ორშაბათი, დილის 9 საათი - საპროტესტო აქციისთვის ცუდი დროა, თუმცა დღეს ამ დროს პარლამენტის უკანა შესასვლელთან რამდენიმე ასეული ადამიანი “უცხოეთის აგენტების შესახებ” კანონის გასაპროტესტებლად მაინც შეიკრიბა. მოქალაქეებმა - ჟურნალისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა, პლაკატებითა და ხმაურით გამოხატეს პროტესტი “უცხოეთის აგენტების შესახებ” კანონის წინააღმდეგ, რომელიც უმეტესობა მათგანს იძულებულს გახდის იმუშაოს “უცხოეთის აგენტის” სტატუსით - ეს კანონი ყველა ორგანიზაციას შეეხება, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან მოდის.
“არცერთი თავმოყვარე ადამიანი თავს აგენტად არ გამოაცხადებს - არ ვართ აგენტები უბრალოდ და იმიტომ. ყველაფერს იზამენ იმისთვის, რომ გაგვაჩერონ”, - მითხრა ნათია მიხელიძემ, გამოცემა “აი, ფაქტის” ჟურნალისტმა. ხელში დიდი სამიზნე ეჭირა, რომელსაც სისხლიანი ნატყვიარი თითქმის შუაში ჰქონდა დასმული. “ეს გამოხატავს, რომ ერთი ნაბიჯია დარჩენილი ოცდაჩვიდმეტ წლამდე და ქუჩაში დევნამდე. მე მინდა ვუთხრა ყაველაშვილს, რომ მე ვარ ჟურნალისტი და არ ვარ აგენტი, ვარ მეგობარი და არა აგენტი”.
პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტს განხილვა დილიდანვე უნდა დაეწყო, მაგრამ სხდომის დაწყება გაჭიანურდა; ოპოზიციონერი დეპუტატების შეძახილების გამო კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ორჯერ გამოაცხადა ტექნიკური შესვენება. ოპოზიციის რამდენიმე დეპუტატი სხდომიდან გააძევეს - დარბაზის დატოვება მოუწიათ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს, მათ შორის ლევან ხაბეიშვილსა და გიორგი ბოტკოველს, ასევე პარლამენტის წევრებს - სალომე სამადაშვილს, ხათუნა სამნიძეს, თამარ კორძაიასა და თაკო ჩარკვიანს.
“დღეს ამ პარლამენტში ფორმდება საქართველოს გასაბჭოება. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ამას ასრულებს გადასარევად. ანრი ოხანაშვილი პასუხისმგებელია იმაზე, რომ ამ სიმშვიდეში, ჩვენი გამოძევებით, მიიღებს კანონს, რომელიც საქართველოს არათუ დემოკრატიას, დამოუკიდებლობას ასამარებს”, - თქვა თამარ კორძაიამ გაძევების შემდეგ.
პროტესტს არც ანტიუტოპიური ნაწარმოებით შთაგონებული პლაკატები აკლდა - “ორუელი გამომადგა”, “ბოროტება სიკეთეა”, “თავისუფლება მონობაა” - ციტატები და “ქართული ოცნების” ლიდერების სახეები აქტივისტებმა პარლამენტის წინ, კედელზე გააკრეს.
კანონპროექტი საპარლამენტო უმრავლესობის, “ხალხის ძალის” საკანონმდებლო ინიციატივაა - ორი კანონპროექტიდან პირველი, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ მაშინვე “რუსულად” შეფასდა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე კანონპროექტს - „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ ავტორები ამერიკულის ანალოგს უწოდებენ, საზოგადოება კანონს მაინც რუსულად აფასებს - აქციაზე რუსულ ენაზე შესრულებული პლაკატები ჭარბობდა.
აქტივისტმა მარიამ ყანჩაველმა დაახლოებით გადათარგმნა ქართულად ის ტექსტი, რომელსაც რუსეთში მედია და სამოქალაქო ორგანიზაციები იყენებენ, ოღონდ სიტყვები შეუცვალა:
“რა ტექსტიც მიწერია, არის დაახლოებით ის, რისი მიწერაც მოგვიწევს ფეისბუკზე დადებულ სურათზე. ამ კანონის შემდეგ მე საქართველოს მომავალს ვერ ვხედავ, ვხედავ რუსეთის პრეფექტურას. ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც არსებობს რუსული ფული და არსებობს გრანტი. რუსული ფული მოდის ბიძინა ივანიშვილისგან, რომელიც ფაქტობრივად ფლობს ბიზნესის უდიდეს ნაწილს, და არსებობს საგრანტო პროექტები, რომლებიც იხარჯება სოციალურ პრობლემებზე, ეთნიკური უმცირესობების გაძლიერებაზე, ლგბტქი თემის გაძლიერებაზე, ქალების გაძლიერებაზე. თუ ეს ყველაფერი გაქრა, სამოქალაქო სექტორი რჩება დაუცველი. მე არაერთ საგრანტო პროექტზე მიმუშავია და გრანტის მიღების დროს, თითოეული თეთრი გაწერილია და გამჭვირვალედ უნდა ჩააბარო ანგარიში. გრანტის თანხა ციდან არ ცვივა, ეს არის თანხა, რომელიც რაღაც საკითხით შეწუხებულმა ადამიანებმა შეგწირეს და კაპიკ-კაპიკ ანგარიში უნდა წარადგინო. ამ კანონის ძირითადი მიზანია, გააკონტროლოს ქვეყანაში კაპიტალის შემოდინება, რომ დარჩეს მხოლოდ რუსული ფული. გარდა ამისა, “враг народа” [ხალხის მტერი] ცნება უნდა დაგვემარხა სტალინთან ერთად”.
პლატფორმა “სალამის” წევრებმა პლაკატები აზერბაიჯანულად მოამზადეს - “არ გაჩუმდე, თორემ ჯერი შენზე დადგება” და “არა რუსულ კანონს”.
“აქ დავიბადე, აქ გავიზარდე და ჩემთვის მნიშვნელოვანია ამ პროტესტზე აზერბაიჯანულად მქონდეს წარწერა, რადგან ვაჩვენო, რომ აზერბაიჯანელებსაც გვაწუხებს ეს საკითხი და სხვა აზერბაიჯანელებსაც გავაგებინო, რისი თქმა გვინდა“, - ამბობს ნიამადინ შარაევი. ბენო კასიმოღლუ შავად გაფერადებული ფურცლით მოვიდა -
“გუშინ ვცდილობდით, მხატვრულად გამოგვესახა როგორ ვხედავთ ამ კანონს და ბოლოს აქამდე მივედით, სრულ სიბნელემდე, კანონის მხარდამჭერის სულიერი მდგომარეობაა ეს და ასევე ადგილი, სადაც მივყავართ. სიბნელე უყვართ ღამურებს. ესენი - მოძალადე ჯგუფები და მხარდამჭერები არიან ღამურები - ჩვენ გვინდა სინათლე. გვაქვს მოქალაქეების იმედი, რომ ნათელ ადგილას დავბრუნდებით“.
“ამ ბოლო დღეებში ვნახე ბევრი გულშემატკივარი და სხვადასხვა ჯგუფიდან მესმის ამ კანონის კრიტიკა - მეგობრები და თანამშრომლები, სტუდენტები, ტაქსისტი, რომელმაც აქამდე მომიყვანა… გრძნობენ საფრთხეს და ეშინიათ რუსული მომავლის. ნათესავებიც კი, რომელიც აქამდე ამას მიიჩნევდნენ მხოლოდ მარგინალური ჯგუფების პროტესტად, გრძნობენ, რომ საფრთხე არის რეალური, რომ ეს არ არის “ენჯეოების” მოგონილი”, - ამბობს ეკა ჭითანავა, “ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის” დირექტორი.
“რუსეთშიც ორგანიზაციებით დაიწყო ეს ყველაფერი და საბოლოოდ თითოეულ ფიზიკურ პირამდე მივიდა. ჩვენ ვერ შევძლებთ ფუნქციონირებას, ის ადამიანები, რომლებიც ჩვენგან იღებენ დახმარებას, დარჩებიან დაუცველები, თუმცა ამით არ დასრულდება - რადგან ეს კანონი იქმნება იმისთვის, რომ წაგვართვან საჯარო სივრცე, ჩაახშონ კრიტიკული აზრი, ხმის ამოღების უფლება”.
პროტესტის რამდენიმე მონაწილემ ხმა პირდაპირი მნიშვნელობით “ჩაიხშო” - აქტივისტებმა დროებით პირზე სკოჩი აიკრეს და ხელები შეიკრეს. მათ შორის იყო ქალთა ორგანიზაცია GrlzWave-ის თანადამფუძნებელი თეკლა თევდორაშვილიც.
“პროტესტის ამ ფორმით შევეცადეთ გაგვეთამაშებინა საქართველოს მომავალი იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი მიიღებს ამ რუსულ კანონს, რადგან რაღაცნაირად მგონია, ბოლომდე ადამიანები ამას ვერ იაზრებენ. გავაგრძელებთ თუ არა საქმიანობას “უცხოური აგენტის” სტატუსით, რთული კითხვაა, რადგან მართლა ღირსების შემლახავი სიტუაცია იქმნება, მაგრამ ისეც არ არის, რომ ჩვენ გვერდით მყოფ ადამიანებს მივატოვებთ. გვაქვს იმედი, რომ ხვალაც, ზეგაც და ყოველთვის, როცა ჩაინიშნება ეს სხდომა, რომ [კანონს] არ მიიღებენ და ჩვენც ავარიდებთ თავს საქართველოს გარუსეთებას”.
“2008 წლამდე რუსეთში ვცხოვრობდი და ომის მერე გადავწყვიტე, რომ იქ არაფერი მესაქმება, წამოვედი. 2012 წლიდან კი მთლიანად ოჯახი გადმოვედით, - ამბობს მარია კორნოუხოვა, - მაქვს ამ კანონის და კიდევ ბევრი სხვა შემზღუდავი კანონის გამოცდილება. რუსეთში ამას ეძახიან “გაგიჟებულ პრინტერს” - პარლამენტის ასეთ რეჟიმში მუშაობას, სულ რომ ახალ-ახალ კანონს ბეჭდავს. ახლა თუ ვერ გამოვრთეთ, მერე არაფერი გვეშველება და ვიქნებით ისეთივე უსუსურები, როგორც ახლა რუსები რუსეთში“.
დღეს, ხანგრძლივი განხილვის შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოიწონა კანონპროექტები “უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანა ხვალ, 7 მარტს, დილის 10 საათზე დაგეგმა. კანონპროექტების წინააღმდეგ აქცია პარლამენტთან ბიუროს სხდომის პარალელურადაა დაგეგმილი.