შემცირდება თუ არა თამბაქოს კვამლი 1 მაისიდან

1 მაისიდან საქართველოში ამოქმედდება თამბაქოს კონტროლის კანონით დადგენილი ახალი წესები და თამბაქოს მოწევა აიკრძალება დახურულ დაწესებულებებსა და ტრანსპორტში. ეს სიახლე რადიო თავისუფლების რესპონდენტების არამწეველი ნაწილისთვის მისაღებია, თამბაქოს მომხმარებლები კი უკმაყოფილონი არიან.

Your browser doesn’t support HTML5

შემცირდება თუ არა თამბაქოს კვამლი 1 მაისიდან

მწეველთა გაკონტროლების სირთულეზე მიუთითებენ კაფე–ბარებისა და რესტორნების მფლობელები, რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ მოსალოდნელ ზარალზეც. ერთ-ერთი რესტორნის მენეჯერი, ზურაბ ჩხიკვაძე, ამბობს, რომ თამბაქოს მომხმარებელთათვის მოწევის აკრძალვა მარტივი არ იქნება.

თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელის, გიორგი ბახტურიძის, განმარტებით, ტრანსპორტისა და დახურული სივრცეების გარდა, თამბაქოს ნაწარმის მოხმარება იკრძალება ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს, პროფესიულ და 18 წლამდე პირთათვის განკუთვნილ ნებისმიერ დაწესებულებაში და მათ მიმდებარედ, ასევე სამედიცინო დაწესებულებებსა და მათ ტერიტორიაზე. კანონის დამრღვევი ფიზიკური პირისთვის ჯარიმა 50 ლარია, იურიდიულისთვის კი - 500. გიორგი ბახტურიძის განცხადებით, კანონის აღსრულებაზე კონტროლი უნდა განახორციელონ შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებმა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და ადგილობრივი თვითმმართველობის ზედამხედველობის სამსახურმა.

თამბაქოს მომხმარებელთა ნაწილი ახალი წესის მომხრეა, ნაწილი კი ამბობს, რომ კვების ობიექტებში სპეციალური ადგილები უნდა იყოს, სადაც თამბაქოს მოწევა ნებადართული იქნება. დახურულ შენობა-ნაგებობებში მოწევის აკრძალვას რესპონდენტთა ნაწილი არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ახალი წესები თამბაქოს მომხმარებელთა რიცხვს არ შეამცირებს.

კვების ობიექტებში თამბაქოს მომხმარებელთათვის ცალკე სივრცის გამოყოფას არაეფექტურად მიიჩნევს თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე. მისი განმარტებით, მგავსი ნაწილობრივი შეზღუდვა ვერ უზრუნველყოფს მწეველთა რაოდენობის შემცირებას და თამბაქოს კვამლით მიღებული ზიანის პრევენციას. გიორგი ბახტურიძის განცხადებით, პრევენციის, ე.წ. პასიური მწეველების დაავადებების, მწეველთა რაოდენობისა და მოზარდებში თამბაქოს მოხმარების დაწყების შემცირებისთვის აუცილებელია კანონის სათანადოდ აღსრულება. რადიო თავისუფლების რესპონდენტთა არამწეველი ნაწილი გარკვეულ ადგილებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვას დადებითად აფასებს.

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით, 2018 წლის 1 სექტემბრიდან უნდა აიკრძალოს თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმის რეკლამა და პოპულარიზაცია, მათ შორის - სავაჭრო ობიექტების ვიტრინებსა და ვიტრაჟებზე თამბაქოს ნაწარმის დადება.