შავი ჭირი, ქოლერა, სახადი, „ისპანკა“... - რას გადაურჩა საქართველო?!

საქართველომ უკანასკნელი საუკუნეების განმავლობაში არაერთი ეპიდემია გადაიტანა. მომაკვდინებელ სენთან ბრძოლის ქრონიკები შემორჩენილია როგორც ცალკეულ ადამიანთა მოგონებებში, ასევე სახელმწიფო უწყებების დოკუმენტებსა და საგაზეთო პუბლიკაციებში.

1811 წელი მძიმე იყო ქართლ-კახეთისათვის რამდენიმე მიზეზის გამო. რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, რომელიც 14 საუკუნეს ითვლიდა. 1811 წელსვე მთავარმართებლად დაინიშნა მარკიზი პაულიჩი - „კაცი ელამი რაგვარათაც თვალითა, ეგრეთვე სულითაცა და მოქმედებითა. მაშინ იყო შემჭირვებაი დიდი ქართველთა ზედან მარკიზისაგან“, რომლის მოქმედებას მოჰყვა კიდეც 1812 წლის დიდი ამბოხება კახეთსა და ქართლში (ტფილისსაც კი მიუახლოვდა). არ დარჩა კახეთში სოფელი, რომელსაც ეგზეკუცია - რუსული მმართველობის უმთავრესი იარაღი - არ შეხებია. „სადაც განვლიდიან რუსნი, ამჭირვებდიან სოფლებთა ცემითა, ტაცებითა და რთმევითა, თვინიერ თეთრისა... გარნა სხვათაცა ბოროტმოქმედებათა შორის ესეცა ჰქნეს, რომელ თიანეთს მთვრალთა აფიცერთა შეიპყრეს დედა-კაცი და საშოსა შინა შთაასხეს ძაბრითა ღვინო. ვერღარა მოითმინეს თიანეთელთა ესე ვითარი სირცხვილი, და იქმნა შფოთი ქართველთა და რუსთა შორის“... - 1811 წლით დათარიღებულ ყველა ამ უბედურებას დაერთო შავი ჭირის გავრცელება, რასაც ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ალექსანდრე ორბელიანი აღწერს თავის მოგონებებში:

„...იძახდნენ, აქ გაჩნდა, იქ გაჩნდა; აქ მოკვდა, იქ მოკვდა; ეს აიყარა, ის წავიდა; ეს დაიხიზნა, ის გაეშურა. სულ ეს ხმები იყო ზევით-ქვევით ქართლ-კახეთში და ეს ხმები ამ ქალაქ ტფილისში მოდიოდა. სადაც აქაც იყო გაჩენილი ჭირი. ტფილისის ხალხი ბევრნი იყრებოდნენ, მიდიოდნენ იქცა, სადაც სოფლებში ჯერ კიდევ არ გაჩენილიყო: ეგება იქ არ გაჩნდეს და სიცოცხლე იქ გადავირჩინოთო“.

ხალხი იძულებული გამხდარა ტყეებში დაფანტულიყო...“

ალექსანდრე ორბელიანის ოჯახიც აიყარა „სულერთიან სახლეულობითა“ და გაეშურნენ სოფელ მარტყოფისკენ, ტფილისის სახლში კი ორი მოსამსახურე დატოვეს დარიგებით: ალაყაფის კარი დაკეტილი გქონდესთ, არავინ არ შემოუშოთ თქვენთან და არც თქვენ გახვიტდეთ სადმე, სულ შინ იყავით. ფქვილი ბევრი გაქვთ, ფიჩხი ბევრი და როდესაც დაგჭირდეთ, პური გამოაცხვეთ. ერბო, ხახვი და ყველი ბევრი გექნებათ, ხან ყველ-პურზე გადაირაეთ და ხან ხარშო გააკეთეთ. დასალევი წყალიც შუაღამის დროს მოიტანეთ, იმ დროს ფეხი მოწყვეტილი არის, არავინ არ შეგხვდებათ და თუ შეგხვდესთ ვინმე, ხმას ნუ გასცემთ, ასე მოერიდენით ყველას“.

ალექსანდრე ორბელიანი

როგორც ალექსანდრე ორბელიანი ამბობს, ტფილისიდან გახიზნულმა ხალხმა აავსო მარტყოფიო. მალე იქაც გაჩენილა ჭირი და ეს ხალხი იძულებული გამხდარა ტყეებში დაფანტულიყო და სხვა ადგილები ეძებნა. ორბელიანებს პატარძეულისკენ გაუწევიათ. ივრის მდინარეს გაღმა, ჭალის ველზედ, თეთრ კარვებსა და ფანჩატურებს შენიშნავენ. ალექსანდრეს მამიდის, ეკატერინეს ოჯახი აღმოჩნდება. გაიხარებენ ნათესავები ერთმანეთის ნახვით, მაგრამ საუბრის დროს შეიტყობენ, რომ ეკატერინეს ორი მოსამსახურე მოჰკვდომია ჭირით და იქვე მოშორებით დაემარხათ...

პატარძეულში კი ჩავლენ „ჭირისაგან მორიდებული“ ორბელიანები, მაგრამ როგორც თვითონ ალექსანდრე წერს, სად იყო და სად არა, ავად გავხდიო:

„...შემატყეს რომ იმ სნეულებისა იყო, ძლიერი სიცხე მომცა. იმ ღამეს რიგიანი გონება აღარ მქონდა, იმის მეტი აღარ მახსომსრა, რომ ერთი ჩონგურიანი კაცი შემოვიდა, უკან რამდენიმე მორთული ქალები შემოჰყვნენ, მოვიდნენ და მდაბდლა თავი დამიკრეს, მე ამაზედ მაღლა გამეცინა, ჩემი გამდელი მოიჭრა, მკითხა: რას იცინიო? - მე იმათი ამბავი უთხარ, აგერ ახლაც იქა სხედან-მეთქი. მაშინვე წყალი მოარბენინა, რომ დავლიე ვეღარავინ ვერ ვნახე, მაგრამ იმ ღამეს სრულიად გონება მიმეხადა და გარინდებული ვიყავ თურმე... შორიახლოს დამაწვინეს ერთ დარბაზში, ჩემი გამდელი მომიჩინეს ერთი მოსამსახურით და სხვა არვინ მომაკარეს... დილას და საღამოს მოგვიტანდნენ სასმელ-საჭმელს და სანთელს მოსამსახურენი, იქვე კარეფში ჩასდგამდნენ...“

ალექსანდრე ორბელიანი წერს, რომ რამდენიმე დღეში ნიკაპზე გაჩენილი „ვეება მუწუკი“ გამოერწყო, რის შემდეგაც ჭრილობაზე „ბანბებს ადებდნენ“, დარბაზის წმინდად შესანახად ღვიას ცეცხლის ნაკვერჩხალზედ აკმევდნენ, ძმარს კი - აგურზე, აიაზმასაც დღეში სამჯერ ასხურებდნენ იქა-აქაო:

“ორმოც დღეს უკან ყველანი ჩემთან შემოვიდნენ, მოლოცვით და სიხარულით, ჭირს გადურჩი... ხანი აღარ გამოვიდა, ავიყარენით, ჯერ ყარაბულახში გადავედით და იქიდგან ტფილისში ჩამოვედით, სადაც ყოვლის მხრიდან მცხოვრენიც მოიკრიფნენ და ქალაქი ისევ ქალაქად იქცა, როგორც ადრე იყო ხოლმე. ჩვენი მოსამსახურენიც მშვიდობით კარგად დაგვიხვდნენ“.

სტეფანე მიზანდარის სამოქალაქო გმირობა

ცხადია, ტფილისელები მხოლოდ თავიანთი ძალებით არ ებრძოდნენ (და გაურბოდნენ) შავ ჭირს. მიზანდარების ცნობილი მუსიკალური დინასტიის წარმომადგენლის, ლევან მიზანდარის თქმით, 1812 წლის აპრილში, თბილისში შავი ჭირის მძვინვარების დროს, მისი დიდი პაპა, სტეფანე მიზანდარი დაინიშნა კვარტალურ ზედამხედველად და დაეკისრა კარანტინის დარგში კომისრის ვალდებულება.

ტიტულარული მრჩეველი, სტეფანე მიზანდარი (1781-1859)

„მოქალაქეების მიერ დასტურდება, რომ ის უშიშრად შედიოდა შავი ჭირით დაავადებულთა სახლებში, განსაკუთრებული მზრუნველობითა და სწრაფი მოქმედებით დაუყოვნებლივ აცალკევებდა დასნეულებულ და ჯანმრთელ მოქალაქეებს და გადაჰყავდა ლაზარეთებში. ასევე გაჰყავდა ქალაქის შემოგარენში, ყველანაირი შესაძლებლობითა და წარმატებით მოიძიებდა სახსრებს რათა დაეხსნა ისინი სიკვდილის საფრთხისგან“, - ამბობს ლევან მიზანდარი.

1813 წლის 31 დეკემბერს სტეფანე მიზანდარი გადაიყვანეს კვარტალურ ზედამხედველად გარეთუბნის მე-5 განყოფილებაში, სადაც მისი დიდი ძალისხმევით და სიფრთხილით, მალე შეჩერდა ეპიდემიის გავრცელება.

ამონაწერი ტიტულარული მრჩევლის, აზნაურ სტეფანე მიზანდარის სამსახურებრივი ატესტატიდან (1846 წ. 15 იანვარი).

1814 წლის 30 ნოემბერს თბილისის უმაღლესი კომენდანტის, პოლკოვნიკ ლევინცოვის მიერ მინიჭებული ატესტატი ადასტურებს მიზანდარის განსაკუთრებულ მოხერხებულობასა და ღვაწლს დაავადებასთან ბრძოლაში.

ქოლერა vs ერის გაჯანსაღებისთვის მზრუნველი კომიტეტი

თუმცა საქართველოსთვის მთავარი უბედურება მაინც ქოლერის ეპიდემია იყო. XIX საუკუნეში რესეთის იმპერიას ქოლერის ხუთმა პანდემიამ გადაურა, ყველაზე მასშტაბურმა მეხუთე პანდემიამ, რომელიც 90-იან წლებში დაიწყო, რუსეთის 70 გუბერნია მოიცვა. ჯამში დაავადდა 505 ათასი და გარდაიცვალა 207 ადამიანი. ამ დროის ქართული გაზეთები, განსაკუთრებით „ივერია“, სავსეა ცნობებით „ხოლერის შესახებ“.

გაზეთი "ივერია"

როგორც პროფესორი ალ. მინდაძე შენიშნავს (ჟურნ. „დროშა“. 1963 წ. N3), გაზეთმა „ივერიამ“ ჯერ კიდევ 1890 წლის 15 მარტისა და 15 ივნისს ნომრებში (ქოლერის საქართველოში გავრცელებამდე ორი წლით ადრე) იწინასწარმეტყველა, რომ ირანში დაწყებული ეპიდემია საქართველომდეც მიაღწევდა და, რომ საჭირო იყო ზომების მიღება განსაცდელის თავიდან ასაცილებლად.

„ივერია“ ამ დროიდან უკვე სისტემატურად ბეჭდავს წერილებს ქოლერის შესახებ; ეს წერილები კრიტიკულია ქალაქის მმართველობის მიმართ, ხანაც სამეცნიერო-პოპულარული ხასიათისაა და გადმობეჭდილია სხვადასხვა გაზეთებიდან; აქვეა ცნობები ამ სენის გავრცელებაზე საქართველოში, რუსეთში და მეზობელ ქვეყნებში.

1892 წლის 22 ივლისის ნომერში „ივერია“ წერს, რომ, ბევრად უფრო მდიდარ ბაქოსგან განსხვავებით, ტფილისი მომზადებული დახვდა ეპიდემიას:

„თბილისის თვითმმართველობამ დაინახა, რომ ხოლერა სრულებითაც არ ხუმრობსო და საშინელის მრისხანებით უპირებს განადგურებას მთელს კაცობრიობასო, რაც კი რამ მოეძებნებოდა, ყველაფერს მოუყარა ქალაქმა თავი-თავს და იარაღად აქცია, რამდენიმე ათასი თუმანი ფული დასდო მცხოვრებთა დასახსნელად. დაიქირავა თითქმის ოცამდე ექიმი და დაავალა, რომ საცა კი ხოლერამ იჩინოს თავი, გაქანდით, მუქთად უშველეთ გაჭირვებულს და ხოლერიანი ადგილები ისე გაასუფთავეთ, რომ იქ ბაცილებს აღარ შეეძლოთ გაძლებაო. რაც კი საეჭვო საცმელები ჰნახოთ, ქვეშსაგები, ყველაფერი გადაწვით და გადაბუგეთ - მე ვზღავ ერთი-ორადაო. ამისთანა თადარიგის დაჭერამ თქვენცა ჰხედამთ რაცა ჰქნა“.

გაზეთი "ივერია" ქოლერაზე

1892 წლის 4 სექტემბრის „ივერია“ აქვეყნებს ვრცელ სტატიას სათაურით „ქოლერის საწინააღმდეგო ვაქცინის (ჩირქის) აცრა“, რომელშიც “პარიჟის პასტერის ინსტიტუტის ტეხნიკური სამიკრობო ლაბორატორიის” მიღწევებზეა საუბარი.

“ზღვის გოჭებსა, ბაჭიებსა და მტრედებზედ ცდამ გვიჩვენა, რომ ჩვენ მიერ მოგონილს ხოლერის საწინააღმდეგო ვაქცინას (ჩირქი) იგივე ზედმოქმედება აქვს სხვა უფრო ღონიერის აგებულების ცხოველებზედაც. ამ გარემოებამ წაგვაქეზა და გადავწყვიტეთ ადამიანისთვისაც აგვეცრა“, - წერს გამოცემა.

ქოლერის წინააღმდეგ ორგანიზებულ ბრძოლაში გამორჩეულია ერის გაჯანსაღებისთვის მზრუნველი კომიტეტის საქმიანობა. 1893 წლის 11 აგვისტოს „ივერია“ გვატყობინებს, რომ კომიტეტის საგანგებო კრებას შემდეგი ღონისძიებები დაუსახავს: აკრძალული იქნეს ეკლესიების გალავნებში საღმრთოს დაკვლა, მტკვარში ბანაობა და მტკვრის წყლის ხმარება. ბაზარში უვარგისი ხილის გაყიდვა.

სანიტარული ზომების გამკაცრებამ, როგორც ჩანს, შედეგი გამოიღო: 1892 წლის 29 სექტემბრის მონაცემებით, მიხეილის სამკურნალოში ხოლერით ავადმყოფი იყო მხოლოდ 2; იმ დღეს საავადმყოფოში არავინ მიუყვანიათ. ბორჩალოს მაზრის სოფელ შულავერში ხოლერით ავად გახდა 1 კაცი; სოფელ ხოჩიკელში ხოლერით გარდაიცვალა 5 კაცი.

ილია და ვაჟაორნაირ ხოლერასთანბრძოლაში

ქოლერის ეპიდემიასთან ბრძოლაში ილია ჭავჭავაძე ჩართული იყო როგორც „ივერიის“ რედაქტორი, როგორც სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის თავმჯდომარე და როგორც მოქალაქე.

“თბილისში ქოლერის შემთხვევებთან დაკავშირებით, დიდი კაცთმოყვარეობის გრძნობით განმსჭვალული სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის ხელმძღვანელობა სწირავს თბილისის გუბერნიის უღარიბესი მოსახლეობის სასარგებლოდ საგრძნობ დიდ თანხას - 20 ათას მანეთს. ეს შემოწირულობა ქოლერის საწინააღმდეგო ბრძოლისთვისაა იმ ღონისძიებათა მისახმარებლად, რომელსაც მთავრობა უკვე ეწევა, - წერია კავკასიის მთავარმმართებლის სამოქალაქო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუბერნიო სამმართველოს 1892 წლის 1-2 ივლისის ოქმებში.

ილია ჭავჭავაძე

საყურადღებო დოკუმენტია ილია ჭავჭავაძის დეპეშაც, რომელიც გამოგზავნილია საგურამოდან თბილისში გუბერნატორის სახელზე 1892 წლის 12 ივლისს.

„9 აპრილს შუადღისას ავად გახდა მუშა ზევნორე თვარაძე და საღამოთი იგი ცოცხალმკვდარი მოიყვანეს მინდვრიდან საგურამოში. შემთხვევა საეჭვოა, ადგილობრივი მამასახლისი უმოქმედობს. ამბობენ მაზრის ექიმიც ასევე... გთხოვთ მოავლინოთ ექიმი. ილია ჭავჭავაძე“.

რუსულად შედგენილ ამ დეპეშას უკანა მხარეზე მიწერილი აქვს თბილისი გუბერნიის ექიმის ი. ზელინსკის განკარგულება:

„გთხოვთ, საგუბერნიო ექიმის თანაშემწეს დოქტორ მიზატონს, დაუყოვნებლივ გაემგზავროთ მივლინებაში. შემდგომ შემატყობინეთ დაწვრილებითი ცნობები ბატონ გუბერნატორისთვის მოსახსენებლად“.

ილიას დეპეშა

ქოლერის შესახებ წერდა ვაჟა-ფშაველაც, თუმცა დიდი მწერალი პრობლემას ყველასგან განსვავებული კუთხით აშუქებდა.

ვაჟა-ფშაველა ქოლერაზე

„ვგონებ შაჰ-აბასის შემოსევამაც არ ააყაყანა ისე საქართველო, როგორც ხოლერის გაჩენამ: ხოლერა სიკვდილის მომასწავებელია და ჩვენ ხომ სიცოცხლის მეტის-მეტად მოყვარულნი ვართ და ანკი რას არ აგვაყაყანებდა“, - ასე იწყება ვაჟა-ფშაველას ვრცელი წერილი „ფიქრები - ხოლერის გამო“, რომელიც 1892 წელს „ივერიის“ 207-ე ნომერშია გამოქვეყნებული, ოღონდ წერილიდან ირკვევა, რომ დიდი მწერალი უფრო მეტად სწუხს სულ სხვა ხოლერაზე, რომელიც უფრო სასტიკი და უფრო მავნებელია:

„აბა, გადავავლოთ ჩვენს მხარეს თვალი, აბა, კარგად დავუკვირდეთ ჩვენს გარემოებას, ჩვენს წამხდარს საქმეს, თუ მართლა უარესის ხოლერით არ ვიყოთ ავად. ამ ხოლერას ვერ უპოვნეთ ვერსაიდამ წამალი, იმაზედ არც სისუფთავე სჭრის, არც დეზინფექცია. აბა, ხოლერა, ნამდვილი ხოლერა ეს გახლავსთ. ეს ისეთი ხოლერაა, რომ განა 2 ათასში ათასს მოჰკლავს და ათასი გადაჰრჩება?! არა, ყველას იმსხვერპლებს, მთელს ერს მუსრს გაავლებს“.

ვაჟა-ფშაველა

„მეორე ხოლერაში“ ვაჟა-ფშაველა გულისხმობს თვითმპყრობელობას, საქართველოს სხეულში შემძვრალ ყველაზე ვერაგ სენს.

„გაზეთებმაც დროა პირველს თავი დაანებონ და მეორეს მიაპყრონ თვალი, იმ ჩუმად მძრომელს, რომელიც სისხლს არ აჩენს, მაგრამ მკვდრებს კი ამრავლებს. ეგები ესეც მოვიშოროთ თავიდან... აქაც საჭიროა ყაყანი და იგივე ყაყანი; მასთან ერთად ხელებისა და ტვინის ფათურიც, თორემ მარტო ცარიელს ყაყანში არაფერი მოიხვეტება, როგორც კალიისგან განადგურებულს მიწაზე“, - წერს ვაჟა-ფშაველა.

პირველი რესპუბლიკაისპანკასთან, ტიფთან, ქოლერასთან ბრძოლაში

„მეორე ქოლერისგან“ ანუ თვითმპყრობელობისგან საქართველო 1918 წელს განიკურნა, როცა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, თუმცა პირველი რესპუბლიკას მემკვიდრეობით მიღებულ დაავადებებთან ერთად, ახალ, ე.წ. „ესპანური გრიპის“ ეპიდემიასთანაც მოუხდა გამკლავება. ისტორიკოს ირაკლი ხვადაგიანის თქმით, ახლად არჩეულმა თვითმმართველობებმა (ერობებმა), სანიტარული რაზმების ორგანიზებით, მეტ-ნაკლები წარმატებით შეძლეს პრობლემის დაძლევა.

ირაკლი ხვადაგიანი, ისტორიკოსი

„ერობებმა დაიწყეს საექიმო პერსონალის მობილიზება და კოორდინირება. პერიოდულად ეწყობოდა სამაზრო ექიმთა ყრილობები, სადაც ხდებოდა გამოცდილების შეჯერება და სამოქმედო პროგრამის განსაზღვრა. მალევე კანონით განისაზღვრა საერობო მედიცინის ძირითადი პრინციპები, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის მოდელს დაეფუძნა. მაზრები დაიყო სამედიცინო უბნებად, მოეწყო კლინიკები და ამბულატორიები. დაკომპლექტდა სამაზრო ექიმთა შტატი, რომელიც მაზრის მოსახლეობას უფასოდ ემსახურებოდა და ხელფასს ერობის ბიუჯეტიდან იღებდა. მოსახლეობას მხოლოდ მედიკამენტების ხარჯის გაღება უწევდათ, თუმცა რეალობიდან გამომდინარე, რადგან უმეტესობა ეკონომიკური კრიზისის, ეპიდემიების მასშტაბისა და ფარმაცევტული ბაზრის შეზღუდულობის გამო ვერ ახერხებდა წამლების შეძენას, ერობათა დიდმა ნაწილმა თავადვე დაიწყო მედიკამენტებით მომარაგების საქმის მოწყობა“, - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი, რომლის თქმითაც,

ამბულატორიების ქსელის განვითარებამ რეალურად შეასუსტა I მსოფლიო ომის შემდეგ გაჩენილი ე.წ. „ისპანკის“ გავრცელების მასშტაბი, რომელმაც ევროპაში რამდენიმე ათეული მილიონი სიცოცხლე შეიწირა,

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოც პანდემიის რისკის ზონაში შედიოდა, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების შედეგად მსხვერპლის რიცხვი ბევრად დაბალი იყო, ვიდრე თუნდაც მეზობელ ქვეყნებში.

თუმცა, „ისპანკა“ არ იყო ერთადერთი სენი, რომელიც პირველი რესპუბლიკის მოქალაქეების ჯანმრთელობას უქმნიდა საფრთხეს. ამას ემატებოდა ქოლერა, ტიფი, დეზინტერია და სხვა ათასი სახადი, რომელიც თბილისის არასახარბიელო სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გამო ეპიდემიებისა და ინფექციების გავრცელების მიზეზი ხდებოდა.

„ქალაქი სხვადასხვა საშუალებებით უზრუნველყოფდა სანიტარულ ჰიგიენური პირობების დაცვას: გააძლიერა ზედამხედველობა აბანოებზე და მეორადი ტანსაცმლით ვაჭრობაზე, ღარიბ მოსახლეობას სანიტარული ექიმების მეშვეობით გადასცემდა აბანოს ბილეთებს, ყოველდღიურად წმენდა და დეზინფექციას ახდენდა ტრამვაის ვაგონებისას, აკრძალა ტრამვაის ვაგონების გადატვირთვა, გამგეობის მეშვეობით გააძლიერა მოსახლეობისათვის წყლის მიწოდება, გახსნა საზოგადოებრივი სამრეცხაო, გააძლიერა ზედამხედველობა საპარიკმახეროებზე და საზოგადოებრივ სამრეცხაოებზე. თვალყურს ადევნებდა მოსახლეობის თავშეყრის ადგილებს (ბაზრებს). ქალაქში ოთხ ენაზე გამოაკრა ინფექციების გავრცელების პრევენციის ინსტრუქცია, გააძლიერა ქალაქის სადეზინფექციო კამერის მუშაობა, გააფართოვა ქალაქის კლინიკებში ინფექციური განყოფილებები, სამედიცინო დაწესებულებები შეძლებისდაგვარად აღჭურვა მედიკამენტებით და სადეზინფექციო საშუალებებით, საავადმყოფოების პერსონალი მოამარაგა შესაბამისი ტანსაცმლით და აღჭურვილობით. საავადმყოფოებს სპეციალური ინსტრუქცია მიაწოდა ინფექციის შემთხვევაში მოქმედების შესახებ და სხვ“ (თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის პრაქტიკული მოღვაწეობა 1917-1921. მ. კვარაცხელია).

1919 წლის 10 თებერვალს თბილისის საბჭომ აირჩია გადამდებ სენით საავადმყოფოს მოსამსახურეთა მოთხოვნათა განხილვისა და დასკვნისათვის საგანგებო კომისია, რომლის წევრი იყო ცნობილი ექიმი და სახელმწიფო მოღვაწე ივანე გომართელი.

ივანე გომართელი

ამ დროისათვის ტფილისს ექვსი "სასანიტარო ექიმი" ჰყავდა და თითოეულ მათგანს ორი სამილიციო უბანი ებარა.

ეპიდემიასთან საბრძოლველად გადაწყდა ქალაქში მოწყობილიყო უფასო აბანო, სადაც ტანსაცმლის დეზინფექცია მოხდებოდა „გელიოსის“ აპარატით. ღარიბებს მიეცემოდათ უფასოდ ნახევარი გირვანქა საპონი. გადაწყდა აგრეთვე ალექსანდროვის საავადმყოფო მოეწყოთ 120 საწოლით სახადიან ავადმყოფებისათვის და დაცული ამბულატორია, ვენერიულ ავადმყოფებისათვის („კავკასიის ქალაქი“ 1919. N3).

ქალაქის საბჭოს 1919 წლის 29 სექტემბრის სხდომაზე მოისმინეს მედიკოს-სანიტარული ინსპექტორის - კ. მეუნარგიას მოხსენება ქალაქში ეპიდემიურ ავადმყოფობათა შესახებ, მომხსენებელმა ერთმანეთს შეადარა გასულ და მიმდინარე წელს ეპიდემიურ ავადმყოფობათა მსვლელობა და აღნიშნა, რომ უმთავრესად თბილისში მძვინვარებდა ორი სენი პარტახიანი სახადი და ქოლერა.

სამედიცინო დაწესებულებების უპირველეს საზრუნავს წარმოადგენდა რაც შეიძლება მალე აღმოჩენილიყო შემთხვევა გადამდები სენით ავადმყოფობის შესახებ, რასაც ასრულებდნენ უბნის ექიმები და ამბულატორიები. აღმოჩენისთანავე უნდა მომხდარიყო ავადმყოფთა იზოლირება და ინფორმაციის გადაცემა სადეზინფექციო კამერისათვის და სათანადო სანიტარული ექიმისათვის. კამერას გადაჰყავდა ავადმყოფი ბარაკებში და ბინაზე ახდენდა დეზინფექციას. სანიტარული ექიმი კი იმ ბინას და მიმდებარე ტერიტორიას იღებდა თავის მხედველობის ქვეშ. ანგარიშის წარდგენისას არ დაიმალა ის ფაქტი, რომ სადეზინფექციო კამერის მუშაობა ამ დიდი ეპიდემიის დროს არ იყო დამაკმაყოფილებელი.

„ამაზე ნათლად საუბრობდნენ ციფრებიც, მაგალითად, პარტახიანი ტიფით ავადმყოფი დაფიქსირდა 6013 ადამიანი, დეზინფექცია კი 1646 ადგილას გაკეთებულა. ეს არა მხოლოდ უპასუხიმგებლობით იყო გამოწვეული, არამედ აიხსნებოდა საჭირო მასალების, წამლების უქონლობით და ავადმყოფთა გადასაზიდი საშუალებების არქონით. ამას ყველაფერს თან დაერთო 1919 წლის დასაწყისში მოსამსახურეთა გაფიცვა“.

1920 წლისათვის საექიმო-სასანიტარო განყოფილება აღჭურვილი იყო ორი ავტომობილ - „სანიტარკით“, ორი ეტლით ავადმყოფთა გადასაყვანად. აგრეთვე შედარებით უზრუნველყოფილი იყო სადეზინფექციო წამლებით.

ეპიდემიის წინააღმდეგ გადატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით აღნიშნული იყო, რომ ცუდი შედეგი მოსდევდა ასევე იმ ფაქტს, რომ ავადმყოფები თავსდებოდნენ ბარაკებში და არა საავადმყოფოში, უარყოფითი შედეგი მოჰყვებოდა მცხოვრებთა შეხედულებას, ვითომც დაავადებული უკვე განწირული და დაღუპული იყო. ეს შეხედულება აძნელებდა ავადმყოფთა იზოლაციის საქმეს. ბევრი უარს აცხადებდა ბარაკებში გადასვლაზე, ბევრი მალავდა ავადმყოფობას, რაც თავისთავად ეპიდემიის გავრცელების მიზეზი ხდებოდა. გამგეობის მედიკოსანიტარული განყოფილება ითხოვდა შესაფერის კრედიტს, რათა პირველ საავადმყოფოსთან გახსნილიყო განყოფილება გადამდებ სენით ავადმყოფთათვის. აგრეთვე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ზემოთ ხსენებული საკითხების: ქალაქში წყლის, სისუფთავის და კანალიზაციის მოწყობის ღონისძიებების გატარებას“. (თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის პრაქტიკული მოღვაწეობა 1917-1921. მ. კვარაცხელია).

თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის პრაქტიკული მოღვაწეობა 1917-1921. ავტ. მ. კვარაცხელია)

1920 წლის 9 აგვისტოს თბილისის გამგეობის სხდომიდან ირკვევა, რომ იმ დროისათვის კვლავ თავი იჩინა ქოლერამ და, რომ იყო სიკვდილის შემთხვევებიც. ვარაუდობდნენ, რომ ეპიდემია ადგილობრივ ნიადაგზე წარმოიშვა, რაც სასწრაფოდ ზომების მიღებას ითხოვდა, კერძოდ საჭირო იყო: ქოლერის აცრა, მოსახლეობისთვის წლის უფასოდ მიწოდება, კირის შეძენა, სათადარიგო ბარაკების მოწყობა, - ყველა ეს პრობლემა უახლოეს წლებში მეტ-ნაკლები წარმატებით გადაიჭრება, თუმცა საქართველო მალე დაკარგავს დამოუკიდებლობას და, ვაჟა-ფშაველას რომ დავესესხოთ, მთელი 70 წლით დაავადდება „მეორე ხოლერით“.