შენც აგირჩევენ, მეც ამირჩევენ, „ტრიფონსაც“ აირჩევენ

ანუ, თუკი წინასაარჩევნოდ ჩატარებულ სოციოლოგიურ გამოკითხვებს დავუჯერებთ და მით უმეტეს, თუკი პოლიტიკური პარტიების მიერ დაკვეთილ სოციოლოგიურ გამოკითხვებს დავუჯერებთ, მაშინ ძალიან, აი, ძალიან დავიბნევით. მაგალითად, თინათინის დაკვეთით ტარდება სოციოლოგიური გამოკითხვა? ვინ იმარჯვებს გამოკითხვის მიხედვით? თინათინი! ნიკოს დაკვეთით ტარდება? ამას რა კითხვა უნდა, ცხადია, ნიკო! ზუსტად ასეთი ვითარება იყო წინა წლებში, წინასაარჩევნოდ ჩატარებული გამოკითხვებისას და ანალოგიური გრძელდება ახლაც, 28 ოქტომბრისთვის დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებისათვის დაკვეთილი სოციალური გამოკითხვების შემთხვევაში.

ვის ირჩევს პრეზიდენტად სტუდენტობა?

19 ოქტომბერს გამოქვეყნებული სხვა გამოკვლევა სხვა შედეგებით

ვის ირჩევენ პრეზიდენტად „ქართული ოცნების“ მიერ შეკვეთილი გამოკითხვის მონაწილეები?

და რას ჰყვება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა?

რისი მაჩვენებელია სოციოლოგიური გამოკითხვების ასეთი ურთიერთგამომრიცხავი შედეგები? რას შეიძლება ემსახურებოდეს ის და აკნინებს თუ არა ზოგადად სოციოლოგიური გამოკითხვების მიმართ ნდობას ერთ პერიოდში ჩატარებული გამოკვლევების ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული შედეგები?

ამგვარი მიდგომით ხდება სოციოლოგიის, კვლევისა და ანალიტიკის სერიოზული პროფანაცია...

კახა მაღრაძე, პიარსპეციალისტი, საკონსულტაციო ჯგუფ „GEPRA“-ს ხელმძღვანელი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ პოლიტიკური პარტიების მსგავსი მიდგომა გამოკითხვების მიმართ, საკმაოდ ამცირებს ნდობას ისეთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტისადმი, როგორიც არის სოციოლოგიური გამოკითხვები, რომელსაც განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყნებში, პრობლემების ანალიზისა და მათი გამოსწორებისათვის იყენებენ. თუმცა, ის იმასაც ამბობს, რომ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები, შესაძლოა, პოლიტიკური პარტიების ხელში ერთგვარი ხრიკია ერთი მხრივ, ამომრჩეველთა გასამხნევებლად და მეორე მხრივ, პოლიტიკური ოპონენტების დასათრგუნად: „სამწუხაროდ, ამგვარი მიდგომით ხდება სოციოლოგიის, კვლევისა და ანალიტიკის სერიოზული პროფანაცია. მაგრამ შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ ეს არის საკუთარი მომხრეების მობილიზაციისათვის და მათი ლოიალობის გარანტიისთვის გადადგმული ნაბიჯი, რომ აი, ჩვენ, გამოკვლევების მიხედვით, ვლიდერობთ. თუმცა ფაქტია, რომ ასეთი ურთიერთგამომრიცხავი შედეგების დემონსტრაცია, ზოგადად საქმეს არ ადგება, არც პოლიტიკურ პროცესს და არც ამა თუ იმ პოლიტიკური სუბიექტის, როგორც ლიდერის და როგორც წარმატებული პოლიტიკური ძალის პოზიციონირებას. ერთადერთი, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს არის ხერხი საკუთარი ელექტორატის დასამშვიდებლად ან მობილიზებისათვის“. კახა მაღრაძე თვლის, რომ ამგვარი სოციოლოგიური გამოკვლევების შედეგების გამოქვეყნებას, ხშირ შემთხვევაში აზრიც კი შეიძლება დაეკარგოს.

პოლიტიკური პარტიების მიერ დაკვეთილი სოციოლოგიური გამოკვლევების პარალელურად, საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ვრცელდება სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოკვლევების შედეგებიც. 19 ოქტომბერს, არჩევნებამდე 8 დღით ადრე, ორი გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა.

ვის ირჩევს პრეზიდენტად სტუდენტობა?

აი, ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, არასამთავრობო ორგანიზაციამ „პროგრესული თაობა საქართველოსთვის“ გამოკითხვა ჩაატარა. შედეგების მიხედვით, გამოკითხული სტუდენტობა პრეზიდენტად ირჩევს:

  • · პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატ ზურაბ ჯაფარიძეს (16,4%).
  • · „ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატ შალვა ნათელაშვილს (15,5%).
  • · გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს (12,3%).
  • · „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ, დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს (4,23%).

არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ 12-18 ოქტომბერს ჩატარებულ გამოკითხვაში, 900-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. გამოკითხვას იმიტირებული არჩევნების სახე ჰქონდა. სამ უმაღლეს სასწავლებელში - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტექნიკურ უნივერსიტეტსა და შავი ზღვის უნივერსიტეტში დაიდგა კაბინები, რომლებიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არასამთავრობო ორგანიზაციას სპეციალურად ამ გამოკითხვისთვის, დროებით გადასცა, ხოლო ორგანიზაციამ „პროგრესული თაობა საქართველოსთვის“, ბიულეტენები დაბეჭდა.

გიორგი ქაჯაია, ორგანიზაციის დამფუძნებელი, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის ყოფილი ხელმძღვანელი და ამასთანავე მისი სიტყვებით, მომავალი პოლიტიკოსი, ამბობს, რომ ამ პროცესში სტუდენტების ზოგადი განწყობა იმთავითვე ცხადი იყო: „მაგალითად, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან იდგნენ ჩვენი ორგანიზაციის წევრები, ისინი ამბობდნენ, რომ ძალიან დიდი მუხტი იგრძნობოდა, გამოდიოდნენ სტუდენტები და ამბობდნენ, მოდი, რა, „ჯაფარას“ მივცეთ ხმა. მოდი, რა, შალვა შემოვხაზოთ“.

საქართველოში, სტუდენტებში გამარჯვებულ ძალას, არასდროს წაუგია...

იაგო ხვიჩია, პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ხელმძღვანელი, სულაც არ არის გაკვირვებული ამ შედეგით და ამბობს, რომ მათი პარტიის სამიზნე ჯგუფი, სწორედ ახალგაზრდები და „მოაზროვნე ხალხია“: „ჩვენი პოლიტიკა ახალია ამ ქვეყნისთვის. ასეთი პოლიტიკა ამ ქვეყანაში არც კეთდება და არც კეთდებოდა და ველოდით, რომ ახალგაზრდები შეგვამჩნევდნენ. ჩვენ უარი ვთქვით ყველა იმ ტრადიციულ გზაზე, რომლითაც ხასიათდება ქართული პოლიტიკა, მაგალითად, კოორდინატორების დაქირავება, ფულის დარიგება, არასერიოზული დაპირებები და ამას გარდა, ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც მარტო იბრძვის ქვეყანაში ადამიანის უფლებების, თავისუფლების გასაფართოებლად. ყველა სხვა ინსტიტუცია აღმოჩნდა სხვა მხარეს და ეს კარგად გვაჩვენა მარიხუანის საქმემაც, დაწყებული საპატრიარქოთი და დამთავრებული ყველა სხვა ოპოზიციური ძალით ქვეყანაში. გარდა ამისა, ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც ადამიანს, ერთ ინდივიდს აყენებს კოლექტივზე მაღლა. სწორედ ამიტომ, შეუძლებელი იყო, რომ ეს არ შეემჩნია ახალგაზრდებს. ის, რომ სტუდენტები გვამჩნევენ, ვფიქრობ, რომ ბევრი რამის ნიშანია. საქართველოში, სტუდენტებში გამარჯვებულ ძალას, არასდროს წაუგია“.

19 ოქტომბერს გამოქვეყნებული სხვა გამოკვლევა სხვა შედეგებით

ორგანიზაციის - „პროგრესული თაობა საქართველოსთვის“ - მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგები და სტუდენტების არჩევანი თავდაყირა დააყენა ასევე 19 ოქტომბერს გამოქვეყნებულმა კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ სახელწოდებით „ნდობის რეიტინგი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ“. 12 ოქტომბერს, თბილისში, მარჯანიშვილის მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რომელშიც 600-მდე მოქალაქემ, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მიიღო მონაწილეობა, გაირკვა, რომ გამოკითხულთა პასუხების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში ლიდერობენ:

  • · სალომე ზურაბიშვილი -18,8%
  • · გრიგოლ ვაშაძე - 18,2%
  • · ზურაბ ჯაფარიძე - 5,5%

რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, ამ ჩამონათვალში მეოთხე ადგილს იკავებს „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე 4%-ით. მას მოსდევს „შენების პარტიის“ თავმჯდომარე, პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი 1,8%-ით.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ წინასაარჩევნო სოციოლოგიურ გამოკითხვებს 2013 წლიდან ახორციელებს და როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, მათი გამოკითხვის შედეგები მხოლოდ მცირედი ცდომილებით, მაქსიმალურად ემთხვევა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ არჩევნების საბოლოო შედეგებს: „ჩვენ ვემსახურებით საზოგადოებას, ვგრძნობთ ამ საზოგადოების განწყობებს და მაშინ, როდესაც ცალკეული ორგანიზაციები გრანტების ფარგლებში ახორციელებენ სოციოლოგიურ კვლევებს და მათ მიმართ გარკვეულწილად არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, მიგვაჩნია, რომ დამოუკიდებელი ინიციატივები ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია“.

ვის ირჩევენ პრეზიდენტად „ქართული ოცნების“ მიერ შეკვეთილი გამოკითხვის მონაწილეები?

მოდი, ახლა ჩავხედოთ „ქართული ოცნების“ მიერ შეკვეთილ, შიდაპარტიული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს, რომელიც არჩევნებამდე 10 დღით ადრე, 18 ოქტომბერს გამოქვეყნდა:

  • · სალომე ზურაბიშვილი 53%-იანი მაჩვენებლით გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში.
  • · გრიგოლ ვაშაძე - 19%
  • · დავით ბაქრაძე 17%-ს მიიღებს.
  • · რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, მათ, ერთად აღებული, ამომრჩეველთა 11%-იანი მხარდაჭერა აქვთ.

"ქართული ოცნების" შეკვეთით, სოციოლოგიური კვლევა "ფსიქოპროექტმა" ჩაატარა. ამ კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია ფსიქოლოგი ზურაბ ბიგვავა, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი. კვლევის შედეგები გამოაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

და რას ჰყვება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა?

გამოკვლევა ჩაატარა საერთაშორისო ორგანიზაცია „ედისონ რისერჩმა“. მისი შედეგები კი 27 სექტემბერს გამოქვეყნდა. პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე, 14-დან 23 სექტემბრის ჩათვლით, სულ 3 000 რესპონდენტი გამოიკითხა. კვლევის ცდომილება კი 2 %-ია.

გამოკვლევის თანახმად, საქართველოს მომავალი პრეზიდენტის ვინაობა, სავარაუდოდ, 28 ოქტომბერს ვერ გაირკვევა და საჭირო გახდება მეორე ტური. მეორე ტურის შედეგები კი ასე გამოიყურება:

  • · გრიგოლ ვაშაძე - 50%
  • · სალომე ზურაბიშვილი - 24%
  • · არ ვიცი / არ ვუპასუხებ - 26 %

და, აბა, რაღა გასაკვირია, თუკი „ევროპული საქართველოს“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ამომრჩევლებში ლიდერობს ამ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე - 13,2%-ით. რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს:

  • · გრიგოლ ვაშაძე - 13.2%
  • · სალომე ზურაბიშვილი -10,2%
  • · შალვა ნათელაშვილი - 4,6%

"ევროპული საქართველოს" ცნობით, კვლევა მათი დაკვეთით, ქართულმა კომპანიამ „ბიზნეს საკონსულტაციო ჯგუფმა“ (BCG) ჩაატარა 15-22 სექტემბერს. სულ ქვეყნის მასშტაბით 1505 ადამიანი გამოჰკითხეს. კვლევის ცდომილება შეადგენდა 2-3 %-ს, ხოლო კვლევის სანდოობა არის 95%.

28 ოქტომბერს, საპრეზიდენტო არჩევნებში 25 კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. მათგან 19 წარდგენილია პოლიტიკური პარტიის, ხოლო 6 საინიციატივო ჯგუფის მიერ.