ყირიმი - პუტინისა და მისი ხროვის „კოშჩეის კვერცხი“

ყირიმის დეოკუპაციის თემაზე შექმნილი სტრიტ-არტი

კიევში დარწმუნებული არიან, რომ ყირიმის ნახევარკუნძულის დეოკუპაცია მყისიერად დაასრულებს კრემლის მიერ დაწყებულ სრულმასშტაბიან ომს. როგორც უკრაინელი დიპლომატი, ოლექსანდრ ლევჩენკო ამბობს, ყირიმი "ვლადიმირ პუტინისა და მისი ხროვის „კოშჩეის კვერცხია“."

„ყირიმის პლატფორმის“ მესამე სამიტის დასრულების შემდეგ უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობა მკაფიოდ აცხადებს, რომ ყირიმის საკითხი რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის გათავისუფლების ქვაკუთხედია.

ყირიმის პლატფორმის III საერთაშორისო სამიტმა კიევში ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერთა რეკორდულად დიდ რაოდენობას უმასპინძლა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას თქმით, შერეულ ფორმატში გამართული სამიტის 67 მონაწილეს შორის პირველად იყვნენ ბაჰრეინის, სერბეთის, აღმოსავლეთ ტიმორის, არაბეთის გაერთიანებული საამიროების, დუნაის კომისიის, იუნესკოსა და ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

ასევე ნახეთ "უკრაინა სრულად გამარჯვებული გამოვა ამ ბარბაროსული ომიდან" - სალომე ზურაბიშვილი "ყირიმის პლატფორმის" სამიტზე

დმიტრო კულება

„ჩვენი საერთო მიზანი უცვლელი რჩება - შევქმნათ პირობები როგორც ყირიმის დეოკუპაციისთვის, ასევე უკრაინის ყველა დროებით ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლებისთვის“, - განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ყირიმის პლატფორმის I სამიტის მონაწილეებმა 2021 წელს ერთობლივი დეკლარაციით დაგმეს ყირიმში ადამიანის უფლებების დარღვევა, ნახევარკუნძულის მილიტარიზაცია, ქერჩის სრუტეში ნაოსნობის შეფერხება და ნახევარკუნძულის დემოგრაფიული სტრუქტურის ცვლილება რუსეთის მოქალაქეების ყირიმში ჩასახლების გზით.
ყირიმის პლატფორმის II სამიტი შედგა 2022 წლის აგვისტოში - უკვე რუსეთის ფედერაციის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ამის გამო ფორმატი იყო დისტანციური, თუმცა მონაწილეთა უმეტესობა მაინც პირადად ეწვია უკრაინას. საუბარია ქვეყნების, მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების (მათ შორის NATO-ს) 60 ლიდერზე.
ლიდერთა დონეზე სამიტის გარდა, ასევე იმართება ყირიმის პლატფორმის საპარლამენტო შეხვედრები. პირველი შედგა 2022 წლის შემოდგომაზე ხორვატიაში, ხოლო შემდეგი შეხვედრა დაგეგმილია პრაღაში 2023 წლის 24 ოქტომბრისთვის.

ყირიმის პლატფორმის III სამიტის მონაწილეებმა განიხილეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, ნახევარკუნძულის პოსტოკუპაციური მომავალი და ჰუმანიტარული პოლიტიკა. სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო უსაფრთხოება აზოვი-შავი ზღვის რეგიონში, როგორც მარცვლეულის დერეფნების ფუნქციონირების მთავარი კომპონენტი. გარდა ამისა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველის მოადგილის ემინე ჯაფაროვას თქმით, ყირიმის პლატფორმის მესამე სამიტმა მკაფიოდ გამოკვეთა ორი გზავნილი:

  • არანაირი პოლიტიკური ვაჭრობა ყირიმის გარშემო - ყირიმი უკრაინის განუყოფელი ნაწილია
  • უკრაინა თავად გადაწყვეტს ნახევარკუნძულის დეოკუპაციის გზას

ყირიმი - ომის დამთავრების უმოკლესი გზა

სამიტის გახსნის (23 აგვისტო) წინ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა ნახევარკუნძულის დეოკუპაციის გზებზე საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინა, სავარაუდოდ, ყირიმს სამხედრო გზით გაათავისუფლებს, „მხოლოდ დეოკუპაცია მისცემს ჩვენს ქვეყანას უსაფრთხოების გარანტიებსო“, თქვა მან.

ოლექსი დანილოვი

ორიოდე დღის შემდეგ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმაც განაცხადა, უკრაინა ყირიმის განთავისუფლებას „კომბინირებული“ გზით შეძლებსო:

„კომბინირებული გზა - ეს არაა მხოლოდ დიპლომატიური, ან მხოლოდ სამხედრო საშუალებები, ბევრი განსხვავებული ვარიანტია. თუმცა სამხედრო მოქმედებების გარეშე ეს შეუძლებელია, რასაც ვამბობდი კიდეც მთელი ამ წლების განმავლობაში... კომბინირებული საშუალებებით ჩვენ ყველაფერს ერთად დავიბრუნებთ“.

27 აგვისტოს ჟურნალისტ ნატალია მოსეიჩუკთან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმაც ყირიმის პლატფორმის მსვლელობისას ნახევარკუნძულის დემილიტარიზაციის შესახებ გამოთქმული მოსაზრების კომენტირებისას განაცხადა, რომ თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები მოახერხებენ ყირიმის ადმინისტრაციულ საზღვრამდე მისვლას, მაშინ ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე „რუსეთის დემილიტარიზაციის“ საკითხი შეიძლება პოლიტიკურად გადაწყდესო.

ვოლოდიმირ ზელენსკი ყირიმის პლატფორმის მესამე სამიტის გახსნაზე, 2023 წ. 23 აგვისტო

„ნაკლები მსხვერპლი იქნება. თუ ყირიმთან ადმინისტრაციულ ან პირობით საზღვრებზე ვიქნებით, მიმაჩნია, რომ შესაძლებელია პოლიტიკური ზეწოლა და ყირიმის ტერიტორიაზე რუსეთის დემილიტარიზაცია“, - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

როგორც მაღალი რანგის უკრაინელი დიპლომატი და ყირიმში უკრაინის პრეზიდენტის ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი, ოლექსანდრ ლევჩენკო ამბობს, ყირიმის პლატფორმის მესამე სამიტის მსვლელობისას ხმამაღლა გაიჟღერა მოსაზრებამ იმის შესახებ, რომ ომი ყირიმში დაიწყო და ყირიმშივე უნდა დამთავრდესო.

„თუ სხვა რეგიონებზე ადრე გათავისუფლდება ყირიმი, მაგალითად, დონბასზე ან ზაპოროჟიეს ნაწილზე, ომი ფაქტობრივად შეწყდება. მოსკოვს აღარ დარჩება არც მოტივაცია და არც ძალა იმისთვის, რომ ბრძოლა გააგრძელოს. ყირიმი ეს არის ვლადიმირ პუტინისა და მისი ხროვის "კოშჩეის კვერცხი". ყირიმის განთავისუფლება იქნება იმის ნიშანი, რომ მათი არაადამიანური გეგმა უკრაინის მოხრჩობისა, ჩაიშალა და რომ ისინი უნდა დაუბრუნდნენ თავიანთ ტერიტორიებს. ამიტომ ყირიმის პლატფორმა (ყირიმის თემა) ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომაც რჩება დღის წესრიგში“, - განაცხადა უკრაინელმა დიპლომატმა.

ოლექსანდრ ლევჩენკო

სამიტის დღის წესრიგი და ყირიმის ეკონომიკური მომავალი

თუ ყირიმის პლატფორმის წინა ორი სამიტი მიზნად ისახავდა იმის დადასტურებას, რომ ყირიმი უკრაინის ნაწილია და საჭიროა ამ საკითხის ირგვლივ მაქსიმალური საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდირება, მესამე სამიტის დღის წესრიგში იდგა:

  • უსაფრთხოება აზოვი-შავი ზღვის რეგიონში
  • ადამიანის უფლებების დარღვევა ოკუპირებულ ყირიმში.
  • დეოკუპაციის შემდეგ ყირიმის რეინტეგრაციის საკითხი

„უკრაინა არ ვაჭრობს ტერიტორიებითა და ხალხით. წერტილი, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ყირიმის პლატფორმის სამიტის გახსნისას, - ჩვენსა და თქვენს სოლიდარობაზეა დამოკიდებული, როდის იქნებიან კვლავ თავისუფლები ლენია უმეროვა, ნარიმან ჯელალი, ვლადისლავ ესიპენკო, სერვერ მუსტაფაევი, ირინა დანილოვიჩი და მრავალი სხვა ადამიანი, ნამდვილი ადამიანი, რომლებსაც რუსეთმა წაართვა თავისუფლება დაპყრობილ ყირიმში, წაართვა სახლი, დაუნგრია ცხოვრება, რომლებსაც ყოველდღიურად აბუჩად იგდებენ და ართმევენ მთავარს, სიცოცხლის უფლებას - თავისუფლად და ღირსეულად ცხოვრების უფლებას, მშობლიურ მიწაზე ცხოვრების უფლებას, ოკუპაციისა და ოკუპანტების გარეშე ცხოვრების უფლებას. ყირიმი დეოკუპირებული იქნება. უკრაინის ყველა სხვა ნაწილის მსგავსად, რომელიც ახლა, სამწუხაროდ, ოკუპანტების უღლის ქვეშაა“.

ზელენსკის თქმით, „უკრაინას აქვს იმის მკაფიო ხედვა, თუ როგორ აღდგება ყირიმში ნორმალური, მშვიდობიანი, სამართლიანი, დემოკრატიული ცხოვრება“. ზელენსკიმ პირობა დადო, რომ „დაუბრუნებს ყირიმს მთელ მსოფლიოს“. უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ეკონომიკის ომისშემდგომი ტრანსფორმაცია ყირიმს განვითარების უდიდეს შესაძლებლობას მისცემს:

„ჩვენ უკვე გვაქვს ბიზნესის მხარდაჭერა საერთაშორისო, ეროვნულ და ლოკალურ დონეებზე. ბიზნესი მზად არის შევიდეს ყირიმში და დეოკუპაციის შემდეგ დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა. ეს არის საერთაშორისო სასტუმროების ქსელების, ავიახაზების, საბანკო ბიზნესის, ტექნოლოგიური და სატელეკომუნიკაციო კომპანიების, სამრეწველო კომპანიების, ენერგეტიკული კომპანიების ძლიერი ბრენდები. როგორც უკრაინის ეკონომიკის ნაწილი, ყირიმი იქნება გლობალური ეკონომიკის ნაწილი და დღეს ჩვენ ვდგამთ პირველ ასეთ ეკონომიკურ ნაბიჯს“.

ვოლოდიმირ ზელენსკი

ყირიმის პლატფორმის სამიტის გახსნისას უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ხელი მალე მოეწერება ეკონომიკურ მემორანდუმს მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან, რომლებიც მზად არიან იმუშაონ ნახევარკუნძულზე მისი დეოკუპაციის შემდეგ. ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ნახსენები კომპანიებია:

SkyUp/JoinUp, Vodafone, Luxoft, SoftServe, Genesis, Sigma Software, SQUAD, Ribas Group, Edem, Okko, Lifecell, Nokia, Hyatt Ukraine, EPAM, Polski Holding Hotelowy, Fozzy Group.

„ყირიმს, რა თქმა უნდა, აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და ეს არ არის მხოლოდ რეკრეაციული ინდუსტრია, - ამბობს ყირიმელი პოლიტოლოგი ევგენია გორიუნოვა, - ეს შეიძლება იყოს როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ტრანსპორტის სექტორი. ეს შეიძლება იყოს თანამედროვე ახალი ტექნოლოგიებიც. მთავარია შეირჩეს ყირიმის განვითარების პერსპექტიული სფეროები, რაზე გაკეთდება აქცენტი და როგორ განვითარდება პრიორიტეტული დარგები ინვესტიციების წყალობით“.

თუმცა, როგორც პოლიტოლოგი ამბობს, ინვესტორების მოზიდვისთვის მნიშვნელოვანია ყირიმში უსაფრთხოების უზრუნველყოფა:

„მთავარია ნახევარკუნძულის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რათა არ მოხდეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან პროვოკაციები. ეს მოითხოვს რუსეთზე სრულ გამარჯვებას და რუსეთის დემილიტარიზაციას შავი ზღვის კონტექსტში. რომ შავი ზღვა არ იყოს რუსული ექსპანსიის, რუსული აგრესიის საფრთხის ქვეშ. მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ ყირიმის წარმატებულ ეკონომიკურ განვითარებაზე“.

ყირიმის აღდგენის სტრატეგია

ყირიმის ნახევარკუნძულის აღდგენის სტრატეგია, რომელიც ყირიმის პლატფორმის სამიტის ყურადღების ცენტრში მოექცა, გამოაქვეყნა უკრაინის ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის მოადგილემ, ოლექსანდრა აზარხინამ:

  • ეკონომიკური სიმძლავრე, დიდი პორტები და მომგებიანი საზღვაო გზები
  • თანამედროვე ფინანსური მომსახურება
  • წამყვანი სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიები და მაღალი დამატებითი ღირებულების პროდუქციის წარმოება
  • ახალი სილიკონის ველი - ტექნოლოგიური პარკები და R&D
  • მსოფლიოს წამყვანი IT კომპანიების ცენტრები
  • ეროვნული როუმინგი და 5G
  • თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, სტენფორდისა და ბერკლის პროგრამები
  • ახალი ტურისტული ბრენდი და მუდმივად მზარდი ინდუსტრია და არა ერთი-ორი თვე წელიწადში

ოლექსანდრა აზარხინა

ოლექსანდრა აზარხინას თქმით, უკრაინას ყირიმის დეოკუპაციის საკითხში სხვადასხვა დონეზე აქვს უპრეცედენტო მხარდაჭერა როგორც პარტნიორი ქვეყნების მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასევე მსოფლიოს წამყვან ბიზნესკომპანიებში. მინისტრის მოადგილის თქმით, 15-ზე მეტი საერთაშორისო, ეროვნული და ადგილობრივი კომპანია უკვე შეუერთდა ღია მემორანდუმს, რომელიც დეოკუპაციის შემდეგ ნახევარკუნძულის აღდგენას ითვალისწინებს.

ყირიმის ნახევარკუნძულის დეოკუპაციისთვის მომზადების ერთ-ერთი მთავარი მომენტია ადმინისტრაციული რეფორმა. უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო კანონი „ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული სტრუქტურის გარკვეული საკითხების გადასაჭრელად უკრაინის საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანის შესახებ“, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებული ტექნიკური ცვლილებები სათავეს დაუდებს ადმინისტრაციულ რეფორმას, რაც თავის მხრივ შექმნის ყირიმში სახელმწიფო ხელისუფლების აღდგენისა და ნახევარკუნძულის დეოკუპაციის მომზადების წინაპირობას. კანონი ითვალისწინებს 2016 და 2020 წლებში უკრაინის პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას. საუბარია დასახლებების სახელწოდებების დეკომუნიზაციისა და ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ახალი რეგიონული დაყოფის შემოღების შესახებ.

ისტორიკოსების ცნობით, ყირიმის ნახევარკუნძულზე რჩება 800 სოფელი, დაბა და ქალაქი, რომლებიც ექვემდებარებიან დეკომუნიზაციის შესახებ კანონს

როგორც უკრაინელი პოლიტოლოგები ამბობენ, ადრე ვარაუდობდნენ, რომ ეს გადაწყვეტილებები განხორციელდებოდა დეოკუპაციის შემდეგ, მაგრამ შეთანხმდნენ, რომ დეოკუპაციისთვის ნიადაგის მომზადებაა საჭირო.

უკრაინის პრეზიდენტმა სამიტზე ასევე ილაპარაკა ნახევარკუნძულის რეინტეგრაციის სტრატეგიაზე, რომელიც მოიცავს უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და გარემოსდაცვით ასპექტებს. ერთ-ერთი ასპექტი დემილიტარიზაციაა, მაგრამ, როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყირიმს კიევი დაცვის გარეშე დატოვებს. პირველი, რაც ყირიმში შეიქმნება, დროებითი სამხედრო ადმინისტრაციებია.

პოლიტიკის ანალიტიკოსის ევგენია გორიუნოვას თქმით, ამ რეფორმის დაწყება სწორედ ახლაა საჭირო:

„აუცილებელია ტექნიკური პუნქტების შეთანხმება, რათა შემდგომში პრობლემები არ შეიქმნას. დეცენტრალიზაციის ფარგლებში, ყირიმში ტერიტორიები შემცირდა: იყო 14, გახდა 10. შესაბამისად, აუცილებელია საზღვრების ცვლილებაც. ეს რეფორმა აქტუალურია და ის ახლა უნდა განხორციელდეს, მიუხედავად იმისა, რომ ყირიმი ჯერ კიდევ ოკუპირებულია. აბსოლუტურად მომზადებული უნდა ვიყოთ - ყირიმში ადმინისტრაციული სტრუქტურა შექმნილი უნდა იყოს დეცენტრალიზაციის რეფორმის ახალი უკრაინული სტანდარტების შესაბამისად“.

ევგენია გორიუნოვა ასევე დარწმუნებულია, რომ უკრაინა საკადრო და დემოგრაფიული პრობლემების წინაშე დადგება:

ევგენია გორუნოვა

„რა თქმა უნდა, სწორი პოლიტიკაა ჩინოვნიკების წინასწარ მომზადება, მაგრამ ვფიქრობ, ყირიმში ჩინოვნიკების დეფიციტი შეიქმნება. მოუწევთ ადგილობრივი კადრების აიყვანა, იმათიც კი, ვინც კოლაბორაციულ საქმიანობაშია შემჩნეული. სამწუხაროდ, ისინი როგორღაც ხელისუფლებაში შეძრომასაც მოახერხებენ. საჭირო იქნება ძალიან ფრთხილი შემოწმება, რათა გარკვეული დროის შემდეგ კვლავ არ იჩინოს თავი ყირიმის სეპარატიზმის საფრთხემ ან უკრაინის წინააღმდეგ მიმართულმა ქმედებებმა. საკადრო პოლიტიკა უკრაინისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება“.

რა შეიცვლება ყირიმელი თათრებისთვის?

ნახევარკუნძულზე ცვლილების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ყირიმის ძირძველი ხალხი - ყირიმელი თათრებია, რომელთა როლისა და მომავლის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

„ისინი ჩვენი მოქალაქეები და უკრაინის მკვიდრი ხალხია. შესაბამისი კანონი იქნა მიღებული. თავისუფალი ხალხია. აუცილებლად დაბრუნდებიან ტყვეები. დღეს მეტს ვერ დაგპირდებით. მთავარია ყირიმის დაბრუნება სახლში, უკრაინაში და შემდეგ ყველაფერი დანარჩენი“.

ყირიმელი თათრების ლიდერმა მუსტაფა ჯემილევმა ილაპარაკა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშობლიური მიწის განთავისუფლება მკვიდრი ხალხისთვის.

„სწრაფი განთავისუფლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყირიმის მკვიდრი ხალხისთვის, ყირიმელი თათრებისთვის, რადგან მათთვის ეს არის გადარჩენისა და შემდგომი განვითარების ან, პირიქით, როგორც ერის სრული გაქრობის საკითხი... ჩვენ ძალიან შთაგონებული ვართ, რომ კაცობრიობის აბსოლუტური უმრავლესობა სამართლიანობის, უკრაინის მხარესაა და ამიტომ ეჭვი არ გვეპარება, რომ ჩვენი მიწები განთავისუფლდება და უკრაინის მთლიანობის წინააღმდეგ აღმართული ხელი დაიმტვრევა“, - განაცხადა ყირიმელი თათრების ლიდერმა მუსტაფა ჯემილევმა.

მუსტაფა ჯემილევი

„ყირიმის პლატფორმის“ მსვლელობისას არ განხილულა ყირიმის სტატუსის საკითხი.

„ახლა ამ მნიშვნელოვანი საკითხზე გადაწყვეტილების მიღების დრო არ არის, - ამბობს ევგენია გორიუნოვა, - ჯერ უნდა გავათავისუფლოთ ყირიმი და შემდეგ ვიფიქროთ მის პოლიტიკურ მოწყობაზე. რა თქმა უნდა, ყირიმელი თათრების, მათი ინტერესების და ყირიმის ტერიტორიაზე მცხოვრები სხვა ხალხების ინტერესების გათვალისწინებით. დეოკუპაციის შემდეგ ეს საკითხი მოგვარდება და გადაწყდება არა ყირიმის, არამედ უკრაინის დონეზე, რადგან ყირიმი უკრაინის ნაწილია. საკითხი უნდა გადაწყდეს უკრაინის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით“.

ყირიმელი თათრების მეჯლისი დაჟინებით მოითხოვს ყირიმელი თათრების ეროვნულ-ტერიტორიული ავტონომიის შექმნას, უფრო სწორად - მის აღდგენას, რადგან ყირიმის ასსრ არსებობდა 1921-1945 წლებში და ის არსებითად ეროვნული იყო.

როგორც მეჯლისის თავმჯდომარემ რეფატ ჩუბაროვმა არაერთხელ აღნიშნა თავის ინტერვიუებში, ჯერ უნდა მიიღონ კანონი „ყირიმელი თათარი ხალხის სტატუსის შესახებ“, ხოლო ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებული ცვლილებები უკრაინის კონსტიტუციაში რუსეთთან გამარჯვების შემდეგ უნდა შევიდეს.