ყველაფერი სურსათში აღმოჩენილი საღებავის შესახებ

“სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა” 42 დასახელების პროდუქტში არასაკვები საღებავების არსებობა გადაამოწმა. აღმოჩნდა, რომ მათგან 6 პროდუქტი საღებავებს “სუდან 1”-ს და “სტაფილოსფერ 2”-ს შეიცავს, რომლებიც ჯანმრთელობისთვის იმდენად საშიშია, რომ ბევრი ქვეყანა მის საკვებში გამოყენებას კრძალავს.

საღებავები აღმოჩნდა შემდეგ პროდუქტებში:

  • “კულას” წითელი ტყემალი
  • მარნეულის სასურსათო ქარხნის ტრადიციული წითელი ტყემალი;
  • ფუდსერვისის ტომატის საწებელი Supremo;
  • შპს „ეს“-ის აჯიკა;
  • შპს Soledo-ს ჩილი სოუსი
  • მშრალი აჯიკა “თეთნულდი”

ყველა პროდუქტის ჩამონათვალი იხილეთ აქ.

რა საღებავებია სურსათში აღმოჩენილი და რატომ არის საშიში ?

“სუდან 1” არის არასაკვები საღებავი, რომელიც აშშ-ის მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაცით ძირითადად საყოფაცხოვრებო ნივთების დამზადებისთვის გამოიყენება.

ის წითელი შეფერილობისაა და მახასიათებლებში მითითებულია, რომ საკვებში გამოყენება დაუშვებელია. მიზეზად კი სახელდება ის, რომ ადამიანის დნმ-ზე ახდენს პირდაპირ გავლენას. აქვე აღნიშნულია, რომ ცხოველებზე ჩატარებული კვლევების საფუძველზე "სუდან 1" კიბოს გამომწვევ ნივთიერებად არის მიჩნეული.

რაც შეეხება “სტაფილოსფერ 2”-ს, ის შპს “სოლედო”-ს ჩილი სოუსში აღმოჩნდა, რომლის მწარმოებელ კომპანიად ვიეტნამია მითითებული. ეს საღებავი მატყლის, აბრეშუმისა და სხვა მასალისგან დამზადებული პროდუქციის შესაღებად გამოიყენება. ასეთ აღწერილობას აქვეყნებს საღებავის მწარმოებელი ინდური კომპანია Safron Exim. საღებავი ინდუსტრიული დანიშნულებისაა და არ გამოიყენება საკვებ პროდუქტებში.

ვროკავშირის ბაზარზე საღებავი “სუდან 1” 15 წლის წინ წიწაკისგან დამზადებულ სოუსებში აღმოაჩინეს. მაშინ პროდუქცია მთლიანად გაიტანეს ბაზრიდან. ამას მოჰყვა ბაზარზე კონტროლის გამკაცრება და კანონმდებლობის დახვეწაც, რათა საღებავი საკვებ პროდუქტებში არ მოხვედრილიყო

2018-2019 წლებში, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან შეტანილი სუნელების სამ პარტიაში საღებავი „სუდანი“ გამოვლინდა. სწორედ ამის გამო გადაწყვიტა “სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა” არასაკვები საღებავის შემცვეოლბა შეემოწმებინა რიგ პროდუქტებში.

ცენტრის პროგრამის კოორდინატორმა ვახტანგ კობალაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ 42 პროდუქტის ნიმუში ქვეყნის მასშტაბით სრულ სურათს არ იძლევა, თუმცა გამოჩნდა რომ “პრობლემა არსებობს და ის საკმაოდ სერიოზულია”.

კობალაძის განმარტებით, თუ ადამიანი აღნიშნული არასაკვები საღებავების შემცველობით საკვებს რამდენჯერმე მიიღებს, მისთვის ეს დოზა შესაძლოა საზიანო არ იყოს, თუმცა ამ შემცველობის პროდუქტის ინტენსიური მიღება ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს.

რას ამბობენ მწარმოებლები?

კვლევის შედეგების გამოქვეყნებას ორი მწარმოებელი კომპანია გამოეხმაურა. მათ შორის იყო მარნეულის სასურსათო ქარხანა. ისინი მზა პროდუქტსა და დამხმარე მასალებს შესამოწმებლად ლაბორატორიაში გაგზავნიან, მანამდე კი მარნეულის წითელი ტყემლის გაყიდვა შეჩერდება.

“ჩვენი ყველა პროდუქტი იწარმოება მხოლოდ ადგილობრივი ნედლეულისგან გარდა დამხმარე მასალებისა, რომელთა წარმოებაც საქართველოში არ ხდება (მარილი, შაქარი, სპეციალური დაფქვილი სახით სანელებლები და ასე შემდეგ) თუმცა, დამხმარე მასალების წილი 1% ზე ნაკლებია. ყველა მომწოდებელი არის საქართველოდან და ყველა მომწოდებელს წარმოდგენილი აქვს ხარისხის შესაბამისობის სერთიფიკატი,”- ამბობს მარნეულის ქარხანა.

პროდუქტის ამოღებასა და მის გადამოწმებას გეგმავს “სუპრემო”-ც. “მზად ვართ ნებისმიერ სახელმწიფო უწყებას წარმოვუდგინოთ ამა თუ იმ ნედლეულის მომწოდებლების მიერ მოწოდებული ხარისხის სერთიფიკატები, რომლის მიხედვითაც ხდება მათი შერჩევა”, - ამბობს კომპანია.

ყველაზე მეტი “სუდან 1” მშრალ აჯიკა “თეთნულდში” აღმოჩნდა, თუმცა რადიო თავისუფლებამ ვერ მოახერხა მწარმოებელთან დაკავშირება. კომპანიის მისამართი ეტიკეტს არ ერთვის, არც ინტერნეტში იძებნება და მათ ვერც კვების მწარმოებლები დაუკავშირდნენ.

რას ამბობს სურსათის ეროვნული სააგენტო?

უწყება, რომელიც სურსათის ხარისხზეა პასუხისმგებელი, ამბობს, რომ დამატებით ლაბორატორიულ კვლევებს ჩაატარებს, ხოლო ხუთ ქართულ მწარმოებელსა და ერთ იმპორტიორს პროდუქციის ამოღებას დაავალებს.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სუნელებში აკრძალული ნივთიერებასთანსუდანი-1“ დაკავშირებით, მოკვლევა ჯერ კიდევ 2017 წლიდან დაიწყო. 2018 წელს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად ჩატარდა კონკრეტული ღონისძიებები ბაზრიდან მავნე პროდუქციის ამოღებასთან დაკავშირებით. ამასთან, ჩატარებული მოკვლევისა და ევროპის სწრაფი განგაშის სისტემით მიღებული შეტყობინების საფუძველზე, სააგენტოს მიერ განხორციელდა სახელმწიფო კონტროლი საწარმოებში, ბიზნესოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი, დაეკისრა საჯარიმო სანქციები, მოხდა პროდუქციის ბაზრიდან ამოღება და განადგურება- აცხადებს სააგენტო.

“სტრატეგიული კვლევების განვითარების ცენტრის” პროგრამის კოორდინატორი ვახტანგ კობალაძე ამბობს, რომ ახლა მთავარია იმ პროდუქციის რეალიზაცია შეწყდეს, სადაც საშიში ნივთიერება დადასტურდა.

ეს პროდუქცია ქსელიდან ამოსაღებია და შემდეგ უნდა მოხდეს მიზეზების გამოკვლევა რამ გამოიწვია პროდუქტების დაბინძურება და აღმოიფხვრას ეს მიზეზები. პირველ რიგში კი პასუხისმგებლობა მაინც მწარმოებლებს ეკისრებათ, - უთხრა ვახტანგ კობალაძემ რადიო თავისუფლებას.

პირველი შემთხვევა არ არის როცა, საქართველოში წარმოებულ საკვებ პროდუქტებში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერება აღმოაჩინეს. 2017 წელს ქართულ სანელებლებში ტყვია იპოვეს, მოგვიანებით კი ეს ნივთიერება ბავშვების სისხლშიც აღმოაჩინეს. საქართველოში ტყვიით დაბინძურების წყაროებს ამ დრომდე ეძებენ.