ანაკლია - პორტი, რომელმაც შესაძლოა საქართველოს გეოპოლიტიკური მომავალი გადაწყვიტოს

ანაკლიის ბულვარი და ხიდი ქალაქის გამოცოცხლებას ელოდება.

„რაც აქ ვარ, მხოლოდ უკან-უკან მიდის საქმე“, - ამბობს დაცვის თანამშრომელი დათა გაბელია „სასტუმრო ანაკლიის“ მისაღებში. სასტუმროს დამსვენებელი კი ჰყავს, მაგრამ ეტყობა, რომ მხოლოდ სეზონზე ამუშავებენ.

ანაკლიის სანაპირო დახურული სასტუმროს აივნიდან

ოცი წლის წინანდელთან შედარება არაა - მეზობელი სასტუმროები თითქმის ცარიელია, სახელგანთქმული „ოქროს საწმისი“, ოდესღაც ანაკლიის უდიდესი სასტუმრო, საერთოდ დაკეტილია. ფართო ბულვარი, რომელსაც ათასში ერთხელ თუ დაალაგებენ, მოგლეჯილი პალმის რტოებითაა მოფენილი - ანაკლიაში ქარები იცის. წამოწყებული და მიტოვებული მშენებლობები, განმუხურის დროისგან გახუნებული ხიდი, მუსიკალური ფესტივალებისგან მორჩენილი კონსტრუქციები - ანაკლია თითქოს შეუსრულებელი დაპირებების ქალაქია.

თუმცა რჩება ერთი დაპირება, რომელსაც ანაკლია ჯერ კიდევ ელოდება. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტმა წაახალისა საერთაშორისო ინტერესი ალტერნატიული სავაჭრო გზების მიმართ, რომელიც რუსეთს გვერდს აუვლის, და საქართველოს ხელისუფლებამაც კვლავ წამოსწია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მრავალჯერ გადადებული საკითხი.

დათა გაბელია „სასტუმრო ანაკლიის“ მისაღებში - იმ ოცი წლის განმავლობაში, რაც იგი ანაკლიაში მუშაობს, ქალაქი სულ უფრო და უფრო ცარიელდება.


პროექტის წარმატების შემთხვევაში საქართველო ევროპასა და აზიას შორის ტრანზიტის საკვანძო წერტილი ხდება, ანაკლია კი - საერთაშორისო ტვირთების გასვლის მთავარი კარიბჭე.

პორტს ვინ ააშენებს, აქამდეც დიდი განსჯის საგანი იყო, მაგრამ საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მაძიებლისთვის, ფსონები ახლა უფრო მაღალია. ბრიუსელი გულისწყვეტას არ მალავს საქართველო-რუსეთის კავშირების შემჭიდროებით და თბილისის გადაწყვეტილებებით, დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩინეთი დაიხმაროს. შესაძლოა, სწორედ ანაკლია გახდეს მნიშვნელოვანი ინდიკატორი იმისა, გააგრძელებს თუ არა საქართველო დასავლური კურსით მოძრაობას თუ უფრო დაუახლოვდება რუსეთსა და ჩინეთს.

ანაკლიის ყველაზე სახელგანთქმული სასტუმრო „ოქროს საწმისი“ დაკეტილი დგას.


„რუსეთის [უკრაინაში] შეჭრის გამო ჩვენ ვიმყოფებით გეოპოლიტიკური რისკის უჩვეულო მომენტში შავ ზღვასთან მიმართებაში“, - უთხრა რადიო თავისუფლებას რომანა ვლაჰუტინმა, გერმანიის მარშალის ფონდის მკვლევარმა და ევროკავშირის ყოფილმა საგანგებო წარმომადგენელმა. „რთულია რაიმე დაგეგმო, როცა ყველაფერი ასეთი არასტაბილურია, მაგრამ ვიცით, რომ რასაც ჩვენ არ ვიზამთ, იზამენ სხვები“.

რუსეთით ტრანზიტის წამყვანი ალტერნატივა ე.წ. შუა დერეფანია, რომელიც ჩინეთსა და შუა აზიის ქვეყნებს ევროპასთან, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით აკავშირებს.

ბრიუსელი განსაკუთრებით დაინტერესებულია ისეთი სტრატეგიული ინფრასტრუქტურის დაფინანსებით, რომელიც რუსეთს სავაჭრო ქსელიდან მოჰკვეთს და ჩინურ „სარტყლისა და გზის ინიციატივას“ გაუწევს კონკურენციას. ეს ჩინეთის გლობალური და ძვირადღირებული პროექტია, რომელიც პეკინის გავლენას აძლიერებს.

„თუ [ბრიუსელში] სერიოზულად აინტერესებთ შუა დერეფანი, ამას ანაკლიის გარეშე ვერ შეძლებენ“, - უთხრა ვლაჰუტინმა რადიო თავისუფლებას.

ვნებათაღელვა ანაკლიის გარშემო

შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაპირზე სტრატეგიული განლაგების გამო, საქართველო შუა დერეფნისთვის საკვანძო წერტილია, ამიტომ სატრანზიტო კავშირები ქვეყნის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში პრიორიტეტია. ამასთანავე, საქართველო მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურის ნაკლებობას განიცდის, რაც ახლაც მნიშვნელოვნად აფერხებს სატრანზიტო პოტენციალს; 2022 წლის შემდეგ საქართველოს სავაჭრო გზებზე დატვირთვა სულ უფრო იზრდება, საზღვრებზე ტრაილერების რიგები დგება, ბათუმისა და ფოთის პორტები კი მაქსიმალური დატვირთვით მუშაობენ.

ანაკლიის მცხოვრებლებმა კომპენსაცია მიიღეს და პორტის მომავალი ტერიტორიიდან გადავიდნენ, თუმცა 2020 წლის მერე ეს ადგილი, ფაქტობრივად, არ შეცვლილა.

ამიტომ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და მსოფლიო ბანკი საქართველოს აფრთხილებენ, რომ ღრმაწყლოვანი პორტის გარეშე - რომელიც საქართველოში უფრო დიდ გემებსა და მოცულობით ტვირთებს მიიღებს - ვერც ქვეყანა და ვერც შუა დერეფანი ვერ გაუწევენ კონკურენციას სხვა გლობალურ სავაჭრო გზებს.

ამ განცხადებების ფონზე, 2022 წელს საქართველოს ხელისუფლებამ პროექტზე საუბარი კვლავ წამოიწყო. სამიოდე კვირის წინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ანაკლიაში პორტის აშენებას მთავრობის „საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის სრულიად ახალი პროექტი“ უწოდა; პროექტის ტენდერი, რომელშიც მთავრობას 51% წილი ექნება, წინადადებებს უკვე განიხილავს.

მთავრობის ეს ნაბიჯი ზოგიერთი დამკვირვებლისთვის მოულოდნელი გამოდგა იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ჩაშალა სულ რაღაც სამი წლის წინ ხელისუფლებამ „თიბისი ჰოლდინგსა“ და აშშ-ში დაფუძნებული Conti International-ის კონსორციუმის მცდელობა, აეშენებინათ ღრმაწყლოვანი პორტი. კონტრაქტის ღირებულება 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა.

ასევე ნახეთ ჩინეთის და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი - შეძლებს საქართველო ორ სკამზე ერთდროულად ჯდომას?

კონსორციუმი 2017 წელს დააფუძნა ბანკირმა და ახლა პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ. პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ის და მისი პარტნიორი, ბადრი ჯაფარიძე, რომელიც თიბისი ბანკის თანადამფუძნებელი იყო, ფულის გათეთრებაში დაადანაშაულეს, რის შემდეგაც ამერიკულმა ინვესტორმა პროექტი დატოვა. 2022 წელს სასამართლომ ხაზარაძე და ჯაფარიძე დამნაშავეებად ცნო, მაგრამ ორივე სასჯელის მოხდის გარეშე გაათავისუფლა სასჯელის ხანდაზმულობის გამო.

მამუკა ხაზარაძემ ხელისუფლება პროექტის საბოტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ დავის უკან რეალურად ბიძინა ივანიშვილთან მისი პირადი კონფლიქტი დგას. მამუკა ხაზარაძემ რადიო თავისუფლებას კომენტარზე უარი უთხრა, ამჟამად იგი ხელისუფლებას ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში, პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებაზე ედავება.

მაინც, ვინ ააშენებს ანაკლიის პორტს?

მიუხედავად ამ დაპირისპირებისა, ანაკლიის სატენდერო წინადადებები უკვე მიღებულია და ივნისიდან განხილვა მიდის, - უთხრა რადიო თავისუფლებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით ჯავახაძემ.

„რამდენიმე საერთაშორისო კომპანიამ გამოხატა ინტერესი პროექტის მიმართ, მათ შორისაა რამდენიმე კომპანიისგან შემდგარი კონსორციუმი“, - ჯავახაძე კომპანიებს არ ასახელებს.

პოტენციურ კანდიდატებში განსაკუთრებულ ყურადღებას ჩინური კომპანიები იპყრობენ. ჩინურ კომპანიებს ხაზარაძის კონსორციუმისთვის ადრეც მიუმართავთ, მათი ინტერესი საქართველოს მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომმა საიმედო სავაჭრო გზები შეაფერხა. 2022 წლის ბოლოს, ჩინეთის ელჩმა თბილისში ჟოუ ციანმა განაცხადა, რომ ანაკლია მნიშვნელოვანია შუა დერეფნის წარმატებისთვის და, რომ საელჩო წაახალისებს ჩინური კომპანიების ტენდერში მონაწილეობას.

ჩინეთის მიმართ ინტერესი იზრდება საქართველოს მხრიდანაც, - ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა ივლისში, ჩენდგუში ერთკვირიანი ვიზიტის დროს გააძლიერა და „სარტყლისა და გზის“ პროექტსაც დაუჭირა მხარი. პრემიერის ამ ნაბიჯმა მხოლოდ გაამყარა ეჭვი, რომ ტენდერში წამყვანი მეწილე ჩინეთი იქნება.

პროექტის ამგვარმა განვითარებამ შესაძლოა გააციოს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობა, თანაც მაშინ, როცა საქართველო წევრობის კანდიდატის შესახებ გადაწყვეტილებას ამ წლის დეკემბერში ელოდება.

თბილისის ურთიერთობა ბრიუსელსა და ვაშინგტონთან ბოლო წლებში დაიძაბა გაზრდილი ანტიდასავლური რიტორიკის, კანონის უზენაესობის შესახებ შეშფოთების, უკრაინის ომის მიმართ მთავრობის ნეიტრალური პოზიციის, რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებისა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დემოკრატიული უკუსვლის ფონზე.

ასუნსიონ სანჩეს რუიზი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მისიის უფროსის მოადგილე ამბობს, რომ ანაკლიის პორტის ტენდერში გამარჯვებულის არჩევა საქართველოსთვის ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი იქნება. ბრიუსელის „სარტყლისა და გზის“ ალტერნატიულ პროექტში, Global Gateway-ში, ანაკლია ერთ-ერთი მთავარი საინვესტიციო ინტერესია, ამიტომ ევროკავშირს სურს, პორტის პროექტში ევროპული კერძო კომპანიები ნახოს. „საქართველომ მიმართა ევროკავშირს და ვინც არ უნდა იყოს საბოლოო ინვესტორი, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს შეესაბამება [ევროკავშირ-საქართველოს] ასოცირების შეთანხმებას“, - უთხრა სანჩეს რუიზმა რადიო თავისუფლებას.

„თუ არჩევანი არ შეესაბამება ევროკავშირს - კლუბს, რომლის წევრობაც საქართველოს სურს, - ეს შეგვიქმნის წარმოდგენას იმაზე, თუ რა მიმართულებით მოძრაობს [საქართველოს] მთავრობა“.

დიდი იმედები და იმედგაცრუება

ოდესღაც ზღვისპირა კურორტად ჩაფიქრებულ ანაკლიაში, ღრმაწყლოვანი პორტის წამოწყებული მშენებლობა ჯერ კიდევ შემორჩენილია. სამოცი წლის მაია სვანიძე სწორედ პორტისთვის მოსწორებული მიწაყრილის გვერდით ცხოვრობს - მისი ძველი სახლი მომავალი პორტის ადგილზე იდგა, თუმცა მთავრობამ გადასვლისთვის ანაზღაურება შესთავაზა, რომლითაც იქვე გვერდით საოჯახო სასტუმრო 2018 წელს გახსნა. მაიას კარგად ახსოვს, როგორ გამოცოცხლდა ანაკლია ახალი სამუშაო ადგილების მოლოდინში, მაგრამ უკვე წლებია, მიგდებული მშენებლობიდან მტვრის მეტი არაფერი უნახავს.

მაია სვანიძე ანაკლიის პორტის პოტენციურ შესასვლელთან. „ან აიღონ ეს ქვიშა, ან ზემოდან გაამაგრონ, რომ ცოტა მოგვასვენოს ამ მტვერმა“.

„ძალიან გამიხარდებოდა, რომ ააშენონ და აღარ იყოს ეს მტვერი ბოლოს და ბოლოს, მაგრამ ადრეც ყოფილა დაპირებები და არასდროს ასრულებულა, სანამ არ ვნახავ, არ დავიჯერებ“, - ამბობს მაია.

მტვერი ადგილობრივების დიდი ხნის თავსატეხია - გადაწმენდ თუ არა ფანჯარას, სკამს, მანქანას, ნივთებს, დღის ბოლოს ისევ მტვრის ფენა ადევს. მაიამ და მისმა მეზობლებმა მუნიციპალიტეტს არაერთხელ მიმართეს, თუმცა ვერაფერი შეცვალეს. პორტისა არ იყოს, მტვრის საკითხიც ჰაერში რჩება გამოკიდებული.

ამასობაში ანაკლიის კონკურენტი ფოთის პორტი გახდა - ამჟამად ეს საქართველოს ყველაზე დიდი პორტია და ტვირთების უდიდესი ნაწილი სწორედ აქ მოძრაობს.

ნიდერლანდურმა APM ტერმინალმა სულ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ პორტს აფართოებს და უფრო დიდ გემებს შემოიყვანს. გაფართოებაზე მოლაპარაკება კომპანიასა და ხელისუფლებას შორის უკვე მიმდინარეობს - თუმცა, ანაკლიის გეგმასთან შედარებით, ფოთის პორტის შესასვლელი მაინც ვიწროა. APM ტერმინალმა რადიო თავისუფლებას კომენტარზე უარი უთხრა.

პორტის ბედის გარკვევას ოპოზიციაც ცდილობს. პარლამენტარი რომან გოცირიძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი დეპუტატი, ამბობს, რომ გაურკვეველია, დასჭირდება თუ არა საქართველოს ორივე პროექტი - ფოთიც და ანაკლიაც. უკვე რამდენიმე თვეა, ის და ოპოზიციის სხვა დეპუტატები ცდილობენ, ხელისუფლებისგან მკაფიო პასუხები მიიღონ, თუმცა უშედეგოდ: ხელისუფლებამ რამდენჯერმე აარიდა თავი პარლამენტში გამოჩენას და სამანდატო კითხვაზე პასუხი კონსტიტუციით გათვალისწინებულ პერიოდს გადააცილა.

რომან გოცირიძის თქმით, ოპოზიცია ტენდერს ყურადღებით აკვირდება. „ის მაღელვებს, რომ წინადადება დასავლეთიდან არ იქნება, არამედ იქნება ქვეყნიდან, რომელსაც შეუძლია, რაიმე სახით გაურიგდეს რუსეთს“, - უთხრა გოცირიძემ რადიო თავისუფლებას. „ასეთია ჩინეთი, არაბეთის ქვეყნები ან თუნდაც მათი კომბინაცია“, - ამბობს ის.