ყველაზე მაღალბიუჯეტიანი მაუწყებლის საკადრო პოლიტიკა

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა აქცია

სამსახურიდან დათხოვნის წინაპირობად მიიჩნევს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი მაუწყებლის ხელმძღვანელობის მიერ შეთავაზებულ შრომის ანაზღაურების საათობრივ სისტემას. უცნობია, ზუსტად რამდენ თანამშრომელს შესთავაზეს 4 სექტემბრამდე ახალი ხელშეკრულების ხელმოწერა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა 70 თანამშრომელზე ლაპარაკობს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირი და სოლიდარობის ქსელი კი 150 თანამშრომელს ითვლის. თუმცა ცნობილია, რა წერია 4 სექტემბრამდე ხელმოსაწერ ხელშეკრულებაში, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე აწერს ხელს.

ხელმოსაწერი შეთავაზება საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებმა აქციაზე გააპროტესტეს. როგორც მაუწყებლის პროფკავშირების თავმჯდომარემ ნინო ზაუტაშვილმა განაცხადა, ხელმძღვანელობა არაფერს ამბობს იმ კრიტერიუმებზე, რის მიხედვითაც შეარჩია ახალ სახელშეკრულებო პირობებზე გადასაყვანი თანამშრომლების ვინაობა. ნინო ზაუტაშვილი ვარაუდობს, რომ, შესაძლოა, კადრების ოპტიმიზაცია უკავშირდებოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის მხრიდან 43 მილიონი ლარის კრედიტის აღების თემას. ამ ოდენობის თანხა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობისა და ტექნიკური აღჭურვილობის განახლებას უნდა მოხმარდეს.

თუმცა საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „ახალი სეზონის ეფექტიანად განხორციელებისთვის მაუწყებლის მენეჯმენტმა დაგეგმა თანამშრომელთა აღრიცხვიანობის, სამუშაო გრაფიკის და სისტემის მოწესრიგება, რაც წლების განმავლობაში სრულიად მოშლილი იყო“, თანამშრომლებისთვის მომზადებული შეთავაზება კი გულისხმობს “შრომის ანაზღაურებას ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს შესაბამისად. ანაზღაურება განხორციელდება გადასაღები დღეების გაანგარიშებით. სამუშაოს შესრულება განხორციელდება დავალების შესაბამისად, ხოლო დავალება ფორმირდება საწარმოო პროცესებზე, გადაცემების მოცულობაზე და სირთულეზე, ასევე მიმდინარე პროექტებსა და დატვირთვის მოცულობაზე”. მაუწყებლის ხელმძღვანელთა განცხადებითვე, „სამუშაო რეჟიმის და შესაბამისი ანაზღაურების სისტემის გარდა, შრომითი ხელშეკრულებების სხვა პირობები რჩება უცვლელი“. მაუწყებელი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, დეტალურად გაერკვეს პროცესებში და არ შეუწყოს ხელი არასწორი ინფორმაციის გავრცელებას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი და თანამშრომელთა ანაზღაურება

„საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ 2018 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 50 255 000 ლარს შეადგენს. 2017 წელს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბიუჯეტიდან 46 400 000 ლარი მიიღო. მაუწყებლის წლევანდელი ბიუჯეტი შარშანდელს 4 მილიონი ლარით აღემატება.

Your browser doesn’t support HTML5

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა პროტესტი

ამასთან, 2018 წლის 5 მარტიდან, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ამოქმედებული ნორმების ძალით, მაუწყებელში გაიზარდა კომერციული და სასპონსორო რეკლამის განთავსების დრო, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროდ იქცა, ძირითადად სხვა კომერციული მაუწყებლების შემოსავლების ხარჯზე. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის ნახევარზე მეტი, 54 პროცენტი, შრომის ანაზღაურებაში იხარჯება. ძნელი სათქმელია, საათობრივი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში რა თანხის დაზოგვას შეძლებს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

ამასთან, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ნინია კაკაბაძე ამბობს, დღემდე უცნობია მაუწყებლის თანამშრომელთა ზუსტი რიცხვი, რადგან ამ დრომდე საბჭოს დასამტკიცებლად არ გადასცემია საშტატო განრიგი. მისივე სიტყვებით, საგულისხმოა ასევე უკანასკნელ წლებში სხვა ტელევიზიებიდან - ძირითადად კი დახურული ტელეკომპანია „GDS“-იდან - მიღებული თანამშრომლების რაოდენობა და მათი სახელფასო ანაზღაურება.

ყველაზე მაღალბიუჯეტიანი მაუწყებლის დაბალი რეიტინგი

2018 წლის მაისში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გამოაქვეყნა კვლევის ანგარიში, რომელიც ცხადყოფს, რომ, 2017 წლის მონაცემებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი 10 მაუწყებლის შემოსავლების ოდენობით პირველია, ხოლო რეიტინგით - მხოლოდ მეოთხე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი 26-ჯერ აღემატება ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურებისთვის გამოყოფილ თანხებს და აღემატება ასევე ტუბერკულოზის, C ჰეპატიტის მართვის, ნარკომანიით დაავადებულ პირთა მკურნალობისა და აივ-ინფექცია /შიდსის მართვისთვის გამოყოფილ თანხებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის იმ თანამშრომლებმა, ვინც ახალ სახელფასო შეთავაზებაზე არ თანხმდება, კონსულტაციისა და იურიდიული მხარდაჭერისთვის უკვე მიმართეს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა“ და ადამიანის უფლებათა ცენტრს. საიას თავმჯდომარე სულხან სალაძე თანამშრომლებს ხელშეკრულებაზე ხელმოწერისგან თავშეკავებას ურჩევს და, საჭიროების შემთხვევში, სასამართლოში წარმომადგენლობასაც ჰპირდება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირების ხელმძღვანელი კი 4 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვს მედიის თანდასწრებით. ის პრემიერ-მინისტრს, პარლამენტსა და სახალხო დამცველს მოუწოდებს ჩაერთონ საქმეში და შეისწავლონ საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესები.