სალომე ასათიანის პოდკასტი
Your browser doesn’t support HTML5
პოდკასტის ეს გამოშვება პოლიტიკურ თემას ეთმობა. საკმაოდ რთულ თემას - რუსეთის კავშირებს დასავლეთის, პირველ რიგში ევროპის ულტრამემარჯვენე თუ რადიკალურ მემარჯვენე ძალებთან. საერთაშორისო პოლიტიკაში ოდნავ მაინც გათვითცნობიერებულმა ადამიანმა იცის, რომ ამ კავშირებს ბოლო წლებში სულ უფრო და უფრო დიდი ინტენსივობით და შეშფოთებით განიხილავენ მედიაში, უნივერსიტეტებში თუ პოლიტიკურ პლატფორმებზე.
ამ ურთიერთობაში ორივე მხარის პრაგმატული მოტივები ცხადია და მკაფიო. რუსეთი დასავლეთში მოკავშირეებს ეძებს და თან რადიკალური ჯგუფების მხარდაჭერით ასუსტებს ლიბერალურ დემოკრატიას. დასავლელი ულტრამემარჯვენეები კი რუსეთში -
ასათიანის კუთხე
Your browser doesn’t support HTML5
გლობალური გავლენის მქონე სახელმწიფოში - საკუთარი ლეგიტიმაციის წყაროს ხედავენ და ამბობენ, რომ რუსეთთან ერთად ისინი დღევანდელი ლიბერალური წესრიგის ალტერნატივას წარმოადგენენ. მაგრამ რა ხდება ამ ზედაპირული მოტივების მიღმა?
პოდკასტის ეს გამოშვება ბევრ კითხვას გასცემს პასუხს. მაგალითად, იმას, თუ რას წარმოადგენენ დღევანდელი დასავლელი ულტრამემარჯვენეები და რა აკავშირებს მათ იმ წინამორბედ ძალებთან, რომლებმაც გასულ საუკუნეში ფაშიზმისა და ნაციზმის სახით მსოფლიოს უდიდესი კატასტროფა მოუტანეს; რატომ ძლიერდებიან ეს ძალები იტალიაში, გერმანიაში, შვედეთში, უნგრეთში თუ სხვაგან. იმაზეც ვილაპარაკებთ, თუ რა მსგავსება იკვეთება დასავლელ ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე ძალებს შორის, რუსეთთან მათი დამოკიდებულების თვალსაზრისით. და დავსვამთ ალბათ მთავარ კითხვას - დღევანდელი კრემლი მართლა იზიარებს თავისი დასავლელი ულტრამემარჯვენე მოკავშირეების ფილოსოფიას, თუ ამ იდეოლოგიებს ცინიკურად იყენებს საკუთარი კორუმპირებული რეჟიმის გადასარჩენად?
პოდკასტის სტუმარია მკვლევარი ანტონ შეხოვცოვი, რომელმაც შარშან გამოაქვეყნა წიგნი „შავი ტანგო: რუსეთი და დასავლეთის ულტრამემარჯვენეები“. ის გვიყვება ამ კავშირების ისტორიას ადრეული საბჭოთა წლებიდან დღემდე, გვიხსნის, რა როლი შეასრულა 2008 წელს საქართველოსთან ომმა რუსეთის საინფორმაციო ომის ინტენსიფიკაციაში და გამოთქვამს ვარაუდს, რომ ყირიმის ანექსირების შემდეგ ვლადიმირ პუტინის რიტორიკას ახალი და ძალიან პრობლემური ელფერი დაჰკრავს - რაც, შესაძლოა, იყოს კიდეც ნეოფაშიზმთან უკვე რეალური, იდეოლოგიური თუ ფილოსოფიური დაახლოვების სიმპტომი.