შალია ფოტოგრაფი რაჭიდან - რაჭაში ფოტოაპარატით, ისრაელში - თონესთან

შალია (შალვა შიმშილაშვილი)

ჩვევად მაქვს, ხანმოკლე შვებულებისას რაჭაში როცა ვბრუნდები, ძველ ალბომებს გადმოვიღებ და ვათვალიერებ ხოლმე. ჩემები რატომღაც აღარ შლიან ამ ალბომებს. ალბათ, იმიტომ, რომ მათთვის ყველაფერი ისევ ისეა, როგორც 30 წლის წინ. არაფრის გადამეორება არ სჭირდებათ. მე კი იქედან წამოსული ვარ. წამოსული ვარ და მავიწყდება. და რადგან მავიწყდება, ვიხსენებ.

იმ ალბომებში სულ ძველი ფოტოებია. მათგან ბევრი - ერთ ადგილას გადაღებული. ერთ ბაღში, ერთ ფოტოატელიეში, ერთი ფოტოაპარატით და ერთი ფოტოგრაფის მიერ. ეს ფოტოატელიე ქალაქის ცენტრში რომ ყველაზე სერიოზულსახიანი ხალხი მუშაობდა, იმ შენობის გვერდით იყო და იქ შალია ფოტოგრაფი მუშაობდა. შალიამ გადაარჩინა ჩემი, ჩემი მეგობრების, მათი მამების და დედების, ბაბუების და ბებიების და მგონი, მთელი რაჭის თავგადასავლები. ზოგის ბავშვობა და ზოგისაც ახალგაზრდობა. კიდევ იმ დროინდელი დემონსტრაციები, ომის ვეტერანების თავშეყრები, პატარა ქალაქის ყველა ზეიმი: რაც იყო და როგორც იყო.

ამ ფოტოზეც, დედაჩემი რომ ახალგაზრდაა, მე კი, სამი-ოთხი წლისას, ხავერდის დათვი მყავს ჩაბღუჯული, ალბათ, შალიას შევყურებ. ამაზეც, საბავშვო ბაღში რომ „ახალი წელი“ ვიყავი და თავზე ქაღალდისგან გამოჭრილი გვირგვინი მადგას, ნაძვის ხის სათამაშოს ნამსხვრევებით გაფორმებული, შალიას ფოტოობიექტივს ვუცინით. გვერდით ნანა კანთელაძე მიდგას, ჩემი ჯგუფელი - საუკუნეა აღარ მინახავს. ალბათ, ვერც ვიცნობ.

Your browser doesn’t support HTML5

შალია ფოტოგრაფი რაჭიდან - რაჭაში ფოტოაპარატით, ისრაელში - თონესთან

შალია კი უცებ ვიცანი. ეგრევე. როცა ფეისბუკზე, სულ შემთხვევით, მის ფოტოს გადავეყარე - ისევ ისეთია, როგორც 30 წლის წინ, როცა უკანასკნელად ვნახე.

აუ, როგორ გამიხარდა მისი დანახვა!

და იცით რატომ? იმიტომ, რომ ის ადგილები, სადაც შალია ფოტოებს გვიღებდა, შეცვლილია. ამბროლაურის ცნობილი ასწლოვანი ცაცხვის ხე მოტყდა და მერე მოჭრეს, აღარც ის ბაღია ისეთი, სადაც მთავარი ფოტოსესიები ეწყობოდა ხოლმე, კინოთეატრის შენობაში რაღაც საქელეხო დარბაზია გახსნილი. შალია კიდევ ერთ-ერთი იყო, ვინც ეს ყველაფერი ფოტოებში გადაარჩინა.

რაჭველები იხსენებენ, შალია რომ მიდიოდა, მთელი ქალაქი აცილებდაო. ამბროლაურისთვის თავისი მანქანით წრე დაურტყამს - ზოგს ეს კადრი არ ავიწყდება.

შალია (შალვა შიმშილაშვილი) ებრაელია. როცა მიწისძვრის შემდეგ ებრაელები რაჭიდან მასიურად წავიდნენ, რაჭა მისმა ოჯახმაც დატოვა.

“რომ მივდიოდი, გული მანდ მრჩებოდა და დღემდე, ერთადერთ სიზმარს ვხედავ, როგორ მოვფრინავ რაჭის თავზე და ქვემოთ ამბროლაურს ვხედავო”, - გვითხრა უკვე 80-ს გადაცილებულმა ფოტოგრაფმა... და ახლა უკვე მეპურემ.

თუკი რაჭაში რამე საინტერესო ხდებოდა, შალია იღებდა - ფოტოსაც და ვიდეოსაც. მაშინდელი “მოამბის” გამოშვებებისთვისაც ამზადებდა მასალებს. “ფოტოგრაფ ქურდს” მეძახდნენო, იხსენებს, მიპარვით გადაღება ჰყვარებია, კადრების მოპარვა, სახეში რომ მიყურებდნენ, ეგეთი ფოტოები არ მიყვარდაო.

დღეს შალია ფოტოგრაფი ისრაელში ცხოვრობს და პურს აცხობს. რაჭაში ერთი განთქმული მეპურე ძმებისგან უსწავლია ეს ხელობა - ყურებით და დაკვირვებით. როცა რაჭიდან წავიდა, იქ გამოადგა. მისი არქივის ნაწილი რაჭაში, ოჯახებშია გაბნეული, ნაწილი დაიკარგა.

რაჭველები იხსენებენ, შალია რომ მიდიოდა, მთელი ქალაქი აცილებდაო. ამბროლაურისთვის თავისი მანქანით წრე დაურტყამს - ზოგს ეს კადრი არ ავიწყდება.

შალია ფოტოგრაფის ამბავს რომ ვიხსენებდი, ჩემმა კოლეგამ და მეგობარმა, ნინო თარხნიშვილმაც მითხრა, ჩვენც გვყავდა ეგრე ფასანაურში ჩვენი ფოტოგრაფი ლიოვაო. მერე კიდევ ვიღაცამ გაიხსენა თავისი ქალაქის ფოტოგრაფის ამბები. იმდროინდელი ამბები, როცა სმარტფონები არ გვქონდა, არც პირადი ფოტოაპარატები და სურათის გადასაღებად ფოტოატელიეში წასვლა მთელი რიტუალი იყო. და მერე მოუთმენლად ლოდინი, როდის ამონათდებოდა ჩვენი სახეები მოწითალო შუქზე ბნელ ოთახში.