ყვარლიდან 26 კილომეტრით დაშორებულ სოფელ მთისძირში მცხოვრებთა ერთი ნაწილი ათწლეულების განმავლობაში მოუგვარებელ პრობლემებზე ჩივის და ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. როგორც რადიო თავისუფლებას ადგილზე უთხრეს, ყველაზე დიდ პრობლემას ქმნის მწყობრიდან გამოსული საგზაო ინფრასტრუქტურა. მოსახლეობა ამბობს, რომ ცენტრალურ მთავარ გზაზე ასფალტის საფარი, დიდი ხანია, აღარ განახლებულა, რის გამოც უამინდობის დროს გადაადგილება ძნელდება.
აღსანიშნავია, რომ სოფლის ორ ქუჩაზე ასფალტის საფარი საერთოდ არასოდეს ყოფილა. მოსახლეობა ამბობს, რომ საბჭოთა პერიოდიდან დღემდე არაერთხელ დაჰპირებიან, რომ გზას დააგებდნენ, მაგრამ ყველა ასეთი დაპირება დაპირებად დარჩა.
„გზები არ გვივარგა, სულ აყრილია. არადა, გასულ წელს ვითომ სამუშაოები დაიწყეს და გვითხრეს, გზას დავაგებთო. აქ აღარავინ მოსულა... საქმე ისაა, რომ მცირეოდენ რამეს თუ აკეთებენ, ისიც უხარისხოდ. მაგალითად, შარშან წყალზე გადასასვლელი გააკეთეს და აბა, ახლა ნახეთ, უკვე ჩანგრეულია!“ - უთხრა რადიო თავისუფლებას მთისძირში მცხოვრებმა ტარიელ მოსიძემ.
Your browser doesn’t support HTML5
მთისძირში პრობლემა მხოლოდ გზა არ არის. 300-კომლიან დასახლებაში ამბობენ, რომ სასმელად ხშირად უვარგის წყალს იყენებენ. როგორც ლალი მოდებაძემ გვითხრა, სოფელს წყალი ყოველგვარი გაფილტვრის გარეშე მიეწოდება, ამიტომ ხარისხი მაშინვე უარესდება, როგორც კი წვიმა მოდის. მოსახლეობა ამბობს, რომ გასულ წელს წყლის სათავეს სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა, მაგრამ პრობლემა ვერ მოგვარდა.
„წყალი ხან არის, ხან არა, მაგრამ ჩვენი პრობლემაა მისი ხარისხი. როგორც კი გაწვიმდება, ონკანებიდან ტალახი მოდის. უნდა ითქვას, რომ სოფელში გვაქვს მხოლოდ მაღაზია, სკოლა და ბაღი, სხვა არაფერი...“ - ამბობს მთისძირში მცხოვრები ლალი მოდებაძე.
მთისძირელებისთვის კიდევ ერთ პრობლემას ქმინს გარე განათების სისტემა. ადგილობრივთა ერთი ნაწილის თქმით, სოფელში დამონტაჟებული სანათებიდან თითქმის ნახევარზე მეტი აღარ მუშაობს და, არაერთი თხოვნის მიუხედავად, მისი გამოცვლა ვერ ხერხდება. მოსახლეობა უკმაყოფილოა იმითაც, რომ ქუჩებში განათება 19:00-დან 24:00 საათამდე მუშაობს, შემდეგ კი საერთოდ ითიშება. ისინი ვარაუდობენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ხალხის ხარჯზე ეკონომიას აკეთებს. პრობლემებზე საუბრისას მთისძირში მცხოვრებმა დათო არაბიძემ განსაკუთრებით გამოყო ბოლო ერთი წლის მანძილზე თითქმის ყველა სახის პროდუქტის გაძვირება.
„განა კომუნისტების დროს არ უჭირდა ხალხს, მაგრამ ახლა უარესი მდგომარეობაა. იცით თქვენ, ჩემთვის რას ნიშნავს, როცა ყველაფერი გაძვირდა... აქ ლაპარაკი უკვე ზედმეტია. მე ლუკმა პური რომ შევჭამო, ყოველდღე ვმუშაობ, მაგრამ ამ გაძვირების ფონზე ჭამაზე მეტის გამომუშავება შეუძლებელია“, - თქვა დათო არაბიძემ.
აღსანიშნავია, რომ, შემდგომი ზეწოლის შიშით, მოსახლეობის ნაწილს ჟურნალისტებთან გამოჩენა საერთოდ არ სურს. ამბობენ, რომ შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლებისგან საყვედურს მიიღებენ. რადიო თავისუფლებამ კონკრეტული შეკითხვებით ყვარლის მერიას მიმართა. ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ალექსანდრე გიგაური ამბობს, რომ პროექტი უკვე ნაყიდი აქვთ და წელს სოფელში ცენტრალური და სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოასფალტება იგეგმება, რისთვისაც მილიონ-ნახევარი ლარია საჭირო. დაზიანებულ გარე განათებასა და სასმელი წყლის პრობლემასთან დაკავშირებით კი ამბობს:
„2020 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამით წყლის სათავე ნაგებობა გაიწმინდა და გასუფთავდა. მე ვიცი, რომ ამ სოფელში დაბინძურებული წყლის პრობლემა აღარ არის. შესაძლებელია წვიმის დროს გაფუჭდეს, აიმღვრეს წყალი, მაგრამ ადრე სოფელს რა პრობლემაც ჰქონდა, ის მოგვარებულია. გარე განათების პრობლემაც წელს უნდა მოგვარდეს. ახლა ჯერ სამუშაოები ყვარელში მიდის“.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში 723 ადამიანი ცხოვრობს. არსებული მოუგვარებელი პრობლემების გამო სოფლიდან მიგრაცია იზრდებაო, ამბობენ მთისძირელები და ამის დასტურად მიგვითითებენ მიტოვებულ სახლებზე, რომელთა რაოდენობა, მათი თქმით, წლიდან წლამდე მატულობს.