კუს ტბამ, თავის დროზე, გადამწყვეტი როლი ითამაშა ვაკის პარკისა და ტყეპარკის გაშენებაში. სწორედ კუს ტბიდან ირწყვებოდა ნარგავობა თითქმის 120 ჰექტარ ფართობზე, რისთვისაც ტბაში წყალს მტკვრიდანაც კი ექაჩებოდნენ. კუს ტბა დღესაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს თბილისელთა ცხოვრებაში, განსაკუთრებით ცხელ ზაფხულში, როცა ათასობით ადამიანი მიაშურებს მთაწმინდის ქედის მცირე ტაფობზე, მწვანეში ჩაფლულ მინიატურულ ტბას, მაგრამ რა ხდება ზამთარში, როცა ტბის ზედაპირი იყინება?
კუს ტბა წელსაც გაიყინა... თუმცა გაიყინა სანახევროდ, ტბის მხოლოდ ის ნაწილი, რომელსაც მზე არ უდგება და დღის უმეტესი ნაწილი მთაწმინდის ქედის ჩრდილშია მოქცეული.
დღისით ჰაერის ტემპერატურა +6-8 გრადუსია, თუმცა, როგორც გამოცდილი ხალხი ამბობს, ყინული მარტამდე მაინც არ დადნება.
გამხმარი წყალმცენარები ყინულის ტყვეობაში.
ყინვამ ტივტივებიც უფუნქციოდ დატოვა.
გაყინულ ტბაზე სიარული სახიფათო გართობაა. ყინულის სისქე 5-7 სმ-ს არ აღემატება, თუმცა ნაკვალევის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს გარემოება არც ქვეითად მოსიარულეებს აშინებთ და არც, სავარაუდოდ, მოციგავეებს.
ყინულმა მორის სიმძიმეს გაუძლო, ბეტონის ნატეხისას - ვერა.
კუს ტბა ღარიბია თევზით. ყინულსაც უფრო სეირისთვის ამტვრევენ, ვიდრე სათევზაოდ.
ბანაობა ყველგან აკრძალულია და არა მხოლოდ ამ ადგილზე. ეს საზაფხულო წარწერაა. კუს ტბაზე, ისევე როგორც თბილისის ზღვასა და ლისის ტბაზე, პლაჟებით სარგებლობა ნებადართულია, თუ წყლის ტემპერატურა არის არანაკლებ +18 გრადუსისა.
ტბის ზედაპირი მოფენილია საგნებით: ქვებით, ხის კუნძებით, ტოტებით... ამ გზით, ალბათ, ცნობისმოყვარე მოქალაქეები ყინულის სისქეს ამოწმებენ.
ამ ხმელი ფოთლის სევდიან არსებობას მხოლოდ ყინული ახანგრძლივებს.
ასეთია წყალი კრისტალიზებულ მყარ ფაზაში, რასაც ყინული ჰქვია.