ფილმი საქართველოს, შვეიცარიის, ფინეთისა და გერმანიის ერთობლივი პროდუქციაა.
ფილმის მოკლე შინაარსი ასეთია: „ახალგაზრდა ქართველი კაცი ლადო საქართველოდან რუსეთში ანტიკვარული ავეჯის კონტრაბანდაშია ჩართული. მედეა, ლადოს შეყვარებული, სანქტ-პეტერბურგის ისტორიულ ცენტრში ბინას ყიდულობს. რუსეთიდან ათასობით ქართველის უკანონო დეპორტაციის დროს ლადოს აკავებენ და ქვეყნიდან აძევებენ“.
„ანტიკვარიატი“ საქართველოში ჯერ არ უჩვენებიათ - ვენეციის კინოფესტივალზე მის პრემიერას კი ხმაური, სასამართლო განხილვა და პრესის ფართო გამოხმაურება მოჰყვა. ქართული ფილმის დაგეგმილი ჩვენება მოულოდნელად, პრემიერამდე რამდენიმე საათით ადრე გაუქმდა. რეჟისორს საავტორო უფლებების დარღვევის გამო ყოფილმა პარტნიორებმა ვენეციის სასამართლოში უჩივლეს.
„ვენეციის სასამართლოს საგანგებო განკარგულებამ, რომელიც მოიპოვეს კომპანიებმა Viva Film (რუსეთი), Avantura Film (ხორვატია) და Pygmalion (კვიპროსი), ფილმის სცენარზე საავტორო უფლებების დავის შესახებ, გვიბიძგა, ამ დროისთვის, ბიენალესთან შეთანხმებით, შევაჩეროთ 28 აგვისტოს პრესისა და ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის დაგეგმილი ჩვენება.
რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ, კანონის დასაცავად და რეჟისორის გამოხატვის თავისუფლების დასაცავად, რათა მხარი დავუჭიროთ თავად ნაწარმოების არსებობას და [დავეხმაროთ] ვენეციაში მის გამოჩენას მომდევნო დღეების განმავლობაში“, - ასე შეატყობინა ვენეციის ფესტივალის დამოუკიდებელმა პროგრამამ „საავტორო დღეები“ [Giornate degli Autori] მაყურებლებს რუსუდან გლურჯიძის ფილმის ჩვენების გაუქმება. სწორედ ეს პროგრამა უჩვენებდა „ანტიკვარიატს“ მაყურებლებს. კომპანიები, რომლებიც განცხადებაშია ჩამოთვლილი, რუსუდან გლურჯიძის ყოფილი პარტნიორები და მის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის ავტორები არიან.
„შუაგულ ევროპაში ვარ და ვარ ცენზურის ქვეშ“, - თქვა თავად რეჟისორმა 30 აგვისტოს ვენეციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
საბოლოოდ, ფილმი ფესტივალის დახურვამდე ერთი დღით ადრე, 6 აგვისტოს ვიწრო აუდიტორიას აჩვენეს. მანამდე, პრესაში ამ უპრეცედენტო შემთხვევის განხილვისას იმაზეც მსჯელობდნენ, რომ სინამდვილეში საავტორო უფლებებზე დავა იმიტომ დაიწყო, რომ ვენეციის ფესტივალის მაყურებელს არ ენახა როგორ გახდნენ საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ხელისუფლებისგან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლები.
2006 წელს ქართველების რუსეთიდან მასობრივ გამოძევებას წინ უძღოდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მკვეთრი გაუარესება. 2006 წლის 27 სექტემბერს თბილისში ჯაშუშობის ბრალდებით ოთხი რუსი ოფიცერი დააკავეს. 3 ოქტომბერს კი რუსეთმა საქართველოსთან ყოველგვარი საჰაერო, საგზაო, საზღვაო, სარკინიგზო, საფოსტო და ფინანსური კავშირები გაწყვიტა და მალევე დაიწყო „ნადირობა“ რუსეთში მცხოვრებ ქართველებზე. 2006 წლის სექტემბრიდან 2007 წლის იანვრის ჩათვლით, რუსეთში 4634 გაძევების ორდერი გამოიცა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. მათ შორის 2380 დააკავეს და გამოაძევეს, დანარჩენმა 2254-მა კი ქვეყანა თავად დატოვა. საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ეს საქმე ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში 2019 წელს მოიგო. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს ბრალდებები ეთნიკური ნიშნით დევნაზე სანდოა და, რომ 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს, დააპატიმრეს და გამოაძევეს ხელისუფლების კოორდინირებული პოლიტიკით და ეს პრაქტიკა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევაა. |
რუსუდან გლურჯიძის ფილმში შესულია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის საჯარო გამოსვლების ფრაგმენტები, რომელიც არაერთ სცენაში ისმის. რუსი ჟურნალისტების ნაწილი წერდა, რომ ეს ფრაგმენტები ფილმის თავდაპირველ ვერსიაში არ იყო. ამიტომ, შეუთანხმებელი ცვლილების გამო ფილმის სცენარისტმა ოლეგ ნეგინმა ტიტრებიდან მისი სახელის ამოღებაც კი მოითხოვა. საბოლოო ვერსიაში კი სცენარის ავტორებად რუსუდან გლურჯიძე და ანონიმი ავტორი არიან მითითებული.
ფილმის ქართველი პროდიუსერი, კომპანია CINETECH-ის ხელმძღვანელი და რუსუდან გლურჯიძის მეუღლე, ზურა მაღალაშვილი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ რუსულმა მხარემ, რომელიც საწყის ეტაპზე კოპროდუქციაში მონაწილეობდა, ფილმს პრობლემები გადაღების პროცესის დაწყებამდე შეუქმნა, როცა სცენარი წაიკითხა და რეჟისორს ათზე მეტი ფრაგმენტის შეცვლა მოსთხოვა:
„ეს ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც "ევრიმაჟის" დაფინანსება მოვიპოვეთ. მაშინ რუსეთი ჯერ კიდევ "ევრიმაჟის" წევრი იყო [რუსეთი „ევრიმაჟიდან“ უკრაინაში შეჭრის შემდეგ გარიცხეს - რ.თ.], დაფინანსება რომ მოვიპოვეთ, იმ ღამესვე დაუკავშირდნენ რეჟისორს, ჯერ თხოვნით, შემდეგ მუქარებით ითხოვდნენ ათზე მეტი სცენის ამოღებას ფილმიდან… ამის მერე ყველა ეტაპზე ცდილობდნენ ფილმის გაჩერებას, აბსოლუტურად ყველა ეტაპზე“, - ჰყვება ზურა მაღალაშვილი და განაგრძობს: „გადასაღებ მოედანზე მისულებს დაჭრილი კოსტიუმები დაგვახვედრეს, [საქართველო-რუსეთის] საზღვარზე ვინჩესტერები ჩამოგვართვეს, მაგრამ ამისთვის მზად ვიყავით, სხვა ვინჩესტერები წამოვიღეთ საზღვარზე და დანარჩენები გადამალულად შემოვაპარეთ საქართველოში“.
ეს 2022 წლის თებერვლის ამბებია. ფილმის გადაღება რუსეთში 2022 წლის 17 თებერვალს დასრულდა. 10 დღეში გადამღები ჯგუფი გოსტომელში, კიევში უნდა ყოფილიყო დეპორტაციის სცენის გადასაღებად, თუმცა 22 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, 25-ში კი გოსტომელი დაიბომბა.
ზურა მაღალაშვილი იხსენებს, რომ „ევრიმაჟიდან“ რუსეთის გარიცხვის შემდეგ მათ რუსების ნაცვლად ახალი პარტნიორების პოვნა ურჩიეს, რათა „ანტიკვარიატს“ პრობლემა არ შეჰქმნოდა.
„თავად "ევრიმაჟის" პრეზიდენტმა გვირჩია, რომ რუსეთი გამხდარიყო ხორვატიის პარტნიორი და არ დარჩენილიყო ფილმის პარტნიორად, ხელშეკრულება კი გაფორმებულიყო ორმხრივი, საქართველოსა და ხორვატიასთან. ამაზე [რუსმა პარტნიორებმა] უარი თქვეს და შემდეგ ჩვენ უკვე დავინახეთ, რომ მათ ჰქონდათ მასალების მითვისების მცდელობა“, - ამბობს მაღალაშვილი.
ფილმის გადამღებმა ჯგუფმა საბოლოოდ ახალი პარტნიორები ფინეთში, გერმანიასა და შვეიცარიაში იპოვა. თუმცა პრობლემები რუს კოლეგებთან ამით არ ამოწურულა - „ანტიკვარიატის“ შემოქმედებითი ჯგუფი ამბობს, რომ ყოფილი კოპროდიუსერებისთვის ფილმი დეზინფორმაციული კამპანიის და თავდასხმების სამიზნე გახდა.
„როცა ფილმს ასრულებ, როგორც საკუთარ ჩვილ შვილს, ისე უფრთხილდები, რომ ვინმეს ხელში არ ჩავარდეს. როგორც კი აიტვირთება ან იუტუბზე, ან რაიმე სხვა არხზე, იქ მთავრდება მისი საფესტივალო ცხოვრებაც, გაქირავებაც, ნებისმიერი აქტივობა. ფილმი ჩერდება.
როცა მივხვდით, რომ ფილმის გადამონტაჟება და ასეთი ვერსიის გავრცელება უნდოდათ… დაცულ ლაბორატორიაში გადავმალეთ ეს მასალები, ჰელსინკიში. იმის შემდეგ ამ ბრძოლით მივდივართ და იქამდე მივედით, რომ დარბაზებიც დაგვიკეტეს“, - ჰყვება ზურა მაღალაშვილი.
ის ამბობს, რომ მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, როცა ყოფილი პარტნიორების თავდასხმის სამიზნე იყვნენ, სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებაზეც ფიქრობდნენ, მაგრამ საბოლოოდ სასამართლოში წასვლა მათ წინააღმდეგ ვერ გადაწყვიტეს იმის გამო, რომ საქმის წარმოების პერიოდში შეიძლება ფილმის ჩვენებები შეფერხებულიყო.
„ევრიმაჟი“, რომელსაც პროდიუსერი ახსენებს, ევროსაბჭოს პროგრამაა, რომელიც ევროპის კინოინდუსტრიების თანამშრომლობას უწყობს ხელს. ფონდი აფინანსებს რამდენიმე ევროპული ქვეყნის ერთობლივ კინოწარმოებას, ხელს უწყობს ასევე ევროპული კინოს დისტრიბუციასა და კინოთეატრების განვითარებას. საქართველო „ევრიმაჟის“ წევრი ქვეყანა 2011 წელს გახდა. 2011-21 წლებში, საქართველომ, როგორც ამ გაერთიანების წევრმა, ჯამში, 3 643 494 ევრო მოიპოვა 19 კოპროდუქციის დასაფინანსებლად. 2021 წელს რუსუდან გლურჯიძის ფილმ „ანტიკვარიატს“ „ევრიმაჟიდან“ 150 000 ევროს მიღების შესაძლებლობა ჰქონდა - იმ დროს მისი პარტნიორები იყვნენ რუსული VIVA FILMS-ი და ხორვატიული AVVANTURA.
„ჩემი აზრით, ეს [სასამართლოს მხრიდან ჩვენების შეჩერება - რ.თ.] უსამართლო გადაწყვეტილება იყო, ამის მიღმა პოლიტიკაა და ამას ცენზურა ჰქვია. ჩვენ მეტი ძალა გვაქვს, ვიდრე პოლიტიკოსებს. შეიძლება ზუსტად ამის გამო ეშინიათ პოლიტიკოსებს კინოსი. როგორც სტალინი ამბობდა, კინო პროპაგანდის მთავარი ინსტრუმენტია. მაგრამ ჩვენ ძალიან ძლიერები ვართ“, - ამბობს რუსუდან გლურჯიძე Giornate degli Autori-ს იუტუბარხზე 3 სექტემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში.
5 სექტემბერს ვენეციის სასამართლომ კვლავ იმსჯელა დაწესებულ შეზღუდვაზე და გადაწყვიტა, რომ რეჟისორს აქვს ჩვენების უფლება. ცენზურის პრეცედენტზე მედიაში მსჯელობამ ვენეციის ფესტივალს მნიშვნელოვანი რეპუტაციული ზიანი მიაყენა.
„ნაცარტუტად ვაქცევთ, ისეთი საშინელებები ჩაიდინეს. მათი ადგილი კინოს პროფესიონალებს შორის აღარ უნდა დარჩეს“, - ამბობს მაღალაშვილი, რომელიც დარწმუნებულია, რომ სასამართლო პროცესს მოიგებენ.
რას ამბობენ რუსუდან გლურჯიძის ყოფილი პარტნიორები
ვენეციაში ფილმის ჩვენების პარალელურად რუსულ მედიაში გამოჩნდა ცნობილი რუსი სცენარისტის, ოლეგ ნეგინის წერილი, საიდანაც ჩანს მისი უკმაყოფილება იმით, რომ მას კვლავ აკავშირებენ ფილმ „ანტიკვარიატთან“.
„მე დაახლოებით ერთი წლის წინ ვთხოვე ჩემს ქართველ კოლეგებს, ამოეღოთ ჩემი გვარი და სახელი ტიტრებიდან. არ ვიცი, ეს თხოვნა შეასრულეს თუ არა, დღეს მე მათთან კონტაქტი სრულად მაქვს გაწყვეტილი.
ახლა სურათს წარმოაჩენენ როგორც სკანდალურ, პოლიტიკურ ნამუშევარს.
მე შემიძლია ვთქვა, რომ რაზეც მე ვმუშაობდი, მას არანაირი საერთო არ ჰქონდა პოლიტიკასთან. ეს იყო სათავგადასავლო რომანტიკული ისტორია, რომელიც მწვავე სოციალური დრამის ფონზე ვითარდებოდა შავი იუმორის ელემენტებით“, - წერს ოლეგ ნეგინი რუსულ გამოცემა proficinema-ს და იქვე აღნიშნავს, რომ 2018-2019 წლებში ნამდვილად მუშაობდა რუსუდან გლურჯიძის ფილმის სცენარზე. ნეგინი ირწმუნება იმასაც, რომ ფილმი ნანახი არ აქვს, რადგან ამის საშუალება ყოფილმა პარტნიორებმა არ მისცეს.
ოლეგ ნეგინი ცნობილი სცენარისტია, მას მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს რუს რეჟისორ ანდრეი ზვიაგინცევთან, რომელიც ცნობილია ფილმების მწვავე სოციალური შინაარსით და რუსეთის დღევანდელი პოლიტიკისადმი კრიტიკული დამოკიდებულებით.
ანდრეი ზვიაგინცევის ფილმისთვის „ლევიათანი“ ოლეგ ნეგინმა 2014 წელს კანის კინოფესტივალზე საუკეთესო სცენარის ჯილდო მიიღო. ფილმისთვის „უსიყვარულო“ (2017) კი ნეგინი და ზვიაგინცევი ევროპული კინოჯილდოს საუკეთესო სცენარისტის ნომინაციაში ერთად იყვნენ წარდგენილები. 2018 წელს იყო ბათუმის კინოფესტივალის საერთაშორისო ჟიურის ერთ-ერთი წევრი. |
გაუქმებული ჩვენების შემდეგ დანიშნული პრემიერის წინ ფესტივალის დამოუკიდებელი პროგრამის, Giornate degli Autori-ს დირექტორმა, გარდა იმისა, რომ ვრცლად ისაუბრა რეჟისორის გამოხატვისა და შემოქმედებითი თავისუფლების დაცვის აუცილებლობაზე, ახსენა ვინმე ნადეჟდა გორშკოვაც.
ესაა რუსეთში მცხოვრები მსახიობი და პროდიუსერი, რომელთან ერთადაც მუშაობის გამოცდილება რუსუდან გლურჯიძეს ჯერ კიდევ წინა ფილმიდან ჰქონდა. სწორედ ნადეჟდა გორშკოვა იყო პროდიუსერი 2016 წელს აფხაზეთის ომის შესახებ გადაღებული დრამისა „სხვისი სახლი“, რომელიც ქართულ-რუსულ-ფრანგულ-ხორვატიული კოპროდუქცია იყო.
ნადეჟდა გორშკოვა და რუსუდან გლურჯიძე ერთად მუშაობდნენ კიდევ ერთ ქართველ რეჟისორთან, დიტო ცინცაძესთან ფილმზე „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“. ისინი ფილმის თანაპროდიუსერები იყვნენ შვეიცარიელ პიტერ კრუპენინთან (საპროდიუსერო კომპანიით Hob AB) ერთად.
ნადეჟდა გორშკოვა მართავს იმ სამი კომპანიიდან ორს (რუსულ VIVA FILMS და კვიპროსში რეგისტრირებულ Pygmalion Film Production-ს), რომლებმაც „ანტიკვარიატის“ ჩვენების გაუქმება მოითხოვეს საავტორო უფლებებზე შეუთანხმებლობის გამო.
მის პრეტენზიებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს ფრანგული კომპანია MPM International-ი, რომელიც რუსუდან გლურჯიძის ფილმის საერთაშორისო დისტრიბუციას უზრუნველყოფს. ამ კომპანიაში ამბობენ, რომ მათ „ანტიკვარიატის“ ჩვენებების და გაყიდვის უფლება ზურა მაღალაშვილისგან მიიღეს, რომელმაც აჩვენა საავტორო უფლებების დამდასტურებელი დოკუმენტაცია.
ვენეციამდე - ბერლინალე
სანამ რუსუდან გლურჯიძის ფილმს საერთაშორისო ფესტივალზე აჩვენებდნენ, „ანტიკვარიატი“ პირველად ყურადღების ცენტრში მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობის გამო მოექცა. ეროვნულმა კინოცენტრმა, რომელიც მეორე წელია ქართველი კინემატოგრაფისტების მნიშვნელოვანი ნაწილის ბოიკოტის პირობებში მუშაობს, 2024 წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე „ევროპული კინოს ამომავალი ვარსკვლავის“ ნომინაციაზე რუსუდან გლურჯიძის ფილმის მსახიობი, სალომე დემურია წარადგინა.
კინოცენტრის ამ გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილო იყო მსახიობი თაკი მუმლაძე - ის ამბობდა, რომ ამ ნომინაციაზე კინოცენტრმა მის ნაცვლად სხვა მსახიობი იმიტომ წარადგინა, რომ მან ხელისუფლება გააკრიტიკა.
თაკი მუმლაძე თამაშობს იოსებ ბლიაძის ფილმში „ჩემი ოთახი“, რომლის არაერთი ჩვენებაც უკვე გამართული იყო საერთაშორისო ფესტივალებზე და არაერთი ჯილდოთიც იყო აღნიშნული. ის იმ მსახიობებს შორისაა, ვინც კინოცენტრს ბოიკოტს უცხადებს.
„ორი დღის წინ გავიგე, რომ ჩვენი ორწლიანი ბრძოლა და ოცნება დასრულდა - Shooting Stars-ზე კინოცენტრმა სხვა მსახიობი, სალომე დემურია წარადგინა. სალომეს გულწრფელად ვუსურვებ წარმატებებს ამ საოცარ და პერსპექტიულ გზაზე. თუმცა ამ კანდიდატის წარდგენა კინოცენტრს თავისუფლად შეეძლო მომავალ წელსაც, რადგან იმ ფილმის პრემიერა, რომელშიც სალომე თამაშობს, ჯერ არც კი გამართულა.
მე კი ჩემამდე დიდი ძალისხმევისა და გამონაკლისის დაშვებით მოსული ეს შესაძლებლობა დავკარგე - როგორც იურისტები კვლავ იტყოდნენ, “გონივრული ეჭვით” ჩემი პოლიტიკური პოზიციისა თუ აქტივიზმის გამო“, - ასე გამოეხმაურა 2023 წლის დეკემბერში თაკი მუმლაძე სალომე დემურიას წარდგენას რუსუდან გლურჯიძის ფილმში შესრულებული როლისთვის ბერლინალეზე.
და „ოსკარი“
წელს საქართველოდან „ოსკარზე“ წასასვლელად კონკურსში სულ ხუთი ფილმი მონაწილეობდა, მაგრამ რეალური კონკურენცია ორ სურათს შორის გაიმართა: რუსუდან გლურჯიძის „ანტიკვარიატი“ და დეა კულუმბეგაშვილის „აპრილი“.
„აპრილს“ ვენეციის საკონკურსო პროგრამაში ჟიურის სპეციალური პრიზი მისცეს. ამ ფესტივალზე ქართული ფილმის მთავარ კონკურსში მოხვედრა და დაჯილდოება მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რაც გასული საუკუნის 90-იანი წლების შემდეგ არ მომხდარა, როცა კონკურსში ლანა ღოღობერიძის და ოთარ იოსელიანის ფილმები მონაწილეობდნენ.
კინოცენტრის შედგენილი კომისია, რომელსაც „ოსკარზე“ წარსადგენი ფილმი უნდა შეერჩია, ცხრა წევრისგან შედგება. დახურული კენჭისყრისას ხუთმა გლურჯიძის ფილმს დაუჭირა მხარი, ოთხმა კულუმბეგაშვილის „აპრილს“.
სპეციალური კომისიის შემადგენლობა ასეთია:
- ზაზა შათირიშვილი (ფილოსოფოსი და „ქართული ოცნების“ პროპაგანდის ერთ-ერთი იდეოლოგი. ეროვნული კინოცენტრი მასთან, როგორც კულტურისა და კინოს მკვლევართან, ისე თანამშრომლობს)
- ვლადიმერ კაჭარავა (პროდიუსერი)
- ედმონდ მინაშვილი (პროდიუსერი)
- ლევან გიგინეიშვილი (ფილოსოფოსი)
- ნიკოლოზ შენგელაია (კინომხატვარი)
- ხათუნა ხუნდაძე (პროდიუსერი)
- გიორგი ჭუმბურიძე (რეჟისორი)
- ბაჩო ოდიშარია (კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი და პროპაგანდისტული არხის, პოსტ-ტვ-ს წამყვანი)
- გიორგი ცხვედიანი (კინოცენტრის კინოექსპორტის დეპარტამენტის უმცროსი სპეციალისტი)
კომისიამ არ ახსნა, რა არგუმენტები ჰქონდათ მხარეებს. როგორც წესი, „ოსკარზე“ საავტორო კინოს უფრო ნაკლები შანსი აქვს გამარჯვებისთვის.
საერთაშორისო უცხოური ფილმის ნომინაციაზე „ოსკარის“ კონკურსზე საქართველო ყოველ წელს წარადგენს ფილმს, თუმცა მოკლე სიაშიც კი თითქმის არასოდეს ხვდება ქართული კინო. ამ ტენდენციის ახსნას ხშირად ცუდად გამართული შესარჩევი სისტემით ცდილობენ, არაერთხელ ივარაუდეს, რომ აქ ფილმის შესარჩევად არა იმდენად მისი მხატვრული ღირებულებაა ხოლმე გადამწყვეტი, რამდენადაც რეჟისორის სიახლოვე ხელისუფლებასთან.
წელსაც, რუსუდან გლურჯიძის ფილმის „ოსკარზე“ წარდგენის შემდეგ არაერთ კინომოყვარულს გაახსენდა, რომ გლურჯიძე კოლეგების ბოიკოტს კინოცენტრის წინააღმდეგ არ გულშემატკივრობს.
საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციით აღინიშნება არაინგლისურ ენაზე გადაღებული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომლის ნაციონალური პრემიერა უკვე გამართულია ქვეყნის კინოთეატრებში. წარდგენილი ფილმებიდან შეერთებული შტატების კინოაკადემია არჩევს სურათებს „გრძელი სიისთვის“, ნახევარფინალისთვის და ბოლოს, თებერვლის დასაწყისში აცხადებს ფინალურ ნომინანტებს.
ბოლო წლებში „ოსკარზე“ ნომინირებული ქართული ფილმები იყო: ლევან კოღუაშვილის „მეხუთე ბრაიტონი“, ლევან აკინის „და ჩვენ ვიცეკვეთ“, მარიამ ხაჭვანის „დედე“.