ყვითელი ფოთლები ბოლო გზაზე

ცნობილი ქართველი კომპოზიტორი, გია ყანჩელი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. იგი 2 ოქტომბერს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რუსთაველის თეატრიდან, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა ყანჩელი უკანასკნელ გზაზე აპლოდისმენტით გააცილეს.

გია ყანჩელი 1935 წელს დაიბადა. სხვადასხვა წლებში იგი იყო რუსთაველის თეატრის მუსიკალური ნაწილის ხელმძღვანელი, ანტვერპენის სიმფონიური ორკესტრის მიწვეული კომპოზიტორი.

1995 წლიდან ცხოვრობდა ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში. მან სიცოცხლეშივე დაიმკვიდრა ეპოქალური კომპოზიტორის სახელი.

სიმფონიური და საოპერო მუსიკის გარდა, მისი შემოქმედება მოიცავს ცნობილი კინოფილმებისა და სპექტაკლებისთვის დაწერილ მუსიკას.

გია ყანჩელს უკანასკნელ გზაზე უამრავმა ადამიანმა მიაგო პატივი.

გია ყანჩელი იყო საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, მრავალი საერთაშორისო პრემიისა და ჯილდოს ლაურეატი.

აურაცხელი ყვავილის გარდა, მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები ყვითელი ფოთლებითაც გამოემშვიდობნენ კომპოზიტორს.

ნიკოლოზ რაჭველი გია ყანჩელის დაკრძალვაზე

გია ყანჩელი 1995 წლიდან ცხოვრობდა ბელგიაში, თუმცა სიცოცხლის ბოლო დღეები მან თბილისში გაატარა.