„კრიმინალური მენტალიტეტი და საზოგადოებაზე მისი გავლენა“ – კვლევაში, რომელზეც "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ და “წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრმა“ იმუშავეს, წერია, რომ ყოველ მეხუთე გამოკითხულს (21%-ს) კრიმინალური მენტალიტეტის მიმღებლობა აქვს, ანუ, მაგალითად, სადავო საკითხების გადაწყვეტისას პოლიციას კი არა, კრიმინალური სუბკულტურის წევრს მიმართავდა. 13%-ს ამ კითხვაზე ჩამოუყალიბებელი პოზიცია აქვს.
ამავე კვლევის შედეგებს თუ დავეყრდნობით, გამოკითხულთა 30% თვლის, რომ ბოლო 5 წელში გაზრდილია მოზარდებში კრიმინალური სუბკულტურების წევრობის სურვილი.
გამოკვლევის თანახმადვე, მოსახლეობის უმრავლესობის (60%-მდე) შეფასებით, ქვეყანაში არსებული კრიმინალური სუბკულტურები გავლენას ახდენს მოზარდების ცხოვრების წესზე, მათი შეხედულებების ფორმირების პროცესზე, განათლების მიღებაზე, დასაქმებაზე, ქცევით ჩვევებზე, ზოგადად - ცნობიერებაზე.
ვრცელ გამოკვლევაში, რომელიც გასული წლის მეორე ნახევარში, ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, 15 წლისა და მეტი ასაკის, 1908 რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა. კვლევამ მოიცვა საქართველოს ყველა რეგიონი. კვლევაში მონაწილეობდნენ როგორც რიგითი მოქალაქეები, ისე სკოლის პედაგოგები, მანდატურები, სკოლის ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და არასამთავრობო სექტორის ექსპერტები, რომლებიც მუშაობენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში.
რა განაპირობებს მოზარდებში კრიმინალურ სუბკულტურასთან დაახლოების სურვილს?
ეს კითხვა მკვლევრებმა გამოკითხვაში ჩართულ ექსპერტებს დაუსვეს. მიზეზები კი მათ ასე ახსნეს:
- ოჯახების არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობა, როდესაც მშობლების ენერგია, ძირითადად, შვილ(ებ)ის პირველადი საჭიროებით უზრუნველყოფას ხმარდება;
- ოჯახებში არსებული ავტორიტარული აღზრდის სტილი, როდესაც ბავშვებს, რომლებიც აგრესიის ობიექტები ხდებიან, მიღებული აგრესია სხვებზე გადააქვთ;
- მიბაძვა, რომელიც გამოწვეულია ოჯახის რომელიმე წევრის კრიმინალური სუბკულტურის წევრობით და ციხეში ყოფნით.
ექსპერტების აზრით, აქ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ასევე ძალაუფლებრივი გავლენები მოზარდებში. გარდატეხის ასაკში იზრდება საზოგადოებაში თავის დამკვიდრებისა და ლიდერობის სურვილი. ამასთან, ზოგიერთი მოზარდი მიიჩნევს, რომ კრიმინალურ ჯგუფებთან სიახლოვით ნაკლებად დაიჩაგრება.
გარდა ამისა, როგორც გამოკვლევაში ვკითხულობთ, კრიმინალური სუბკულტურის წევრობის მიმზიდველობას მოზარდებში განაპირობებს ისიც, რომ „აღნიშნული ჯგუფი გავლენას ახდენს საზოგადოებაში მიმდინარე, მათ შორის, პოლიტიკურ მოვლენებზე“:
„ფოკუსჯგუფში მონაწილე ადამიანების დაკვირვებით, ბოლო წლებში მმართველ პოლიტიკურ ძალასა და კრიმინალური სუბკულტურის წარმომადგენლებს შორის არსებობს გარკვეული თანამშრომლობა, რომელიც ყველაზე მეტად „ძველი ბიჭების“ საარჩევნო პროცესებში აქტიურ ჩართვაში გამოიხატება“, - წერია გამოკვლევაში.
მკვლევრების თქმით, მოზარდები კრიმინალური სუბკულტურის მქონე ჯგუფებში დამკვიდრებას ჯგუფში არსებული წესებით ცდილობენ. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია კრიმინალური ქმედებების ერთობლივად განხორციელება.
გამოკვლევის შედეგების თანახმადვე, ბოლო წლებში მომრავლებულია კრიმინალური ცნობიერების ისეთი გამოვლინებები, როგორიცაა, მაგალითად, კიბერბულინგი, აგრეთვე, მოზარდების ინტერესის ზრდა მემარჯვენე რადიკალური დაჯგუფებების მიმართ, რომელთა სამიზნეები ეთნიკური უმცირესობები და ქვიარ თემის წევრები არიან.
ერთ-ერთი რესპონდენტი, პრობაციის ეროვნული სააგენტოს სოციალური მუშაკი, გამოკვლევის ავტორებს ეუბნება:
„ნეონაცისტებს რომ მიაკუთვნებენ თავს და მხოლოდ ქართველები რომ უნდა იყვნენ, ასეთ მოზარდებთან მქონია ურთიერთობის გამოცდილება, რაც ბოლო 5 წელში სიახლეა. ერთ-ერთი ჯგუფური სარეაბილიტაციო პროგრამის დროს, თემა შეეხო პირსინგის, საყურის და სამკაულების ტარების საკითხს და იმდენად აგრესიულად იყვნენ განწყობილნი ჯგუფში მონაწილე 14-დან 16 წლამდე ასაკის 5-6 ბიჭი, რომ თქვეს, შეიძლება ფიზიკურად გავუსწორდეთო, რადგან კაცურ ჩარჩოებში არ ზის და არ უხდება ბიჭს პირსინგიო“.
სკოლის მანდატურებთან ჩატარებული გამოკითხვისას გამოიკვეთა მოსაზრება, რომ მოზარდებში გავრცელებულია ქურდობის შემთხვევები, ძირითადად სავაჭრო ობიექტებში. მათი თქმით, მაღალი კლასის მოსწავლეები, 14 წლამდე ასაკის მოსწავლეებს ავალებენ, რომ იქურდონ, რადგან იციან, რომ მათ არ დააკავებენ:
„მქონია ასეთი შემთხვევა, რომ 16-17 წლის ბავშვებმა აიძულეს 12-13 წლის მოზარდები, შესულიყვნენ მაღაზიაში და ტკბილეული მოეპარათ“, - ამბობს ერთ-ერთი სკოლის მანდატური.
როგორც გამოკვლევაში ვკითხულობთ, არასრულწლოვანთა შორის ყველაზე გავრცელებულია ქურდობა/ხულიგნობა: „ასეთი არასრულწლოვნების უკან კარგად ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფები დგანან, რომლებიც არასრულწლოვნებს აძლევენ მითითებებს და სხვადასხვა კრიმინალურ პრაქტიკაში რთავენ“, - წერენ მკვლევრები.
რადიო თავისუფლება ჯერ კიდევ ექვსი წლის წინ წერდა ქვეყანაში მოზარდების მიერ ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკისა და დანაშაულების პრევენციის აუცილებლობის შესახებ. ამ მხრივ, მდგომარეობა არ შეცვლილა არც ბოლო წლებში.
ასევე ნახეთ ბავშვი, დანაშაული და სასჯელი21 თებერვალს გამოქვეყნებულ კვლევაში წერია, რომ ქვეყნის მასშტაბით გაზრდილია დანაშაულებრივი ქმედებების მაჩვენებლები, რაც მოზარდთა მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების მზარდი ტენდენციის გამოხატულებაა.
განსაკუთრებით ხშირია მოზარდთა მიერ ჩადენილი ისეთი კანონსაწინააღმდეგო ფაქტები, როგორებიცაა ჯგუფურად შეჭრა სავაჭრო ობიექტებზე, მანქანების ძარცვა, ძალადობრივი ქმედებები და სხვა.
თუკი საინფორმაციო ველს გადავხედავთ, კვირა არ გავა, არ გავრცელდეს ცნობა იმის შესახებ, როგორ გატეხეს არასრულწლოვნებმა მაღაზიის კარი და როგორ წაიღეს იქიდან ძვირადღირებული პროდუქცია, ან, მაგალითად, როგორ გაქურდეს მანქანები.
ეს არის სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის მხოლოდ უმცირესი ჩამონათვალი.
„14 წლამდე მოვიპარავ და მერე აღარ“
როგორც გამოკვლევის ავტორები წერენ, კრიმინალური მენტალიტეტის პრევენცია ბავშვებში მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას, რომელიც მიმართული იქნება ანტისოციალური ქცევის დაძლევაზე. მათ შორის, ინდივიდუალური, ოჯახური თუ სხვა ფაქტორების გავლენის შემცირება, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ბავშვებში ანტისოციალურ ქცევას.
„არასრულწლოვანთა დანაშაულისა და მათზე კრიმინალური სუბკულტურის გავლენის შემცირების ეფექტიანი გზა პრევენციული ღონისძიებებია“, - მეუბნება მაია ცირამუა, ფსიქოლოგი, რომელსაც კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს:
„დღეს ქვეყანაში არ გვაქვს დანაშაულის ადრეული პრევენციის სწორად გააზრებული და ორგანიზებული მექანიზმი. ადრეული ბავშვობიდან უნდა ხდებოდეს იმ მოზარდების იდენტიფიცირება, რომლებიც ავლენენ საყურადღებო ოპოზიციურ ქცევებს. უკვე 4 წლის ასაკში ბავშვმა შეიძლება უკვე გამოავლინოს პირველი ნიშნები, რომელიც საყურადღებო იქნება და თუ ამას არ ექცევა ყურადღება, 10 წლის ასაკში ეს უკვე ვლინდება იმაში, რომ ბავშვი ხდება კონფლიქტური, არ ემორჩილება არანაირ წესს, უკვე 15 წლის ასაკში უკვე გაცილებით უფრო რთულ პრობლემებში იყოს ჩართული და ა.შ. იმ უწყებებმა, რომლებსაც უწევთ ამ ბავშვებთან შეხება, მათ დამნაშავეები კი არ უნდა დაარქვან, მათი სტიგმატიზირება კი არ უნდა მოახდინონ, არამედ დროულად უნდა მიხედონ“.
მაია ცირამუა ამბობს, რომ კვლევის შედეგად გამოვლენილი მოსაზრება, რომ მოზარდებში გაზრდილია კრიმინალური სუბკულტურის ზეგავლენა, უნდა იქცეს პირდაპირ მესიჯად შესაბამისი უწყებებისთვის, რომ პრობლემას დროულად მიხედონ:
„მიხედონ, გამოიკვლიონ, რატომ გაიზარდა ეს მაჩვენებელი, მიხედონ იმას, რომ გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც აქვთ კრიმინალური მენტალიტეტი თუ კრიმინალურ სუბკულტურას წარმოადგენენ, მათი ზეგავლენისგან დაიცვან მოწყვლადი ბავშვები“.
მისივე თქმით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსს, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი მიღწევაა, დღეს კრიმინალური დაჯგუფებები ბოროტად იყენებენ:
„ისინი იყენებენ ბავშვებს. პრაქტიკაშიც შევხვედრივარ მოზარდებს, რომლებიც ამბობენ, რომ 14 წლამდე მოვიპარავ და მერე აღარ. ამის შესახებ სამართალდამცავებთანაც მისაუბრია. ისინი ამბობენ, რომ არიან ბავშვები, რომლებსაც ქურდობის იმდენი ეპიზოდი აქვთ დაგროვებული, იმდენად „წარმატებულები“ არიან ამ საქმეში, იმდენად კარგი შემოსავალი აქვთ, რომ ამ ბავშვებს უკვე ვკარგავთ“.
რას ამბობენ რიცხვები?
საქართველოს პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ანალიზის თანახმად, გასულ წლებთან შედარებით, 2020-2022 წლებში მომატებულია კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რიცხვი.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის მინიმალური ასაკი 14 წელია, ხოლო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისთვის – 16 წელი. კოდექსის მიხედვით, არასრულწლოვნის დაკავება, დაპატიმრება და მისთვის თავისუფლების აღკვეთა დასაშვებია მხოლოდ როგორც უკიდურესი ღონისძიება, რომელიც შეძლებისდაგვარად მოკლე ვადით და რეგულარული გადასინჯვის პირობით უნდა იქნეს გამოყენებული.
მოზარდის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ არასრულწლოვანმა ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, პირველ რიგში, განიხილება განრიდების შესაძლებლობა.
განრიდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას გულისხმობს და არის სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმი, რომლის მიზანია არასრულწლოვნის სათანადო განვითარებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. განრიდების მექანიზმი 2010 წლიდან ამოქმედდა.
არასრულწლოვანთა მიმართ განრიდების გამოყენება ყველაზე ხშირად საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე ხდება, ანუ ქურდობისას (სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლი).
თუკი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ არასრულწლოვანთა დანაშაულის 2022 წლის სტატისტიკას ჩავხედავთ (2023 წლის სტატისტიკა ჯერ არ გამოქვეყნებულა), 2022 წელს განრიდებული 585 არასრულწლოვნიდან, 177-ე მუხლით ჩადენილი დანაშაული ჰქონდა 407 (70%) არასრულწლოვანს.
თუკი ამავე ანალიზს ჩავხედავთ, 2022 წელს განრიდებულ არასრულწლოვანთა 89%-ს ორივე მშობელი ჰყავდა, 10%-ს მხოლოდ ერთი, ხოლო 1%-ს არცერთი მშობელი არ ჰყავდა.
საყურადღებოა არასრულწლოვანთა მშობლების ემიგრაციის მაჩვენებელიც. განრიდებული 585 მოზარდიდან, 21%-ს ორივე ან ერთ-ერთი მშობელი საზღვარგარეთ ჰყავს.
მოზარდთა 17%-ში დაფიქსირდა მათი ოჯახის წევრის წარსულში დანაშაულებრივი გამოცდილების ფაქტი.
რაც შეეხება ოჯახების შემოსავალს, განრიდებულ არასრულწლოვანთა ოჯახების 36%-ს მხოლოდ პირველადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალება ჰქონდა, ხოლო 5%-ის შემთხვევაში, ოჯახის შემოსავალი პირველადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლადაც არ იყო საკმარისი. კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდების ოჯახების 54%-ის შემოსავალი ძირითადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად საკმარისი იყო.
425 არასრულწლოვნიდან, რომლებიც საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობდნენ, 132-ს კარგი, 227-ს დამაკმაყოფილებელი, ხოლო 66-ს არადამაკმაყოფილებელი აკადემიური მოსწრება ჰქონდა.