„ყურძნის ბირჟა“ - მოსავლის გაყიდვის ალტერნატიული გზა ინტერნეტში

უკვე რამდენიმე დღეა, ინტერნეტსივრცეში ვებსაიტი „ყურძნის ბირჟა“ გამოჩნდა.

ვებგვერდზე თავად მევენახე წერს დეტალურად, რა ჯიშისა და რაოდენობის ყურძენი აქვს გასაყიდი, სად მდებარეობს ვენახი, რა ღირს ერთი კილოგრამი ყურძენი და როდის უნდა მოიკრიფოს მოსავალი.

იქვე მითითებულია კონკრეტული მევენახის საკონტაქტო ინფორმაცია. როგორც ვებგვერდზე წერია, მისი შემქმნელები არიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები და ერთადერთი მიზანი აქვთ - უგულშემატკივრონ მევენახეებს. ეს პროექტი ერთგვარი ალტერნატივაა ღვინის ქარხნების, სადაც ყურძენს არა გლეხისთვის სასურველ ფასად, არამედ ბიზნესმენის მიერ დადგენილ ფასად იბარებენ.

პროექტის ხელმძღვანელ გიგა გოთოშიას თქმით, „ყველაზე მნიშვნელოვანია ბაზარზე ჩამოყალიბდეს სამართლიანი ფასი და არა ისეთი, როგორიც უნდა ღვინის კომპანიას“. გოთოშიასავე განცხადებით, მართალია, ქვეყანაში მოწეული ყურძენი მხოლოდ ამ ფორმით ვერ გაიყიდება, მაგრამ ფიქრობს, რომ კარგ მოსავალს მაღალი ფასი უნდა ჰქონდეს და ეს პროექტი ამ შესაძლებლობას აუცილებლად გააჩენს.

„მევენახეს უწევს ყურძნის ჩაბარება და არა გაყიდვა. ეს ტერმინი [ჩაბარება] დიდი ხანია დამკვიდრებულია. გინდა თუ არ გინდა, ყურძენი უნდა ჩააბარო ქარხანას, იმისდა მიუხედავად, გთავაზობს თუ არა კარგ ფასს. მევენახეები არაორგანიზებული, დიდი ჯგუფია. ამის საპირწონედ, არ მინდა კარტელური გარიგება დავარქვა, თუმცა ქარხნები ერთმანეთში თანხმდებიან, თუ რა ფასი ექნება ყურძენს, ხარისხის მიუხედავად. ამ დროს არის ვიღაც, რომელსაც მაღალი ხარისხის ყურძენი უნდა და მასში მაღალ ფასსაც გადაიხდის, თუმცა ამაზე ინფორმაცია არ აქვს არც მეღვინეს და არც რეალიზატორს. სწორედ ამიტომ შეიქმნა ვებგვერდი, რათა მევენახემ, ვისზეც ყველაზე დიდი შრომა მოდის, შესაბამისი ხარისხის მოსავალი გაყიდოს შესაბამის ფასად“.

გასული წლისგან განსხვავებით, წელს კახელი მევენახეები ყურძნის ფასით უკმაყოფილო არიან. ერთ კილოგრამ რქაწითელს ღვინის ქარხნები 70 თეთრად იბარებენ, რასაც მევენახეები აქციებით აპროტესტებენ, თუმცა მათ მოთხოვნას, ფასი ერთ ლარამდე გაიზარდოს, ქარხნები ამ დრომდე არ აკმაყოფილებენ. მევენახეები წელს იმაზეც ჩივიან, რომ ყურძენს ცოტა საწარმო იბარებს და რეალურად მათ მოსავლის 70 თეთრად ჩაბარებაც კი უჭირთ.

ინტერნეტში შექმნილ “ყურძნის ბირჟაზე“ ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, რომ აქვს 5 ტონა ხიხვის ჯიშის ყურძენი. ვაზი, რომელზეც მოსავალი უნდა მოიკრიფოს 8 წლის არის და მფლობელი მის შესაწამლად იყენებდა სპილენძს. მითითებულია ფასიც. როგორც მევენახე გვეუბნება, გასულ წელს ყურძენი 3 ლარად გაყიდა, თუმცა, რადგან წელს მოთხოვნა დაბალია და ქარხნები ყურძენს ნაკლებად იბარებენ, ფასი დააკლო და იმედი აქვს, რომ მოსავალს ამ ფორმით მაინც გაყიდის:

„ამ გვერდის შესახებ ახლა გავიგე და განცხადება განვათავსე. იქნებ ამ ფორმით მაინც გავყიდო, რადგან ქარხნები, ფაქტიურად, არ იღებენ მოსავალს, ამ დროს კი ყურძენი ფუჭდება. წინა წელს 3 ლარად გავყიდე, მაგრამ წელს ერთი ლარი დავაკელი და ვნახოთ, რა იქნება“.

ვებგვერდ „ყურძნის ბირჟაზე“ არა მარტო მევენახეები, არამედ ის ადამიანებიც არიან დარეგისტრირებული, ვისაც ყურძნის შეძენა სურს. მაგალითად, ერთ-ერთი მომხმარებელი, კონსტანტინე, წერს, რომ შეიძენს რქაწითელს და ერთ კილოგრამში გადაიხდის 1 ლარსა და 20 თეთრს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა ერთ-ერთია იმ თანამდებობის პირთა შორის, ვისაც მევენახეები ყურძენზე ფასის მომატების თხოვნით თითქმის ყოველდღე მიმართავენ, თუმცა არა მარტო მეხუზლა, სხვებიც მუდმივად მიუთითებენ, რომ ქვეყანაში თავისუფალი საბაზრო პრინციპებია და ნებისმიერ პროდუქტზე - მათ შორის ყურძენზე - ფასს არეგულირებს ბაზარი. მეხუზლას ვკითხეთ, რას ფიქრობს ყურძნის გაყიდვის ალტერნატივაზე, „ყურძნის ბირჟაზე“. მისი თქმით, ეს პროექტი, ალბათ, ყველაზე კარგი საშუალება იქნება იმისთვის, რომ მევენახე და მყიდველი მესამე პირის გარეშე დაუკავშირდნენ ერთმანეთს.

ლევან მეხუზლა

„ფერმერებში ჯერჯერობით არ არის მაღალი ტექნოლოგიების ცოდნა, მაგრამ ვისაც ხელი მიუწვდება, ძალიან კარგი პლატფორმაა, იმიტომ რომ გამყიდველს საშუალებას აძლევს მესამე პირის გარეშე დაუკავშირდეს მყიდველს. ეს საქართველოსთვის ინოვაციური პრაქტიკაა, თუმცა მსოფლიო მასშტაბით უკვე კარგად არის აპრობირებული“, - განაცხადა ლევან მეხუზლამ, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ და რთვლის შტაბის ხელმძღვანელმა.

ინტერნეტრესურს „ყურძნის ბირჟის“ დამფუძნებლები ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც პორტალი ონლაინსივრცეში გავიდა, მათ დაუკავშირდნენ ადამიანები, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს მსგავსი სივრცე შეიქმნას, მაგალითად, ახალციხისთვის, სადაც კარტოფილის რეალიზაციის დროს ისეთივე პრობლემები აქვთ ფერმერებს, როგორიც კახეთში მევენახეებს.