შაქარაშვილის საქმე: “მექანიკური შეცდომა“ დასკვნაში - რა არ უნდა გამოგრჩეს 21 ივლისს

გვამური გაშეშება - „მექანიკური შეცდომა“, რომელიც ერთი თვე ვერ იპოვეს?

„გვამური გაშეშება გამოხატულია ყველა ჯგუფის კუნთებში“ - მექანიკური შეცდომაა“, - ასე გამოეხმაურა დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე უკრაინელი ექსპერტის, გალინა კარმოშინას და ცენტრ „ემპათიის“ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი გარდაიცვალა არა 19 ივნისს, ინციდენტის ღამეს, არამედ 20 ივნისს, შუადღისას. ეს მოსაზრებები მათ 19 ივლისს, ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერით გასულ სიუჟეტსა და შემდეგ უკვე გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ გამოთქვეს.

ალექსანდრე გეჯაძე, რომელიც შაქარაშვილის ოჯახის მოთხოვნით იყო ჩართული სამედიცინო-სასამართლო ექსპერტიზაში, ამბობს:

ეს ოქმი გამომძიებლის მიერ ექსპერტის კარნახითაა შედგენილი. იმ ადგილზე რა რია-რიაც იყო, კარგად ნახეთ. შესაბამისად, „გვამური გაშეშება გამოხატულია კარგად ყველა ჯგუფის კუნთებში“ - ეს არის მექანიკური შეცდომა, ამაში ორი აზრი არ არის, რამეთუ, დოკუმენტში ამავდროულად წერია, რომ გაშეშებასთან ერთად ადგილი აქვს გვამური ლპობით ცვლილებებს. წარმოუდგენელია, გაშეშება იყოს ყველგან გამოხატული და ამავდროულად იყოს მოგვიანებითი გვამური მოვლენები, კერძოდ კი, ლპობა გამოხატული. პოვნიდან რამდენიმე საათში ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გაიკვეთა, გამოხატული იყო ლპობითი ცვლილებები, როგორც შემთხვევის ადგილზე, ასევე პროზექტურაში. ეს მექანიკური შეცდომა ალბათ გამოსწორდება გამოძიების მიერვე, დაიკითხება ის გამომძიებელი, ვინც ეს ოქმი შეადგინა, ის ექსპერტიც, ვინც ეს უკარნახა. ვიმეორებ, წარმოუდგენელია, გვამური გაშეშება იყოს ყველგან გამოხატული და, ამავდროულად, ლპობითი ცვლილებები იყოს“.

გიორგი შაქარაშვილის გვამის პოვნისას, 22 ივნისს, ექსპერტი მდინარის პირას, გვამის დათვალიერების ოქმში წერს, რომ სახეზეა გვამური გაშეშება ყველა ჯგუფის კუნთებში“.

დამოუკიდებელ ექსპერტთა განცხადებით, გვამური გაშეშება გრძელდება, მხოლოდ და მხოლოდ, 48 საათს და შემდეგ ის იხსნება, რაც ლოგიკურად იმას ნიშნავს, რომ რაკიღა გიორგი შაქარაშვილის გვამი მაშველებმა იპოვეს 22 ივნისის შუადღის სამი საათისთვის და რაკი ექსპერტი მდინარის პირას დათვალიერების ოქმში წერს, რომ „სახეზეა გვამური გაშეშება ყველა ჯგუფის კუნთებში“, შაქარაშვილი გარდაიცვალა არა 19 ივნისის ღამეს, არამედ, 20 ივნისს, შუადღისთვის.

როგორ ვერ შეამჩნიეს სპეციალისტებმა აქამდე, ერთი თვის განმავლობაში, ალექსანდრე გეჯაძის მიერ ნახსენები „მექანიკური შეცდომა“, ჯერჯერობით, უცნობია.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

დასახელდა "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ქვეყნის მასშტაბით

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დღეს, 20 ივლისს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა მთელი ქვეყნის მასშტაბით. კანდიდატებს შორის არიან ფეხბურთელები, ექიმები, მომღერალი, მოქმედი პარლამენტარები, გუბერნატორები, ქალაქის მერები და ბიზნესმენები.

მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი დეპუტატობის 30 კანდიდატიდან თბილისსა და საქართველოში მხოლოდ ერთი ქალია - ნინო ლაცაბიძე, რომელიც რუსთავში იბრძოლებს მაჟორიტარობისთვის, თბილისის საკრებულოს მოქმედი წევრია. „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა და პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მისი წარდგენისას აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ის 4 შვილის დედაა.

მაჟორიტარი კანდიდატების სია თბილისში ასე გამოიყურება:

  1. საბურთალო - დავით სერგეენკო, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი
  2. ვაკე - ნოდარ ტურძელაძე, ვაკის გამგებელი
  3. გლდანი - ლევან კობიაშვილი, სპორტსმენი, დეპუტატი
  4. სამგორი - სოზარ სუბარი, პრემიერის მრჩეველი
  5. მთაწმინდა-კრწანისი - ბექა ოდიშარია, მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი, დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
  6. ისანი - კახა კახიშვილი, სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი
  7. ნაძალადევი - მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის დეპუტატი, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტი
  8. დიდუბე-ჩუღურეთი - გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.

დასახელდნენ კანდიდატები რეგიონებშიც. სრული სია შეგიძლია ნახო აქ.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში

დღეს ცნობილი გახდება ახალი მონაცემები კორონავირუსით ინფიცირებულთა შესახებ. გუშინ კი გარდაცვლილთა რაოდენობას კიდევ ერთი პაციენტი მიემატა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, გარდაცვლილი ასაკოვანი მამაკაცია.

„დაახლოებით 15 წუთის წინ მომივიდა ეს ინფორმაცია, რომ მე-16 პაციენტი დაგვეღუპა, სამედიცინო დაწესებულებას ვერ გეტყვით, 70 წელს გადაცილებული მამაკაცია”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ მედიასთან კომენტარში.

გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა. ეს 15 ივნისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1039-მდე გაიზარდა.

პრეტენზიები საქართველოსთან - გამოხატავს თუ არა აზერბაიჯანული გამოცემის პოზიცია ოფიციალური ბაქოს წყენას

აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან აფილირებული მედია ამტკიცებს, რომ ქვეყნის სტრატეგიულმა პარტნიორმა, სერბეთმა, კიდევ ერთი სტრატეგიული პარტნიორის, საქართველოს დახმარებით, სომხეთს სამხედრო ტვირთი მიაწოდა.

ნაღმმტყორცნები თოვუზის დასაბომბად [სომხეთს] სერბეთმა საქართველოს დახმარებით გაუგზავნა - ამ სათაურით სარედაქციო წერილი აზერბაიჯანულმა პროსახელისუფლებო ვებსაიტმა “Haqqin” 19 ივლისს გამოაქვეყნა.

წერილის თანახმად, გამოცემისთვის ცნობილი გახდა “სენსაციური ფაქტები”, რომ სომხეთი წინასწარ ემზადებოდა თავდასხმისთვის აზერბაიჯანის საზღვარზე.

სამხედრო წყაროებისგან Haqqin-ისთვის ცნობილი გახდა, რომ [აზერბაიჯანზე] თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე და სამხედრო მოქმედებების მსვლელობისას, სერბეთიდან საქართველოს გავლით სომხეთში ჩავიდა სხვადასხვა კალიბრის ნაღმმტყორცნების მსხვილი პარტია”.

რატომ ამარაგებს სომხურ არმიას სერბეთი? ოფიციალურმა თბილისმა რამდენიმე წლის წინ საკუთარი ტერიტორიის გავლით არ აკრძალა სომხეთისთვის სამხედრო ტვირთების ტრანზიტი? რატომ დაუშვა გამონაკლისი სერბეთის შემთხვევაში? - ისმება კითხვები სარედაქციო წერილში.

Haqqin, ასევე, წერს, რომ სოციალურ ქსელებში გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს ამავე დღეებში სომხეთში უკვე რუსეთიდან, თუმცა ისევ საქართველოს გავლით, სახმელეთო გზით, ჩავიდნენ “კამაზის” ავტომობილები “გრადის” დანადგარებითა და ნაღმმტყორცნი საბრძოლო მასალებით.

წაიკითხე მეტი.

ევრორემონტი საკრალურ ადგილზე

თბილისის მერმა მორიგი პირდაპირი ჩართვის დროს საზოგადოებას სიურპრიზად წარუდგინა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის მოწყობის პროექტი და განაცხადა, რომ ასეთ იერსახეს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი რამდენიმე დღეში, ივლისის ბოლოს ან აგვისტოს პირველ რიცხვებში, მიიღებს.

თბილისის მერიის ასეთმა გადაწყვეტილებამ, რომელიც არც საჯაროდ განხილულა და არც სპეციალისტებთან შეთანხმებულა, საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წლის 20 იანვრიდან მიმდინარეობს, თავდაპირველი გეგმის მიხედვით, რეაბილიტაცია 21 მარტს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი დღემდე შემოღობილია.

ვადების დარღვევა პანდემიას დაბრალდა, თუმცა იმთავითვე საეჭვო იყო რეაბილიტაციის აუცილებლობა. პარლამენტის მოედნის შემოღობვით თბილისის მერიამ საპროტესტო სივრცე ჩაუკეტა როგორც მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებს, ასევე მალხაზ მაჩალიკაშვილს, რომელსაც 2019 წლის 30 დეკემბრამდე (ვიდრე თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურმა არ აიღო) კარავი ჰქონდა გაშლილი.

პარლამენტის მოედანზე ფილების აყრამდე, თბილისის მერიამ სწორედ ამ ადგილზე უმასპინძლა საშობაო ბაზრობასა და ატრაქციონებს, აქ გაშალა ზვიგენის ფორმის გასაბერი ბატუტი. მალხაზ მაჩალიკაშვილი დარწმუნებული იყო, რომ ყოველივე ეს მისი პროტესტის აღსაკვეთად გაკეთდა.

წაიკითხე მეტი.

Your browser doesn’t support HTML5

5 მითი აცრებზე (რომლებსაც ზოგჯერ ექიმებიც ავრცელებენ)