„ყირიმის პლატფორმა“ ეხმარება მსოფლიოს დარწმუნდეს იმაში, რომ პუტინის შეჩერება მხოლოდ ძალითაა შესაძლებელი. „სწორედ ამაში მდგომარეობს „ყირიმის გაკვეთილი“, რომელიც მსოფლიომ ზეპირად უნდა დაისწავლოს“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ემინე ჯეპარმა პრაღაში 24 ოქტომბერს გამართული „ყირიმის პლატფორმის“ მეორე საპარლამენტო სამიტის დასრულების შემდეგ. უკრაინელმა დიპლომატმა იმაზეც ისაუბრა, თუ რა ელით რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ყირიმში ცხოვრება ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ გადაწყვიტეს.
რუსეთი თავს დაესხა უკრაინას არა 2022 წლის, არამედ 2014 წლის თებერვალში, მოახდინა ყირიმის ანექსია, საერთაშორისო საზოგადოების სუსტმა რეაქციამ კი ხელ-ფეხი გაუხსნა რუსეთის სრულმასშტაბიან აგრესიას - ამ შინაარსის განცხადება იქცა ლაიტმოტივად „ყირიმის პლატფორმის“ მეორე საპარლამენტო სამიტისათვის, რომელსაც ჩეხეთის დედაქალაქმა 24 ოქტომბერს უმასპინძლა და, რომელშიც ხუთი კონტინენტის 69 საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ემინე ჯეპარმა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა შეადარა მეორე მსოფლიო ომის დროინდელ გერმანიას.
„ ეს ძალიან ჰგავს მეორე მსოფლიო ომს, როდესაც ევროპის რამდენიმე ქვეყანა ცდილობდა ჰიტლერის დაყვავებით დაშოშმინებას და ამ მიზნით გარკვეული ტერიტორიებიც კი დაუთმეს მას. მხედველობაში მაქვს ავსტრიის ანშლუსი, სუდეტის ოლქი... მათ სჯეროდათ, რომ ჰიტლერი ამით დაკმაყოფილდებოდა და შეაჩერებდა თავის აგრესიულ ზრახვებს. ასე რომ, მეორე მსოფლიო ომის ისტორია ნათლად გვეუბნება, რომ [აგრესორის] შეჩერება მხოლოდ ძალითაა შესაძლებელი“, - ამბობს ემინე ჯეპარი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და "ყირიმის პლატფორმის" ერთ-ერთი ინიციატორი.
მისი თქმით, იგივე გააკეთა პუტინმაც, რომელიც „რბილად“ შევიდა ყირიმში მსოფლიო თანამეგობრობის ნებართვითა და წინააღმდეგობის გაწევის სურვილის არქონით:
„დღეს მსოფლიო საზოგადოებამ ყირიმის გაკვეთილი უნდა დაისწავლოს, როგორც იტყვიან, დაიზუთხოს: უნდა არსებობდეს აგრესორთან საუბრის მკაფიო ფორმულა და ეს არ უნდა იყოს მშვიდობაზე ლაპარაკი. ჩვენ გვქონდა ეს რიტორიკა მინსკის პროცესში, ყველა ცეკვავდა პუტინის გარშემო, ყველა ეძებდა ენას, რომელსაც ის გაიგონებდა, ეძებდა ლიდერს, რომელსაც ის მოუსმენდა, მაგრამ პუტინი დემონსტრირებას ახდენდა, რომ საკუთარ თავს მთელ კაცობრიობაზე, საერთაშორისო სამართალზე, კანონებსა და ნორმებზე მაღლა აყენებდა. ამიტომ ყირიმის პლატფორმას აქვს თავისი მკაფიო ამოცანები“.
"ყირიმის პლატფორმის" სამიტის ერთობლივი დეკლარაცია
„ყირიმის პლატფორმის“ საპარლამენტო სამიტის ერთობლივ დეკლარაციაში მხარდაჭერილია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრების განზრახვა, - ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა, - შემაჯამებელ დოკუმენტში სამიტის მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის ყირიმისა და სევასტოპოლის დეოკუპაცია, ისევე როგორც უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტის უზრუნველყოფა, ომის შეწყვეტისა და რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების ფუნდამენტური წინაპირობაა.
გარდა ამისა, დეკლარაციაში პარლამენტარებმა დაგმეს როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. „რეფერენდუმის“ და „არჩევნების“ ჩატარება, ასევე რუსეთის გასვლა შავ ზღვაზე მარცვლეულის შეთანხმების ინიციატივიდან, სისტემატური თავდასხმები უკრაინის საექსპორტო ინფრასტრუქტურასა და კომერციულ გემებზე, საზღვაო პორტების ბლოკადა, რაც მთლიანობაში საფრთხეს უქმნის გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას.
სამიტის მონაწილეებმა ასევე განაცხადეს, რომ ევროკავშირში მისაღებად უკრაინას გაუწევენ პოლიტიკურ, დიპლომატიურ, სამხედრო, ფინანსურ, ჰუმანიტარულ და სხვა სახის დახმარებას.
„ყირიმის პლატფორმის“ საპარლამენტო სამიტის ერთობლივ დეკლარაციაში იმაზეცაა საუბარი, რომ სამიტის მონაწილე ქვეყნები კვლავ აპირებენ მხარი დაუჭირონ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების შემდგომ გამკაცრებას და, რომ მიიღებენ დიპლომატიურ, ეკონომიკურ და სხვა სახის ზომებს რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის მიზნით.
სამიტში მონაწილეობა მიიღო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც თავის ვიდეომიმართვაში იმაზე ილაპარაკა, რომ სრულმასშტაბიანი ომის მსვლელობისას ინტენსიურად იქმნება ყირიმის დეოკუპაციის წინაპირობები - რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შესაძლებლობების შემცირება (იძულებულია გადავიდეს შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში) და სამხედრო ლოგისტიკის განადგურება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ წინაპირობების ნაწილია. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა მზარდი პროუკრაინული განწყობები, რომლებიც, მიუხედავად საოკუპაციო ხელისუფლების რეპრესიული პრაქტიკისა, სულ უფრო თვალშისაცემი ხდება ყირიმში.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ჩართვაში ყურადღება გაამახვილა ნახევარკუნძულის ძირძველ მოსახლეობაზე - ყირიმელ თათრებზე, რომლებიც, მისი თქმით, მოსკოვის მიერ განხორციელებული დეპორტაციის უმძიმესი წლების შემდეგ, ათი წელია ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფებიან.
„ყირიმის კონტროლის მცდელობა არის ამბავი არა მხოლოდ მიწაზე, არა მხოლოდ სამხედრო პლაცდარმზე, რომელიც მოსკოვს სჭირდება მეზობელი რეგიონის დესტაბილიზაციისთვის. ეს არის ისტორია ადამიანებზე, რომლებიც უნდა გადაურჩნენ რეპრესიებს. ეს არის ამბავი პოლიტპატიმრებზე, რომლებიც უნდა გათავისუფლდნენ რუსეთის ციხეებიდან. ეს არის ისტორია ოჯახებზე, რომლებიც იმსახურებენ დაცვას, ეს არის ისტორია კულტურაზე, რომელსაც აქვს არსებობისა და თავისუფლების უფლება ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანურ კულტურას. გახსოვდეთ ეს ხალხი. არავინ იმსახურებს ბედის გაყინვას. ამიტომ ჩვენი მიზანია ჩვენი მიწის სრული დეოკუპაცია. სრული! ყირიმის ჩათვლით“, - განაცხადა ზელენსკიმ თავის ვიდეომიმართვაში.
"ყირიმის პლატფორმის" ექსპერტთა ქსელის წარმომადგენლის, ადამიანის უფლებათა რეგიონული ცენტრის იურისტის დარინა პოდგორნაიას დაკვირვებით, "ყირიმის პლატფორმის" პარტნიორი ქვეყნების პოზიციები მნიშვნელოვნად შეიცვალა.
„თუ შარშან ლაპარაკობდნენ, განთავისუფლდებოდა თუ არა ყირიმი, დღეს ისინი საუბრობენ იმაზე, თუ რა უნდა გააკეთონ ყირიმის განთავისუფლების შემდეგ. და, რა თქმა უნდა, უპირველესი საქმე იქნება ბალანსის დაცვა მართლმსაჯულებასა და ადამიანის უფლებებს შორის. კულუარებში ასევე ბევრი საუბარი იყო იმაზე, თუ რა ბედი უნდა ეწიოს იმ ადამიანებს, რომლებიც ნახევარკუნძულზე დარჩნენ ან იმათ, რომლებსაც დაბრუნების სურვილი აქვთ და საერთოდ, მთლიანად რეგიონს“, - თქვა დარინა პოდგორნაიამ.
და მართლაც, ისლანდიის რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერმა, ბირგირ არმანსონმა გამოთქვა მოსაზრება, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი „დიდი სურათის ნაწილია“.
„ეს არ არის მხოლოდ უკანონო ომი ტერიტორიის დაპყრობისთვის, ეს არის ავტოკრატიის წინააღმდეგ ომი დემოკრატიული ღირებულებებისთვის. ეს არის ომი ევროპული სამყაროს მომავლისთვის, უსაფრთხოების დემოკრატიული არქიტექტურისა და მსოფლიო წესრიგისთვის“, - თქვა მან და დასძინა, რომ უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, რადგან ის ეკუთვნის ევროპულ და დასავლურ ოჯახს.
„ყირიმი პირველი ტერიტორიაა, რომელიც რუსეთმა ძალით ჩაიგდო ხელში. იმედი მაქვს, რომ ყირიმი იქცევა იმ ტერიტორიად, რომელსაც უკრაინა ოკუპანტებისგან გაათავისუფლებს“, - განაცხადა საფრანგეთის სენატის ხელმძღვანელმა ჟერარ ლარშემ. მისი თქმით, „ყოველთვის არიან დემოკრატიული ქვეყნები და ქვეყნები, რომლებსაც მათი დაპყრობა სურთ“, მაგრამ დემოკრატია უფრო ძლიერია და თანამედროვე პოლიტიკაში „ძალის მეთოდის“ გამოყენება არავის უნდა შერჩეს.
„ყირიმის პლატფორმის“ მეორე საპარლამენტო სამიტის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ყირიმელი თათრების მეჯლისის ხელმძღვანელმა რეფატ ჩუბაროვმაც, რომელმაც სხვა საკითხებთან ერთად იმაზეც ილაპარაკა, რომ ოკუპაციის წლებში რუსეთიდან ყირიმში ჩასახლებულ ადამიანებს ნახევარკუნძულის დატოვება მოუწევთ.
„რუსეთის ამოცანაა გაანადგუროს ყირიმელი თათრების იდენტობა ყირიმში, - ამბობს რეფატ ჩუბაროვი, - ამ მიზნის მისაღწევად, რუსეთის ხელისუფლება ნახევარკუნძულზე ასახლებს თავისი ქვეყნის მოქალაქეებს, საუბარია 1 მილიონზე მეტ ადამიანზე".
„უკვე გვესმის ხმები, რომლებიც ამ კოლონიალისტებს იცავენ. ამბობენ, რომ ისინი კომპლექსური გეოპოლიტიკური პროცესების მძევლები არიან და ამიტომ გათავისუფლებულ ყირიმში საცხოვრებლად უნდა დარჩნენ. ჩვენი პოზიცია ცხადია - ყველა უცხოელმა თუ მოქალაქეობის არმქონე პირმა, ვინც დასახლდა ოკუპირებულ ყირიმში, ისევე როგორც უკრაინის სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, შეგნებულად ჩაიდინა დანაშაული. ისინი, როგორც მაროდიორები, მოვიდნენ ნაძარცვის მისათვისებლად, ამიტომ თითოეულმა მათგანმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს ყირიმი. ასეთია ჩვენი ერთიანი პოზიცია. არ მივცემთ იმის უფლებას, რომ ნახევარკუნძულზე კოლონისტების უზარმაზარი არმია დარჩეს“, - განაცხადა რეფატ ჩუბაროვმა სამიტზე გამოსვლისას.
დარინა პოდგორნაიას თქმით, ნამდვილად არსებობს ორი მოსაზრება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოექცნენ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ნახევარკუნძულზე საცხოვრებლად ჩამოვიდნენ ოკუპაციის შემდეგ. აშკარაა, რომ მათ დაარღვიეს უკრაინის კანონი და ამისთვის უნდა დაჯარიმდნენ და დატოვონ ქვეყანა, თუმცა, ამ საკითხში არის სირთულეები.
„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ვსაუბრობთ 5-10 ადამიანზე, ეს ადვილი საქმეა. მაგრამ როცა მილიონზე ვსაუბრობთ, მაშინ განსხვავებული აზრი ჩნდება. ამბობენ, რომ ამ მილიონიდან გარკვეული რაოდენობის ადამიანი უკვე დასახლდა ყირიმში, ჰყავთ ოჯახები და შვილები. ამიტომ თითოეული შემთხვევა, საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების ნორმების მიხედვით, ცალ-ცალკე უნდა განიხილონ“, - აღნიშნა დარინა პოდგორნაიამ, რომლის თქმითაც, პარალელურად უკრაინის ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ყირიმში არ დარჩეს რუსეთის მოქალაქეების „ნეგატიური გავლენა“ პოლიტიკურ ვითარებაზე, ასეთი მექანიზმები კი, უფლებადამცველის თქმით, უნდა მოძებნონ ექსპერტებმა და პოლიტიკოსებმა.
„ყირიმის პლატფორმის“ მეორე საპარლამენტო სამიტის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამაც, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობდა.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა თავად არის ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ და ჩვენი ორი, ისტორიული რეგიონი რჩება რუსეთის მიერ ოკუპირებული, ჩვენ ვასრულებთ ვალდებულებებს მეგობრების წინაშე, როგორც ქართველი, ისე უკრაინელი ხალხის სახელით. საქართველოს მხარდაჭერა უკრაინისადმი უპირობოა და გრძელდება. ამიტომ ჩვენ აქ ვართ არა მხოლოდ სხვადასხვა ერის წარმომადგენლები, არამედ როგორც ერთი ხმა და ერთი მთლიანი ოჯახი – დროა, ვაჩვენოთ ძალა, რომელიც ჩვენს დემოკრატიებს გააჩნიათ“, – განაცხადა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას არჩილ თალაკვაძემ, რომელსაც ასევე გაიხსენა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი:
„2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შემდეგ ეს ომი განმეორებით შეგვახსენებს, რომ როდესაც ერთი ქვეყნის სუვერენიტეტს ემუქრება საფრთხე, ყველას უსაფრთხოება რისკის ქვეშ დგება“.