შავი ზღვის უნივერსიტეტის კრიზისი - ფინანსური თუ პოლიტიკური სარჩულით?
Your browser doesn’t support HTML5
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების უფლება ერთი წლის ვადით, 2019 წლის 20 აგვისტომდე, შეუზღუდა. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებით, შეზღუდვა იმ ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება, რომლის წინაშეც დგას შავი ზღვის უნივერსიტეტი და რამაც, შესაძლოა, სასაწავლო პროცესს სერიოზული რისკები შეუქმნას. ცენტრისავე განცხადებით, „უნივერსიტეტს სახელმწიფოს წინაშე აქვს შეუსრულებელი ფინანსური დავალიანება, 700 ათასი ლარის ოდენობით, ასევე, დაყადაღებული უძრავი და მოძრავი ქონება, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი გადასახადებისაგან თავის არიდების გამო დაუწესდა. იმისათვის, რომ გათვალისწინებული იყოს სტუდენტთა ინტერესები, მათთვის სასწავლო პროცესთან დაკავშირებით რისკების თავიდან ასაცილებლად, უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების უფლება 1 წლის ვადით შეეზღუდა“. მიუხედავად შეზღუდული უფლებისა, ავტორიზაციის საბჭომ უნივერსიტეტს ავტორიზაცია ექვსი წლით მიანიჭა და სწორედ ამიტომ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას უსამართლოდ და ალოგიკურად მიიჩნევენ შავი ზღვის უნივერსიტეტში.