ყველა 26 მაისი

ყველაფერი დაიწყო პირველი 26 მაისით, უფრო ზუსტად 1918 წლის 26 მაისით, როცა ტფილისში, სასახლის (კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციის) თეთრ დარბაზში, კვირას, ნაშუადღევის 5 საათსა და 10 წუთზე გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. მერე იყო თავისუფლების 1028 დღე და თავისუფალი ხალხის მიერ საზეიმოდ აღნიშნული 26 მაისი 1919-სა და 1920 წლებში. 1921 წლის 26 მაისს საქართველო უკვე ოკუპირებულია, თუმცა, რაოდენ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, ოკუპაციის პირველ წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ოკუპანტებმაც აღნიშნეს. როგორც ისტორიკოსები ამბობენ, იძულებული იყვნენ აღენიშნათ. ოკუპაციამ მოიტანა ხანგრძლივი, თითქმის 70 წლიანი წყვეტა, როცა არა თუ 26 მაისის, არამედ პირველი რესპუბლიკის ხსენებაც კი სასტიკად იკრძალებოდა. მხოლოდ ემიგრანტები და ცალკეული პატრიოტები, ისიც ვიწრო წრეში, თუ იხსენებდნენ ამ დღეს. ვითარება შეიცვალა 1988 წელს, როცა რამდენიმე ასეულმა მოქალაქემ გაბედა და პირველად საბჭოთა ოკუპაციის პირობებში მოაწყო მსვლელობა და ხმამაღლა, ყველას გასაგონად განაცხადა: „გაუმარჯოს 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!“

„იშვა 26 მაისი!“ - ნოე ჟორდანია

„26 მაისის დილას, 1918 წელს მეც ისე ვღელავდი, როგორც ალბათ, ბევრი სხვა ქართველი“, - იხსენებდა წლების შემდეგ ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, შალვა ამირეჯიბი, - „ხუმრობა საქმე არ იყო. 117 წლის მონობის შემდეგ, საქართველო თავის დამოუკიდებლობას აცხადებდა... რამდენი ჩავიდა საფლავში თაობა, რომ ეს ოცნება თან ჩაიტანა“.

შალვა ამირეჯიბი

ცხადია, მარტო შალვა ამირეჯიბს არ გახსენებია თაობები, რომლებიც დღენიადაგ მონობის წინააღმდეგ იბრძოდნენ, მაგრამ საქართველოს დამოუკიდებლობას მაინც ვერ მოესწრნენ. სამხრეთ კავკასიაში დიდი ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი, ოლივერ უორდროპი, 1919 წლის 8 ოქტომბრით დათარიღებულ ერთ-ერთ წერილში აღწერს სტუმრობას ილია ჭავჭავაძის დასთან, 80-ს გადაცილებულ ელისაბედ (ლიზა) ჩერქეზიშვილთან:

„ლიზამ მითხრა, რომ ილიას საფლავთან მივიდა, რომელიც მთაზე, წმინდა დავითის ეკლესიასთანაა და ჩასძახა, რომ ბოლოს და ბოლოს საქართველო თავისუფლალია. დარწმუნებულია, რომ ძმამ მისი ხმა გაიგონა და ახლა ბედნიერია.“

1918 წლის 26 მაისს ბედნიერებით იყო გაჟღენთილი მთელი საქართველო: ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ ხმამაღლა წაიკითხა „დამოუკიდებლობის აქტი“:

„მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო... ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ სახელმწიფოებრვი ორგანიზაცია შეჰქმნას, მისი საშუალებით გარეშე ძალის მიერ დაპყრობისგან თავი გადაირჩინოს და დამოუკიდებელ განვითარების მტკიცე საფუძველი ააგოს... ამისდა თანახმად საქართველოს ეროვნული საბჭო აცხადებს: ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა!“

ნოე ჟორდანია

საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები ფეხზე ადგომითა და ტაშით შეხვდნენ დამოუკიდებლობის გამოცხადებას, თუმცა ჰიმნი ვერ იმღერეს, რადგან ჯერ არ ჰქონდათ.

საბჭოს წევრებმა აირჩიეს პარლამენტის პრეზიდიუმი: კარლო ჩხეიძე - თავმჯდომარე, ე. თაყაიშვილი და ი. ბარათაშვილი - ამხანაგები (მოადგილეები).

კარლო ჩხეიძემ, თავის მხრივ, წაიკითხა პირველი მთავრობის სია. მთავრობის ლოჟაში პირველი ავიდა ნოე რამიშვილი, რომელიც იყო საქართველოს მთავრობის პირველი თავმჯდომარე. შემდეგ ავიდნენ მინისტრები: ნ. ხომერიკი, გ. გიორგაძე, გ. ლასხიშვილი, გ. ჟურული, შ. მესხიშვილი, ივ. ლორთქიფანიძე და მინისტრის ამხანაგები (მოადგილეები). ა. ჩხენკელი დაუსწრებლად დაადგინეს მინისტრად.

1918 წლის 26 მაისს „დამოუკიდებლობის აქტი“ მეორედაც წაიკითხეს, ამჯერად სასახლის წინ შეკრებილი „ტფილისის ხალხისთვის“, რომლებსაც აივნიდან მიმართა პარლამენტის კანცელარიის მდივანმა ილია ზურაბიშვილმა.

დღის ბოლოს დეპუტატები შეუდგნენ დამოუკიდებლობის აქტზე ხელის მოწერას.

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. 1918 წ. 26 მაისი

მღელვარება და სიხარული საერთო გახდა. დამსწრე საზოგადოებამ პარლამენტის წრე გადმოლახა და დეპუტატებში აირია. საქართველოს დამოუკიდებლობის საძირკვლის ჩამყრელნი პრეზიდიუმის მაღლობზედ ადიოდნენ და აქტზედ ხელს აწერდნენ. წუთი, კაცი და ქაღალდი ისტორიული ხდებოდა!“, - იხსენებდა წლების შემდეგ ისტორიული მოვლენის ერთ-ერთი მონაწილე.

I რესპუბლიკის კიდევ ორი „26 მაისი“

საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლისთავზე უკვე ჰიმნიც ჰქონდა, დროშაც და ღერბიც. აი, რას წერდა 1919 წლის 28 მაისს გამოსული გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“:

გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა". 1919 წ. 28 მაისი

„1919 წლის 26 მაისს საზეიმოდ იყო მორთული სასახლე, ქალაქის გამგეობა, სახელმწიფო თეატრი, სამინისტროები, ფოსტა-ტელეგრაფის სამმართველო და ყველა სხვა საზოგადო და საკულტო დაწესებულება. სასახლის სახურავზე ორ ეროვნულ დროშებშუა ფრიალებდა სარევოლუციო დროშა. ტრანსპორტატზე, სასახლის შუა, ბრწყინავდა მხატვარ გუდიაშვილის მიერ ნახატი, ყვავილ-გრეხილებითვე მორთული საქართველოს ღერბი... სახალხო თეატრის აივნის შუბლზე, საქართველოს ღერბის ქვეშ, დახატული იყო ინიციალები: ს. დ. რ. – „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“. სახალხო სახლის შესასვლელ ზონტზე ეწერა: „გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს“ და ელექტრონის ფერად ლამფით იყო გაჩირაღდნებული... ...ორკესტრებმა შეასრულეს საქართველოს ეროვნული ჰიმნი და „სამშობლო“.

როგორც გაზეთის კორესპონდენტი წერს, იყო ფოიერვერკებიც:

„ყველა სანახაობას ჩრიდილავდა უცხო რამ კოცონი თოფხანის, მამადავითისა და ბოტანიკურ მთებზე აწებებულნი. მამადავითის კოცონი ისე ფანტასტიურად იყო მოწყობილი, რომ სჩანდა მთელი მამადავითის ტაძარი და მთები. ამ მთებიდან უშვებდნენ შუა ღამემდი ათასფეროვან რაკეტებსა და მაშხალებს“.

როგორც ისტორიკოსი, ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, 26 მაისი ნამდვილი სახალხო დღესასწაული იყო. სახელმწიფო დაწესებულებების გარდა, რესპუბლიკის დროშებს მოქალაქეებიც ჰფენდნენ თავიანთი აივნებიდან; მოქალაქეები ასევე მონაწილეობდნენ საზეიმო მსვლელობებში და სიამაყით ატარებდნენ რესპუბლიკის სიმბოლიკიან სამკერდე ნიშნებს.

26 მაისი ტფილისის ქუჩებში

26 მაისს განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო დამფუძნებელი კრების (სასახლის) ქუჩის სათავეში, სადაც ქალაქის თვითთმართველობას აშენებული ჰქონდა ხის დიდებული თაღი, რომელშიც უნდა გაევლო 500 კაციან ორკესტრს და საგანგებოდ მორთულ-მოწყობილ ავტომობილებს: „რევოლუციას“, „საქართველოს დამოუკიდებლობას“ და „გაზაფხულს“.

იმის გათვალისწინებით, რომ ავტომობილებისა და მასზე დადგმული სცენების გაფორმებაში მონაწილეობდნენ იაკობ ნიკოლაძე, შალვა ქიქოძე და მოსე თოიძე - ძნელი წარმოსადგენი არ არის, თუ როგორი თვალწარმტაცი სანახაობის მომსწრენი გახდებოდნენ ტფილისელები. მაგალითად „საქართველოს დამოუკიდებლობა“ წარმოადგენდა საქართველოს შვიდი ნაწილის ემბლემას: მზის დარი ქალწული მბრძანებლობდა სავარძლიდან, ხელში ფარითა და შუბით, თვით საქართველოს სიძლიერით გარემოცული შვიდი მნათობ-ბანოვანით და თეთრი გიორგით. მთელი ავტომობილი მოცული იყო ყვავილებით.

1919 წლის 26 მაისს სახელები შეეცვალათ ერევნის მოედანს და ეწოდა თავისუფლების მოედანი, სასახლის ქუჩას კი - დამფუძნებელი კრების ქუჩა და სხვ.

საზოგადოება "შევარდენი". 26 მაისი

შთამბეჭდავი სანახაობა გაიმართა დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე, სადაც დიდი სივრცე და ბუნებრივი ამფითეატრი იყო და, სადაც თავი მოიყარა ზეიმის ყველა ტიპის მონაწილემ, სადაც გაიმართა საზოგადოება „შევარდენის“ გამოსვლა და ფოლკლორული კონცერტი და ა.შ.

ირაკლი ხვადაგიანის თქმით, 26 მაისს განსაკუთრებული ხიბლი შესძინა სამხედრო აღლუმის ელემენტებმა:

„თუმცა მაშინდელი ესთეტიკა ბევრად განსხვავდებოდა დღევანდელისგან. მიღებული იყო ე.წ. დათვალიერება ანუ ჯარის ნაწილები, გვარდია მოეწყობოდნენ და მთავრობის, დამფუძნებელი კრების და შტაბის წარმომადგენლები მიესალმებოდნენ სამშობლოს დამცველებს. დათვალიერების დასრულების შემდეგ, ეს ნაწილები ამოძრავდებოდნენ ხოლმე, გაივლიდნენ პროსპექტს და იმ ტრიბუნას მიესალმებოდნენ, სადაც მთავრობის წევრები იდგნენ. ამ ტიპის აღნიშვნა კინოფირებზეც არის აღბეჭდილი“.

ირაკლი ხვადაგიანის თქმით, 1919-1920 წლებში საქართველოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობა კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის გახდა ძვირფასი და გასაგები, კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩაება ომებში, რომლებსაც საქართველო თავისი დამოუკიდებლობის დასაცავად აწარმოებდა.

1920 წელს, 26 მაისის აღნიშვნისას, საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და მოსახლეობას არაერთ ფრონტზე უწევდა ბრძოლა. ამის გამოა, რომ გაზეთებში, საზეიმო ღონისძიებებიდან გაკეთებული რეპორტაჟების გვერდით, ასევე გვხვდება ფრონტიდან მიღებული ცნობებიც.

26 მაისის ღონისძიების სტუმრები. ვაკის პარკის ტერიტორია

1920 წლის 26 მაისის 10 საათზე არსენალიდან დაცლილმა ზარბაზნებმა აცნობა ტფილისს, რომ დაწყებულია საზეიმო ღინისძიებები და, შესაბამისად, პროცესიამაც გასწია თავისუფლების მოედნიდან სტადიონისკენ. ზეიმის კულმინაცია იყო 12 საათზე ყვავილებში ჩაფლული იმ ეტლის გამოჩენა, რომელშიც რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ნოე ჟორდანია და „გარეშე საქმეთა მინისტრი“, ევგენი გეგეჭკორი ისხდნენ. შემდეგ ასეთივე მორთული ავტომობილებითა და ეტლებით წამოვიდნენ სხვა მინისტრები, დამფუძნებელი კრების წევრები და საპატიო სტუმრები.

„ხალხი თავის ქვეყნის წინამძღოლებს ვაშას ძახილით შეხვდა. მოძრაობა და დღეობა არ შეწყვეტილა ღამის 12 საათამდის“-ო, - წერდნენ მეორე დღეს გამოსული გაზეთები.

წითელი „26 მაისი“

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას დამოუკიდებლობის მესამე წლისთავამდე ზუსტად სამი თვე დააკლდა. 1921 წლის 25 თებერვლის ოკუპაციამ 70 წლით დაასამარა ქართული სხელმწიფო, თუმცა, ბედის იროონით, 1921 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მაინც საზეიმოდ აღინიშნა.

„მეგობრებო, მე ამ ყანწით მინდა ვადღეგრძელო

წითელ კაბაში მორთული კოხტა საქართველო.“

წერდა პოეტი სანდრო ეული 1921 წლის 26 მაისს გაზეთ „კომუნისტის“ ფურცლებზე. სანდრო ეულს მხარს უბამდა პოეტი ტ. სვანიძე:

„გამარჯვება პროლეტარებს!

ვაშა, ვაშა მშრომელ ერსა!..

ის ასწორებს წარსულების

გამრუდებულ გზას დამჭერსა“.

გაზეთი "კომუნისტი". 1921 წ. 26 მაისი

„წარსულის გამოსწორება“ - სწორედ ამ სულისკვეთებით არის გაჟღენთილი 26 მაისის “კომუნისტის“ ყველა პუბლიკაცია, რომლებშიც საუბარია არა საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფაზე, არამედ მენშევიკების ღალატზე, მათ ნაციონალიზმზე, ბურჟუაზიულ ცოდვებზე და, რომ ქართველი მშრომელი ხალხის ინტერესებს მხოლოდ კომუნისტური პარტია დაიცავს.

„გაუმარჯოს 26 მაისს! გაუმარჯოს მშრომელთა საქართველოს ჭეშმარიტ დამოუკიდებლობას!“ - ვკითხულობთ ქართველი ბოლშევიკების გაზეთში.

ისტორიკოს ლაშა ბაქრაძის თქმით, ბოლშევიკებმა ზუსტად იცოდნენ, რომ 26 მაისს ქართველები გამოვიდოდნენ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ამიტომ პროტესტისა და დაძაბულობის შესაკავებლად, თვითონ ჩაატრეს 26 მაისობა, რომელიც თავისებურად გადააკეთეს ერის თავისუფლების დღედ.

ქართველი ხალხი მართლაც დაძაბული ელოდა დამოუკიდებლობის დღის მოახლოებას. აი, რას წერდა ცნობილი ლიტერატორი და საზოგადო მოღვაწე, ვახტანგ კოტეტიშვილი 26 მაისის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე:

ვახტანგ კოტეტიშვილი

„პირველი მაისიდან ქართველი ხალხის თვალი 26 მაისისკენ გადაექანა. საზოგადოებრივი აზრი დაჟინებით კითხულობს, იდღესასწაულებენ კომუნისტები 26 მაისს თუ - არა. ჩვენ არ ვიცით, რას ჰფიქრობს საქართველოს რევკომი. ის კი ვიცით, რას ფიქრობს ქართველი ერი, და ამ ფიქრს რევკომმა ანგარიში უნდა გაუწიოს“.

და გაუწია კიდეც, ოღონდ თან სცადა ქართველი ხალხის დარწმუნება იმაში, რომ ერთი ცუდი პარტია ჩაანაცვლა მეორე, კარგმა პარტიამ და, რომ ეს გარემოება არანაირად არ ხელყოფდა საქართველოს დამოუკიდებლობას. მეტიც, სერგო ორჯონიკიძემ ისიც კი თქვა, რომ უცხო ჯარის, რუსეთის წითელი ლაშქრის ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს აღსასრულს არ ნიშნავსო:

„არა! მილიონჯერ არა! ამ წითელ დროშების წინაშე ფიცსა ვდებთ, რომ საბჭოთა საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, არც რუსეთის და არც მისი წითელი ლაშქრის მხრივ არ ელის მცირე რა დაბრკოლებაც კი. პირიქით, წითელი ლაშქრის მკერდით დაცული იქნება საქართველოს მიერ ბრძოლით მოპოებული თავისუფლება“.

სერგო ორჯონიკიძე

ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, რომ ბოლშევიკებმა, რომლებიც ჯერ მყარად ვერ იდგნენ ფეხეზე, ყოველივე ეს თქვეს და გააკეთეს იმისთვის, რომ დრო მოეგოთ. და კიდევ:

„ამკვიდრებდნენ გადატრიალების ვერსიას. ამბობდნენ, რომ ეს იყო არა ერთი სახელმწიფოს (საბჭოთა რუსეთის) მიერ მეორე სახელმწიფოს (საქართველოს დემოკრატიული რესპუბლკის) დაპყრობა, არამედ ეს იყო გადატრიალება. უნდოდათ გადატრიალების რიტორიკის გასაღება ისევე, როგორც თავის დროზე ბოლშევიკური გადატრაილება მონათლეს რევოლუციად. ამიტომ, საქართველოს კომპარტია და ბოლშევიკები ხაზს უსვამდნენ, რომ საქართველო არის საბჭოთა, მაგრამ დამოუკიდებელი რესპუბლიკა და, შესაბამისად, 26 მაისიც დაიგეგმა როგორც ამ ვერსიის გასამყარებელი PR აქცია.“

თუმცა, ირაკლი ხვადაგიანი იმასაც ამბობს, რომ ქართულმა საზოგადოებამ და პოლიტიკურმა სპექტრმა მალე აუღო ალღო ოკუპანტის ამ ვერაგობას და დაუპირისპირდა კიდეც მას შემდეგი ტაქტიკით: თბილისში, სადაც კომუნისტურმა რეჟიმმა დაგეგმა დამოუკიდებლობის დღის საბჭოთა სტილისტიკით აღნიშვნა, გამოაცხადეს ბოიკოტი და მოუწოდეს მოქალაქეებს, არ მიეღოთ მონაწილეობა ფარსში, რაც ასე მოხდა კიდეც: რეალურად 1921 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის ღდე თბილისში იზეიმეს მხოლოდ საოკუპაციო ჯარის ნაწილებმა. განსხვავებული ვითარება შეიქმნა რეგიონებში, სადაც წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერების მითითებით, მოეწყო სახალხო-საპროტესტო გამოსვლები ოკუპაციის გასაპროტესტებლად. სწორედ რეგიონებში გამოაჩინა ოკუპანტმა ნამდვილი სახე: გამოსვლები ძალის გამოყენებით დაშალეს, რასაც მოჰყვა მსხვერპლი გურიაში, იმერეთში, სამეგრელოში.

ირაკლი ხვადაგიანი, ისტორიკოსი

ერთი წლის შემდეგ, 1922 წლის 26 მაისს ბოლშევიკებს არც კი უფიქრიათ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა, საპროტესტო დემონსტრაციები კი მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართა, მათ შორის გაიმართა თბილისშიც, უფრო სწორად აღკვეთილი იქნა დიდი მსვლელობის მცდელობა უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ. საბჭოთა უშიშროებმა აქცია ჩაშალა, ბევრი სტუდენტი დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს.

1923-24 წლებში, დამოუკიდებლობის დღეს ხმამაღალი პროტესტი არ გამოთქმულა, რადგან, როგორც ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, მთელი ძალისხმევა მიმართული იყო ერთიანი, საყოველთაო აჯანყებისკენ და პატრიოტულ ძალებს მიაჩნდათ, რომ მალე შეიძლებოდა დამდგარიყო გადამწვეტი მომენტი, პატარ-პატარა სტიქიური საპროტესტო აქციები კი, როგორც წესი, მთავრდებოდა დარბევა-დაპატიმრებებით და ძალას აცლიდა ანტისაბჭოთა შეთქმულებრივ მოძრაობას.

გამქრალი 26 მაისი

1924 წლის ავგვისტოს აჯანყება დამარცხდა, რაც მრავალ ათას ქართველ პატრიოტს სიცოცხლის ფასად დაუჯდა, თუმცა, ამის მიუხედავად, 26 მაისის - საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ხსოვნა არც ამის შემდეგ არ დაკარგულა. ყოველი წლის 26 მაისს წინააღმდეგობის მოძრაობა მოუწოდებდა ქართველ ხალხს, არ შერიგებოდნენ ოკუპაციას, ებრძოლათ დამოუკიდებლობისთვის. ასე იყო 20-იანი წლების ბოლომდე, როცა ვრცელდებოდა როგორც საქართველოს იატაკქვეშეთში დაბეჭდილი პროკლამაციები, ასევე საზღვარგარეთდან არალეგალურად შემოტანილი ლიტერატურა. სწორედ ამ დროს ჩაიწერა ნოე ჟორდანიას აუდიოფირფიტაც. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე კითხულობს მიმართვას დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე და ნიშანდობლივია ის, რომ მხოლოდ ამ სახით შემორჩა ნოე ჟორდანიას ერთადერთი აუდიო ჩანაწერი.

თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ქართველი ხალხის მცდელობას, არ დაევიწყებინა წარსული, უზარმაზარი რესურსებითა და სასტიკი მეთოდებით უპირისპირდებოდა საბჭოთა რეჟიმი.

ლაშა ბაქრაძე, ისტორიკოსი

„პროპაგანდის მთელი ძალისხმევა მიმართული იყო იმისკენ, რომ დამოუკიდებლობის მოკლე პერიოდი, მათ შორის 26 მაისი, დავიწყებული ყოფილიყო ან მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიურად ყოფილიყო წარმოჩენილი. ძალიან ცოტა იწერებოდა ამ პერიოდზე, რასაკვირველია, 20-30-იან წლებში გამოდიოდა წიგნები, რომლებშიც გაკვირით და დამახინჯებით იყო ნახსენები დამოუკიდებლობის ფაქტი. საბჭოთა პროპაგანდა წარმატებით ახერხებდა ჩვენი ხალხის ცნობიერებაში ჩაებეჭდა ისეთი მავნე კლიშეები, რომლებიც, გარდა იმისა, რომ ამახინჯებენ სინამდვილეს, დღემდე ცოცხლობენ ჩვენს ცნობიერებაში. ავიღოთ „მენშევიკური საქართველო“, რაც იმას ნიშნავს, რომ დამოუკიდებელი კი არ იყო საქართველო, არამედ, იყო ერთი პარტია, რომელიც დროებით მართავდა საქართველოს. დღესაც გაიგონებთ ამ მახინჯ საბჭთა ტერმინოლოგიას. „გასაბჭოება“ - ესაა ევფემიზმი, რომელიც ფარავს საქართველოს ოკუპაციის და ანექსიის ფაქტს“, - ამბობს ლაშა ბაქრაძე.

"ხალხური სიტყვიერების საუნჯე". 1935 წ. ლექსი "ცუდ მენშევიკებზე" და ლექსი "კარგ ბოლშევიკებზე"

საბჭოთა პროპაგანდა ყველა ხერხით და საშუალებით ცდილობდა როგორც პირველი რესპუბლიკის ამოშლას მეხსიერებიდან, ასევე მენშევიკების დისკრედიტაციას. 1935 წლის „ხალხური შემოქმედების საუნჯეში“ შეტანილია არაერთი ე.წ. ხალხური ლექსი, რომელშიც მენშევიკები ნეგატიურ, ხოლო ბოლშევიკები პოზიტიურ ჭრილში არიან წარმოჩენილი.

„რასაც კი შეხვდნენ დალეწეს,

ოქროც წაიღეს ბლომადო,

და გზა იმათი ნავალი,

დარჩა შავბნელა ზოლადო.“

როგორც მიხვდით, ეს ლექსი მენშევიკებზეა, ეს კი - ბოლშევიკებზე:

„კომუნისტების ხელშიო,

ქე გევიმართე წელშიო,

სიმინდს საბჭოში მაძლევენ,

შეშას - ლაზარეს ტყეშიო“.

ლაშა ბაქრაძის თქმით, ცნობილია, თუ როგორ აქრობდნენ კომუნისტები სურათებიდან და წიგნებიდან თავიანთ ბელადებსა და საბჭოთა მოღვაწეებს. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ

ამოშალეს ყველა, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობასთან იყო ასოცირებული.

ნოე ჟორდანიას ბიუსტი. ავტ. ი. ნიკოლაძე

„30-იანი წლებიდან მოყოლებული, თუნდაც პროპაგანდისტულ წიგნებში, ვერ ნახავდით ამ პერიოდის მოღვაწეების ერთ ფოტოსურათსაც კი. ნოე ჟორდანია ნახსენები იყო, მაგრამ როგორ გამოიყურებოდა, არ ვიცოდით. ამის გამო იყო, რომ 5 წლის წინ ვიპოვეთ ნოე ჟორდანიას დაკარგული ბიუსტი, რომელიც იდგა იაკობ ნიკოლაძის სახელოსნოს სარდაფში, მაგრამ მისთვის არავის მიუქცევია ყურადღება. ეს ბიუსტი ასევე ჩანს ელდარ შენგელაიას „არაჩვეულებრებრივ გამოფენაში“, საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფილმში, მაგრამ წლების განმავლობაში არც ამისთვის მიუქცევია არავის ყურადღება. თვითონ რეჟისორმაც კი არ იცოდა, რომ ეს ჟორდანია იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ტოტალურად დავკარგეთ ამ ეპოქის ვიზუალური წარმოდგენა და რასაკვირველია ცოდნაც“, - ამბობს ლაშა ბაქრაძე, რომლის თქმითაც, მის ოჯახში მართალია, პირველი რესპუბლკისა და საქართველოს დამოუკიდებლობის თემა არ იყო ტაბუდადებული, მაგრამ მისმა მშობლებმაც კი [აკაკი ბაქრაძე და ნელი რუსიშვილი] ძალიან ცოტა იცოდნენ ამ პერიოდის შესახებ.

ქაქუცა ჩოლოყაშვილი, საქართველოს ეროვნული გმირი

„არ იყო ხელმისაწვდომი წიგნები, დოკუმენტური წყაროები, იმ დროის პერიოდიკა... კარგად მახსოვს, დედაჩემი ტელევიზიაში მუშაობდა, რეჟისორი იყო და გადაცემას აკეთებდა ბაბო დადიანზე. სწორედ ბაბომ აჩვენა დიდად გასაიდუმლოებული ფოტო - ქაქუცა ჩოლოყაშვილის სურათი, რომელიც დღეს ყველამ ვიცით, ქაქუცა რომ დგას შავ ჩოხაში გამოწყობილი თავისი ქმარ-ხანჯლით. ეს რომ მოგვიყვა სახლში, მამამ თქვა, რომ კარგი იქნება, თუკი ქაქუცას ფოტო გვექნებაო. დედაჩემი ძალიან დიდი დროის განმავლობაში თხოვდა ბაბოს, რომ მიეცა ასლის გადაღების ნებართვა. ეს ხდება 70-იანი წლების მეორე ნახევარში. ბაბოს არ უნდოდა, რომ ეს ფოტო გამხდარიყო ცნობილი. ადამიანებში დიდი შიში იყო ჩაბუდებული, ამაზე საუბარიც კი სახიფათო იყო. სწორედ ბაბო დადიანისგან გადავიღეთ ქაქუცა ჩოლოყაშვილის ეს ძალიან ცნობილი ფოტო, გავამრავლეთ და სტუმრად მოსულ ახლობლებს დავურიგეთ“, - უთხრა ლაშა ბაქრაძემ რადიო თავისუფლებას.

26 მაისის დაბრუნება

26 მაისის ხსოვნა მრავალი ათეული წლის განმავლობაში გულით ატარეს არაერთი თაობის ქართველმა პატრიოტებმა. ისტორიკოსი კახაბერ კახაძე იხსენებს თავის პედაგოგს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის პროფესორს, უშანგი სიდამონიძეს, რომელმაც საფუძვლიანად შეისწავლა საქართველოს დამოუკილებლობის საკითხები და პირუთველად მიაწოდა მთელი ცოდნა თავის სტუდენტებს ჯერ კიდევ XX საუკუნის 70-იან წლებში.

„ ამ ეპოქაზე დაწერა სადოქტორო, რის გამოც სასტიკი დევნის ქვეშ მოექცა. უპირებდნენ დაჭერას, ეწყობოდა მშრომელთა კრებები, რომლებიც მოითხოვდნენ მეცნიერისთვის ჭკუის სწავლებას, დასჯას და ა.შ. I რესპუბლიკის ცოცხალი ენციკლოპედია იყო. ზეპირად იცოდა იმ პერიოდის პარტიების, პოლიტიკოსების ბიოგრაფიები. ბატონი უშანგი იყო ჩემი მასწავლებელი, ისტორიის ინსტიტუტი მასთან ვმუშაობდი და სწორედ მისგან ვიცი, რა დღეა 26 მაისი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას კახაბერ კახაძემ, რომელიც, როგორც ილია ჭავჭავაძის საზოგადოების აქტიური წევრი, ასევე მონაწილეობდა 1920 წლის შემდეგ თბილისში გამართულ პირველ საოცდაექვსმაისო მსვლელობაში:

„ამ დღის აღნიშვნის ძალიან დიდი სურვილი იყო. ხალხი შეიკრიბა ქაშვეთთან, საიდანაც გავემართეთ სიონისკენ. საპატრიარქოს გვერდით იყო კლუბი „ბერიკონი“. რადაგანც მილიცია იყო მობილიზებული და ისინი უშლიდნენ ხელს მსვლელობას, მოგცეს უფლება იქ შევსულიყავით და იქ გაგვემართა შეკრება. თუმცა შენობაშიც შემოგვყვნენ მოწინააღმდეგეები - კომკავშირელები და პარტიული მუშაკები, რომლებიც დარბაზშიც ცდილობდნენ ხელი შეეშალათ შეკრებისათვის, გამომსვლელებისათვის. მახსოვს გია ჭანტურია იყო, ზურაბ ჭავჭავაძე იყო... გამოვიდნენ კიდეც სიტყვით. ერთი საინტერესო მომენტი მახსენდება: გია ჭანტურიას დაუპირისპირდა მეორე გია ჭანტურია - კომკავშირის მდივანი და რაღაც შერკინებასათვით გაიმართა მათ შორის, რამაც - ამ ორი გია ჭანტურიას შერკინებამ გამოაცოცხლა და გაახალისა ხლხი“.

1988 წლის 26 მაისის მსვლელობის ორგანიზატორთა შორის იყო ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩხეიძე, რომელიც ასე იხსენებს 32 წლის წინანდელ ამბავს:

თამარ ჩხეიძე

„იმდენად არ უნდოდა ხელისუფლებას, რომ ეს აქცია ქუჩაში გამართულიყო, რომ კლუბში შეგვიშვეს, თუმცა გზად მაინც გავშალეთ პლაკატები წარწერებით: „გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!“, „26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეა!“ და ა.შ. ბოლოს შევედით კლუბში. ვიქნებოდით რამდენიმე ასეული ადამიანი, დაახლოებით 500-მდე, მაგრამ, სამწუხაროდ, მაშინ ციფრული ტექნოლოგიები არ იყო და ამ შეკრების არაიანირი დოკუმენტური მასალა არ შემომრჩა, თუმცა შესაძლოა ვინმე სხვას ჰქონდეს კიდეც ვიდეო-მასალა“.

ბევრად უფრო მასშტაბურად აღინიშნა მომდევნო, 1989 წლის 26 მაისი, როცა, როგორც უნივერსიტეტის პრეს-კლუბის დამფუძნებელი და სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ფიქრია ჩიხრაძე ისხენებს, უნივერსიტეტის ეზოდან დაიწყო გრანდიოზული დემონსტრაცია:

„9 აპრილიდან 26 მაისამდე პერიოდი იყო ძალიან აქტიური და დაძაბული. სულ რაღაც შეხვედრები იმათებოდა სხვადასხვა ადგილას და ყველგან იყო საუბარი საქართველოს დამოუკიდებლობაზე: ისტორიის ინსტიტუტი, სახალხო ფრონტში, უნივერსიტეტის აუდიტორიებში და ა.შ. 19 მაისს გაათავისუფლეს 9 აპრილს დაპატიმრებული ლიდერები, რასაც საზოგადოების დიდი ნაწილი მოითხოვდა მრავალი დღის განმავლობაში. ამ პერიოდში მოექცა 9 აპრილის 40 დღეც, რომელიც ასევე ძალიან ემოციური და ამაღელვებელი იყო“.

ფიქრია ჩიხრაძე

ფიქრია ჩიხრაძის თქმით, 26 მაისამდე თითქმის ყოველ ღამე იმართებოდა შეკრებები უნივერსიტეტის წინ, სადაც ერთ ღამეს მერაბ კოსტავაც მივიდა, ასევე მივიდა ზვიად გამსახურდია.

„რაც შეეხება 26 მაისს. წინა დღეებში შეთანხმდა, რომ უნივერსიტეტში დაიწყებოდა აქცია და მერე მოეწყობოდა დიდი მსვლელობა. იყო გამოსვლები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას და 9 აპრილის შეფასებას ეხებოდა. ამ დღის სურათხატად დამრჩა დამოუკიდებელი საქართველოს დროშა, რომელიც უნივერსიტეტის თავზე დავკიდეთ. ძალიან ემოციური ამბავი იყო. მახსოვს კიდევ ერთი ქალი, რომელიც არ ვიცი, ვინ იყო და ვერც მერე გავარკვიე მისი ვინაობა, ფილმიდან გადმოსულს ჰგავდა ძაძებში ჩაცმული, ოღონდ იყო ძალიან ლამაზად ჩაცმული და უნივერსიტეტის კიბეზე მდგომს ზეაწეულ ხელში ეჭირა ასევე ძაძით შემოსილი აკვანი და მღეროდა „საქართველო ლამაზო, სხვა საქართველო სად არის“. უცნაური შეგრძნება იყო, ვერ გაიგებდი, საქართველოს დასტიროდა 9 აპრილის გამო თუ პირიქით, იმედიანად იყო განწყობილი. უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილ ადამიანებს, ვინც იქ იყო იმ დღეს, ალბათ ყველას ახსოვს ეს ქალი“. - ამბობს ფიქრია ჩიხრაძე.

1989 წ. 26 მაისი.

უნივერსიტეტის წინ დაწყებული მიტინგი დიდხანს არ გაგრძელებულა. მომიტინგეთა რაღაც ნაწილი დაიძრა ვაკის პარკისკენ, შემდეგ ვაკის პარკიდან რუსთაველის გამზირის გავლით გაემართა სიონისკენ. ფიქრია ჩიხრაძის თქმით, 26 მაისის აქციაზე იყო დამოკიდებული, 9 აპრილის შემდეგ გაძლიერდებოდა თუ შესუსტდებოდა ის, რაც საქართველოს დამოუკიდებლობას უკავშირდებოდა.

„26 მაისს შეკრებილი ხალხის რაიოდენობამ აჩვენა, რომ საქართველოს სვლა დამოკიდებლობისაკენ შეუქცევადი ამბავია და, რომ ამის დათმობას არავინ აპირებდა იმიტომ, რომ აქ არ იყვნენ მხოლოდ ახალგაზრდები. 9 აპრილმა მოახდინა ის, რომ აბოსლუტურად ყველა თაობაში გაჩნდა ტრაგიზმის შეგრძნება, თანაგანცდა, რომელიც საქართველოს დამუკიდებლობისათვის ბრძოლაში გადაიზარდა და გამოიხატა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ფიქრია ჩიხრაძემ.

26 მაისის უკვდავება

... შემდეგ იყო 1991 წლის 26 მაისი და საქართველოს პრეზიდენტის პირველი არჩევნები, რომელშიც ზვიად გამსახურდიას ამომრჩეველთა 87.03%-მა დაუჭირა მხარი და საქართველოს დამოუკიდებლობამაც, ერთი შეხედვით, შეუქცევადი ხასიათი მიიღო, თუმცა, როგორც 70 წლის წინანდელმა 26-მა მაისმა, ამ 26-მა მაისმაც დიდად გააღიზიანა მტერი.

ზვიად გამსახურდია

„სწორედ ამ დატის (თარიღის) შემდეგ გააძლიერეს ბოლშევიკებმა ჩამორჩენილ კუთხეები თავსი აგიტაცია და მრავალ ადგილს მოაწყვეს გამოსვლები“, - წერდა ნოე ჟორდანია მოგონებების წიგნში.

ამჯერად, მართალია დიდი მსხვერპლით, მაგრამ საქართველომ მაინც შეძლო დამოუკიდებლობის შენარჩუნება და, იმავე ნოე ჟორდანიას რომ დავესესხოთ, ამის მიზეზი ისევ და ისევ 26 მაისია:

„ჩვენ და ისინი, საქართველო და მისი მტარვალები, შუაში უფსკრულია, ხიდები წაღებული. 26 მაისი ჩვენი ხარტია (სალესი), მათი კი - სახრჩობელა...“

ვლასა მგელაძის საფლავი. ლევილი

სწორედ 26 მაისს იშვა ერთი მთლიანი ქართველი ერი, რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტა თავისუფალ, დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრება; ერი რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ თქვა უარი სხვა ქვეყნის ნაწილად ყოფნაზე; თქვა უარი იმ ქვეყნაზე, რომელიც, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრისა და დიდი პატრიოტის, ვლასა მგელაძის თქმით, სამოყვროდ მოსული, არამცთუ არ დაგვეხმარა ტანჯულ სამშობლოს აღორძინებაში, არამედ ქვეყანა ააოხრა. მდიდარი ტაძარ-მონასტრები დაძარცვა, ღირსეული მამულიშვილები დახოცა, ცოცხლები ციხე-ციმბირში გამოალპო. სამშობლო ენაზე განათლება და წირვა-ლოცვა აკრძალა, ჩვენი ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია, ერის სუვერენობა მოსპო.