„შავი ორშაბათი საქართველოში“ - სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება პარლამენტსა და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და 25 ნოემბერს, - როცა პარლამენტი, მისი საკონსტიტუციო სარჩელის მიუხედავად, შეიკრიბა, - უწოდებს „შავ ორშაბათს“.

„შავი ორშაბათი საქართველოში: პოლიცია და „სპეცნაზი“ იცავენ კარებს, რომელთა მიღმაც „ქართული ოცნების მონები“ კლავენ ჩვენს კონსტიტუციას და დასცინიან ჩვენს პარლამენტს“.

მან გააზიარა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია მრავალშრიანი კორდონი პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან მობილიზებული პოლიციელებისა, რომლებიც დემონსტრანტებს პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან მიახლოების შესაძლებლობას არ აძლევენ.

25 ნოემბერს საქართველოს პარლამენტი საპროტესტო აქციის ფონზე შეიკრიბა.

აქციის მონაწილეები ამ პარლამენტს არალეგიტიმურად და თვითგამოცხადებულად მიიჩნევენ.

მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არ დასწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები - ისინი „ოცნებას“ არ მიუწვევია.

შეზღუდული იყო მედიის დაშვებაც.

პარლამენტმა, პრეზიდენტისა და ოპოზიციის საკონსტიტუციო სარჩელების მიუხედავად, რომლითაც არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვენ, პარლამენტის 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლის მიხედვით, დეპუტატის მანდატი არ გადაეცემა იმ პოლიტიკოსს, რომლის არჩევის საკითხიც საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული.

კონსტიტუციონალისტები განმარტავენ, რომ როდესაც არჩევნების შედეგები და შესაბამისად ყველა პარლამენტარის არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში, მათი უფლებამოსილების ცნობა უკანონოა.

ამ მოსაზრებას „ქართული ოცნება“ არ იზიარებს. პარტიაში აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტის სარჩელი „სულელურია“ და დეპუტატების უფლებამოსილების ცნობას ვერაფერი შეაფერხებდა.

ასევე ნახეთ მიწვევის მიუხედავად, პარლამენტის სადავო სხდომას არ ესწრება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა