“შავი დღე თავისუფლებისთვის” - სოროსის დაფუძნებული უნივერსიტეტი იძულებულია უნგრეთი დატოვოს

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (CEU)

ავტორი: თორნიკე მანდარია

მილიარდერი ფილანთროპის, ჯორჯ სოროსის მიერ უნგრეთში დაფუძნებულმა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტმა (CEU) ორშაბათს განაცხადა, რომ ბუდაპეშტიდან გააძევეს. პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან აკადემიური თავისუფლების შესახებ სამართლებრივი უთანხმოების გამო CEU ავსტრიაში გადადის.

უნივერსიტეტის გაძევება კულმინაციაა ლიბერალური ღირებულებების მხარდამჭერი ჯორჯ სოროსის საწინააღმდეგო კამპანიისა, რომელსაც უნგრეთის ნაციონალისტი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი წლებია სათავეში უდგას.

“შავი დღეა თავისუფლებისთვის უნგრეთში, შავი დღეა აკადემიური თავისუფლებისთვის”, - თქვა CEU-ს რექტორმა მაიკლ იგნატიეფმა 3 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

ამერიკის შეერთებული შტატების თქმით, ის “იმედგაცრუებულია”, რომ CEU-ს უნგრეთში დარჩენის შესაძლებლობა არა აქვს. “ღრმა შეშფოთება” გამოთქვა ევროპულმა კომისიამ.უნივერსიტეტი აშშ-ში აკრედიტებული პროგრამების სწავლებას ვენაში 2019 წლის სექტემბრიდან დაიწყებს. თუმცა CEU გეგმავს დაიტოვოს ბუდაპეშტში მოქმედი კორპუსი, ხოლო სტუდენტები, რომლებიც იქ ამჟამად სწავლობენ, შეძლებენ კურსის დასრულებას.

საკამათო კანონი

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც 2017 წელს უნგრეთის ხელისუფლებამ უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანა. განახლებული კანონი საზღვარგარეთ რეგისტრირებულ უნივერსიტეტებს უნგრეთში ოპერირებას უკრძალავს, თუ ისინი მშობლიურ ქვეყანაშიც არ ასწავლიან.

კანონის კრიტიკოსები ამბობენ, რომ სამართლებრივი ცვლილებები კონკრეტულად CEU-ს წინააღმდეგ იყო მიმართული. ევროპულმა კომისიამ კანონთან დაკავშირებით უნგრეთს ევროკავშირის უზენაეს სასამართლოშიც უჩივლა.

უნივერსიტეტი ამბობს, რომ ახალი რეგულაციის ყველა მოთხოვნები შეასრულა, თუმცა ორბანის ხელისუფლება New York-ის შტატთან შეთანხმებას, რომელიც CEU-ს ბუდაპეშტში დარჩენის უფლებას მისცემდა, ხელს არ აწერს.უნგრეთის მთავრობა უნივერსიტეტის განცხადებებს “სოროსის სტილის ბლეფს” უწოდებს.

CEU - ლიბერალიზმის ბასტიონი

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, რომელსაც ვიქტორ ორბანი დიდი ხანია ლიბერალიზმის ბასტიონად მიიჩნევს, 1991 წელს დაარსდა. მისი დამფუძნებელი ბუდაპეშტში დაბადებული აშშ-ში მცხოვრები, მილიარდერი ფილანთროპი და ლიბერალური ღირებულებების დამცველი ჯორჯ სოროსია.

ჯორჯ სოროსი

კომუნიზმისა და ფაშიზმის საწინააღმდეგოდ, ინტელექტუალური თავისუფლების გაცოცხლების მისიით დაფუძნებულ უნივერსიტეტში დაახლოებით 1 400 სტუდენტი სწავლობს. აქედან 1 000-ზე მეტი უცხო ქვეყნიდანაა, მათ შორის 29 - საქართველოდან. CEU წლებია, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპაში მცხოვრებ ათასობით სტუდენტს აშშ-ში აკრედიტებულ პროგრამებსა და გრანტებს სთავაზობს. უნივერსიტეტი საკუთარ თავს სიტყვის თავისუფლების ჩემპიონად მიიჩნევს და მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების სიაშია. მას მხარს უჭერენ ევროპული კომისია, აშშ-ის ხელისუფლება, აკადემიკოსები და ნობელის პრემიის ლაურეატები.

მზარდი ავტორიტარიზმი

ორბანის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტთან დაპირისპირების უკან გაცილებით დიდი კულტურული და პოლიტიკური ბრძოლა დგას.

ვიქტორ ორბანი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს 2010 წლიდან იკავებს; ერთ დროს კომუნიზმის წინააღმდეგ მებრძოლი დღეს საპარლამენტო უმრავლესობას სასამართლოზე, მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლისთვის იყენებს. პარალელურად, უნგრეთი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოდ რჩება და მილიარდობით დოლარის დაფინანსებას იღებს.

ევროპის კავშირის პოლიტიკურ იერარქიაში ორბანი აუტსაიდერად, პოპულისტად მიიჩნეოდა, თუმცა დღეს ის ბრიუსელისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოლიტიკური გამოწვევა გახდა. ორბანი ეწინააღმდეგება ევროპის ომის შემდგომ ლიბერალურ კონსენსუსს, მის ხედვას იზიარებენ პოლონეთში და ნაწილობრივ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებშიც.

ვიქტორ ორბანი

ვიქტორ ორბანს ჰქონდა მცდელობა მოეპოვებინა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის კეთილგანწყობა; ნაქები ჰყავს თურქეთის ლიდერი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი. 2016 წელს ორბანი იყო პირველი ლიდერი დასავლეთიდან, რომელიც დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კანდიდატურას მიესალმა.

ორბანი წლებია, ჯორჯ სოროსის დემონიზაციას ცდილობს და მას ევროპული ცივილიზაციის განადგურებასა და არალეგალური იმიგრაციის ხელშეწყობაში ადანაშაულებს.

დემოკრატიის, სამოქალაქო უფლებებისა და კორუფციის ევროპული წესების დარღვევისთვის ევროპარლამენტმა ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ უპრეცედენტო კენჭისყრა ჩაატარა. თუმცა ევროსკეპტიკოსი პოლიტიკოსის წინააღმდეგ სანქციების დაწესება, სავარაუდოდ, ვერ მოხდება, რადგან პოლონეთი ვეტოს უფლებას გამოიყენებს.