სასურსათო მაღზიებისა და აფთიაქების გარდა, მუშაობს აგრარული ბაზარიც, თუმცა იქაც მყიდველისა და გამყიდველის სიმცირეა. ქუთაისში, საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მსგავსად, 28 ნოემბრიდან მუშაობა შეწყვიტეს დიდმა სავაჭრო ცენტრებმა, ღია და დახურულმა ბაზრობებმა და საქალაქო ავტოტრანსპორტმა. კაფეებსა და რესტორნებს მუშაობა მხოლოდ გატანის სერვისით შეუძლიათ. ქუთაისის ისტორიულ უბანში მდებარე კაფე „აურას“ მფლობელი გიორგი ჭელიძე ამბობს, რომ გატანის მომსახურება არ აქვს, რადგან მხოლოდ ამ სერვისით ხარჯის ანაზღაურებას ვერ შეძლებს. გიორგი ჭელიძის თქმით, მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ, კაფე გაკოტრების პირასაა. მფლობელს ამ ეტაპზე ფართის ნაწილზე უარის თქმა უწევს, რადგან იჯარის გადასახადს ვეღარ იხდის: „პუშკინის ქუჩაზე ყველა კაფე ასეა. მაქსიმალურად შევიზღუდეთ. თანამშრომლები აღარ გვყავს თითქმის. გატანის სერვისი, არ ვიცი, რა იქნება“.
თანამშრომელთა ნაწილი დაითხოვეს დიდი და მცირე რესტორნების მფლობელებმა. ქუთაისის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მენეჯერი, თომა ლილუაშვილი, გვეუბნება, რომ პერსონალიდან მხოლოდ მზარეულები დაიტოვეს, რადგან გატანის და მიტანის სერვისი აქვთ: „ჩვენი სამზარეულო უყვართ ქუთაისში, თუმცა ბევრი ადამიანი გვრჩება უმუშევარი, რადგან მომსახურე პერსონალს ამ ეტაპზე ვერ შევინარჩუნებთ“.
საქართველოს მთავრობაში განაცხადეს, რომ ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, რესტორნების, სასტუმროებისა და ტურიზმის სფეროს სხვა ობიექტებისთვის 6 თვის განმავლობაში იმოქმედებს საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირება, 2021 წელს კი ისინი ქონების გადასახადისგან გათავისუფლდებიან. სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ კერძო ბაგა-ბაღების მფლობელებიც, რადგან 28 ნოემბრიდან მუშაობა შეაჩერეს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმაც. კერძო ბაგა-ბაღების ასოციაციის ხელმძღვანელი პავლე ქალიაშვილი ამბობს, რომ პანდემიის პირველი ტალღის დაწყებამდე ასოციაციაში 270 ბაღი იყო გაერთიანებული, ბოლო თვეებში მათი რიცხვი თითქმის განახევრდა და ბაღების დახურვა ისევ გრძელდება, რადგან მფლობელები შემოსავლის გარეშე დარჩნენ. პავლე ქალიაშვილის თქმით, საბავშვო ბაღების დიდი ნაწილი ნაქირავებ შენობაში ფუნქციონირებდა და იჯარის თანხის გადახდას ვერ ახერხებს. „გაურკვეველ ვითარებაში ვართ, 3 800 თანამშრომელია სამსახურის გარეშე დარჩენილი, რომლებსაც შემოსავალი არ აქვთ. ასვეე ყურადღებამისაქცევია ჩვენი საბანკო ვალდებულებები, რადგან ზოგიერთ კერძო ბაღს შენობა იპოთეკით აქვს დატვირთული. პირველ ეტაპზე გადავადდა. ახლა კომუნიკაცია გვქონდა ბანკების წარმომადგენლებთან, ჯერჯერობით შემოთავაზება არ არის“.
პავლე ქალიაშვილისვე განცხადებით, კერძო ბაგა-ბაღებს, როგორც ბიზნესს, სახელმწიფოს დახმარება არ შეხებია და, გაზაფხულზე დაწესებული შეზღუდვების გამო, მხოლოდ უმუშევრად დარჩენილმა თანამშრომლებმა მიიღეს ერთჯერადი დახმარება.
ქუთაისში 24 დეკემბრამდე არ მუშაობენ დიდი სავაჭრო ცენტრები. ერთ-ერთი მათგანის დირექტორი, ნატო დანელია, ამბობს, რომ ცენტრში მდებარე 250 მაღაზიის მფლობელები და თანამშრომლები ყოველდღიური შემოსავლის გარეშე რჩებიან: „ახლა, ალბათ, დაიწყება ის საშინელი პერიოდი, როდესაც ხალხი ელემენტარულ მოთხოვნილებას ვერ დააკმაყოფილებს და ვალდებულებების შესრულებას ვერ შეძლებენ“.
ნატო დანელიას ინფორმაციით, მომავალი ორი თვის განმავლობაში სავაჭრო ცენტრში ფართების მფლობელები მოიჯარეებს შეღავათს გაუკეთებენ, ცენტრის ადმინისტრაცია კი მოვაჭრეებს გაათავისუფლებს კომუნალური და სხვა მომსახურების გადასახადისგან და მათ მხოლოდ საკუთრების დაცვისთვის მოუწევთ თანხის გადახდა.
დაწესებული შეზღუდვები მისაღებია ქუთაისში გამოკითხული რესპონდენტების ნაწილისთვის, ნაწილი კი ამბობს, რომ გაუგებარია, რას აპირებს ხელისუფლება ამ აკრძალვების ვადის ამოწურვის შემდეგ. რესპონდენტთა ერთი ნაწილისთვის მიუღებელია საქალაქო ავტოტრანსპორტის აკრძალვა, რადგან სამსახურამდე მისვლას ვეღარ ახერხებენ.