუსთველს ფეხებზე ეკიდა ამისთანა ორთოგრაფია და იქნება ამ საგნის მასწავლებელს "ორი" შინაურად დაესვა მისთვის და ჩვენ კი თვალსა და გულს ვიწყალებთ."
კომისიის წევრთა თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად იშვა ვეფხისტყაოსნის პირველი აკადემიური გამოცემა, რომელიც „ქართველიშვილისეული გამოცემის” სახელითაა ცნობილი (გამოცემა დააფინანსა გიორგი ქართველიშვილმა, ცნობილმა მეწარმემ და მეცენატმა).
ვეფხისტყაოსნის ტექსტის დამდგენმა კომისიამ ჯამში 8 წელი იმუშავა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ „ქართველიშვილისეულ გამოცემის” ყდაზეც ავტორად რუსთაველია მითითებული („ვეფხისტყაოსანი რუსთაველისა“), გვაფიქრებინებს, რომ აკაკი შანიძე დიდად არც სახელოვანი წინაპრების შრომით იქნებოდა კმაყოფილი.