„დიდი ტრაგედია მოხდა რეგიონში“ - ასე გამოეხმაურა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „თანამედროვე საქართველოს ისტორიის“ სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი, ისტორიკოსი ბექა კობახიძე ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს. 10 ნოემბერს ყარაბაღის მორიგი ომი დასრულდა, რომელსაც ასეულობით ადამიანი ემსხვერპლა. ომი დამთავრდა, თუმცა როგორც ბექა კობახიძე შენიშნავს, კონფლიქტი არ ამოწურულა.
რას გულისხმობს ისტორიკოსი „დიდ ტრაგედიაში“ რეგიონისთვის?
ბექა კობახიძე: ტრაგედიაა ის, რომ რუსეთის სამხედრო, სამომავლოდ ეკონომიკური და პოლიტიკური ყოფნა და კონტროლი რეგიონში ძლიერდება. ეს ყველანაირი თავისუფლებისთვის შემზღუდველი ფაქტორია. რუსეთის ეს ყოფნა შეასუსტებს დასავლეთის კავშირებს რეგიონთან. დასავლეთი - ისედაც ძალიან მერყევი იყო კავკასიასთან მიმართებით და თუ დავაკვირდებით, სამშვიდობო შეთანხმების შემდეგაც, მას არანაირი სერიოზული განცხადება არ გაუკეთებია. ისედაც, იქ, სადაც არის რუსული ბაზები დასავლეთს ძალიან უჭირს ჩარევა. ეს აისახება გეოპოლიტიკაზეც. საქართველოს,როგორც რეგიონის ნაწილს კიდევ უფრო გაუჭირდება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, ასევე, საქართველოს მეზობლები კიდევ უფრო მეტად დამოკიდებულები ხდებიან რუსეთზე.
სავარაუდოა, რომ აზერბაიჯანის ეკონომიკური დამოუკიდებლობა კიდევ უფრო შემცირდება, რადგან აქ საუბარია დერეფნების გატარებაზე ირანიდან აზერბაიჯანის გავლით რუსეთისკენ და ეს, შესაძლოა, გახდეს სამომავლო პროექტები, რადგანაც, ალიევის რეჟიმმა რუსეთთან პარტნიორობის გემო გაიგო და დივიდენდებიც მიიღო.
რეჟიმი დამაგრდა. ხოლო რუსეთის ინტერესია, რომ სწორედ ასეთი რეჟიმები მართავდნენ ქვეყნებს მის სამეზობლოში და არა ფაშინიანის მსგავსი დემოკრატიული ლიდერები. ეს ყველაფერი აუცილებლად აისახება როგორც ეროვნულ თავისუფლებებზე, ისე ადამიანის უფლებებზეც - ხარისხი დაიკლებს და ამას, სამწუხაროდ, ვიგრძნობთ საქართველოშიც.
ასევე ნახეთ ყარაბაღი არ არის შორს - ინტერვიუ ისტორიკოს ბექა კობახიძესთანთქვენ წერდით, რომ თითქმის ყველა თქვენი წინასწარი პროგნოზი გამართლდა ამ ომის მომავალზე - რა მოხდა ამ მოლოდინების საწინააღმდეგოდ?
სტრატეგიულად ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც ვამბობდით, უფრო ტაქტიკურ დონეზე იყო ცვლილებები იმ თვალსაზრისით, რომ აზერბაიჯანმა მიიღო უფრო მეტი, ვიდრე შეეძლო ამ ომისგან მიეღო. ეს კი განპირობებული იყო იმით, რომ ფაშინიანი ჯიუტი გამოდგა. სანამ აზერბაიჯანი სტეფანაკერტს არ მიადგა, არ დანებდა და მანამდე არც სომხეთში შერყეულა მისი პოზიციები. ფაშინიანი რომ დანებებულიყო ათი დღით ადრე, შესაძლოა, სომხეთს მეტი ტერიტორია შეენარჩუნებინა, თუმცა ეს საბოლოო პოლიტიკურ შედეგს მაინც ვერ შეცვლიდა.
ჰქონდა კი სხვა გზა ნიკო ფაშინიანს, რომელსაც ახლა სომხეთში მწვავედ აკრიტიკებენ?
ფაშინიანს, ჩემი აზრით, ომის მსვლელობის დროსაც ჰქონდა სხვა გზა და მმართველობის ორი წლის განმავლობაშიც უამრავი შეცდომა დაუშვა. ცხადია, შეიძლება ადამიანს გქონდეს მის მიმართ სიმპათია როგორც დემოკრატიული ლიდერისადმი, რომელიც ესწრაფვის მოდერნიზაციას და რუსეთის გავლენის შესუსტებას რეგიონში. მეორე მხრივ, არ გქონდეს სიმპათია ილჰამ ალიევისადმი, რომელიც წარმოადგენს ავტორიტატულ რეჟიმს, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ალიევმა, დიპლომატიური კლასით აშკარად ყველა მიმართულებით მოუგო ფაშინიანს.
ფაშინიანის შეცდომა ის იყო, რომ მან ორივე მიმართულებით გადაწყვიტა გარღვევა: მოინდომა სომხეთის რუსეთისგან დისტანცირება და ამით დაარღია ის ბალანსი, რაზეც იდგა ეს კონფლიქტი მთელი 26 წლის განმავლობაში. მეორე მხრივ კი, არც ალიევთან დათმო არაფერი - მან პირდაპირ თქვა, რომ არცახი არის სომხეთი და წერტილი.
ეს ორი ფაქტორი შეუთავსებელი აღმოჩნდა სომხეთის სახელმწიფოს და ყარაბაღის უსაფრთხოებასთან. შესაბამისად, სწორედ ფაშინიანის ამ ნაბიჯების შედეგად მოხდა ალიევისა და რუსეთის ხელისუფლების ინტერესთა თანხვედრა - ეს მართლაც უნიკალური გეიპოლიტიკური ფაქტი, რასაც ორი-სამი წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა.
კიდევ ერთი საყურადღებო დეტალი - ფაშინიანი არ წავიდა ე.წ. მადრიდისა და ყაზანის ფორმულების შესრულების გზით, რაც გულისხმოდა ყარაბაღის გარშემო ხუთი რაიონის დეოკუპაციას, ხოლო ყარაბაღის სტატუსის გადადებას 30 წლით - რეფერენდუმისთვის. ეს იქნებოდა მომგებიანი სომხეთისთვის და ლეგიტიმურიც, თუმცა სომხების ეროვნულ იდენტობაში ყარაბაღს იმდენად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, რომ ეროვნულ ლიდერს, რომლად ჩამოყალიბებასაც ფაშინიანი ცდილობდა, არ შეეძლო უბრძოლველად ამ რაიონების დათმობა. თუმცა, ცხადი იყო, რომ ამის ძალა სომხეთს არ ეყოფოდა.
მაგრამ მე არ ვიტყოდი, რომ ამ ბრძოლაში გაიმარჯვა აზერბაიჯანმა, რადგან ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ამ ომმა დაასუსტა. თუმცა გააძლიერა ალიევის რეჟიმი.
Your browser doesn’t support HTML5
მაშ, ვინ მოიგო ეს ომი - ვინ არის საბოლოოდ გამარჯვებული?
მე ასე ვიტყოდი - წააგო თავისუფლებამ და დემოკრატიამ და კავკასიამ. მოიგეს რუსეთმა, ალიევის რეჟიმმა და ნაწილობრივ, თურქეთმაც, რადგან ცხადია, თურქეთის გავლენა ამ ომის შემდეგ რეგიონში უფრო მეტია, ვიდრე იყო მანამდე.
ბექა, მხარეებს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზეც გკითხავთ, თუ ის, ცხადია შესრულდება, რა მოგეჩვენათ მასში ჩამოთვლილი პუნქტებიდან ყველაზე საყურადღებოდ?
ჩემი აზრით, ამ შეთანხმებაში ერთი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი - 2000 რუსი ჯარისკაცის განლაგება.
ის, რომ შუშას ითხოვდა ალიევი, ეს ემოციურადაც მნიშვნელოვანია აზერბაიჯანალებისთვის, რადგან შუშა ერთადერთი სუფთა აზერბაიჯანული ქალაქია მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის საზღვრებში, მაგრამ ამავე დროს, შუშა მნიშვნელოვანია სამხედრო თვალსაზრისითაც, რადგან ამ ქალაქიდან სტეფანაკერტამდე სულ რამდენიმე კილომეტრია. და თუ ალიევი დაიკავებდა შუშას, სტეფანაკერტსა და შუშას შორის, აუცილებლად უნდა ჩამდგარიყვნენ რუსი სამშვიდობოები.
მოკლედ, აქ იკვეთებოდა ფაშინიანის სურვილი, გაეგრძელებინათ ომი, ასევე, ალიევის სურვილი, დაეკავებინა შუშა და ბოლოს, რუსეთის ინტერესი, ჩამდგარიყო შუაში. მანძილი ამ ორ ქალაქს შორის, როგორც ვთქვი, იმდენად მცირეა, რომ ორი მხარის გაკავება სამშვიდობოების გარეშე შეუძლებელია.
ჩვენ კი ვიცით, რომ სადაც კი შევიდნენ რუსი სამშვიდობოები პოსტსაბჭოთა სივრცეში, იქიდან ისინი აღარ გასულან. ჯერჯერობით ასეა.
მეორე, მნიშვნელოვანი რამ არის სიუნიქის მიმართულებით, ანუ აზერბაიჯანიდან ნახიჩევანის მიმართულებით კორიდორზე შეთანხმება, რაც ჩემი აზრით, ფაშინიანის მხრიდან უდიდესი დათმობაა.
რატომ, რა საფრთხეებს შეიცავს კონკრეტულად ეს პუნქტი?
სიუნიქი (ისტორიულად ამ მხარეს ჰქვია ზანგეზური) ეს არის სომხეთის რეგიონი, რომელიც ესაზღვრება ირანს და რომელიც აზერბაიჯანს აშორებს ნახიჩევანის ავტონომიური ოლქისგან. ამ უკანასკნელს კი პირდაპირი საზღვარი აქვს თურქეთთან.
უნდა გავითვალისწინებთ თანამედროვე ხედვებიც, რომლებიც ახლაც აქვს თურქეთის ხელისუფლებას (თუმცა, ეს ისტორიული ხედვებიცაა, სადაც ერთმანეთს ებნის ნეოოტომანიზმის იდეოლოგია პანთურქიზმს), რაც გულისხმობს კავშირების შეკვრას თურქ ხალხებს შორის. ჩვენ კი ვიცით, რომ აქტიურად მიდის ამ იდეოლოგიის კულტივირება, რომ ეს არის ორი სახელმწიფო და ერთი ერი - (აზერბაიჯენელები და თურქები), ხოლო სომხეთი, თავისი სიუნიქის რეგიონით არის მათ შუა აღმართული, როგორც გამყოფი და ხელისშემშლელი.
რადგან სომხეთი დღეს დამარცხებულია და იქ არსებობს რევანშიზმის სურვილი, მუდამ შეიძლება იყოს იქ მისწრაფება, რომ აზერბაიჯანს ჩაუკეტონ ეს სატრანზიტო დერეფანი ნახიჩევანის მიმართულებით. ეს კი, აზერბაიჯანს, ისტორიაში პირველად, მისცემს გარკვეულ ლეგიტიმურ საფუძველს, რომ ძალით მოითხოვოს ამ კორიდორის გაჭრა.
ანუ სიუნიქი შესაძლოა იქცეს დაძაბულობის კიდევ ერთ კერად?
ამაზე ჯერ არ საუბრობენ. სომხეთს ჯერ რეგიონები აქვს დასაბრუნებელი და ნოემბერ-დეკემბერში ამის გაკეთება მოუწევს. მე არ ვამბობ, რომ სიუნიქის მიმართულებით შეიჭრება აზერბაიჯანი ხვალ და ზეგ - ეს საკითხი დღის წესრიგში აქამდე უბრალოდ არ დამდგარა, მაგრამ ის აუცილებლად დადგება. და არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ აქ სცენაზე შემოდის კიდევ ერთი რეგიონული მოთამაზე, ირანი, რადგან ეს ყველაფერი ხდება მის საზღვარზეც.
ამ შეთანხმების მიხედვით, საკონტროლო ცენტრს ქმნიან როგორც თავად მხარეები, ასევე, რუსები და თურქები. არსებობს მექანიზმი, რომ მოკლე ხანებში არ შეიჭრნენ სიუნიქში და თუ მცირე კრიზისი წარმოიშობა, ცენტრი ამას გააკონტროლებს, მაგრამ ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ რა გეოპოლიტიკური ინტერესები შეიძლება დადგეს 10, 20 და 30 წლის შემდეგ.
მოკლედ რომ შევაჯამო, ეს შეთანხმება აზერბაიჯანს პირველად აძლევს შესაძლებლობას გაიაროს სიუნიქის ტერიტორიააზე, ხოლო სომხეთს ართმევს ლეგიტიმურ უფლებას, რომ ეს საზღვარი ჩაკეტოს აზერბაიჯანთან.
ასევე ნახეთ წაგებული, გამარჯვებული, გახარებულიროგორ შეუძლია რუსეთს გამოიყენოს დღეს მორგებული სამშვიდობო მანტია და როგორც ბერკეტი გამოიყენოს რეგიონში ვითარების ასარევად?
სამაგისოდ მარტივი მექანიზმები არსებობს. ადრე თუ გვიან, თუ სომხეთში ხელახლა გაჩნდა ახალი ფაშინიანი და სომხეთმა ისევ დაიწყო პროდასავლური განცხადებების გაკეთება, რუსი სამშვიდობოები ყოველთვის იქნებიან იქ მანიპულაციის ძალა და დაანახებენ სომხეთს, რომ თუ ის ვექტორს დასავლეთიდან ჩრდილოეთისკენ არ შეცვლის, გარდაუვალი იქნება აზერბაიჯანის მიერ სტეფანაკერტისა და მთლიანად მთიანი ყარაბაღის დაკავება.
თუ აზერბაიჯანში მოხდა პირუკუ პროცესი, რუსი სამშვიდობოები დაიკავებენ უკვე სომხეთის მხარეს, რათა მან შეძლოს აზერბაიჯანის ტერიტორიების ხელახლა დაკავება. ეს არის თამაში მსაჯის სასარგებლოდ. მსაჯი კი არის რუსეთი.
სომხეთში უნდა ველოდოთ ხელისუფლების ცვლილებას უახლოეს ხანებში? და თუ კი, როგორ ფიქრობთ, რა პოლიტიკური ორიენტაციის ხელისუფლება შეიძლება იქ მოვიდეს?
სომხეთში, ვფიქრობ, რომ შიდა მძიმე პროცესები ჯერ კიდევ წინ არის. იქ საომარი განწყობა და ვითარება ჯერ არც დასრულებულა. ამ პერიოდშიც კი ვნახეთ, თუ რა კრიზისი შეექმნა ფაშინიანს. ხოლო მას მერე, რაც სომხეთი დაუბრუნებს ლაჩინისა და სხვა რეგიონებს აზერბაიჯანს, მას მერე რაც სომხეთს ექნება პოსტკონფლიქტური მძიმე ვითარება, რაც თამამად დაიწყებენ ოპოზიციური და განსაკუთრებით, პრორუსული პარტიები საუბარს იმაზე, რომ ფაშინიანმა დაკარგა ტერიტორიები და არ შეიძლება ის იყოს ხელისუფლებაში, მე ველი, რომ უახლოეს თვეებში ფაშინიანი უბრალოდ ვერ დარჩება ხელისუფლებაში. თუ ეს ამავე დღეებში არ მოხდა.
შეუძლებელია, რომ ფაშინიანმა შეძლოს დარჩენა, მას ამის არც საგარეო მხარდაჭერა აქვს. ეს ოპერაცია, „ფაშინიანის დასჯის“ საბოლოოდ, ალბათ, დასრულდება წარმატებით და ეს წარმატება ცხადია, იქნება რუსეთის.
და რაც საქართველოში აინტერესებთ - ჩვენ როგორ შეგვეხება ეს ყველაფერი. თქვენი აზრით, საფუძვლიანია თუ არა ის მოსაზრება ან რამდენად, რომ საქართველო დაკარგავს სატრანსპორტო დერეფნის როლს? სხვა რა საფრთხეებზე შეიძლება დღეს ვილაპარაკოთ?
მე ეკონომისტი არ ვარ, მაგრამ საბაზისო თემებს, რაც გეოპოლიტიკისთვის არის მნიშვნელოვანი, სულ ვეცნობი. მაგალითად, ერთ-ერთი ფაქტორია, რომ საქართველოს რკინიგზა უკვე მუშაობს წაგებაზე და ტვირთბრუნვის მხრივ, 53% -იანი კლება გვაქვს. სულ უფრო და უფრო მეტი ტვირთი გადადის სატვირთო ავტომობილებით.
უნდა გვესმოდეს, რომ სიუნიქის გავლით ნახიჩევანზე აზერბაიჯანი არ გაატარებს არც გაზსადენს, არც ნავთობსადენს და არც რკინიგზას, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვბანი ეკონომიკური დივიდენდებია და თუ მას მტრული სახელმწიფოს ტერიტორიაზე გაატარებ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენს მთავარ ეკონომიკურ არტერიებს მას უგდებ ხელში მძევლად. ამასთანავე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნახიჩევანისა და თურქეთის საზღვარი მხოლოდ 8 კილომეტრია და ის ვერ გაატარებს ყველაფერს ერთად - მთელი კავკასიის დერეფნად, ბუნებრივია, ვერ იქცევა. მაგრამ ტვირთები გადამისამართდება ბაქოდან და სტამბულიდან ნახიჩევანის გავლით. ეს საქართველოსთვის საკმაო დანაკარგი იქნება და შეასუსტებს მის სატრანზიტო ფუნქციას, თუმცა მას ვერ წაართმევს სატრანზიტო ლიდერის ფუნქციას, რადგან ამიერკავკასიური რკინიგზა კვლავ საქართველოს ხელში იქნება, ასევე ის ძირითადი ნავთობ და გაზსადენები,რაც გადის კავკასიაზე. თუმცა, ცხადია, დეტალურად ეს ეკონომისტების დასათვლელია.
როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეს ნამდვილად ყარაბაღის ომის დასასრული?
ომი დასრულდა, მაგრამ კონფლიქტი არ ამოწურულა. ომი დასრულდა იმიტომ, რომ მთავარმა მოთამაშემ, რუსეთმა თავის მიზანს მიაღწია, მას არ აწყობს არც ერთი გრამით მეტი და არც ერთი გრამით ნაკლები პროგრესი ამ ამბისა და თუ რომელიმე მხარე გაუძალიანდება შეთანხმების შესრულებისას, რუსეთი ისევ იმოქმედებს.
მე არ ველი, რომ აზერბაიჯანი რუსეთს მეტს გაუბედავს და სტეფანაკერტზე დაიწყებს შეტევას, ალიევი საკმაოდ ჭკვიანია საამისოდ. ის 17 წელია ამოწმებს რუსეთის მაჯისცემას, თუ რა სურთ მოსკოვში, ასე რომ, მას არ სჩვევია ავანტიურისტული ნაბიჯები, სომხეთს კი, უბრალოდ, არანაირი რესურსი არა აქვს, რომ არ დათმოს რაიონები, რადგან მას ეს ხელშეკრულების დარღვევად ჩაეთვლება. ასე რომ, ეს ომი დამთავრებულია, თუმცა კონფლიქტი არის კიდევ უფრო მწვავე, ვიდრე იყო აქამდე.