ყაზახური ნავთობი საქართველოს გავლით ევროპაში - ეს თითქმის გადაწყვეტილი საქმეა

ბაქო-სუფსის მილსადენი

საქართველოზე გამავალი ბაქო-სუფსის მილსადენი შესაძლოა ყაზახეთმა საკუთარი ნავთობის გასატარებლად გამოიყენოს. ეს გეგმა შეცვლის როგორც ეკონომიკურ, ასევე გეოპოლიტიკურ წონასწორობას საქართველოსა და რეგიონში.

ყაზახეთის სახელმწიფო კომპანიის “ყაზმუნაიგაზის” გამგეობის თავმჯდომარე მაგზუმ მირზაგალიევი აზერბაიჯანულ გამოცემა “ტრენდს” ეუბნება, რომ “სოკარი” ერთი თვის ვადაში ამ საკითხზე წინადადებებს მოამზადებს. როგორც ირკვევა, აზერბაიჯანმა ყაზახეთს ნავთობის გადაზიდვებისთვის ბაქო-სუფსის მილსადენი, რომლის წლიური გამტარუნარიანობა 6 მლნ ტონამდეა, ჯერ კიდევ 2022 წელს შესთავაზა.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ადასტურებს, რომ თითქმის ორი წელია, რაც ყაზახური ნავთობის გატარებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და იმედოვნებს, რომ ბაქო-სუფსის მილსადენით ნავთობის გატარება წელსვე დაიწყება.

“ეს მხოლოდ საქართველოს [გადასაწყვეტი] საკითხი არ არის და ძალიან მჭიდრო თანამშრომლობაა რამდენიმე ქვეყნასთან იმისთვის, რომ ეს ნავთობი ამ მილსადენში მოხვდეს. მჭიდრო თანამშრომლობაა საჭირო BP-სთან, რომელთანაც უშუალო კონტაქტი გვაქვს და პრინციპში პოზიციები სრულ თანხვედრაშია.

რაც შეეხება ნავთობსადენის გამოყენებას, აქ მნიშვნელოვანია აზერბაიჯანული მხარის პოზიცია და აქაც ინტენსიური დიალოგი მიმდინარეობს. საჭირო იყო გარკვეულ პირობებზე შეთანხმება, რადგან განსხვავებული ტიპის ნავთობია ყაზახური და ის აზერბაიჯანულს ვერ შეერევა”, - ამბობს დავითაშვილი.

ყაზახეთი საკუთარი ნავთობის ტრანზიტისთვის საქართველოზე გამავალ კიდევ ერთ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს [BTC] უკვე იყენებს და შარშან მილსადენში 1.39 მლნ ტონა ყაზახურმა ნავთობმა გაიარა.

დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენი (WREP), რომელიც ცნობილია ბაქო-სუფსის სახელით, საქართველოზე გამავალი ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტია. მილსადენის საშუალებით აზერბაიჯანში კასპიის ზღვის ჩირაგის საბადოდან მოპოვებული ნავთობი დასავლეთ საქართველოში სუფსის ტერმინალამდე მიდის. 1999 წელს გახსნილი მილსადენის სიგრძე 830 კმ-ია, აქედან 375 კმ საქართველოს ტერიტორიაზე გადის.

ბაქო-სუფსის ნავთობსადენი პოლიტიკური მნიშვნელობის პროექტია - საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველი მილსადენია, რომელიც აზერბაიჯანული ნავთობის რუსეთის გვერდის ავლით დასავლეთის ბაზარზე მოხვედრას უზრუნველყოფს. ამ მილსადენმა სამხრეთ კავკასიას საერთაშორისო ენერგოპოლიტიკურ რუკაზე მნიშვნელოვანი ადგილი მიანიჭა, - წერს რონდელის ფონდის მკვლევარი მამუკა კომახია.

ამას გარდა, ეს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ობიექტიცაა. ბაქო-სუფსისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენები საქართველოს ტრანზიტიდან შემოსავალს უტოვებს.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ბაქო-სუფსის მილსადენით ნავთობის გადაზიდვა ფაქტობრივად გაჩერებულია. შარშან მილსადენით მხოლოდ თებერვალში გაატარეს 100 ათასი ტონა ნავთობი, არადა, ომამდე ბაქო-სუფსით წლიურად საშუალოდ 4 მლნ ტონა ნავთობი გადაჰქონდათ.

მილსადენის ოპერატორი BP [ბრითიშ პეტროლიუმი] მილსადენის გაჩერების მიზეზად შავ ზღვაში უსაფრთხოების პრობლემას ასახელებს.

ბაქო-სუფსის გაჩერების პარალელურად გაიზარდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით გატარებული ნავთობის მოცულობა.

ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი ამბობს, რომ თუ ყაზახეთმა ნავთობის გადაზიდვა მართლაც დაიწყო, ეს ძალიან კარგია, რადგან საქართველოს ტერიტორიას ენერგორესურსების გასატარებლად ახალი მოთამაშე გამოიყენებს.

“ნამდვილად ძალიან დადებითი მოვლენა იქნება, რადგან ყაზახეთისთვის რუსეთზე გამავალი ტრადიციული მარშრუტი მაღალრისკიანია. ვგულისხმობ ნოვოროსიისკის პორტს. ამიტომ ცდილობს, ალტერნატიული მარშრუტები მოიძიოს. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მთლიანი სიმძლავრით დაიტვირთება ბაქო-სუფსის მილსადენი. ბუნებრივია, ეს ჩვენთვის კარგია, რადგან დამატებითი მოთამაშე ჩნდება ტრანზიტში, თან სატრანზიტო შემოსავლები უფრო მეტი იქნება”, - ამბობს მარგველაშვილი და პოლიტიკურ განზომილებასაც აფასებს - რუსეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე “სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის” მნიშვნელობა გაიზრდება.

მართალია, ნავთობის და გაზსადენების ინფრასტრუქტურის მშენებლობის დასაწყისშივე გააზრებული იყო, რომ ევროპის ბაზარზე ცენტრალური აზიის ქვეყნების ენერგორესურსებიც საქართველოს გავლით უნდა მოხვედრილიყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ყაზახეთმა რუსული გავლენისგან გათავისუფლება დაიწყო, ეს სატრანზიტო არხები კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური პროექტები გახადა.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის გიორგი მელაშვილის თქმით, ყაზახეთი, სადაც სამი გლობალური მოთამაშის - ჩინეთის, რუსეთისა და დასავლეთის ინტერესები იკვეთება, საკუთარი ბუნებრივი რესურსებისთვის ახალი, უსაფრთხო ჯაჭვების შექმნას ცდილობს, მათ შორის, კავკასიის და საქართველოს გავლით.

“წლების განმავლობაში საქართველო ცდილობდა საკუთარი თავის პოზიციონირებას, როგორც ევროკავშირის, აშშ-ის კარიბჭის ცენტრალურ აზიაში. ანუ ჩვენ უნდა ვყოფილიყავით ის სატრანზიტო კარიბჭე, რომლის მეშვეობითაც დასავლური ინტერესები შევიდოდნენ არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ ცენტრალურ აზიაშიც. ეს, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებული იყო ენერგორესურსების ექსპორტთან.

საბჭოთა დროიდან მოყოლებული ცენტრალური აზიიდან ნავთობპროდუქტები და გაზი ევროპაში რუსეთის გავლით შედიოდა. რუსეთი ყიდულობდა ამ გაზსა და ნავთობს უფრო იაფად, შემდეგ ევროპის ბაზარზე გაჰქონდა და გაცილებით ძვირად ყიდდა. ასეთი კოლონიალური მოდელი იყო, რითიც რუსეთი ძალიან სარგებლობდა”, - ამბობს ის.

გიორგი მელაშვილი

აზერბაიჯანელი ანალიტიკოსი ფუად შაჰბაზოვი გვეუბნება, რომ აზერბაიჯან-ყაზახეთის ენერგეტიკული თანამშრომლობა 2022 წლიდან გააქტიურდა, როდესაც კრემლმა კასპიის მილსადენის კონსორციუმის ნავთობსადენს [CPC] ხელოვნურად შეუქმნა პრობლემები.

წლებია, ყაზახური ნავთობისთვის დასავლურ ბაზრებზე მილსადენით წვდომა მხოლოდ რუსეთის გავლით არის შესაძლებელი. ყაზახეთის ძირითადი ექსპორტი CPC-ით, შავ ზღვაზე ნოვოროსიისკის პორტის გავლით ხდება. შაჰბაზოვის თქმით, რუსეთმა მილსადენთან დაკავშირებით ხელოვნულად ტექნიკური პრობლემების შექმნა მას შემდეგ დაიწყო, რაც ყაზახეთმა ომს ღიად არ დაუჭირა მხარი.

“ასტანამ აზერბაიჯანს მიმართა, როგორც საკუთარი ნავთობის ტრანსპორტირების ალტერნატივას. აქამდე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირებისთვის მთავარი გზა იყო. როგორც ცნობილია, 2022-2023 წლებში დაახლოებით 1.5 მლნ ტონა ყაზახური ნავთობია ამ მილსადენით გადატანილი. თუმცა უნდა ითქვას, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გამტარუნარიანობა ყაზახური ნავთობის დამატებითი მოცულობისთვის საკმარისი არ არის. თან ახლა მილსადენი სრული დატვირთვით მუშაობს. ამიტომ ბაქო-სუფსის საკითხი ლოგიკურია. თან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანთან შედარებით ნავთობის გადაზიდვა უფრო იაფიც ჯდება. ასე რომ, აზერბაიჯანს ბაქო-სუფსით უფრო მეტი ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება შეუძლია. ამ ალტერნატივით ყაზახეთს ექნება შესაძლებლობა, ევროპისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმწოდებელი გახდეს”, - ამბობს შაჰბაზოვი.

მისივე თქმით, უსაფრთხოების პრობლემა შავ ზღვაში რჩება, მაგრამ აზერბაიჯანს კიევსა და მოსკოვთან თანამშრომლობით შეუძლია მილსადენის სიახლოვეს უსაფრთოხება უზრუნველყოს.

“გეოპოლიტიკური პერსპექტივიდან აზერბაიჯანი ხდება საკვანძო ქვეყანა ცენტრალური აზიისა და შავი ზღვის დაკავშირების ნაწილში”, - ამბობს ის.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ნავთობის ყველაზე დიდი მარაგი რუსეთის შემდეგ ყაზახეთს აქვს.